ბაჰა ტაჰირი - დეიდა საფია და მონასტერი

სხვა რაღა დამრჩენია? ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ რომანზე „დეიდა საფია და მონასტერი“... 

მართალია, თავიდან სიფრთხილის გამო ვთქვი, ამბები ფანტაზიის ნაყოფია მეთქი, მაგრამ მთლად ასეც არაა!.. ფანტაზიის ჩანასახიც რეალობაა. ასე, მაგალითად, მამაჩემი, ალაჰიმც შეიწყალებს მას, ერთი ალ-აზჰარელი ღვთისმოშიში შეიხი იყო. ჩვენც ღვთისმოსავ მუსლიმებად გვზრდიდა, ალაჰს შევთხოვ, ასეთები ვიყოთ. მამა ყველას გულისხმიერად ეპყრობოდა. ალაჰს ვფიცავ, თუ ოდესმე ადამიანები თავიანთი აღმსარებლობის მიხედვით დაეყოს და ეთქვას, ეს მუსლიმია და ეს ქრისტიანიო.

ამიტომ ეს რომანი ეძღვნება მისი სულის ხსოვნას და ყველას, ვისაც სამშობლო უყვარს.

ბაჰა ტაჰირი, ჟენევა, ივნისი, 1999წ.

***

სხვების ამბებში ქექვას სასარგებლო საქმის კეთება გერჩიოს!

***

ბოროტს არ სძინავს, ნეტა კი აქ შეჩერდებოდეს.

***

ლამაზი საფია, ადრე რომ ყველა კაცს სწადდა, ყველასთვის შიშის მომგვრელ დიდედად იქცა. მას უფლება ჰქონდა დედაბერივით მოქცეულიყო... სახლში კაცებს იღებდა, მიწას თვითონ ამუშავებდა, უფრო ზუსტად, გლეხებზე იჯარით გასცემდა, შემოსავალსაც იღებდა და თავად წყვეტდა, რა უნდა დაეთესათ და მოეყვანათ. ამის უფლება ჩვენთან დედაბრებსაც კი არ ჰქონდათ.

ჩვეულებრივ, ქალი თვის მიწას მოსავლელად ბიძას ან ძმას ანდობდა ხოლმე. ხშირად ისე ხდებოდა, რომ ნდობააღჭურვილი და უფლებამოსილი კაცი მიწის მეპატრონე ქალს მხოლოდ იმდენს აძლევდა, რაც ლუკმა-პურისა და ტანისამოსის საყიდლად ჰყოფნიდა.

***

ბოშებს ხომ არავისი ეშინიათ, იქით აშინებენ სხვებს.

***

დეიდა იმ მგლოვიარე ქალებს, სოფლის დედაკაცებს დაემსგავსა, თავს ერთად რომ დაიყრიან, სახლიდან ერთი თავი კერძი მოაქვთ, ერთმანეთის ნახელავს ადარებენ, ნასადილევს ნაკვერჩხალს აღვივებენ და გოუზას (ერთგვარი ყალიონი, ნარგილეს სახეობა, თამბაქოს მოსაწევი საშუალება, რომელიც წყლის გრძელკისრიანი დაბალი, პატარა ჭურჭლისა და ბამბუკის ან ტყავის რბილი ქსოვილის მილისგან შედგება) ამზადებენ.

უცოდველი რამაა ქალების გოუზა, დათაფლული თამბაქო, კაცების გოუზასგან განსხვავებით, რომელსაც დედაკაცები წრეში იდგამენ, პირველ ნაფაზებს დიდი ხნის გათხოვილ ქალს არტყმევინებენ და შესაძლო მცირედი წათვლემის შემდეგ მოთქმას დაიწყებენ:

„საყვარელო! საყვარელო!“, რასაც გოდება, ხმამაღლა ტირილი და ქვითინი მოჰყვება ხოლმე. მერე კი ისევ გოუზას ჯერი დგება.

- გეყოფა, დაო, თავს ნუ მოიკლავ! ცოდვაა!

- ნეტავ, მე მოვმკვდარიყავი და იმ საცოდავს ეცოცხლა!

- უფლის ნებას ეწინააღმდეგები?! ღმერთო, დაგვიფარე! მაგრამ რას იზამ, ცეცხლი გიკიდია.

- ალაჰს შესთხოვე, ცეცხლის ალი გაგინელოს! აჰა, აიღე დაო, გააბოლე, დამშვიდდი ცოტა!

ასე მოთქვამდნენ ქალები მზის ჩასვლამდე. გლოვა ორმოცი დღე გრძელდებოდა და ჩვენი სოფლის დედაკაცები თითქმის მთელი წელი სახლიდან სახლში სატირლად დადიოდნენ... მიუხედავად იმისა, რომ გოუზას მოწევა გოგონებისა და ახალგაზრდა ქალებისთვის ჩვეულებრივ აკრძალული იყო.

***

დღესასწაული იმათთვის კი არაა, ვინც ახალი ტანისამოსი ჩაიცვა, არამედ იმათთვის, ვინც ახალი გულით შეხვდა მას. ვინც ზიზღი გულიდან ამოიგლიჯა, მისი სიცოცხლის ყოველი დღე დღესასწაულად იქცა.

***

ნაცნობი ყაჩაღები სჯობიან უცნობებს.

არაბულიდან თარგმნა - ზვიად ცხვედიანმა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში