ზაალ სამადაშვილი - ურბანული ბალადები

მატარებელი დიდ სადგურებში უფრო მეტხანს ჩერდებოდა, ვიდრე პატარებში და თუ ვინმეს წყურვილის მოკვლა, ანდა პაპიროსის მოწევა მოუნდებოდა, სწორედ დიდი სადგურის ბაქანზე უნდა ჩამხტარიყო. ბაქნები კი, მათ მიღმა მდგარი რუხი შენობებითა და შენობების ფასადებზე ულვაშა ბელადის უზარმაზარი პორტრეტებით, ტყუპისცალებივით ჰგავდნენ ერთმანეთს.

***

ესეც მაშინდელი ცხოვრების წესი იყო - ადამიანებისთვის უხერხულობის შექმნა ნებისმიერ ადგილას.

***

საბჭოთა ეპოქის, ანუ ოკუპაციის პერიოდის გახსენებისას ვის რა წარმოუდგება თვალწინ და ვის - რა. არიან ადამიანები, ვისაც ენატრება ის დრო, როცა „საკავშირო მნიშვნელობის“ ბანაკ „არტეკში“ ისვენებდნენ მზრუნველი, ბობოლა მშობლებისა და პიონერული ორგანიზაციის წყალობით; როცა სტუდენტურ არდადეგებს მოსკოვში ატარებდნენ და რესტორან „ნაციონალის“ ვიტრინიდან კრემლის შემოგარენს გაჰყურებდნენ რომელიღაც ტანიას ან ზოიას დიდ მკერდზე ოცნებაში დანთქმულები; როცა „ცეკას“ მაღაზიაში რამდენიმე ბოთლ ჩეხურ ლუდს, უნალექო ინდურ ყავას, უცელოფანო სოსისს და ფინურ ძეხვს ყიდულობდნენ რაღაც ათ მანეტად; როცა ე.წ. სპეცსანატორიუმის ფოიეში ისეთ წარჩინებულ გვამს ეთამაშებოდნენ ბილიარდს, როგორიც კინემატოგრაფისტი გერასიმოვი გახლდათ და მათ პაექრობას თვალყურს ადევნებდა არც მეტი, არც ნაკლები - კინომსახიობი მაკაროვა...

***

ჩხუბის დროს მეტოქის ვაჟკაცობითა და ძალით მხოლოდ ლამაზად მოყოლილ ამბებში იხიბლებიან...

ჩხუბის დროს ჭვრეტა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მოძრაობა, მიზანდასახული, გაღიზიანებას აყოლილი მოძრაობა.

არც დამარცხებასთან შეურიგებლობას მოჰყავს ვინმე აღტაცებაში, მით უმეტეს, როცა სახედალილავებულს და უღონოდ მკლავებჩამოყრილს, უშვერი სიტყვებით გინების გარდა, აღარაფერი დაგრჩენია...

და რაც უფრო მეტად ბილწსიტყვაობ, დაღლილობისგან თუ სასოწარკვეთილებისგან აბარბაცებული, მით უფრო საცოდავი ხდები. ემსგავსები ხალხმრავალ ქუჩაში ახეტიალებულ, გამოცარიელებულ, თითქოს შიგნიდან გამობერტყილ მაწანწალას, რომლის არსებობას ვერავინ ამჩნევს, ხოლო მისი ხმა კი არავის ესმის.

***

თვალია ყველაფერი. თვალს მწვერვალებს შეჭიდებული წერტილი ურჩევნია საქვაბეში ნიჩბის მქნეველ კაცს!

***

იანვრის ბოლო იყო, ან თებერვლის პირველი რიცხვები, მდინარე რომ გაიყინა. სისხამ დილით სანაპიროზე თოვლის გადასახვეტად გამოსულ მეეზოვეებს ის უმოძრაო დახვდათ, წყლის ზედაპირი მთლიანად დაეფარა ყინულის აპკს.

ეს ამბავი სკოლაში მისვლის მერე გავიგეთ და როგორც კი დრო ვიხელთეთ, მტკვრის სანახავად გავცვივდით. იმ ადგილას, სადაც გულამოვარდნილებმა მივირბინეთ, ცნობისმოყვარეებს უკვე მოეყარათ თავი. ზოგი ზემოდან, სანაპიროს პრაპეტთან მიმდგარი დაჰყურებდა ყინვის მიერ შებოჭილ მდინარეს, ზოგი ქვევით იყო ჩასული და ხელითაც კი ეხებოდა საციგურაო მოედანივით გალაპლაპებულ ზედაპირს - თვალი ხომ არ მატყუებსო.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში