არჩილ სულაკაური - თბილისური ჩანახატები

ამას წინათ ჩემს ხელნაწერებს ვათვალიერებდი და ასეთ რამეს წავაწყდი: „სერგო კლდიაშვილმა მითხრა: არჩილო, ახლა მე მხოლოდ სიზმრებით ვცხოვრობ, მესიზმრება ის ადამიანები, რომლებიც სოფელში ყრმობისას ვნახე და მერმე არასოდეს, მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ მინახავს და არც გამხსენებია. 8 ოქტომბერი, 1980წ.“

ეტყობა, მომწონებია, რახან ბატონი სერგოს ეს ნათქვამი ჩამიწერია კიდეც. მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვაღიარო, ამ ნათქვამში გაჟონილი სევდა ახლა უფრო მესმის, ვიდრე მაშინ, ცამეტიოდე წლის წინ. როგორც ჩანს, ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც მართლა სიზმრებით ცხოვრობ. ეს სიზმრები ძველი, განვლილი ყოფის ანარეკლია - შენი მეხსიერების ბნელ კუნჭულებში მიყუჩებული და მიძინებული, თითქოს სამუდამოდ დავიწყებული და დაკარგული. მერმე გაივლის დიდი დრო და მეხსიერების წყვდიადიდან ამოტივტივდებიან არა მარტო ადამიანები, გესიზმრება საგნებიცა და მოვლენებიც, რომლებისთვისაც თითქოს თვის დროზე ყურადღება არ მიგიქცევია.

***

მტკვარში თუ ვინმე იხრჩობოდა, ვორონცოვის ხიდიდან საშინელი გაბმული სტვენა ატყდებოდა.

***

მტკვრის მარჯვენა სანაპირო ადრევე აშენდა, ომამდე. მარცხენა სანაპიროს მშენებლობა ომის დამთავრებისთანავე დაიწყო, გერმანელი ტყვეები აშენებდნენ. მერმე დროებით შეწყდა მშენებლობა, რადგან ტყვეები, ბოლოს და ბოლოს, სამშობლოში დააბრუნეს.

***

როგორც ყველა სოფელს, ყველა პატარა ქალაქს, ასევე დიდი ქალაქის უბნებსაც ჰყავთ თავისი „გიჟი“, რომელიც უბნის ცხოვრების წესს თითქოს არ ემორჩილება და საერთო დინებიდან ამოვარდნილად ითვლება. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს მოვლენა მაინც ერთგვარი კანონზომიერებაა და უამადამიანოდ უბნის ცხოვრებას რიტმიცა და აზრიც დაეკარგებოდა.

***

თბილისი უბნების ქალაქი იყო და ყოველი უბანი თავისი განუმეორებელი ნიშნითა და ხასიათით აღბეჭდილი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სევდითა და სიხარულით ცხოვრობდა.

***

„თბილისში იოლია არყის ფულის შოვნა. არყის ფულს რატომღაც ყველა გაძლევს. გარდა ამისა, თანამეინახეებით სავსეა ქალაქი, არაყსაც გასმევენ და სიგარეტსაც გაწევინებენ. აი, ცხოვრება კი ძალიან ძნელია. როცა პურის ფულს ეძებ, ამას უკვე ცხოვრება აღარ ჰქვია. თუ ვისმე პურის ფულს მოსთხოვ, ის უკვე კაცად კი არა, მათხოვრად გთვლის. ბინძური რამეა ცხოვრება!“

***

ამქვეყნად იცის კი ვინმემ, ცხოვრების გზა სწორად გაიარა თუ მრუდედ?!

***

ღამე იყო, ბარდნიდა. ბარდნამ ჩემი ძველი უბანი - ჩუღურეთი გამახსენა. იქ, ჩვენს ეზოში გოლიათი თუთის ხე იდგა, მაღალი, სრული, მის მერქანს ოთხი-ხუთი კაცი ძლივს შემოუწვდენდა ხელებს. იმ თუთის ჩრდილში გავატარე ბავშვობა და მისი უტკბესი ნაყოფი იყო ჩემი ბავშვობის პირველი ხილი.

ერთხელ, ახალი წლის კვირაძალზე, დიდი თოვლი მოვიდა. მიმწუხრისას დაიწყო თოვა და მე, თოვლს მონატრებული ჩვენი ხისრიკულებიანი აივნიდან გავყურებდი დითოვლობას, მოფარფატე ფიფქებით სავსე სივრცეს.

უცებ გამაყრუებელმა, თავზარდამცემმა ჭახანმა შეძრა იქაურობა. ეს იყო მეხთატეხისა თუ ჭექა-ქუხილის შემაძრწუნებელი ხმა, ან ზვავის მოხეთქა. და მე დავინახე, როგორ წაიქცა თუთის ხე, როგორ გადააწვა მთელ ეზოსა და სანაპიროს. შეშინებული მეზობლები აივნებს გამოეფინნენ, მათ არ იცოდნენ, რა მოხდა, რამ გაიღო ასეთი შემზარავი ხმა და შეშფოთბულნი ერთმანეთს აწყდებოდნენ. მერმე, როცა პირველმა ელდამ გაიარა, ყველანი ეზოში ჩავედით და დიდხანს დავცქეროდით წაქცეულ ხეს. ყველას გული ჩაწყდა, ყველამ ერთხმად აღიარა, - მაინც არ გვეგონა, თუ ჩვენი ხე ასეთი დიდი იყოო, მე კი უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემს პატარა ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი დასრულდა.

***

ერთ დღეს ედიშერ ყიფიანმა სასტუმრო „ივერიის“ მშენებლობაზე წამიყვანა და მაჩვენა ხე, რომლის გამო არქიტექტორმა მომავალი სენობა ისე დააპროექტა, რომ ხის გადარჩენა შესაძლებელი აღმოჩნდა. ბედნიერი და კმაყოფილი იფშვნეტდა ხელებს; ედიშერი ამ უბანში დაიბადა და გაიზარდა. აქვე დავაჟკაცდა და მე შემდეგ მივხვდი, რომ იმ ხის გადარჩენას იგი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა, ვიდრე ერთი შეხედვით მომეჩვენა.

***

ომის წლებში, ომის დამთავრების შემდეგაც თბილისის ოპერის თეატრში ყოველ ორშბათს სიმფონიური მუსიკის კონცერტი იმართებოდა. ორკესტრი სანახევროდ დაკომპლექტებული იყო მაღალკვალიფიციური მუსიკოსებით და მათ ხშირად საქვეყნოდ აღიარებული დირიჟორები ხელმძღვანელობდნენ. ყოველ ორშაბათს ოპერის თეატრი ივსებოდა თბილისელებით და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცუდ ტონადაც კი ითვლებოდა ამ კონცერტზე დაუსწრებლობა.

***

როცა ძველ სახლში ან ოჯახში შევდივარ, მგონია, გასული საუკუნის ჰაერით ვსუნთქავ.

***

კირილე ზდანევიჩს ჩემი თავი სიმონ ჩიქოვანმა წარუდგინა. ფეხზე წამომდგარმა გამომიწოდა ხელი. უფრო ტანდაბალი აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმოვიდგინე. სუფთა და ბუნჩულა მოხუცის შთაბეჭდილება დატოვა.

ეტყობა, ჩემს მოსვლამდე ბატონი სიმონი რაღაც ამბავს ჰყვებოდა. მაგიდას მივუჯექი თუ არა, საუბარი გაგრძელდა. გაირკვა, გრიგოლ რობაქიძესთან შეხვედრებს იხსენებდა. განსაკუთრებით ერთი შეხვედრა დამამახსოვრდა: ოციანი წლების ბოლოს თუ ოცდაათიანი წლების დასაწყისში რაჟდენ გვეტაძე ბელინსკის ქუჩაზე ცხოვრობდა თურმე. მის ბინაში თავს იყრიდნენ მწერლები, უმეტესად - ახალგაზრდები. ერთ საღამოს, როცა რაჟდენ გვეტაძესთან ახალგაზრდა მწერლები ყოფილან თავშეყრილნი, მოსულა გრიგოლ რობაქიძე, როგორც ბატონი სიმონი ამბობდა, ასე აღელვებულსა და შეშფოთებულ გრიგოლს პირველად ხედავდა. ყოველთვის რწმენით აღსავსე, მშვიდი, დახვეწილი, ამჯერად ლამის კედლებზე დადიოდა. გრიგოლ რობაქიძეს არასოდეს ავიწყდებოდა, რომ ის იყო მეტრი, მაესტრო, მოძღვარი. იმ საღამოს კი დაბნეული და ნირწამხდარი ლაპარაკობდა.

- ყმაწვილებო, შემზარავი ამბის მოწმე ვარ, ბერიამ დამიბარა და დღს ტეტ-ა-ტეტ შევხვდი. თვალებში შევხედე და საშინელება დავინახე... ყმაწვილებო, თქვენ ხომ იცით ჩემი გამჭოლი მზერის ძალა, აქამდე თვალს ვერავინ მისწორებდა. დღეს ბერიას გამოხედვას ვერ გავუძელი, თვალი ავარიდე. მისმა მზერამ ჩემს მზერას სძლია და დათრგუნა. მისი თვალებიდან აპოკალიფსური ცეცხლი გამოკრთოდა... აქ აღარ დამედგომება, მე საქართველო უნდა დავტოვო.

ახალგაზრდა მწერლებს გრიგოლ რობაქიძის აღელვება გადაჭარბებულად მოსჩვენებიათ, მაგრამ დამშვიდება მაინც დაუწყიათ. ამაოდ, შეშფოთებულსა და აფორიაქებულს მალე დაუტოვებია იქაურობა.

ბატონი სიმონი ემოციურად ჰყვებოდა, მონაყოლმა მძაფრი შთაბეჭილება დატოვა და რატომღაც მეგონა, კირილე ზდანევიჩსაც მოეძალებოდა მოგონებები. ჩუმად იჯდა, დაფიქრებულს დროდადრო მკრთალი, გაურკვეველი ღიმილი გადაურბენდა სახეზე. მხოლოდ ეს წამოსცდა:

- Я нигде, ни в Европе, ни в России такого прирожденного естета не встречал.

[...]

კირილე ზდანევიჩმა რამდენიმე ჭიქა ღვინო რომ დალია, მერმე ამოიღო ხმა. თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა, იფიქრებდი, სულ არ აინტერესებდა, უსმენდი თუ არ უსმენდი. მისი ნათქვამის ზუსტად განმეორება გამიჭირდება, დაახლოებით ასეთი რამ თვა: კაცობრიობის ისტორია ბლეფია, რადგან ადამიანთა ურთიერთობანი, მათი ნამდვილი ვნებათა ღელვანი, ძირითადად, დამახინჯებულია ან შელამაზებული, გარკვეული მიზეზების გამო მიჩქმალული, ანდა სულაც უგულებელყოფილიო. უმთავრესი უკვალოდ ქრება. მნიშვნელოვანი მოვლენები ადამიანთა ნამდვილ ურთიერთობებთან ერთად თავის დროზე უნდა დაფიქსირდეს, რათა მომავალმა თაობამ გაანალიზოს, გაიაზროს და წარსული მიახლოებით აღადგინოსო.

[...]

კაცმა რომ თქვას, თავად კირილე ზდანევიჩიც დაუდევრად ეპყრობოდა თავის ნახატებს. ძირითადად, ქაღალდის ფურცლებზე ხატავდა და, რაც მე მინახავს, იმ ნახატებიდან ჩარჩოში ჩასმული ან შემინული ერთიც არ ყოფილა.

ზოგჯერ მეჩვენება, მხატვრად არც კი მთვლიანო, ამბობდა, მათთვის მე ვარ მხოლოდ ის კაცი, ვინც ფიროსმანის ტილოები შეაგროვა და გადაარჩინა. ერთი ადამიანის უკვდავებისთვის, ალბათ, ეს სრულიად საკმარისიაო, იმშვიდებდა თვს.

[...]

საქართველოში დიდ მხატვრად, ანდა დიდ პოეტად რომ გაღიარონ, ლეგენდა ან ლეგენდის მსგავსი რაღაც უნდა შეიქმნას შენზე. თუ არ შეიქმნა, შენ თვითონ უნდა შექმნა; აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც დიდი იყო, მთავარია რაღაც ლეგენდა არსებობდეს, ხალხი მაშინვე გაღიარებს და შენს გამორჩეულობას ირწმუნებსო, ამბობდა კირილე ზდანევიჩი. საქართველოსთვის მე დავრჩები იმ პიროვნებად, ვინც ქვეყანას ფიროსმანის ასი ფერწერული ტილო უსასყიდლოდ გადასცა; დღეს საქართველო, როგორც მხატვარს მე არ მიცნობს, არც ვაინტერესებ, ეტყობა, ერთ კაცზე ორი ლეგენდა არ იქმნებაო, ლაპარაკობდა ჩვეულებრივად, უტკივილოდ, უსინანულოდ, არა მგონია, ვინმემ ოდესმე ფიროსმანივით აღმოაჩინოს კირილე ზდანევიჩი, ფიროსმანი სულ სხვა მოვლენა იყოო.

***

ერთი პერიოდი, „მნათობის“ თითქმის ყველა ნომერში იბეჭდებოდა გიორგი ლეონიძის მოთხრობები. შემდეგ ეს მოთხრობები ერთად შეკრებილი გამომცემლობა „ნაკადულმა“ „ნატვრის ხის“ სახელწოდებით ცალკე წიგნად გამოსცა.

ბატონ გოგლას რედაქციაში მოჰქონდა ჩასწორებული, გადახაზულ-გადმოხაზული ხელნაწერი, რომლის წაკითხვა ძალიან ჭირდა, თითქმის უნდა გაგვეშიფრა. ჩვენმა მემანქანემ - მერი ხიზანიშვილმა თავი გადადო, გადაბეჭდილს დედანთან მე ვაჯერებდი. ერთხელ ბატონ გოგლას ვკითხე: ამ მოთხრობებს ახლა წერთ თუ ადრე გაქვთ დაწერილი-მეთქი. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ასე მიყოლებით, ზედიზედ ერთმანეთზე უკეთესი მოთხრობების წერა. ზუსტ პასუხს ხუმრობით აარიდა თავი: ერთი დიდი ტომარა მაქვს, ჩავყოფ ხელს და რაც ამოჰყვება, ის მომაქვსო, გაიცინა.

მასალაზე ამგვარი სიამოვნებით იშვიათად მიმუშავია, აღტაცებული ვიყავი. თუმცა აქეთ-იქიდან ხშირად მესმოდა გოგლას მოთხრობები ვინ გაიგონაო. ჩუმად ქილიკობდნენ და ქირქილებდნენ ის მწერლები და კრიტიკოსები, რომლებიც შემდეგ ქება-დიდებით იხსენიებდნენ და ხოტბას ასხამდნენ „ნატვრის ხეს“.

წიგნი გამოსაცემად მოამზადა ლაშა სულაკაურმა, 2013წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში