აკა მორჩილაძე - დები ბრონტეები და ძმაც კიდევ

სანამ ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ წინასიტყვაოას წავიკითხავდი, ბრონტეების ნაბოლარა დის, ენის ამბავი საერთოდ არ ვიცოდი და სრულიად მოულოდნელად რაღაც რუსულ კალენდარს გადავაწყდი, რომელშიც დღეების გვერდებზე სულ ნაირგვარი თემები და სურათები იყო, ჰოკეის მეკარე ტრეწიაკიც ეხატა და ალექსანდრე მაკედონელიც.


ჰოდა, იქ ერთ გვერდზე იყო ის ცნობილი ნახატი, სამივე და რომ ერთად არის. ეს მათი ძმის, ბრანველის დახატულია.

მას უნდოდა, რომ მხატვარი ყოფილიყო. იყო კიდეც, პოეტი და მხატვარი. დებიც წერდნენ ლექსებს.

ეს სურათი  კარგა ხანს მქონდა შენახული.

სამივეს რაღაცნაირი, არსად მაცქერალი თვალები ჰქონდა. ახლა ყველგან ნახავ ამ სურათს, ინტერნეტში გინდა თუ სად გინდა.

ენი, ემილი და შარლოტა ბრონტეები, 1834წ.
ამ სურათის მუღამი კი ისაა, რომ დებს შორის ბრანველმა ავტოპორტრეტიც დახატა, მაგრამ მერე წაშალა. დიდად სიმბოლური ამბავია, ვინაიდან ბრანველი ამ ოთხთა შორის პირველი გარდაიცვალა. თუკი ვინმეს ეთქმის უღბლო კაცი, სწორედ ბრანველს.

„ჯეინ ეარი“ „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ შემდეგ წავიკითხე. „ქუხილიან უღელტეხილს“, რუსული წესით,  დიდი და საინტერესო წინასიტყვაობა ჰქონდა. თუ საბჭოთა რამეებს გამოაკლებდი, ბევრ რამეს გაიგებდი. მათი ოჯახიის განადგურების ამბავიც იქიდან გავიგე, ოღონდ ინფორმაცია იმდენი არ იყო.

მერე იმდენი დრო გავიდა და, ცხადია, მაინცდამაინც სულ ბრონტეებზე არ ვფიქრობდი.

მერე, დრო რო გავიდა და ლონდონში მოვხვდი, იქ „ჩარითი-შოფში“ სულ ორ ფუნტად გადავაწყდი „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ კაი ძველ გამოცემას, რომელსაც ჰქონდა სრულიად ზღაპრული წინასიტყვაობა ბრონტეების ოჯახის შესახებ.

სწორედ იქ წავიკითხე პირველად მათი ბავშვობის ამბავი.

რახან მამამ სკოლებზე უარი თქვა, ისინი სწორედ რუხ სახლში დარჩნენ და იქ გაჩნდა ბრონტეების გასაოცარი, მოგონილი სამყარო, მოგონილი ქვეყნებითა და ადამიანებით.

ისტორიები გაყოფილი იყო: გონდალის ქვეყნის ამბავს ემილი და ენი წერდნენ; ეს გონდალი ოკეანეში დაგდებული კუნძული იყო. ბრანველი და შარლოტა კი - მეორე ქვეყნისას, რომელსაც ანგრია ერქვა და აფრიკაში იყო. იქ მარტო ამბებს კი არ იგონებდნენ, არამედ მთელ მიმოწერასაც, საზოგადოებრივ აგებულებასაც. მთელი სამყარო იყო ამ ნაწერებში. უზარმაზარიი სამყარო, რომლისაც დღეს თითქმის არაფერია დარჩენილი. მათი თანამემამულის, დეკან სვიფტის მაგალითი ხომ ჰქონდათ. საკვირველი ეს არის, რომ გონდალიცა და ანგრიაც არსებობს. გონდალი, მგონი, ახლანდელ პაკისტანშია სადღაც, ანგრია კი გერმანიაში.

როცა გარშემო ბევრი არაფერია, სამყარო თავისთავად ჩნდება შენში. თუ, რა თქმა უნდა, ოდნავ მაინც გაქვს წარმოსახვის უნარი.

ეს საოცარი სამყარო,  ბრონტეების სამყარო, რომელშიაც წვიმს, ნისლია და ადამიანები ამდენ რამეს გაიღებენ სიყვარულისთვის, სამმა გოგომ შექმნა.

აკა მორჩილაძე - „მწერლებსა და წიგნებზე“
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2014წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში