ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - საიდუმლო სერობა

ლეონარდო და ვინჩი - საიდუმლო სერობა
იაკობი, ძმა უფლისა - ბოლო ვახშამი:


ათასჯერ მაინც მაგონდება ის ბოლო ღამე და ვიცი, რომ კიდევ ათასჯერ გავიხსენებ.

შეუძლებელია ის ღამე დამავიწყდეს, ისევე, როგორც მიწა ვერ ივიწყებს კვალს, რომელიც გუთანს გააქვს მის მკერდზე, ანდა როგორც დედას ვერ დაავიწყდება მშობიარობის შვება და ტკივილები.

შუადღისას, იერუსალიმის ქონგურებს გარეთ ვიყავით, იესომ რომ გვითხრა: წავიდეთ ქალაქში, ფუნდუკში ვივახშმოთო.

უკვე ბინდბუნდი იყო, ფუნდუკს რომ მივაღწიეთ და გვარიანად მოშიებული გახლდით. გამოგვეგება და ზემო დარბაზისკენ აგვიძღვა. იესომ გვიბრძანა, მაგიდას შემოვსხდომოდით. თვითონ კი ფეხზე დარჩა და თვალს არ გვაცილებდა.

მეფუნდუკეს დაუძახა და სთხოვა: ერთი ვარცლი, კოკა წყალი და პირსახოცი მოგვიტანეო.

მერე ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა და თბილად გვითხრა:

წაიძვრეთ ხამლები!

ჩვენ ვერ მივხვდით, რა ეწადა, მაგრამ მის ნებას დავყევით.

მეფუნდუკემ ვარცლი და კოკა რომ მოუტანა, იესომ გვითხრა:

ახლა ფეხებს დაგვანთ, რამეთუ ხამს, ფერხნი თქვენნი ძველი გზების მტვრისგან აზატვყო და თავისუფლება მივანიჭო ახალ გზათათვისო.

ჩვენ კი ყველას სირცხვილმა და მორიდებამ დაგვრია ხელი.

წამოდგა სიმონ-პეტრე და თქვა:

როგორ შევაწუხო ჩემი მოძღვარი და ბატონი ჩემთა ფერხთ ბანითო?!

იესომ მიუგო:

მე დაგბან ფეხებს, რათა გახსოვდეს: ის, ვინაც ხალხს ემსახურება, კაცთა შორის უდიდესიაო.

მერე თითოეულს შემოგვხედა და გვითხრა:

ძე კაცისამ გამოგარჩიათ, რომ მისი ძმები ყოფილიყავით. მას ვისაც ჯერ კიდევ გუშინ ფეხებს არაბული გუნდრუკით უზელდნენ და ქალის თმით უმშრალებდნენ, ახლა თვით სურს, ფეხი დაგბანოთო.

აიღო ვარცლი და კოკა, ჩაიმუხლა და ჩვენი ფეხის ბანა იუდა ისკარიოტელისაგან დაიწყო.

მერე ჩვენთან ერთად მაგიდას მიუჯდა და სახე ცისკარს მიუგავდა, ომისა და სისხლისღვრის ღამის შემდეგ ბრძოლის ველს რომ თავზე ათენდება.

ამასობაში მეფუნდუკე და მისი ცოლიც მოვიდნენ და საჭმელი და ღვინო მოიტანეს.

ვიდრე იესო მუხლს მოიდრეკდა და ფეხის ბანას დაგვიწყებდა, საშინლად მშიოდა. ახლა კი ჭამის მადა საერთოდ დამკარგვოდა; ყელში რაღაც ცეცხლი მიგიზგიზებდა, რომელსაც ღვინოც კი ვერაფრით ჩამიქრობდა.

იესომ პური აიღო, მოგვაწოდა და გვითხრა:

ეგების პურს უკანასკნელად ვტეხთ ერთად. მოდი, შევჭამოთ თითო ლუკმა გალილეაში გატარებულ დღეთა სახსოვრადო.

მერე ღვინო კოკიდან თასებში ჩამოასხა; დალია, ჩვენც მოგვაწოდა და გვითხრა:

შესვით ეს ღვინო იმ წყურვილის მოსაკლავად, ერთად რომ განგვიცდია. შესვით ახალ რთველზე ოცნებით; ხოლო როცა სუდარაში გადამახვევენ და თქვენ შორის აღარ ვიტრიალებ, აქ ან სხვა ალაგას, ერთმანეთს რომ შევხვდებით, დატეხეთ პური და ღვინო ჩამოასხით, ჭამეთ და სვით, როგორც ამას ახლა აკეთებთ; მერე გარშემო მიმოიხედეთ და ეგებ თქვენს ტაბლასთან მეც კი მიხილოთო.

ამას რომ გვეუბნებოდა, თან თევზისა და ხოხბის ულუფებს გვინაწილებდა, თითქოს ჩიტია და ბარტყებს აპურებსო.

ცოტა წავიხემსეთ, მაგრამ მაძღრისად დავნაყრდით. ერთი წვეთის მეტი არ შეგვისვამს, თუმცა ვგრძნობდით, რომ ღვინის თასი წუთისოფელსა და ზესთასოფელს შორის მოქცეულ სივრცეს დაემსგავსა. ვიდრე სუფრიდან ავიშლებოდით, იესომ გვითხრა:

წამოვდგეთ, გალილეური საამო სიმღერები ვთქვათო.

წამოვდექით და სიმღერა შემოვძახეთ. მისი ხმა ჩვენსაზე უფრო მკაფიოდ ჟღერდა. მისი სიტყვები ჩვენი სიტყვებისგან განირჩეოდა და ფარავდა მათ.

ამის შემდეგ თითოეულს დაგვაკვირდა და გვითხრა:

ახლა კი გემშვიდობებით! მოდი, ქალაქგარეთ, გეთსიმანიის ბაღში წავიდეთო.

იოანე ზებედეს ძემ ჰკითხა:

მოძღვარო, რაღა ამაღამ გვემშვიდობებიო?

იესომ მიუგო:

გულს ნუ გაიტეხთ. მხოლოდ იმისათვის გტოვებთ, რომ ჩემი უფლის სახლში ადგილი გაგიმზადოთ. ხოლო თუ რამეში დაგჭირდებით, უსათუოდ დაგიბრუდნებით. სადაც დამიძახებთ, გავიგონებ და სადაც თქვენი სული ძებნას დამიწყებს, მეც იქვე ვიქნები. ნუ დაგავიწყდებათ კი, რომ წყურვილს ადამიანი საწნახელთან მიჰყავს, ხოლო შიმშილი მას საქორწინო სეფისკენ მიუძღვება. თქვენს მისწრაფებაში ჰპოვებთ ძე კაცისას. რამეთუ სწრაფვა ასაზრდოებს თავდავიწყებას, ის კი გზაა უფლისკენ მიმავალი.

ისევ იოანემ შეჰბედა და უთხრა:

თუ ნამდვილად გვტოვებ, მაშ, მშვენიერი სამახარობლო სადღაა, ან განშორებაზე რად გვესაუბრებიო?

იესომ მიუგო:

მონადირეთაგან დევნილი ქურციკი ისარს მანამდე გრძნობს, ვიდრე იგი გულში გაუვლიდეს; ხოლო მდინარემ ზღვა ჯერ კიდევ მანამდე უწყის, სანამ მის შესართავამდე მიაღწევდეს.

ძე კაცისამ იარა ადამიანთა გზაზე და ვიდრე ნუში თავის ყვავილებს მზეს ხელახლა მიაგებებს, ჩემი ფესვები სულ სხვა მიწის გულის გულამდე ჩააღწევენ.

სიმონ-პეტრემ უთხრა:

მოძღვარო, ოღონდ ახლა ნუ მიგვატოვებ, შენთან ყოფნის მადლს ნუ მოგვაკლებ და სადაც წახვალ, თან გამოგყვებით; სადაც გაჩერდები, ჩვენც იქვე ჩამოვხდებითო.

იესომ სიმონ-პეტრეს მხარზე ხელი მოჰხვია, გაუღიმა და უთხრა:

ვინ იცის, ეგებ ამაღამვე უარმყო და ვიდრე მე დაგტოვებთ,მანამდე დამტოვოო.

მერე მოსხეპით გვითხრა:

წავიდეთ აქედანო.

ფუნდუკიდან გამოვიდა და ჩვენც უკან მივყევით. მხოლოდ ქალაქის კარიბჭესთან მიმოვიხედეთ და აღმოვაჩინეთ, რომ იუდა ისკარიოტელი ჩვენ შორის აღარ იყო.


არაბულიდან თარგმნა - გიორგი ლობჟანიძემ 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში