აკა მორჩილაძე - ძველი გულებისა და ხმლისა

საპყრობილე ციხე სულაც არ იყო (1828წ.) არამედ მხოლოდ სამხედრო ყაზარმები. საქრთველოს დაპყრობის მეოთხედი საუკუნის თავზე რუსებს ჯერ კიდევ არ აეშენებინათ ციხე თფილისში: ალბათ საჭირო არ იყო და იმიტომ. მხოლოდ სადილეგე ორმოები იყო ძველი ციხესიმაგრის ეზოში და ეს კმაროდა.

ახალგაზრდა ფავნელს, როგორც აზნაურს, საერთო დილეგში ვერ ჩააგდებდნენ, ვინაიდან ის კეთილშობილი სისხლისა იყო და ასეთებისთვის ყაზარმებში პატარა ოთახები გამოიყენებოდა ხოლმე.

ამბავს ისეთი პირი არ უჩანდა, რომ ტუსაღს ძალიან მალე გაათავისუფლებდნენ. მეტიც, ნახევარზე თმასაც გადაპარსავდნენ და ცალ ულვაშსაც ჩამოკრეჭდნენ, როგორც რუსთა წესი იყო დამნაშავის მიმართ და დაბორკილს გაუშვებდნენ ციმბირში, ვინ იცის, რამდენი ხნით.

თფილსში მაშინ ზღაპრები დადიოდა ციმბირზე: საშინელი ზღაპრები ყინულისა და მძიმე ხუნდების შესახებ. ანჩისხატის ეკლესიაში ერთი მღვდელი ქადაგებდა, ჯოჯოხეთი სწორედ ციმბირიაო.

***
თფილისი იყო გაჯერებული რატომღაც თივის სურნელით.
 ბადუნა ფავნელმა დაინახა, როგორ ბანდა დედა შვილს პირს წითელი ღვინით:  ერთ ხელში ხელადა ეჭირა და მეორის ხელისგულზე ისხამდა ცოტ-ცოტას, მერე კი მონდომებით უსვამდა ბავშვს სახეზე. ბადუნას გაახსენდა, რომ ოდესღაც მასაც ასე ბანდა დედა პირს.

***

გერმანელი ფორსბერგის პანსიონი მდებარეობდა თფილისის ახალ უბანში, გერმანელების სოფელში, სადაც იყო ფუნთუშები, იყვნენ მესაათე და თეთრ სამოსელში ჩაცმული მწვანეწინსაფრიანი და ლოყაწითელი, იმ ფუნთუშების მსგავსი გოგოები.

ფორსბერგის პანსიონი უფრო უცხოელთათვის თუ იყო გახსნილი ორსართულიან გრძელ სახლში, რომელსაც უკან ხეხილის ბაღი ერტყა. ეს ბაღი ადრევე იყო, სახლი კი მერე აშენდა.

პანსიონში იყო  საუცხოო მოვლა და ყურადღება და ყოველთვის სიგრილე, რადგან ბაღი მდინარიის ნაპირს უერთდებოდა, თუმცაღა ნაპირის მხარესაც შემოღობილი იყო.

თვითონ ფორსბერგი და მისი ცოლი განაგებდნენ ყველაფერს და ოთხი მოახლე, მეჯინიბე და მზარეულიც ეყენათ.

***

თფილისში იდგა დამწვარი ზეთის სუნი. ეტყობა იმის გამო, რომ ქუჩის ლამფები უკვე აანთეს.

***

ამბებს არ დაუგვიანია, ანდა რა გასაკვირია - თფილისი ისეთი პატარა იყო, საბურნუთეში ჩაეტეოდა.

***

სიმშვიდემ მიჩვევა იცის.

***

მოტაცება და გაკოჭვა ჯერ კიდევ არ არის მთავარი,  არც მოტაცებულის დადუმება. მთავარი მოტაცებულის საჭირო ადგილას უჩუმრად მიყვანაა. თანაც, მოტაცებული ერთი იშვიათად არის ხოლმე. ხელობა სახიფათოა. ერთი გზის თითო მოტაცებულით რამდენჯერმე გავლა კიდევ უფრო სახიფათო. ამიტომ, თუ ათიოდა კაცს არ მოაგროვებ, საჭირო ადგილას წასვლას აზრი არა აქვს. თუ, რა თქმა უნდა, მოტაცებული განსაკუთრებული ვინმე არ გახლავს და სწორედ რომ მისი მოტაცება არ გქონია  დაკვეთილი.

ასეთი რამ კი ძალიან იშვიათია: ლამაზ ქალსა და თითისტოლა ბიჭს, მომავალ მამელუქს, ან იიანიჩარს, მომტაცებლები არ დააცალკევებენ. მერე რა, რომ მათი, ათს მეტი ძალა აქვთ, ვიდრე მათ მომტაცებელსა და გამცილებელ სამ კაცს.

უცნაურობა ამ ამბავში ის იყო, რომ არასდროს არავის უთქვამს, გატაცებულნი და ტყვედ გასაყიდნი აჯანყდნენ, ერთნი კიდეც დაიხოცნენ, მეორენი კი დაეხსნენ გამტაცებლებს და ადამიანებით მოვაჭრეებს და შინ დაბრუნდნენო.

ასეთი რამ არ ყოფილა.

შინაურები ვითარცა მიცვალებულს, ისე გლოვობდნენ მოტაცებულს, მაგრამ იტყოდნენ ხოლმე, ვინ იცის, ეგებ უკეთ არის კიდეც იმ შორეულ ადგილას, სადაც მოხვდაო. იყვნენ კიდეც უკეთ ალბათ ბევრნი. თუ უკეთ ყოფნის მნიშვნელობას არ ჩავუღრმავდებით.

იქ, სადაც ხვდებოდნენ, წყნარი და მორჩილი, ჩვეულებრივი გლეხური ცხოვრება აღარ იყო. საკვირველად ეს ჩანდა ხოლმე, რომ ისინი აღარადროს ბრუნდებოდნენ. თუნდაც წლების შემდეგ, როცა შეეძლოთ გამოქცეულიყვნენ, რადგან იმ შორეულ მხარეებში ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. დრო და ცხოვრება ერეოდა მონატრებას, თუ იყო რაღაც კიდევ სხვა, ვერავინ იტყვის. ისინი აღარ ბრუნდებოდნენ.

ეს არდაბრუნება, არგამოჩენა, დაკარგვა, ვითომ მოულოდნელი რამ იყო. ტყვეთა მსყიდველები არ იტაცებდნენ ჩვილ ბავშვებს, რომელთაც არ ჰქონდათ მეხსიერება. ისინი იტაცებდნენ მოზრდილებს, ჭაბუკებს, ჯანმრთელ და საზრიან ადამიანებს. ამით მათი ხელობბა უფრო რთულდებოდა, მაგრამ სწორედ ასეთები უნდა გაეყიდათ, თუ ჩვილს ან კეთილშობილი წარმოშობისას ვინმე საგანგებოდ არ მოითხოვდა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ახსოვდათ თავიანთი სოფელი, თავიანთი ენა, თავიანთი მშობლები, ხშირად ცოლ-შვილიც კი და მაინც ისინი არ ჩანდნენ. მგონი მხოლოდ ერტი, დამასკოს გამგებლად ქცეული უგზავნიდა წერილებს ქართველ მეფეს და მშობლების ყმობიდან გათავისუფლებას სთხოვდა.

მოტაცება გადარეცხვა იყო. რაღაცნაირი ცვლილება, რომელიც თითქოს ყველაფერს შლიდა. ის ერთგვარი თმენაც იყო, მაგრამ ცვლილება ისეთი  მკვეთრი გამოდიოდა, რომ ადამიანი სწრაფად და მოულოდნელად იცვლებოდა. მოტაცებულთა შორის ქალებიც ერივნენ, ოღონდ განუზომლად ცოტანი იყვნენ. მოთხოვნა კაცებზე იყო. კაცი კი თუნდ მამა-პაპით, საუკუნეებით ცხოვრობდეს ერთ ადგილას, არაფერი იცოდეს სამყაროსი, მაინც ხეტიალაა და მაინც სიახლის მაძებარი. ტყვედ გაყიდულს სთავაზობდნენ ახალ, სრულიად მოულოდნელ სამყაროს. ისეთსავე ერთადერთს, როგორიც მისი ძველი სამყარო იყო და ის ებმებოდა მასში.

ადამიანმა არ იცოდა ენა, არ იცოდა წესები, იყო სხვა რჯულისა და ყოველივე ამას იცვლიდა. სიახლე თვალს სტაცებდა ტყვეებს და სჯობნიდა მონატრებას.

ტყვეთა მსყიდველთა ერთადერთი  სირცხვილი იყო ის, რომ ქრისტიანს სამუსლიმოში ყიდდნენ.

მეტი არაფერი.

ისინი ხუმრობდნენ კიდეც, მეც ფული ავიღე და ისიც ბედს ვწიეო.

***

ძველად ისე იყო, როგორც ყველგან: საცოლის პოვნას დრო სჭირდებოდა. შეყვარებები, გულის მონადირებები და ამას მოყოლილი გვირგვინის ფსკვნანი ძნელად, იშვიათად და საჩვენებლად, აღტაცებით სალაპარაკო იყო.

დანარჩენები გარიგებით, უჩუმარი შეთვალიერებებით და დიდი მოლაპარაკებებით ხდებოდა. თვით გლეხთა შორისაც კი. გლეხს გლეხი სარძლო უნდა ეძებნა, აზნაურს აზნაური, თავადს თავადი. გლეხებში გამიჯნურება ასჯერ ხშირი იყო, ვიდრე იმათში. გლეხები ბევრნი იყვნენ და ახლო-ახლო ცხოვრობდნენ: იოლი იყო.

აზნაური სოფლად ერთი, ჰა, ორი იყო, სად გამიჯნურდებოდა? მიჯნურობა აზნაურებში უფრო გადაყრით გამოდიოდა. მოხვდებოდა სადმე ჭაბუკი აზნაური და დაადგამდა თვალს რომელიმე ქალწულ აზნაურის ქალს. იმასაც ალბათ გულში ჩაუვარდებოდა და საუცხოოც ეს იქნებოდა, თუ მშობლები მოილაპარაკებდნენ, მზითევსა და სხვა ამბავზე შეთანხმდებოდნენ, გაარიგებდნენ საქმეს და ქორწილსაც გადაიხდიდნენ. მაგრამ ასე შემთხვევით შეთვალიერება უფრო იშვიათი იყო. იყო ხოლმე გაუმჟღავნებელი წასვლა შესათვალიერებლად და მთელს ამ ამბავში შუა იდგა საგანგებო ხელობის კაცი, მაჭანკალი, რომელიც აგვარებდა ამ საქმეს და ქორწინებაში ჩატრიალებული ფულიდან თავის წილს იღებდა.

სიყვარული, გადარევა, წადილი და ასეთი რამეები ქორწინებას ძნელად მოახერხებდა. მაჭანკალი დადიოდა იმ ძველ გზებზე, დაჰქონდა ამბები,  წინადადებები, შეთანხმების პირობები, სთავაზობდა და განიხილავდა, აწყობდა შეხვედრებს მშობელთა შორის და ქალ-ვაჟის იდუმალ გადანახულებას, რათა ქორწილამდე ერთმანეთი შეეთვალიერებინათ.

ასეთი ცხოვრება იყო, ამბავი უნდა მოეტანათ.

ეგებ ახალგაზრდა აზნაურს სულ სხვა, შემთხვევით ნანახი ქალი ჩავარდნოდა გულს, მაგრამ მასზე დაქორწინებას ვერასგზით შეძლებდა: მამა სულ სხვა ქალს ურჩევდა გარიგების პირობათა გამო, მისი სასურველი კი თურმე ადრევე ყოფილიყო დანიშნული: ცხოვრება სხვას კარნახობდა და მიჰქონდა კიდეც ეს სხვა მასთან. ასევე ქალსაც, ეგებ გამოუთქმელად, უმძაფრესი სიყვარულით სულ სხვა აზნაური მოსწონებოდა და იმასაც გულში ჩავარდნოდა, ეგებ ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს უწყინარ საიდუმლო შეხვედრებზე, მაგრამ ოჯახი და ცხოვრების პირობა სულ სხვას გადაუწყვეტდა. იდუმალი მიჯნური რომც გამოჩენილიყო, ძალიან იშვიათად მოხდებოდა, რომ ოჯახს თავის არჩეულზე წინ დაეყენებინა. რომც არ ყოფილიყო ჯერ ვინმე არჩეული, მაინც უფრო დაიწუნებდნენ: მისი ქონებისას გამოიკითხავდნენ და იმასაც დაამატებდნენ, ახალგაზრდა კაცი რომ ასე მალულად გაუმიჯნურდება ქალს, კაცს რომ არ მოგზავნის და ქალის ოჯახს არ ამცნობს, თქვენი შვილი ცოლად მწადიაო, იმ კაცისგან რას უნდა მოელოდე კარგსო. მერე სხვას მოსძებნის, სხვაგან  ირბენს და ასეო.

აზნაურებს ქალთან ნამყოფობა არ უჭირდათ და არც უკვირდათ: გლეხის ქალებზე იყვნენ გაწაფულნი სალოგინე საქმეში. ასეთი რამეები მოხდებოდა ხოლმე, მაგრამ ოჯახი კი სხვა იყო.

იყო კიდევ ასეთი  რამე, რასაც ცოლის წაგვრას დაუძახებდნენ ხოლმე. ისე გადარეულად შეუყვარდებოდა ვიღაცას სხვისი ცოლი, ჰა, თუ თავადი ყოფილიყო, ჰა თუ აზნაური, რომ დაეცემოდა და მოიტაცებდა და წაიყვანდა შორს, შორს დასავლეთში, დასავლეთიდან კი აღმოსავლეთში, იტყოდნენ ცოლი წაგვარაო.

ამგვარი რამ დიდ სირცხვილად ითვლებდა, ასევე დანაშაულადაც.

კაცი თავს ვერ მოერეოდა, გაიტაცებდა სხვის ცოლს და შეინახავდა თავს მასთან ერთად სადღაც-სადღაც, სანამ მოლაპარაკებებს არ წამოიწყებდა მისი ქმრის ოჯახთან და ეკლესიასთან, რომელიც სასტიკად ამტყუნებდა ხოლმე. ზოგჯერ მეფემდეც კი მიდიოდა ასეთი საქმე, კაცის გვარს და შეძლებას გააჩნდა.

ქალები კი დუმდნენ ხოლმე. ძირითადად დუმდნენ. ეს დუმილი რას ნიშნავდა, არავინ იცის: თანხმობას, უარყოფას თუ მორჩილებას, ანდა დაუმორჩილებლობას.

დუმილი ქორწინებებშიც იყო: რაღაცნაირი, ფრთხილი, მომლოდინე დუმილი, რომელიც მოთმენასაც შეიცავდა. მოთმენას და მიჩვევას. მიჩვევას და გაძლებას. გაძლებას და მერე კი იმას, რასაც ცხოვრება ჰქვია ხოლმე.

***

თფილისი ისეთი ქალაქი იყო, რომ ვერაფერი დაიმალებოდა დიდხანს ან დიდად, ხოლო თუ რამის შეტყობა გინდოდა, სულ თავისუფლად შეიტყობდი.

***

უბედურება ერთი წამია, მეტი კი არაფერი.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში