ფიდელ კასტრო - 50 პერსონა

ავტორი: ნიკა თევზაძე


თავის ავტობიოგრაფიაში კასტრო წერს, რომ 1927 წელს დაიბადა. ბევრი მკვლევარი ამას ეჭვქვეშ აყენებს. მაგრამ თანახმად საეკლესიო წიგნში არსებული ჩანაწერისა, კუბის დიქტატორი ქვეყანას 1926 წელს მოევლინა.


***

კასტრო ამტკიცებდა, რომ მამამისი ღარიბი მიწათმოქმედი იყო. სინამდვილეში მამამისი - ანხელ კასტრო - იყო ესპანელი ემიგრანტი, რომელმაც კუბაზე წარმატებას მიაღწია და შაქრის პლანტაციების მფლობელი გახდა.

***

2003 წელს, ცნობილ ამერიკელ კინორეჟისორ ოლივერ სტოუნთან საუბარში, კასტრო იტყვის:

- ჩემი აზრით, ყველა ნამდვილ მამაკაცს იარაღი უნდა ჰქონდეს.

- რატომ? თავდაცვის მიზნით, თუ..?

- თავი შეიძლება იარაღის გარეშეც დაიცვა. რევოლვერი, ასე ვთქვათ, ვაჟკაცობის ერთ-ერთი ატრიბუტია. თუმცა, ვაჟკაცმა უნდა იცოდეს, როდის გამოიყენოს იარაღი.

- თქვენ ეს იცით?

- ეს მე ბავშვობიდან შევისისხლხორცე.

***

სიბერის ჟამს, ოლივერ სტოუნთან საუბარში, კასტრომ ბავშვობა მოიგონა. სტოუნმა ჰკითხა, პირველობას როგორ მიაღწიეთო?

კასტრომ მიუგო:

- ალბათ იმით, რომ სხვებზე ძლიერი და მოხერხებული ვიყავი, განათლებითაც გამოვირჩეოდი, ორგანიზატორობის ნიჭიც მქონდა. სროლითაც სნაიპერივით ვისროდი. შემეძლო გაფრენილი ჩიტისთვის ტყვია თვალში მომეხვედრებინა.

- ეს საკმარისია, რომ კლასში ლიდერად გაღიარონ?

- რა თქმა უნდა, არა. ხალხთან ლაპარაკი უნდა იცოდე. ზოგს უნდა მოეფერო, ზოგიც, პირიქით, გამუდმებულ შიშში გყავდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შენი განაწყენება არ შეიძლება. ამავე დროს, უნდა გქონდეს რეპუტაცია კეთილი და სამართლიანი ბიჭისა, რომელიც არ არის დაუნდობელი, ვისაც შეიძლება დახმარებისთვის მიმართო და ვინც აუცილებლად დაგეხმარება.

***

1945 წელს ფიდელმა კოლეჯი წარჩინებით დაამთავრა. იმავე წელს ჰავანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუნდეტი გახდა.

- ვცხოვრობდი საკმაოდ ხელმოკლედ. ჩემს ოთახში საოცარი დომხალი იყო. სამაგიეროდ, იქაურობა წიგნებით მქონდა სავსე - იგონებდა შემდგომში.

ფიდელი მართლაც ბევრს კითხულობდა. ამ პერიოდში მისი უმაღლესი ავტორიტეტი ხოსე მარტი იყო. პოლიტიკოსებიდან კითხულობდა მუსოლინის, ლენინის, ტროცკის, პრიმო დე რივერას ნაშრომებს. დაინტერესებული იყო ხუან პერონით და პერონისტრული მოძრაობით. გატაცებით სწავლობდა პარტიზანული მოძრაობის ისტორიას.

- შევისწავლე რუსი, ჩინელი, იუგოსლავიელი პარტიზანების ტაქტიკა, - იგონებდა მოგვიანებით.

მისი სტუდენტობის დროინდელი მეგობრები ამტკიცებდნენ, რომ ფიდელმა არა მხოლოდ კომუნისტი, არამედ ანტიკომუნისტი პარტიზანების ტაქტიკაც ზედმიწევნით შეისწავლა. კასტროს ინტერესების საგანი გახდა უკრაინის აჯანყებულთა არმიის (უპა) ისტორია.

დეტალურად შეისწავლა პოლონელი, რუმინელი, მაკედონიელი, ხორვატი პარტიზანების ბრძოლა. მასზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მაკედონიელი რევოლუციონერების მოღვაწეობამ მოახდინა. კასტრო აღტაცებული იყო ვანჩო მიხაილოვით, ვლადო კურტევით, აღფრთოვანებული - ვმრო-ს ტაქტიკით, მებრძოლთა აღზრდის სკოლით.

ოლივერ სტოუნთან კასტრო იტყვის:

- განსაკუთრებით მაკედონიურად სროლამ მომხიბლა!

- ეგ რაღას ნიშნავს?

- როცა მოძრაობ და ორივე ხელით მიზანში ისვრი.

- თქვენ ეს შეგიძლიათ?

- დიახ.

- ამას როდის დაეუფლეთ?

- სტუდენტობისას. კუბაზე ერთი მაკედონელი ემიგრანტი ცხოვრობდა. მის შვილთან ვმეგობრობდი. მანაც მაკედონიურად სროლა მასწავლა.

- ანუ თქვენი კერპები ვმრო-ს ლიდერები იყვნენ?

- არა.

- რატომ?

- ისინი დამარცხდნენ, მე კი არ მწამს მათი, ვინც მარცხდება!

სამაგიეროდ, სტუნდეტი კასტრო მოხიბლული იყო ლენინის, მაოს, იოსებ ბროზ ტიტოს მოღვაწეობით. კასტრო მათი ბრძოლის მეთოდებს გულდასმით სწავლობდა. მეგობრები დაინტერესდნენ, კომუნისტი ხომ არ გახდიო. კასტრო მიუგებდა:

- კომუნიზმი უღმერთო და უზნეო თეორიაა!

- აბა, მათი ბელადების შრომებს რად ჩაჰკირკიტებ?

- იმიტომ, რომ გაიმარჯვეს.

- მერე რა?

- გამარჯვება ყველასგან უნდა ისწავლო, მათ შორის მათგანაც, ვინც შენი იდეური მოწინააღმდეგეა.

- კომუნისტი არასოდეს არ გახდები?

- მხოლოდ ერთ შემთხვევაში გავხდები, თუკი სტალინივით აბსოლუტური ძალაუფლება მექნება, - გაიცინა ფიდელმა.

***

„რასაკვირველია, არ შეიძლება ბატისტას დიქტატურა ჰიტლერის ან მუსოლინის რეჟიმებს შევადაროთ. კუბაზე არ არსებობდა რასიზმი, ანტისემიტიზმი, არ არსებობდა მასობრივი ტერორი. სამაგიეროდ აქ გამეფებული იყო ტოტალური კორუფცია, უკანონობა, განუკითხაობა. კუბა ბორდელების, სათამაშო სახლების, ღამის კლუბების ქვეყნად გადაიქცა. ბატისტას რეჟიმი არ იყო საშინელი, ის უბრალოდ, ამაზრზენი იყო“, - ინგლისელი მწერალი გრემ გრინი.

***

„ბატისტა ჩემში საფრთხეს ვერ ხედავდა. ერთ ჩვეულებრივ შერეკილად მთვლიდა, თანამედროვე დონ კიხოტად, რომელიც ქარის წისქვილებს ებრძვის. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სათანადოდ ვერ შემაფასა“, - ამბობდა კასტრო.

***

1956 წლის 26 აგვისტოს კუბაში გამომავალ ჟურნალ „ბოჰემიაში“ ფიდელ კასტროს წერილი გამოქვეყნდა. იგი წერდა, რომ მალე რევოლუცია დაიწყებოდა და კუბა ბატისტას ტირანიისგან გათავისუფლდებოდა.

„თავისუფლება ან სიკვდილი! ასეთია ჩვენი დევიზი! აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - წერდა კასტრო.

ზოგიერთი მკვლევარი წერს, რომ ამ წერილის გამოქვეყნებიდან ცოტა ხნის შემდეგ ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქში ფიდელ კასტრო დიქტატორ ბატისტას საიდუმლოდ შეხვდა. ზოგი ამბობს, რომ ეს ერთი წლით ადრე მოხდა. ასეა თუ ისე, ამტკიცებენ, რომ შეხვედრას ადგილი მართლაც ჰქონდა და კასტრომ ბატისტას გარიგება შესთავაზა. ბატისტა კუბის ამჟამინდელ მთავრობას დაითხოვდა და შეიქმნებოდა ახალი კაბინეტი, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები შევიდოდნენ. კაბინეტის წევრი გახდებოდა ფიდელ კასტროც. ამის შემდეგ ჩატარდებოდა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და იმას, თუ ვინ იქნებოდა კუბის ხელისუფალი, ხალხი გადაწყვეტდა. ბატისტამ ეს წინადადება უარყო.

თავად კასტრო ამ შეხვედრის არსებობას კატეგორიულად უარყოფდა. ის ამტკიცებდა, რომ არც ბატისტასთან და არც მის გარემოცვასთან რაიმე გარიგება არც კი უცდია.

***

ისტორიკოს ჰიუ თომასის ცნობით, 1959-1961 წლებში კუბაში პოლიტპატიმართა რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია. დახვრიტეს 2000-მდე ადამიანი.

***

ჩე გევარა და ფიდელ კასტრო
ერნესტო ჩე გევარა კასტროს აქტიურად უჭერდა მხარს და რეპრესიებშიც აქტიურად მონაწილეობდა. ყველას, ვინც კასტროს რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა, ჩე ბანდიტებს უწოდებდა.

- ჩვენ არა გვყავს ოპოზიცია! კუბაზე არსებობენ ბანდიტები, რომელთაც ამერიკელები აქეზებენ, აფინანსებენ და აიარაღებენ, - აცხადებდა ჩე.

***

კუბაში შეიქმნა საკონცენტრაციო ბანაკების მთელი სისტემა - „იუმარი“, სადაც ამწყვდევდნენ ოპოზიციონერებს, აგრეთვე ნარკომანებს, ჰომოსექსუალებს, ქურდებს, ბანდიტებს და ა.შ.

„იუმარის“ ბანაკებში უსასტიკესი რეჟიმი გამეფდა. პატიმრებს აიძულებდნენ, მცხუნვარე მზის ქვეშ ტრუსების ამარა ემუშავათ. დისციპლინის დამრღვევთ - ბალახს კბილებით აგლეჯინებდნენ, ურჩებს კარცერში აგდებდნენ. გამოიყენებოდა ისეთი მეთოდებიც, როგორიცაა პატიმართა გაუპატიურება და ა.შ.

გაცილებით საშინელი სიტუაცია შეიქმნა „იუმარის“ მკაცრი რეჟიმის ბანაკებში. აქ მოქმედებდა ე.წ. პატიმართა საბჭო, რომელშიც ის პატიმრები შეჰყავდათ, რომლებიც ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდნენ. მათ ისეთივე ფუნქციები ეკისრებოდათ, როგორიც კაპოებს ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში. ისინი, ზედამხედველებთან ერთად, პატიმრების ცემა-წამებაში მონაწილეობდნენ, აბუჩად იგდებდნენ მათ, აუპატიურებდნენ და ა.შ.

***

29 მაისს საბჭოთა დელეგაცია კუბაზე გაფრინდა. ის პირადად ფიდელ კასტრომ მიიღო.

კუბის დიქტატორი კუნძულზე საბჭოთა რაკეტების განლაგებას სიხარულით დათანხმდა. წლების შემდეგ ოლივერ სტოუნთან საუბარში კასტრო აცხადებდა:

- კუბის საბჭოთა ბაზად გადაქცევის პერსპექტივა არათუ არ მხიბლავდა, მაშინებდა კიდეც! დიდხანს ვყოყმანობდი.

- მაგრამ მაინც დათანხმდით?

- სხვა გამოსავალი აღარ დამრჩა. კენედიმ ხომ ჩემზე ნადირობის სეზონი გახსნა.

ევგენი პრიმაკოვი, ჰენრიხ ბოროვიკი თუ სხვები კი ამბობდნენ: კასტრო კუბაზე რაკეტების განლაგებას დაჟინებით გვთხოვდა და როცა ხრუშჩოვმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, სიხარულით დაეთანხმა.

***

კარიბის კრიზისის შემდეგ აუცილებელი იყო იმის დემონსტრირება, რომ სსრკ-კუბის მეგობრობა მონოლითურია, რომ მოსკოვი და ჰავანა კვლავაც მჭიდროდ ითანამშრომლებენ. მზადდებოდა ფიდელ კასტროს ვიზიტი სსრკ-ში.

მოსკოვში კასტრო 1963 წლის 27 აპრილს ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ჯერ მურმანსკში დაეშვა. იქიდან კასტრო მოსკოვს გამოემგზავრა. 1-ლი მაისის სადღესასწაულო აღლუმზე იგი წითელ მოედანზე ტრიბუნაზე ნიკიტა ხრუშჩოვის გვერდით იდგა.

კასტრომ სსრ კავშირში თვენახევარი დაჰყო. მან მოიარა მოსკოვი, კიევი, სამარყანდი, მურმანსკი...

ფიდელ კასტრო საქართველოშიც ჩამოიყვანეს.

ფიდელ კასტრო და ხრუშჩოვი
ხრუშჩოვმა და კასტრომ აფხაზეთში ნიკიტა სერგეევიჩის აგარაკზე დაისვენეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ძვირფას სტუმრებს მეფური სუფრა გაუშალა. კასტრო განსაკუთრებით ქართულმა კერძებმა, ღვინომ და ყანწმა მოხიბლა. ხრუშჩოვმა ვეებერთელა ჯიხვის ყანწზე მიუთითა და უთხრა: 

- ამ ყანწის დაცლა დიდ ვაჟკაცობად ითვლება! ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ!

- რუსეთ-კუბის მეგობრობის სადღეგრძელოს ამ ყანწით დავლევ და ბოლომდე დავცლი, - მიუგო კასტრომ.

კუბელ სტუმარს ყანწი მიართვეს და ღვინით გაუვსეს. ფიდელმა იგი ბოლომდე გამოცალა.

***

როცა ჩე გევარა მოკლეს, ხელის მტევნებიი მოაჭრეს და პირადად ბოლივიის შინაგან საქმეთა მინისტრს - ანტონიო არგედასს მიართვეს. ჩეს ხელებთან ერთად არგედასს მოკლულის დღიურებიც ჩააბარეს. 

ბოლივიის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კასტროს ჩე გევარას დღიურები და ხელის მტევნები გადასცა. ეს იყო ყველაფერი, რაც ჩესგან დარჩა.

მალე ჰავანაში კასტრომ მიტინგი მოაწყო. მასზე უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. ფიდელმაც დამსწრე საზოგადოებას ამცნო:

- ჩვენი ხალხი მიცვალებულებს ასაფლავებს, მაგრამ ჩესგან  მხოლოდ ხელებიღა დარჩა! გეკითხებით, რა ვუყოთ ჩეს ხელებს?

- შევინახოთ, შევინახოთ! - იგრიალა მიტინგმა.

კუბაზე ჩე გევარას კულტი ინერგებოდა.

1997 წელს ბოლივიაში ჩე გევარასა და მისი ექვსი მეგობრის საფლავები აღმოაჩინეს. ისინი კუბაზე გადაასვენეს და სანტა-კლარას სპეციალურ მავზოლეუმში დაკრძალეს.

- ეს სიმბოლური აქტია! ჩე გევარამ ხომ სწორედ სანტა-კლარასთან მოიგო ბრძოლა, რამაც კუბის რევოლუციის გამარჯვება განაპირობა, - განაცხადა კასტრომ.

***

კასტრო ჩილეში თითქმის თვენახევარი დარჩა. ალიენდემ მას სახმელეთო ჯარების ახალი სარდალი, გენერალი აუგუსტო პინოჩეტი წარუდგინა. ფიდელმა მას ხელი ჩამოართვა. როცა გენერალი გავიდა, კასტრო ალიენდეს მიუბრუნდა.

ფიდელ კასტრო და აუგუსტო პინოჩეტი
- საინტერესო ტიპია. უფრო ინტელიგენტს ჰგავს, ვიდრე სამხედროს.

- გენერალი მოყვარული ისტორიკოსია. ჩილეს ისტორიაზე რამდენიმე წიგნიც გამოაქვეყნა. სამხედროებს პინოჩეტი მაინცდამაინც არ უყვართ. ზურგს უკან პინოკიოსაც ეძახიან, - გაიღიმა ალიენდემ.

- რაო?

- გრძელი ცხვირის გამო ეს სახელი ჯერ კიდევ სამხედრო სასწავლებელში შეარქვეს.

***

ფიდელ კასტრო და სალვადორ ალიენდე
გამომშვიდობებისას კასტრომ ალიედეს კალაშნიკოვის ავტომატი აჩუქა, მას ლაკონიური წარწერა ჰქონდა:

„ჩემს მებრძოლ ამხანაგს, ფიდელ კასტრო“.

სალვადორ ალიენდე
1973 წლის 11 სექტემბერს სალვადორ ალიენდემ თავი მოიკლა. პრეზიდენტის ცხედარი სავარძელში დაასვენეს და პრეზიდენტის ლენტი გადააფარეს. ჯარისკაცებმა ქუდები მოიხადეს და პირჯვარი გადაიწერეს.

პინოჩეტს მიუტანეს ავტომატი, რომლითაც ალიენდემ თავი მოიკლა. მას ჰქონდა წარწერა:

„ჩემს მებრძოლ ამხანაგს, ფიდელ კასტრო“.

***

ფიდელ კასტრო აქტიურად ცდილობდა ხელოვანების გადაბირებას, მათ ანტიამერიკულ პროპაგანდისტულ კამპანიაში ჩაბმას.

„ხელოვანთა გადაბირებას ფიდელი მუდამ უდიდეს ყურადღებას უთმობდა“, - წერს ჯონ ლე კარე.

ერნესტ ჰემინგუეი და ფიდელ კასტრო
კასტრო გულმოდგინედ ცდილობდა მიემხრო დიდი ამერიკელი მწერალი, ერნესტ ჰემინგუეი. როგორც ცნობილია, ჰემინგუეი 1949 წლიდან კუბაში დასახლდა. სწორედ აქ დაწერა მან თავისი გენიალური მოთხრობა „მოხუცი და ზღვა“(1952წ.). 

კუბაში რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ფიდელი ჰემინგუეის რამდენჯერმე შეხვდა. ის ცდილობდა დაერწმუნებინა მწერალი, რომ კუბაში ჭეშმარიტი დემოკრატია და თავისუფლება მკვიდრდებოდა. 1960 წელს ჰემინგუეიმ კუბა დატოვა.

- ჰემინგუეის ფილოსოფიას მთლიანად ვიზიარებდი, - იტყვის შემდგომში კასტრო.

***

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის - ოლივერ სტოუნის დოკუმენტური ფილმები - „ფიდელის ძიებაში“ და „კომანდანტე“ - კასტროსთან ინტერვიუებზეა აგებული.

სტოუნთან საუბარში კასტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოციალისტურმა რევოლუციამ კუბას მხოლოდ სიკეთე მოუტანა.

- თავად განსაჯეთ: ხელისუფლებაში ჩემს მოსვლამდე კუბის მოსახლეობის დიდი ნაწილი წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ახლა 70% უმაღლესი განათლებითაა. გვაქვს უფასო ჯანდაცვა. მითხარით, ლათინური ამერიკის რომელი ქვეყანა დაიკვეხნის ასეთ მიღწევებს? სოციალიზმი რომ არა, ეს არ მოხდებოდა.

- ანუ ლენინიზმის ახლაც გჯერათ?

- ლენინის მოძღვრების უმთავრესი ლაიტმოტივი სოციალური სამართლიანობის იდეა, საყოველთაო  ალტრუიზმი და სამართლიანი სახელმწიფოს აშენებაა! კაცობრიობა ამაზე ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ოცნებობდა.

კასტრო გულახდილად პასუხობს სტოუნს შეკითხვას რელიგიისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ:

- თქვენ იეზუიტთა კოლეჯი დაამთავრეტ,  თუმცა, შემდგომში კომპარტიის ლიდერი ანუ მებრძოლი ათეისტი გახდით.  მითხარით, თქვენ მიერ კომუნისტური იდეალების აღიარება პრაგმატული  მოსაზრებით იყო განპირობებული, თუ იმით, რომ ისინი მართლაც იწამეთ?

- ალბათ ერთიცა და მეორეც. ჩემი იდეალები მუდამ ერწყმოდა პრაგმატიზმს, უფრო სწორად, ვცდილობდი ასე ყოფილიყო. პოლიტიკოსი, რომელიც მხოლოდ იდეალებით ხელმძღვანელობს, კრახისთვისაა განწირული.

- ღმერთი გწამთ?

- ბავშვობაში მწამდა. შემდგომ ეს რწმენა შეირყა. იცით, რა? წყლის ნაყვაა იმაზე კამათი, ღმერთი არსებობს თუ არა. ღვთისა უნდა გწამდეს, მის არსებობას გრძნობდე. მე ამას ვერ ვგრძნობ.

- ანუ ღმერთი  არ გწამთ?

- არა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში