ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - ურწმუნო თომა

კარავაჯო - "თომა მოციქულის უნდობლობა", 1601-1602წწ.
თომა თავისი უწინდელი ეჭვების შესახებ: პაპაჩემი სჯულისკანონების მცოდნე ღვთისმეტყველი იყო. ერთ დღეს მითხრა:

დაე, მაშინ დავიცვათ ჭეშმარიტება, როცა იგი გამოგვეჩინება.


ამიტომაც, იესომ რომ მიხმო, მივყევი მის ძახილს, რადგან სიტყვა მისი ჩემს ნებაზე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა, არც ცხონებული პაპაჩემის რჩევა დამვიწყნია.

როცა იესო საუბრობდა და მის გარშემო შეკრებილი ხალხი ქარით ათრთოლებულთა მსგავსად მისკენ სიყვარულით მიიდრიკებოდა, მე მტკიცედ ვუსმენდი მას და არც კი ვირხეოდი უძრავად მდგარი, თუმცა მიყვარდა...

მან მიგვატოვა და ჩვენი საძმოც აქეთ-იქით მიმოიფანტა, რათა მისი სახელი ექადაგა და სხვადასხვა ერთა შორის მისი უტყუარი მოწმე ყოფილიყო.

მე კი მაშინ ურწმუნო თომად მიხმობდნენ, რადგან პაპის ლანდი არა მცილდებოდა და მუდამ მეწადა ჭეშმარიტებას ნათლად, აშკარად და ცხადად ჩავწვდომოდი. დიახ, ვიდრე დავრწმუნდებოდი, რომ დაჭრილი ვიყავი, ჭრილობებს ხელით ვისინჯავდი, რათა სისხლის სითბო შემეგრძნო.

თუმცა, კაცი, რომელიც გულით სითბოს, ხოლო გონებით ეჭვს დაატარებს, ვერ იქნება იმ მონაზე მეტი, ნავში რომ ზის, ხოფთან ჩასძინებია და თავისუფლება ეზმანება, თავისი ბატონის შოლტის მეტი კი ვერარა აფხიზლებს.

სწორედ თვითონ ვიყავი ის მონა. მესიზმრებოდა თავისუფლება და პაპაჩემის ლანდის სიმძიმით ვისრისებოდი; ჩემს სხეულს კი დღევანდელობის შოლტი სჭირდებოდა. თვით ნაზარეველის წინაშეც კი თვალებს ვხუჭავდი, რათა ნავის ხოფზე მიჯაჭვული ხელები მომესინჯა.

ეჭვი მეტისმეტად მარტოსულია და ამიტომაც ვერასოდეს გაიგებს, რომ რწმენა სწორედ მისი ტყუპისცალია. ეჭვი მიტოვებული, ბოგანო ბავშვია, რომლის დედასაც მისი გულში ჩაკვრა სწადია; ის კი უკან იხევს შიშით და სიფრთხილით;

ამიტომაც: ეჭვი ისე ვერასოდეს გაიგნებს გზას რწმენისაკენ, თუ არ მოშრება და პირს არ შეიკრავს მისი ჭრილობები.

კარავაჯო - "თომა მოციქულის უნდობლობა", 1601-1602წწ.
მეც დაეჭვებული ვიყავ იესოში, ვიდრე კარგად არ გამომიბრწყინდა ის, რაც მის წიაღ დაფარულიყო და ვიდრე ჭრილობები ხელით არ მოვუსინჯე.

აი, მაშინ კი ნამდვილად ვირწმუნე, გავემიჯნე ჩემს გუშინდელ დღესა და ჩემი წინაპრების წარსულს. მკვდარმა ჩემში დაფლა თავისი მკვდარი, ხოლო ცოცხალი კვლავაც იცოცხლებს ამ წმინდა ზეთით ცხებული მეუფის, იესოს გულისათვის.

მითხრეს, რომ დამევალა წავიდე და მისი სახელით ფარსთა და ინდუსთა შორის ვიქადაგო.

და წავალ დღეიდან სიკვდილის ჟამამდე, რიჟრაჟისას თუ შებინდებისას, ვნახავ მეუფეს, აღმომავალს თავისი ბრწყინვალებით და ყურს დავუგდებ იმას, რასაც იღაღადებს.

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - "იესო ძე კაცისა"
არაბულიდან თარგმნა - გიორგი ლობჟანიძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში