იბრაჰიმ ალ-ქუნი - ქვიდან ნაჟური სისხლი

ძრავის გუგუნის მოახლოება უდაბნოში მანქანის მოახლოებას როდი ნიშნავს! ხმები უდაბნოში მატყუარა და მოჩვენებითია. დილაუთენია და მოსაღამოვების ჟამს სიჩუმე აახლოებს უშორეს ძახილს და ყვირილად და ხმაურად აქცევს მას.

***

მარტოსული ბედუინი ჯინთა გულითადი მეგობარია.

***

გული მეგზურია ხალხის შეცნობაში იმისთვის, ვინც ხალხთან არ ურთიერთობს. გული ის ცეცხლია, რომელიც ბედუინს წუთისოფლის უდაბნოში სწორ გზას უნათებს, ისე როგორც გზააბნეული ადგება სწორ გზას იდის ვარსკვლავით (იდის ვარსკვლავი - პოლარისი, უდაბნოს მნათი უძრავი ვარსკვლავი, რომელიც გზამკვლევად ემსახურება ღამეულ მგზავრს.) უკაცრიელ უდაბნოში. ყველა სხვა მნათობი გადაადგილდება, მოძრაობს, ადგილს იცვლის და ჩადის, მხოლოდ ის რჩება უძრავად დილამდე. იდის ვარსკვლავი გულივითაა, არ მოგატყუებს.

***

რაში ვარგია უდაბნოს ძე, თუ მან გული დაკარგა?!.. ვინც გულს დაკარგავს, ის დაიკარგება ხალხში, რადგან უდაბნოში მცხოვრებმა არ იცის ხალხის მზაკვრობანი!

***

უდაბნო განძია! ჯილდოა მათთვის, ვისაც თავის გადარჩენა სურს ადამიანის დამონებისა და ხალხის სატანჯველისგან! უდაბნოშია ნეტარება, გაშლილი სივრცე და ყოველი სასურველი!

***

ძველ, გარდასულ დროში მთიან უდაბნოს მარადი ომი ჰქონდა გაჩაღებული ქვიშიან უდაბნოსთან. ზეციური ღვთაებები დაეშვებოდნენ ხოლმე მიწაზე წვიმებით და ორ მეგობარს აშველებდნენ - მტრობის ცეცხლს აქრობდნენ მათ შორის. როგორც კი ღმერთები ბრძოლის ველს დატოვებდნენ და წვიმები შეწყდებოდა, ორ მარად მტერს შორის კვლავ ომი გაჩაღდებოდა ხოლმე. ერთ დღესაც განრისხდნენ ღვთაებები მაღალ ზეციურ საბრძანებელში და მეომარი მხარეები დასაჯეს - გააქვავეს მთები მასაქ სატფათში და შეაჩერეს ქვიშის შეუპოვარი წინსვლა მასაქ მალათში. ქვიშამ ეშმაკობა იხმარა და ქურციკის სულში გადავიდა, მთებმაც, თავის მხრივ, ხრიკს მიმართეს და ჯიხვის სულში შევიდნენ. იმ დღიდან გახდა ჯიხვი მთათა სულით შეპყრობილი.

მოვიდა ადამიანი და ორივეს - ქურციკსა და ჯიხვს ერთი მტერი გაუჩნდა. ღმერთებს მობეზრდათ ბავშვური ჩივილები - ხან ქვიშა ააღწევდა მაღლა და ზეცასთან საქმეს აღძრავდა მთებზე ჩივილით, რომ ეს მათ წამოიწყეს ომი და პროვოკაციულად გამოიწვიეს ქვიშა, ხან მთის მწვერვალები მისწვდებოდნენ ზეცას და შესჩიოდნენ ქვიშის შემოსევებზე. განრისხდნენ ღმერთები და მოქიშპენი დასაჯეს ეშმაკით, სახელად ადამიანი. მას გადასცეს საქმე, ისიც მოვიდა და გაჩერდა მეტოქეთა ზღვარგამყოფ ვადიში. ღვთაებებმა გული დაიწყნარეს და იმ დღიდან მოყოლებული, საჩივარი აღარ სმენიათ.

***

თასილის მაცხოვრებელთა რწმენით, ჯიხვზე ნადირობა ცუდის მაუწყებელია. მონადირე მაგიურ შელოცვებს ბუტბუტებს, თავზე ქვას შემოიდებს და ოთხზე დახტის, სანამ სანადიროდ გავა.

***

ქარს მუდმივად მოჰქონდა უდაბნოს მცხოვრებთან დამპყრობელთა ამბები ჩრდილოეთიდან, ისე როგორც მას მუდამ დააქვს ჭორები უდაბნოს ტომებში ქორწინებაზე, გაყრაზე, სამარცხვინო სკანდალებზე, ახალშობილთა დაბადებასა და ტომის წევრთა სიკვდილზე... არაფერი დაიმალება უდაბნოში, როგორც არ უნდა განმარტოვდე.

***

კაცი უდაბნოში ორ რამეს უნდა უფრთხილდებოდეს და ზომიერად მოიხმარდეს - წყალსა და ტყვიას. წყალი და ტყვია უდაბნოში ჰაერივით საჭიროა. პირველს თუ დაკარგავ, წყურვილი მოგკლავს და მეორეს თუ დაკარგავ, მტერი მოგიღებს ბოლოს - იქნება ეს ადამიანი, მხეცი თუ ქვეწარმავალი. წყალი და ტყვია მარტოსული კაცისთვის ყველაზე არსებითი რამაა. ყველაფერს შეიძლება შეელიოს, მათ გარდა.

***

არაფერი აგიჟებს ჯიხვს ისე, როგორც რქებში წვდომა! რაც არ უნდა ძლიერი იყო, რაც არ უნდა გაცდუნოს და დაგაბრმავოს იმედმა, რომ გაიმარჯვებ, მაინც წააგებ ბრძოლას, თუკი ამ ხერხს მიმართე!.. მისი სიგიჟე და გახელება მის რქებშია! მთელი მისი ფარული სიმხეცე იღვიძებს და გამოჩნდება! ის იწყებს შემოტევასა და აგრესიას. ჯიხვი ამ დროს ხელიდან გასხლტომას ცდილობს.

***

თუკი გადაწყვეტ, იცხოვრო მარტომ, მაშ, ჯიხვზეც მარტომ უნდა ინადირო! ეს წყურვილივითაა, შიმშილივით, გადაადგილება-ხეტიალივით... ესაა განმარტოების ხვედრი, უდაბნოს ბედისწერა! ჩვენმა უფალმა ყველაფერს თავისი ფასი დაადო!

***

გრძნობები იღვრებოდა ხაზებიდან, ორნამენტებიდან, მოხატულობიდან. ქალიშვილი, რომელმაც ეს ანდლები შექმნა, შეყვარებული იყო. ტყავზე ყმაწვილქალთა შესრულებული ნაყშების დიდი მცოდნე დედამისი ამტკიცებდა ამას! გოგოს გული მის ხელის მტევანში ფრთხიალებსო, - ასე ამბობდა, მისი სიყვარული კი მისი თითის წვერებშიო. ყველა ხანშიშესული ქალი კითხულობს ამ ანბანს - იქნება ის ტყავზე ან ქსოვილზე დაწერილი, თუ მატყლის ძაფებში ჩართულ-ჩაქსოვილი. ეს ის ენაა, რომლის ასო-ბგერებს მხოლოდ ბრძენი ხანში შესული ქალები ხვდებიან.

***

ეშმაკი ახალგაზრდობის მეწყვილეა! 

***

უდაბნოში წყლის მარაგი სიცოცხლის მარაგია. ვერცერთი მხედარი ვერ გაბედავს, უხვად გაიღოს იგი უდაბნოში, რომელიც წყურვილით ემუქრება მას!

***

ჯიხვის სული თავისკენ იზიდავს, თავგზას უბნებს, გონებას და ნებელობას ართმევს ადამიანს, მონადირე კი აღმოაჩენს, რომ შეპყრობილი და ამ ძალას მინებებულია, ეს სული ჩასახლებულია მასში და ისიც ოთხზე ხტომით მისდევს მას მასიურ, პიტალო, ფრიალა კლდეებზე.

***

როცა ტკივილი ზღვარს გადადის, სხეული მის შეგრძნებას კარგავს. კიდურები კვდება. ტკივილი ტკივილს შთანთქავს. ტკივილი ტკივილს ამსუბუქებს.

***

არ არის სასწაულები უდაბნოში!.. თუ ხაფანგში გაები, მაშ, მარტომ უნდა დაიხსნა მისგან თავი და თუ ეს ვერ შეძელი, მაშინ ვაჟკაცურად უნდა მიიღო შენი ხვედრი!..

***

უდაბნო მოთმინების გარეშე როგორ იქნება!.. ვისაც ეს წყალობა არ ხვდომია წილად, უდაბნოში ყოფნით ის ვერასდროს მიიღებს სიამოვნებას! მოთმინება და ხერხი - ეს ორია უდაბნოს საიდუმლო! არავის ძალუძს იწინასწარმეტყველოს, თუ საიდან შეიძლება მოვიდეს ხსნა - ზეციდან თუ მიწიდან. მნიშვნელოვანია, მოითმინო და იცადო! მოთმინებაა საიდუმლო სიტყვა.

***

უდაბნოს მზე მკვდრებსაც კი გააღვიძებს.

***

თხა ჰაერს იკრებს და კარგა ხანს კიდევ სუნთქავს დაკვლის შემდეგ, როცა მისი თავი სხეულს მოცილებულია!.. ყელგამოჭრილი ჯიხვი კი უთავოდ წამოვარდება ფეხზე და გრძელ მანძილს გარბის ღია უდაბნოში, სანამ საბოლოდ დანებდება და უფალს მიანდობს თავის საქმეს. ხვლიკი! ხვლიკის საქმე კიდევ უფრო ცუდადაა. დილით რომ დაკლავ და საღამოს ცეცხლში ისვრი შესაწვავად, აუცილებლად უნდა ამოხტეს ჯოჯოხეთის ალიდან და ღია უდაბნოში გაიქცეს.

არის რაღაც სხვა ცხოვრება - სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. არის რაღაც მესამე განზომილება - არც ყოფნა და არც არყოფნა.

***

ვისაც შეუძლია ჯიხვის ხორჯის ჭამა, მას ადამიანის ხორცის ჭამაც შეუძლია!..

***

უდაბნოში ადამიანს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო უკიდურესობა კლავს - ან ნიაღვარი, ან წყურვილი!..

***

ჩასვლის ჟამს მზე ყოველთვის მჭმუნვარე და სევდიანი ჩანს. ალბათ იმიტომ, რომ უდაბნოს ეთხოვება თავისი ყოველდღიური, მარადი სამყოფელისკენ მიმავალი. დილაობით მის სახეზე ასეთი შტრიხები როდი შეიმჩნევა! დილით ის მკაცრად გამოიყურება, იქადის, ცოცხალ არსებებს მკაცრი სასჯელითა და წამებით ემუქრება!

***

ქურციკში ხომ ქალის ხიბლი, ბავშვის უმანკოება, კაცის სიმტკიცე და რაინდთა კეთილშობილეაა?!. ქალწულის სიმორცხვე, უდაბნოს მძიმე ცხოვრება, ფრინველის სიმკვირცხლე და უდაბნოს საიდუმლოებაა!..

***

არავის შეუძლია მოვლენათა ახსნა ისე, როგორც უდაბნოს მცხოვრებთ! უხილავის დაფარულ საიდუმლოთა ამოკითხვაში მათ ვერავინ შეეჯიბრება! როცა კი შეიკრიბებიან, მხოლოდ ბოლო ჟამის ნიშანთა ახსნას ეძებენ!..

***

ერთ საღამოს, როცა შემოქმედმა უფალმა სული შექმნა, მას საზღვრები დაუდო და სამ განზომილებაში გამოამწყვდია - დროის, ადგილისა და სხეულის! ამოქმედდა წყევლა და ყველა, ვინც შეეცადა, ამ საზღვრებს მიღმა გასულიყო, დაიღუპა, რადგან შემოქმედმა წმინდად მიიჩნია დაწესებული და თავის ქმნილებათა ბედისწერად აქცია. მათი დარღვევა კი უფლის ნების წინააღმდეგ ამბოხი იყო. მოხდა ისე, რომ ცდუნდა ქურციკი, თავისი დიდი რქების ხიბლში ჩავარდა და ველზე რემას გაერიდა, გარეთ გავიდა და მთისკენ გაუწია გულმა. ავიდა ყველაზე მაღალ მწვერვალზე... შემაშინებელ, ცისფერ მწვერვალზე, ღრუბლის ჩალმით თავდამშვენებულზე, რომელთან მიახლოებას თვით ჯიხვიც კი უფრთხოდა... და რა იყო სასჯელი ამ გასვლისთვის?!. უფალმა ის იმით დასაჯა, რომ გარეული მტაცებელი ფრინველი მოუვლინა, რომლისთვისაც არცერთი მაღალი მწვერვალი არ იყო მიუწვდომელი. ფრინველმა კლანჭებით მუცელი გაუფატრა და განგმირა. ქურციკის გამოშიგნული გვამი მთის ფერდობზე დააგორა, უკან, იმავე ველზე დააბრუნა. ვისაც თავისი ადგილიდან გასვლა სურს, იმას საკუთარი სხეულიდან გასვლა უნდა. ვისაც საკუთარი სხეულიდან გასვლა სურს, იმას თავისი დროიდან გასვლა უნდა. ვისაც დროიდან გასვლა სურს, ის უკვდავებაზე აცხადებს პრეტენზიას. ვინც უკვდავებაზე აცხადებს პრეტენზიას, მარს არ სწამს და უმადურია თავისი ბედისწერის, უფლის სასწაულის წინააღმდეგ მიდის და მას ემეტოქება ღვთაებრიობაში. ვინც შემოქმედს ეჯიბრება ღვთაებრიობაში, მას პასუხად დაღუპვა ელის. რატომ გავურბივართ ჩვენს ბედისწერას და რატომ მივდივართ თასილში?! როგორ ვტოვებთ ჰამადის ველებს, მათი მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით?! მის ყვავილებს, მის ბალახბულახს, უდაბნოს სოკოს, მის ჰაერს და მიგრაციაში მივდივართ ქვიშის გადაღმა, სადაც ქვეწარმავლები დასრიალებენ და მტაცებელი მხეცები დაძრწიან?!

***

მიგრანტს უცხო მიწაზე სიცოცხლე არ უწერია! ზეციური წყევლა მიეწევა მას, სადაც არ უნდა დამკვიდრდეს.

***

უბედურების თმენა ერთადერთი მცველი თილისმაა, რომელიც იცავს ბოროტებისა და სიმხეცისგან.

***

მსხვერპლშეწირვა შევაჭრებას არ იცნობს. იმას ნუ აქცევ ყურადღებას, ვის პატივსაცემადაც სამსხვერპლო შეიწირება, რადგან მსხვერპლშეწირვა დიად შემოქმედეს ეძღვნება!..

***

არაფერია ამქვეყნად უფრო ძლიერი, ვიდრე სისხლისმიერი კავშირი და არც უფრო საზარელი დანაშაული არსებობს, ვიდრე ამ კავშირის დარღვევა და ღალატი.

***

არავითარი განსხვავება არაა ზეცაში ღმერთსა და მიწაზე მოხეტიალეს შორის, თუკი თავად ღმერთს არ ეუხერხულება ამ უბრალო, სულელ კაცში თვის შეფარება.

***

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უდაბნოს ყველა ტოვებს. რჩება მისი ღია სივრცე, ჯიუტად შერკინებული მირაჟს, მდუმარებასა და მზის სხივებს.

***

ყველაზე სასტიკი და მტანჯველი რამ ამქვეყნად არის ის, რომ გრძნობდე საიდუმლოს და უძლური იყო ამოხსნა იგი.

***

მზე ამოსვლის შემდეგ ყოველთვის უკმაყოფილო და გაბრაზებულია, ამპარტავანი, შურისმაძიებელი. მისი მძვინვარება მხოლოდ ჩასვლისას მოტყდება ხოლმე, როდესაც ხანი მიეწევა, თავმოსაწყლებული მუხლს მოიყრის და იწყებს მუდარას, სანამ ჩაესვენება ყოველდღიურ არყოფნაში.

არაბულიდან თარგმნა - დარეჯან გარდავაძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში