აკა მორჩილაძე - შერლოკ ჰოლმსის სამყარო

ნეტავ სადმე თუ არსებობდა მსგავსი სამყარო, ისეთი, როგორიც ჰოლმსის სამყაროა ცამეტი-თოთხმეტი წლის ბიჭისთვის?

რა სჯობია ავად გახდომას, როცა ბევრიც არაფერი გჭირს და ბებიაც ამბობს, კარგად გამოშუშდესო. წევხარ შენთვის, სკოლაშიც არ დადიხარ და კითხულობ რაღაცეებს, რაც გაგიხარდება. რაც მე გრიპების დროს წიგნები მაქვს წაკითხული. ოღონდ ეს, მგონი, პირველი იყო. ეს „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“.

ჰოლმსისგან მართლა ვერ ისწავლი, მას რომ ჰგავდე, თავიდან ბოლომდე მისნაირი უნდა იყო. მისნაირი კი როგორ იქნები, ადამიანი არ არის, ღვთაებაა. გამოძიების ღმერთი, თუ არსებობს ასეთი რომელიმე პანთეონში.

რა ვიცი, მე მიყვარს კონან დოილი. ვიცი, რომ კიპლინგი ათასჯერ სჯობს, ყოველი მხრიდან შემოარტყამს ალყას. სტივენსონი საერთოდ ბურთს აუკენწლავს. ვიცი, რომ ჩესტერტონს ვერაფრით შევადარებ, ვინაიდან მისი ბურუსი არაფერია ჩესტერტონის ფოიერვერკებთან შედარებით, ვიცი, რომ ახლავე ჩამოვთვლი ასამდე მწერალს, რომლებიც ალბათ უკეთეს, უფრო ჩახლართულ, უფრო დახვეწილ დეტექტივებს წერდნენ და წერენ. მაგრამ კონან დოილმა ხომ უკვე დაწერა ეს ყველაფერი. პოს რამდენიმე მოთხრობაში მოქმედი დიუპენი კონან დოილმა ჰოლმსს გაალანძღვინა და ამ დიუპენისგან შექმნა მარადიული პერსონაჟი, რომელსაც შერლოკ ჰოლმსი დაარქვა.

თავიდან, მგონი, შერინგფორდ ჰოლმსი უნდოდა. იყო, კი... წინ ედგარ პო იყო. მაგრამ ახალი დროის პირველი და უკანასკნელი მითოლოგიური გმირი კონან დოილმა მოიგონა. ის პირველი იყო. მან უკვე დაწერა. გაკეთებულის ატაცებას კი რა უნდა? თავიდან რადიო იმხელა იყო, რომ საგანგებო მაგიდაზე დგამდნენ, ახლა მობილურში ეტევა. საქმე ის იყო, რადიო გაგეკეთებინა, თორემ ასი წლის თავზე რომ დაპატარავდებოდა...

აკა მორჩილაძე - „მწერლებსა და წიგნებზე“
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2014წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში