აკა მორჩილაძე - თეთრწვერა ჰემინგუეი

თეთრწვერა ჰემინგუეი ძალიან მაგარია სურათებზე. სულ სხვანაირი, ვიდრე სინამდვილეში იყო.

ჰემინგუეის დედა არ უყვარდა. მამამისმა თავი მოიკლა სანადირო თოფით, მერე თვითონაც - სანადირო თოფით.

მის პერსონაჟს პირველი გოგო ჰყავს აღწერილი: ინდიელი პრუდი. არ ვიცი, სხვა ვინ მოიფიქრებდა პირველი გოგოს აღწერას, თუმცა ალბათ ყოველ კაცს ახსენდება თავისი პრუდი. ასეთი რამ, მგონი, არც ჯეკ ლონდონს გაუკეთებია და არც ვინმე სხვას, თუნდაც ისეთებს, სულ ქალებზე რომ წერენ. გავიცინოთ: მარკიზ დე სადსაც არ მოჰფიქრებია.

საერთოდ, კიდევ, ჰემინგუეი ქალებში ძალიან მაგრად ერკვეოდა. ალბათ ბევრს ფიქრობდა მათზე.

„ვის უხმობს ზარში“ ერთი ადგილია, უმაგრესი. „ჰარი მორგანში“ ასეთი დიალოგები ცოტა უხამსია, ჰარის ცოლი ვერ ითმენს, აქ კი, გაქანებულ ომში... რა ვიცი, უამრავ მაგარ ლექსს სიყვარულზე ეს ადგილი ჯობია. მე მირჩევნია და სხვას კი არ ვეხვეწები.

ჰემინგუეი ლოთი იყო. ნამდვილი, კულტურული ლოთი, რომელიც დილიდან ნელ-ნელა შეუდგება საქმეს. მას უყვარდა ტურგენევი და ჯოისი და მისი საუკეთესო მოთხრობები რაღაცით ჰგავს ჯოისის „დუბლინელებს“ და ტურგენევის „მონადირის ჩანაწერებს“. მაგრამ მისი კაცები ხშირად რაღაცით ჰგვანან ჯეკ ლონდონის კაცებს. მგონი, ბედისწერის ამბავში, ხოლო ნიკი ადამსი უღიმილო ტომ სოიერი თუ იქნება. ეს რომანტიკა კი რატომ ვახსენე, ვერ მივხვდი: თითქოს ჩვეულებრივ ამბებშიც კი დამალულია დიდი თავგადასავალი.

ასეთი გამოსდის ჰემინგუეის მოთხრობები. დიდი დრამების, დიდი ტრაგედიების სიჩუმით თხრობა. ფაქტობრივად, სიჩუმით. იმიტომ, რომ მან ყველაზე უბრალო ინსტრუმენტები აირჩია და ისინი ხელიდან არ გაუგდია.

კოშმარი რომ დრამად გადააქციო, ძალიან მაგარი მწერალი უნდა იყო. ჰოდა, ჰემინგუეი იყო ის მწერალი, რომელსაც ედგარ პოს მსგავსი ამბები მოსდიოდა თავში.

პო ბრწყინვალედ წერდა. მის მოთხრობებში მათემატიკაცაა, ისევე როგორც ჰემინგუეის მოთხრობებში, მაგრამ პოს მოთხრობებში, იქაური დახვეწილი კოშმარების მიუხედავად, არ არის ტრაგედიის შეგრძნება; ანუ ის, რაც ასეთი მაგარია პოსავე ლექსებში. ჰემინგუეისთან კი არის, ოღონდ კოშმარს რომანტიკული იერი დაკარგული აქვს და ყოფით ამბადაა ქცეული.

საერთოდ, ჰემინგუეის უყვარს ჩამოთვლა, ესენი და ესენი უნდა წაიკითხოს კაცმა, მწერალი რომ გახდეს და მიხვდეს, რომანი რა არისო.

ჰემინგუეი არ იყო ერთიანი ნაწერსა და ცხოვრებაში. მან თავისი ნაწერი ისეთად მოიგონა, როგორიც თავად სურდა რომ ყოფილიყო.

საიდან იწყება ჰემინგუეის არწაკითხვა? თავს ვერ დავდებ, მაგრამ, მგონი, ოცდაათ წელიწადს რომ მიუახლოვდები. მგონი, ნაბოკოვი ამბობდა, ჰემინგუეი საყმაწვილო ლიტერატურააო. არ ვიცი, იმან ეგრე იცოდა ხოლმე თქმა, ისე გამოსდიოდა, მარტო მე ვიცი სწორად წერაო.

აკა მორჩილაძე - „მწერლებსა და წიგნებზე“
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2014წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში