ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - იესო ძე კაცისა

ნუთუ გგონია, ის, ვინც დედამიწას თავის ფრთებქვეშ იფარავს, თავშესაფრად საჭიროებს ბუდეს, რომელიც ყველასაგან მიტოვებული, ჩამორღვეული და მივიწყებულია?!

***

დე, უმეცრებამ უსასრულოდ იმრავლოს თავი, ვიდრე თავისივე მონაგარით არ დაიქანცება; დაე, ბრმები წარუძღვნენ ბრმებს ორმოსკენ და დაე, მკვდრებმა დაფლან თავისი მკვდრები, ვიდრე დედამიწა თავისივე მწარე ნაყოფით არ მოიგუდება!

***

იესოსთვის რომ მოგესმინათ, გული საგულედან ამოგიფრინდებოდათ და ხეტიალით მოივლიდა იმ ცისკიდეებს, რომლებიც წინათ არავის მოეხილა.

***

მკვდრებში ვეწერე, სულამოცლილი ქალი ვიყავი და იმ არსის გარეშე ვცხოვრობდი, რასაც დღეს უყურებ; ყველა კაცს, და ამიტმაც, არც ერთ მათგანს არ ვეკუთვნოდი. მეძავს მეძახდნენ და იმ ქალად მიმიჩნევდნენ, რომელსაც შვიდი ეშაკი დაჰპატრონებოდა. ვიყავი დაწყევლილი და თავს ნაცარწაყრილი... მაგრამ კმაროდა, იესოს თვალების განთიადი ჩემს თვალებს შეხვედროდა, რომ უეცრად ჩემი ღამის ვარსკვლავები ერთბაშად მიინავლენ და გავხდი მარიამი, უბრალო მარიამი...

***

უდიდებულესი საქმე მხოლოდ იმას თუ მიეწერება, ვისაც დიდი საქმეები ჩაუდენია.

***

იმასაც, რასაც ღმერთები ხალხს თაობათა მანძილზე უმალავენ, ერთ წამში უცხადებენ ერთადერთ ადამიანს.

***

არც ერთ კაცს არ ძალუძს გაავერანოს იერუსალიმი და მისი კედლები, რომლებიც იმ ქვაკუთხედზე დგანან, დავითმა რომ საძირკვლად დააფუძნა.

***

ისრაელის ძველ დროთა ღმერთები გულქვანი იყვნენ და შებრალება არ იცოდნენ; ამიტომაც, საჭიროა, ჰყავდეს ისრაელს ახალი ღმერთი, ღმერთი მოწყალე და მწყალობელი, რომელიც მათ თანაგრძნობისა და ლმობიერების თვალით გადმოხედავს.

ღმერთი, რომელიც ყოველ ცისმარე მზის სხივებთან ერთად გარდამოეფინებოდა და მათი ტანჯვის ბილიკთა გზით გაემართებოდა; ნაცვლად ძველი, გამუდმებით მსაჯულის ტახტზე მჯდომი ღმერთისა, რომელიც დღენიადაგ წონიდა მათ შეცოდებებს და ზომავდა მათ შეცდომებს.

საჭიროა, ისრაელს ჰყავდეს ღმერთი, რომლის გულისკენაც ეჭვი გზას ვერ გაიგნებს და გონებაში მათ მრავალ სიავკაცეს არ შემოინახავს; ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვის შვილებზე მესამე, მეოთხე თაობაზე გადაცემით მათზე შურს არ იძიებს.

***

ადამიანი ჭეშმარიტად მხოლოდ საკუთარ მისწრაფებებზე ლოცულობს, რათა აღსრულდეს მისი სურვილები.

მთელს ყოფიერებაში არაფერია ადამიანის სულზე უღრმესი; სული თვითონაა სიღრმე, რომელიც თავის თავს უხმობს, რადგან სხვა ხმა არ არსებობს, რომ დაელაპარაკოს და არც სხვა ყურია, რომელიც გაუგონებს.

***

თქვენ ხართ შუქი სამყაროსი და ნუ დადგამთ სასანთლეს რაფის ან საწოლის ქვეშ. შემაღლებულზე დადგით, რომ იბრდღვიალოს მათთვის, უფლის ქალაქს რომ ეძიებენ.

***

განა ძალგიძთ ღმერთს ის მიუძღვნათ, რაც მისი იყო და მას ეკუთვნის დასაბამიდან; ან განა დააცხრობთ იმის რისხვას, ვისი ტახტიც მდუმარ სივრცეებზე ამაღლებულა და ვისაც სივრცე თავის მკლავებში მოუქცევია?!

არამედ გიჯობთ, მონახოთ თქვენი ძმა და შეურიგდეთ მანამ, ვიდრე ტაძრის ძებნას დაიწყებდეთ.

***

გეთქვათ თქვენ: თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ; მე კი გეტყვით: ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტებას, რამეთუ წინააღმდეგობა არის საკვები ბოროტებისა, რომელიც ზრდის, ამარაგებს და ღონეს აძლევს მას.

მხოლოდ სუსტები უხდიან სამაგიეროს მოწინააღმდეგეთ; ძლიერი სულის ადამიანი კი შეუნდობს და აპატიებს. რადგან საკუთარ ღირსებად და პატივად უჩანს, რომ მიუტევოს.

***

თითოეულ ადამიანს მისი საჭიროების შესაბამისად მიეცი. შემოქმედი არ უბოძებს მარილს მწყურვალს, ქვას მშიერსა და რძეს ძუძუს მოწყვეტილ ჩვილს.

***

არასოდეს ხდება ცოდვას მხოლოდ ერთი კაცი ან ქალის სჩადიოდეს. ცოდვებს ყველა ერთად სჩადის, მაგრამ ის, ვინც იხდის საზღაურს, ამსხვრევს ერთ რგოლს იმ ჯაჭვისას, ყველა თქვენგანს რომ გადევთ კოჭებზე.

***

ზოგიერთი ჩვენგანი იესო ქრისტეს ეძახდა, ზოგი სიტყვას, სხვანი ნაზარევლად უხმობდნენ და ზოგნიც ძე კაცისად მოიხსენიებდნენ.

ქრისტეს უძველეს დროთაგან არსებობდა, როგორც უფლის სინათლის ნაპერწკალი ადამიანის სულში ჩავარდნილი, ან როგორც ნიავი სიცოცხლისა ჩვენში შთაბერილი, ხორცს ისხამს მსგავსად ჩვენი სხეულებისა.

იგი უფლის გზა და გეზია.

ის დასაბამისეული სიტყვაა, რომელიც ჩვენი ხმებით მეტყველებს და ჩვენს ყურებში ხმიანებს შემეცნებისა და გულისხმისყოფისათვის.

და სიტყვა არის უფალი ღმერთი ჩვენი, რომელმაც აღაშენა ძვალთა და რბილთა სახლი და იქმნა კაცად, ჩემ და შენ მსგავსად.

ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გავიგონოთ ქარის ჩურჩული, ვიდრე იგი სახეს არ მიიღებს და დავინახოთ ჩვენი დიადი არსი ნისლებში ჩაძირული.

რამდენჯერ მოსულა მესია ამ სამყაროში, რა ხშირად მოუვლია დედამიწა, სხვადასხვა ქვეყანა და ყოველთვის უცხოდ თვლიდნენ, ან შლეგად მიიჩნევდნენ, მაგრამ მისი ხმის ჟღერა დავიწყებას არ მისცემია, რადგან ადამიანის მეხსიერება ინახავს იმასაც კი, რის დასამახსოვრებლადაც საგანგებოდ არ ირჯება.

ეს არის მესია, უფრო შორი, ვიდრე ჩვენი სიღრმეები და უფრო თვალუწვდენელი, ვიდრე ჩვენი სიმაღლეები, რომელიც ადამიანებს მარადისობისკენ მიუძღვება. განა არ გსმენია მის შესახებ ინდოეთის გზათა გასაყარზე, მოგვთა ქვეყნებსა თუ ეგვიპტის უდაბნოთა ზემოთ.

ჩრდილოურ ქვეყნებში გარდასული პოეტები უმღეროდნენ ცეცხლის მტვირთველ პრომეთეს, რომელშიც განსხეულდა ხალხის ოცნებები და ვისითაც დაიმსხვრა კაცთა იმედების შემომრაგავ ძალთა გისოსები. ასევე უმღეროდნენ ორფეოსს, რომელიც დაჯილდოვდა ხმითა და ქნარით, რათა აეღორძინებინა სული ნადირსა თუ ადამიანში.

მერმე, განა არ შეგიტყვია ამბავი მითრასი და ზარდოშთის სპარსთა მოციქულებისა, პირველკაცის თვლემიდან რომ გამოსხლტნენ, რათა ჩვენი სიზმრების სასთუმალთან დამდგარიყვნენ.

და განა ჩვენ თვითონვე არ ვხდებით ცხებულნი, როს ყოველ ათას წელიწადში ერთხელ შევგროვდებით უხილავ ტაძარში, ერთი ჩვენგანი გამოდის ხორცშესხმული და ჩვენი დუმილი სიმღერად იქცევა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენი ყურები მუდმივად გულისხმისყოფისათვის არ არიან მომართულნი და არც ჩვენი თვალები ხედავენ იმას, რასაც უყურებენ. იესო ნაზარეველი ხომ ისევე დაიბადა და გაიზარდა, როგორც ჩვენ ვიზრდებით. მისი დედ-მამა იყო მსგავსი ჩვენი მშობლებისა; იგი იყო ადამიანი.

მესია კი ის სიტყვაა, რომელიც მკვიდრობდა დასაბამიდან და სულია, რომელსაც სურს, სრულყოფილი ცხოვრებით ვიცხოვროთ. იგი იესოსთან მივიდა და შეერწყა.

სული ღვთის ხელი იყო, იესო ქნარი.

***

სული იყო საგალობელი, ხოლო იესო ხმა, ამ საგალობელს რომ ღიღინებდა.

ნაზარეველი იყო კაცი მესიის მასპინძელი და მისი მეტყველი ენა.

ის გახლდათ კაცი, მზეში ჩვენთან ერთად რომ დაეხეტებოდა და მეგობრებს გვეძახდა.

***

ჩემი სიტყვები იქნება ლაშქარი, რომლის ტაიჭებს და თორ-აბჯარსაც ვერასდროს დაინახავთ, რამეთუ იმ მხედრებს ხელთ შუბ-მახვილნი არ ეჭირებათ. ამ ლაშქრით დავამარცხებ იერუსალიმელ მღვდელმთავრებს და ვძლევ კეისრის სამფლობელოს. მაგრამ არ ავალ ტახტზე, რომელზედაც უწინ მონები ისხდნენ, რომ სხვა მონებზე ებატონათ. არამედ ვიქნები ჩურჩული მათ ყურებში და ღიღინი მათ სულში. გამიხსენებენ და დამიძახებენ იესო მესიას.

***

ცეცხლით აბრიალებულ მთას ჰგავდა; თუმცა გორაკებს მიღმა სუსტ შუქად მოჩანდა.

იგი იყო გრიგალი ცაში და ამასთანავე, ჩუმი ჟღურტული განთიადის რაბირაბოში.

მაღლობებიდან ხევისკენ დაძრულ წყლის ნაკადს მოჰგავდა, თავის წინ რომ განურჩევლად ყველაფერს მიილეწავს. ასევე ჰგავდა ბავშვების ღიმილს სილბოთი და მკაფიოობით.

***

ეჭვი მეტისმეტად მარტოსულია და ამიტომაც ვერასოდეს გაიგებს, რომ რწმენა სწორედ მისი ტყუპისცალია. ეჭვი მიტოვებული, ბოგანო ბავშვია, რომლის დედასაც მისი გულში ჩაკვრა სწადია; ის კი უკან იხევს შიშით და სიფრთხილით;

ამიტომაც: ეჭვი ისე ვერასოდეს გაიგნებს გზას რწმენისაკენ, თუ არ მოშრება და პირს არ შეიკრავს მისი ჭრილობები.

***

ყოველი სიტყვა უსარგებლო და უქმია, თვინიერ იმისა, რომელიც ჭეშმარიტებას განაცხადებს.

***

იოანესთვის კი არა ვწუხვარ, ჰეროდე მებრალება, რომელმაც ბრძანა, ნათლისმცემლისათვის მახვილი დაეკრათ.

ო, რა ბეჩავი ხელმწიფეა იგი, რაღაცით მსგავსი თოკითა და ქამანდით შებოჭილი ნადირისა.

***

დამყაყებული წყლისაგან მკვდარი თევზების მეტს რას უნდა ელოდე?!

***

დასაბამიდან ასე ყოფილა: ისინი, ვინც ერთი საათით მბრძანებლობდნენ, ხოცავდნენ მეფეებს, რომლებიც მათზე უწინ სამყაროს მრავალ წელს განაგებდნენ.

დასაბამიდან აწყობდნენ სასამართლოებს და აღასრულებდნენ საქმეთ, რომელთაც შემდგომში დიდი დღე არ ეწერათ; უხსოვარი დროიდან სიკვდილით სჯიდნენ ადამიანს, ვიდრე მისი ბრალეულობა დადასტურდებოდა.

***

ყოველ ათას-ათას წელიწადში ერთხელ მზე, მთვარე, დედამიწა და მათი მოძმე სხვა პლანეტები, ერთ ხაზზე მწკრივად დაწყობილნი, ერთმანეთს ხვდებიან და წამით თათბირობენ; მერე კი დინჯად, აუჩქარებლად იფანტებიან, რათა ახალი ათასწლეულის ჩავლას დაელოდონ.

***

სიჭარმაგე ხომ უკუნისამდე დარჩება სიჭაბუკის მომღერალ მეხოტბედ.

***

დედამიწა იესოსაც ზუსტად ისე წარმოუდგა, როგორც პირველ ადამიანს მისი სიცოცხლის პირველსავე დღეს. ხოლო ჩვენ, ვისაც შეგრძნებები დაგვიბლაგვდა, დღის შუქზე ვიყურებით და ვერაფერს ვხედავთ.

***

ჭეშმარიტად მრავლად არიან ბუნი, არცერთ გალობას რომ არ ცნობენ, გარდა თავიანთი უგვანი კივილისა.

***

განა გგონიათ, ჩემს ღირსებას რაიმე დააკლდა იმით, რომ ვირწმუნე კაცისა, რომელიც ღირსებით აღმემატებოდა.

***

ჩვენი ცხოვრება ხომ, სინამდვილეში, სხვათა ცხოვრებაა, რომლითაც იმისათვის ვჯილდოვდებით, რომ სრულყოფილად შევიცნოთ ადამიანები და ამ შემეცნების მეოხებით გვიყვარდეს ისინი.

***

დღეთა შუქი მხოლოდ იმას როდი აბრწყინებს, რასაც მარტო თქვენ უყურებთ, არამედ იმასაც, რასაც ხედავენ სხვა ადამიანები.

***

ვერც რომაელებმა და ვერც იუდეველებმა ვერ გაუგეს იესო ნაზარეველს; სხვათა შორის, ვერც იმისმა მოწაფეებმა, რომლებიც დღეს მისი სახელით ქადაგებენ და ახარებენ.

რომაელებმა იგი მოკლეს და ამიტომაც ჩაფლავდნენ. გალილეველებმა კი ის ღმერტად იქციეს და მათი შეცდომაც სწორედ ეს იყო...

იესო ადამიანის გულის ნაფლეთი გახლდათ.

***

რა სამწუხაროა, რომ იესოს მიმდევრებს უნდათ, ასეთი ბრძენკაცი ღვთაებად შერაცხონ.

***

ყველაფერი გჯერათ, რასაც უსმენთ. თუმცა, უმჯობესია, იმას დაუჯეროთ, რაც ენით არ გამოითქმის. დუმილი ხალხის უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე მათი ათასგვარი ლაყბობა-ლაპარაკი.

***

სიკვდილი ამჟღავნებს საიდუმლოებებს და იესოს სიკვდილმა მისი სიცოცხლე გამოააშკარავა.

***

იმან, ვისაც ყველაფერი სურს, თვითონ უნდა გაიღოს ყველაფერი.

***

ლოტოსის გარდა, განა რომელიმე ყვავილმა იცის კიდევ მზის და წყლის ამბავი? და ლოტოსის გულის გარდა, რომელმა გულმა უწყის ამბავი ცისა და მიწისა?

***

განა საკვირველი არაა, რომ, თუკი შეებმები ადამიანს, იმ სიმამაცითა და ძალგულოვნებით აჯილდოებ, ამ ქიშპამდე რომ არ ჰქონია.

ხოლო როცა მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ფეხს უბორკავ, ამით, პირიქით, ფრთებს ასხამ და აღაფრთოვანებ.

***

ამქვეყნად ვერც ერთი კაცი, ერთი თუ იმპერია ვერ შეძლებს საკუთარი სრულქმნილების გზაზე მიმავალ ჭეშმარიტებას გადაეღობოს.

***

უცოდველნი და ცოდვილნი ცალ-ცალკე როდი დგანან. ისინი მაჯის ორი ძვალივით არიან, ერთმანეთს რომ არასდროს მოსწყდებიან.

***

მხოლოდ წმინდა გული თუ იტანს იმ წყურვილს, რაც სხვას დამყაყებული წყლისაკენ ეწევა.

***

სიყვარული ხომ მუდამ დარცხვენილია მშვენების წინაშე, იმის მიუხედავად, რომ მშვენიერებას განუყრელად თან ახლავს სიყვარული.

***

განა გინახავთ ქალი, რომლის მწუხარებაც ცრემლებზე დიდია?!

***

რასაც უფალი აშენებს ამქვეყნად, არასოდეს დაიქცევა უკუნისამდე. ხოლო რასაც კაცი აცამტვერებს, კვლავაც აშენებული რჩება, ოღონდ ხალხის თვალზე უფრო მაღალი მზერისთვის.

***

ქალი მარად წიაღად და აკვნად დარჩება და იგი სამარე ვერასდროს იქნება.

***

ზამთარ-ზაფხული გახუნდება და წლები ფერს დაკარგავს; ეს სიტყვები კი არასოდეს გაიცრიცება:

„უფალო, შეუნდე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან...“

***

იგი, ვინც პურსა და ღვინოს გასცემს, ძმაა იმისა, ვინც თავის ბეღელში კრებს და აგროვებს თავთავთა ხელეურს და ღვიძლია იმისა, ვინც ღვინოს წურავს თავის საწნახელში.

***

იმათ, რომელთაც ქრისტე ჩემ მაგივრად გააკრეს ჯვარზე, მე უფრო სასტიკი და უცვალებელი სასჯელი გადამიწყვიტეს:

მისი ჯვარცმა საათზე მეტხანს არ გაგრძელებულა.

ჩემი ჯვარცმა კი მთელი ცხოვრება გრძელდება, სიკვდილამდე...

***

ნუთუ უსათუოდ უნდა წამოაქციოთ ხე, რათა დარწმუნდეთ, რომ ნაყოფი ასხია.

***

იერუსალიმს კი ჯერაც ვარცლი უპყრია, ისევე როგორც, რომს თუნგი უჭირავს მოაქჟამამდე: მათ შორის კი კიდევ ათას და ათას ხელს სწადია, რომ სიქათქათემდე განიბანოს.

***

დღენიადაგ ამბობენ უპოვარნი - იესოს გულისათვის, გროში მოგვეცით, რომ პური ვიყიდოთო. ვუხმობთ ერთმანეთს, სინამდვილეში კი შენ მოგიხმობთ; ჩვენი სურვილების გაზაფხულზე მომსკდარ წყალდიდობას ჰგავხარ; ხოლო როცა შემოდგომა დგება, ზღვის მიქცევას ემსგავსები. შენი სახელი, ჩურჩულით თუ ხმამაღლა, სწყდება ჩვენს ბაგეებს.

***

ო, მოძღვარო და მიჯნურო უზენაესო, მეფის ასული ელის შენს მისვლას კეთილსულნელით გაჯერებულ საწოლ ოთახში. და გათხოვილი გაუთხოვარი თავის გალიაში; უპოვარი, კარდაკარ რომ პურს დაეძებს, საკუთარი სირცხვილის ქუჩებში; უქმრო მონაზონი, სენაკში ჩაკეტილი; უშვილო ქალი თავის სარკმლიდან მაცქერალი იქ, სადაც ელვა ტყეებს ხატავს ფანჯრის მინაზე, გიპოვის შენ ამ იდილიაში, დედობას გაგიწევს და ამით იქნება ნუგეშინისცემული.

***

სურს ადამიანს, რომ იხილოს შენი სიზმრები, მაგრამ არ უნდა, შენს რიჟრაჟზე გამოიღვიძოს, რომელიც მისი უდიდესი სიზმარი არის.


ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - "იესო ძე კაცისა" 
არაბულიდან თარგმნა - გიორგი ლობჟანიძემ 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში