უოლტ უიტმენი - მანაჰატა

მე ვეძებდი რაიმე სრულყოფილს, შესაფერის სახელს ჩემი 
ქალაქისთვის

და ამ დროს - დახე საოცრებას! - აზრად მომივიდა აბორიგენული 
სახელი.

ახლა კი ვხედავ, რას ნიშნავს სახელი, სიტყვა, - ჰაეროვანი, 
ჯანსაღი, დაუთრგუნავი, მუსიკალური, თვითკმაყოფილი;

მე ვხედავ, რომ ეს სიტყვა ჩემს ქალაქს ძველთაგან მოსდევს,
მე ვხედავ ამ დიდებულ სიტყვას ჩაბუდებულს ზღვის ყურეებში,
მდიდრულს, ფართოდ შემოღობილს გემებისა და იალქნების ხშირი 
მესერით, სამოცი მილის სიგრძე კუნძულს, მყარს, 
საფუძვლიანს,

ჰა, ურიცხვი, ხალხმრავალი ქუჩები, ფოლადის მაღალი 
ნაგებობანი, მძლავრი, კაფანდარა, ჰაეროვანი
შენობები, ლაჟვარდ ცაში რომ აღმართულან.

სწრაფი, წყალუხვი მოქცევები, ჩემი საყვარელი 
მოქცევები, ჩამავალ მზისკენ რომ ისწრაფვიან.

ზღვაზე - გაშლილი დინებები, პაწია კუნძულები, უფრო
მოზრდილი მაერთი კუნძულები ბორცვებით, ვილებით, 
აურაცხელი ანძები, თეთრი სანაპირო კატარღები,
ლიხტერები, ბორნები, შავი, მყარად ნაგები
საოკეანო გემები,

ქალაქის ცენტრალური ქუჩები, საქმიანი დაწესებულებანი,
ზღვაოსნების, ვაჭრების, ბირჟის მაკლერების
დაწესებულებანი, მდინარის სანაპირო ქუჩები, 
გადმომსხდარი იმიგრანტები, კვირაში ოცი თუ ორმოცი ათასი,
საქონლით დატვირთული ფორნები, ცხენოსანთა ვაჟკაცური მოდგმა,

სახეგარუჯული მეზღვაურები,
ზაფხულის ჰაერი, ცხრათვალა მზე, ცაზე ღრუბელთა იალქნები,
ზამთრობით - თოვლი, მარხილის ეჟვნები, მდინარეზე - გამდნარი 
ყინული, აღმა და დაღმა რომ დასცურავს მოქცევასთან
და უკუქცევასთან ერტად.

ქალაქის მექანიკა, ხელოსნები - მკვრივად მოყვანილი,
პირმშვენიერი მამაკაცები, თვალს რომ იოლად გაგიმართავენ.
ხალხმრავალი ტროტუარები, ტრანსპორტი, ბროდვეი, ქალები,

მაღაზიები და ვიტრინები - 
მილიონები - თავისუფალი და მოხდენილი მანერები - გულღია
ხმები - სტუმართმოყვარეობა, - ვაჟკაცური, გულითადი 
ახალგაზრდობა!

აზვირთებული და მჩქეფარე წყლების ქალაქი! გემებისა და
ანძების ქალაქი!
ზღვის ყურეებში ჩაბუდებული ქალაქი! ჩემი ქალაქი!


თარგმნა ზვიად გამსახურდიამ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში