ანრი ტულუზ ლოტრეკი - არისტოკრატი მულენ რუჟიდან

ტულუზ-ლოტრეკი განსაკუთრებით სცემდა პატივს დეგას და ეს მხატვარი შეიძლება მის ნიმუშად და მასწავლებლად ჩაითვალოს როგორც სიუჟეტის, ასევე ფორმის მხრივ, რომელიც ნახატზე უფროა დაფუძნებული, ვიდრე ფერზე.


***

ლოტრეკის ხელოვნებას რომ აანალიზებენ, ჩვეულებრივ, მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მხატვრის არისტოკრატიულ წარმოშობას და მის ფიზიკურ ნაკლს. ყოველივე ეს მართლაც უნდა ვიქონიოთ მხედველობაში, რადგან ადამიანში ვერაფერს იპოვით ისეთს, რაც გავლენას არ ახენდეს მის მხატვრულ შემოქმედებაზე.

ტულუზ-ლოტრეკი ტულუზის გრაფებისა და ვიკონტ ლოტრეკების შთამომავალი იყო, რომლებიც ჯერ კიდევ კარლოს დიდის დროს იყვნენ ცნობილნი.

ალბათ მასაც ისეთივე თავაშვებული, ჭირვეულობით აღსავსე და ნაირფერი ცხოვრება ელოდა, როგორც მამამისს, რომელიც არავითარ დისციპლინას არ სცნობდა და არ იცოდა - რა იყო იდეალის ერთგულება. მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვობაში ლოტრეკმა ორივე ფეხი მოიტეხა და, ვინაიდან სუსტმა ჯანმრთელობამ ხელი შეუშალა მის სრულ გამოჯანსაღებას, ამ ფიზიკურ ნაკლს არაჩვეულებრივი გონებრივი განვითარებით ანაზღაურებდა.

***

ლოტრეკს მეგობრობა და ალერსი სწყუროდა, დედის გარდა კი, ვერავისთან პოულობდა სითბოს. მაგრამ მეტისმეტად ღვთისმოსავ და მკაცრ ქალს არ შეეძლო შვილის ფიქრების მესაიდუმლე გამხდარიყო. ლოტრეკის სოციალურ გარემოში მაინცდამაინც არ აფასებდნენ ადამიანის გონებრივ ნიჭს და თავის წრეში იგი მუდამ დამცირებულად გრძნობდა თავს. ამას თან ერთოდა მემკვიდრეობით მიღებული ჭირვეული და ამაყი ხასიათი, თავისუფლებისაკენ მგზნებარე მისწრაფება, გულწრფელობა და, ბოლოს, აქტიურობა, რომლის დაკმაყოფილების საშუალებას ფიზიკური ნაკლი არ აძლევდა. ბუნებრივია, რომ ეს ადამიანი, რომლის შესაძლებლობათა საზღვარი ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობათა ზღვარს სცილდებოდა, სხვა სამყაროს ეძებდა, სადაც მის გენიას აღიარებდნენ, სადაც მისი სიმახინჯე არავითარ რეაქციას არ გამოიწვევდა და სადაც მისი არისტოკრატული დახვეწილობა, როგორც ამ წრისთვის იშვიათი მოვლენა, მიმზიდველი გამოჩნდებოდა.

***

რომენ კოოლიუსი ამბობობს: „როგორ პარადოქსადაც არ უნდა ჟღერდეს ეს სიტყვები, ტულუზ-ლოტრეკი სწორედ მისი უცნაური გარეგნობის გამო იყო მომხიბვლელი“.

***

1881 წელს, როდესაც ლოტრეკს ის იყო შეუსრულდა ჩვიდმეტი წელი, იგი ერთ მეგობარს სწერდა:

„მე სიმართლის ასახვას ვცდილობდი და არა იდეალისა. ეს, შეიძლება ნაკლიც იყოს, რადგან მეჭეჭებსაც კი არ ვინდობდი: მე ბუსუსებით ვამკობდი მათ, ვამრგვალებდი და სწორედ მათ წვეროს ვანათებდი ათინათით. არ ვიცი, დაიურვეთ თუ არა თქვენ თქვენი ფუნჯი, მაგრამ როდესაც ჩემი ფანქარი გარბის, მისი შეკავება შეუძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში - ტრახ... და აღარაფერი დარჩება“.

***

მსუბუქი ყოფა-ქცევის საზოგადოება ყოველთვის არსებობდა პარიზში - 1890-1900 წლებამდე და მის შემდეგაც, მაგრამ ამ წლებში მან, ლოტრეკის ხელოვნების წყალობით, ლეგენდარული ღირებულება შეიძინა. 

***

თავდაპირველად, არც თუ ისე დიდხანს, ტულუზ-ლოტრეკი მხატვარ ბონის სკოლაში დადიოდა, შემდეგ, 1883 წელს, კორმონის სახელოსნოში დაიწყო მეცადინეობა. მაგრამ აკადემიურ სწავლებას დიდი სარგებლობა არ მოუტანია მისთვის. უფრო სასარგებლო აღმოჩნდა ახალი თაობის მხატვრებთან კონტაქტი, რომელთა რიცხვში ემილ ბერნარიც იყო.

ანრი ტულუზ ლოტრეკი - ვინსენტ ვან გოგი
მოგვიანებით ლოტრეკი გაეცნო ვან-გოგს, რომელიც აღტაცებული იყო მისი სურათებით. ეს იყო სიორას იმპრესიონიზმის აყვავების პერიოდი, რასაც მოჰყვა გოგენის სინთეტიზმი და სიმბოლიზმი. 

საყოველთაო აღტაცებას იწვევდა აგრეთვე იაპონური ნახატები და ესტამპები. სინათლისა და ჩრდილების ეფექტების, რამაც სახელი გაუთქვა იმპრესიონისტებს, არ შეეძლო დაეინტერესებინა ისეთი ადამიანი, როგორიც იყო ლოტრეკი, რომელსაც სძულდა პეიზაჟური ფერწერა. მისი ვნება იყო ნახატი, მღელვარე ხაზი, გამომსახველი კონტური, და ამიტომ თავდაპირველად მისი ორიენტირი დეგა იყო, შემდეგ კი გოგენი - მისი დეკორაციული ხაზი და ფერადი სიბრტყე. მაგრამ თავისი ტემპერამენტის წყალობით, რომელსაც გაცილებით უფრო გარკვეული მიზანი ჰქონდა, ვიდრე გოგენის ტემპერამენტს, ლოტრეკმა სწრაფად გარდაქმნა ყველაფერი, რაც ისწავლა, ჭეშმარიტ ინდივიდუალურ სტილად. 1890 წლისათვის ეს სტილი საბოლოოდ ჩამოაყალიბა.

***

ანრი ტულუზ ლოტრეკი - კლოუნესა შა-იუ-კაოში
ლოტრეკის თაყვანისცემამ სილამაზისადმი განსაკუთრებული ძალით იჩინა თავი მის „კლოუნესა შა-იუ-კაოში“ (1895წ.) - ლოტრეკის იდეალის ამ იქნებ უმაღლეს გამოხატულებაში.

ბოდლერი, დელაკრუას ხელოვნებაზე რომ მსჯელობდა. აღნიშნავდა მისი ქალების ავადმყოფურ სილამაზეს და მათ უაღრესად მეტყველ თვალებს. მაგრამ ეს იყო 1855 წლის ქალის რომანტიკული იდეალი. ორმოცი წლის სემდეგ კი სილამაზისგან მოითხოვდნენ რაღაც ისეთს, რაც ფიქრებს გაუფანტავდა და გაართობდა ადამიანს. შა-იუ-კაო კლოუნი ქალია და უკვე ამიტომ მისი ხელოვნურობა ნეიტრალურია. და სწორედ ეს უჩვეულო შეხამებაა ხელოვნების სასწაული. აქედან - სრულყოფილი ბუნებრიობა არა მარტო სტილისა, არამედ თვით ქალის სახისა, მისი განსაკუთრებული მომხიბვლელობა, რასაც ორიგინალური ტანსაცმელი, კომიზმი და თეატრალური გარემო ქმნის.















ლიონელო ვენტური - მანედა-ლოტრეკამდე
თარგმნა ლილი კალანდაძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში