აკა მორჩილაძე - მწერლებსა და წიგნებზე

სერ რიჩარდ ბარტონი - „კამა სუტრას“ მთარგმნელი. იოლი მისხვედრია, რომ ძველ დროში ამ კაცის სხელი არ გამეგონა. საბჭოთა ეპოქაში ასეთ ძიებს არ შემოგვაწოდებდნენ ხოლმე, რა იცი, მაინც, სახიფათო ხალხი იყოო, უსახიფათოესი, შეიძლება  ითქვას.

„პერესტროიკა“ რომ დაიწყო,  წიგნები გამოიყარა და იმათ შორის გამოჩნდა „კამა სუტრაც“, რუსულად, რასაკვირველია. ქართულად რაღაც თვითგამოცემმითი  უფრო მახსოვს, ოღონდ კი მე არ მიყიდია. იმ დროში იმდენი რამე იყო საყიდელი, რაღა „კამა სუტრას“ დავეტაკებოდი. ძაან წიგნები გამოდიოდა.

მერე კიდევ ისე გამოვიდა, რომ მაინც მომიწია ამ „კამა სუტრას“ ყიდვა, მაგრამ ინგლისურად. სწორედ მაქედან გავიიგე, რომ ასეთი  კაცი არსებობდა.

თბილისში ყოველთვის იყიდებოდა თხელყდიანი ინგლისური წიგნები, საკუთრივ ინგლისსა და ამერიკაში გამოცემული, ძირითადად - კლასიკა: ერთი-ორჯე ვონეგუტი და რეი ბრედბერი გამოერია და ეგ იყო. ყველაზე მეტი გამომცემლობა „პინგვინის“ კლასიკა იყო ხოლმე. ჩვეულებრიივი ფოქეთბუქი შვიდი და ორმოცდაათი ღირდა. მერე ეს გამოცემები სერიული იერისა გახდა. ყველას ერთნაირი ყდა ჰქონდა სხვადასხვა ნახატით და ბლომად იყიდებოდა, ტომ სოიერებით, ქარიშხლიანი უღელტეხილებით, თოროს ტყის წიგნით და ყველაფრით, რაც მოგესურვებოდა. ჰოდა, იმათში გამოერია ეს „კამა სუტრაც“; ბევრი ეწყო დახლზე და დავინახე.

მოკლედ, იქ პირველ გვერდზე რიჩარდ ბარტონის მოკლე ბიოგრაფია იყო და მივხვდი, ვიღაცა ჩანდა ღვთის პირიდან გადავარდნილი, ისეთი, რომლის შესახებ კითხვაც ყოველთვის დაგაინტერესებს და მისი სამოგზაურო წიგნები ხომ დაგაინტერესებს და დაგაინტერესებს.

მაგრამ საჯაროში რომ მოვქექე, ვერაფერი ვიპოვე. შეიძლება ცუდად ვეძებდი რუსულ კატალოგში, მაგრამ ვერ ვიპოვე და რას ვიზამდი?!

კაცი-მანიაკი: აღმოჩენები ბრაზილიის მთებში, მისია დაჰომეაში, პირადი ჩანაწერი მექასა და მედინაში მოგზაურობის შესახებ, ხმალაობის ახალი სისტემი ინფანტერიისთვის, ორი მოგზაურობა გორილების მიწაზე, მიდიის მიწა, ხმლის წიგნი, ებრაელი, ბოშა და ისლამი და ასე დაუსრულებლად.

ეს წიგნების სათაურებია, ხოლო მის საჟურნალე სტატიებს თვლა არა აქვს. აბა სად იშოვიდი ამ წიგნებს. აგე ინტერნეტიი, მიდით და მოქექეთ, ახლა ყველაფერი იოლია.

***

ინგლისელების იცით რა მომწონს? ძალიან კოხტად აგრძელებენ ძველ საქმეებს. იქ თითქოს არაფერი შეწყვეტილა ძველი დროიდან.

***

ადამიანს სამი ცხოვრება გამოსდის: საზოგადოებრივი, პირადი და საიდუმლო.

***

დეტექტივების მწერლები ხომ ბევრს წერენ, რაც მეტი, მით მეტი ფული და ასე შემდეგ. მთელი სისტემაა ასეთი.

***

საერთოდ კიდევ, მგონია, რომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როდის წაიკითხავ წიგნს. თუ სისქეს ერევი, სულაც პატარა რომ იყო და იქ ისეთი ამბები ეწეროს, პატარა ბიჭს რომ არ ესმს, შთაბეჭდილება მაინც უტყუარია. ახლა იმას კი არ ვამბობ, მაინცდამაინც მარკიზ დე სადის რამეებს უნდა ეტაკოს-მეთქი. ანდა სად იყო ჩვენს ბავშვობაში დე სადის რაღაცეები; ანდა რომც ყოფილიყო, თაროებზე ვინ დაილაგებდა.  დე სადი, მე თუ მკითხავთ, წერის გაგებაში არ იყო. მთავარი მისი პოზიცია და სამყაროს აღქმა თორემ ფრანგი იყო და ეგრე წერდე, როცა უკვე არსებობს ფიგარო, ცოტა უხერხულია.

რაღაც მგონი, მივედ-მოვედები. იმას ვამბობდი, რომ რაც ბავშვობისას წაკითხულიდან ჩაგრჩება, ძნელად რომ ტყუილი იყოს. საერთოდ, ეგ მაგარი უცნაურობაა. ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, პატარა ვიყავი, როცა დონ კიხოტს ვკითხულობდი და დიალოგებს ვტოვებდი, ამბები მაინტერესებდაო. მეც ეგრე ვიყავი.

რატომღაც ასე ითვლებოდა, რომ ეს დონ კიხოტი საბავშვოა, თუ რა იყო, არ ვიცი. რახან ახირებულ კაცზე იყო, თუ... მოკლედ, ეგრე იყო. მერე ეგეც არი, რომ ბავშვს ამბავი აინტერესებს.

გულუბრყვილობას ამბავი აინტერესებს. რაც უფრო მწველია იგი, მით მეტად დაგამახსოვრდება. საეროთოდ, უცნაური რამეები გამახსოვრდება.

***

გულუბრყვილობა, ცხადია, მაშინაც არსებობს, როცა ბავშვი ხარ და მულტფილმებსა და ურფინ ჯუსის მაღლა მდგომ რამეებს მიადგები. ოღონდაც მაშინ ვერ ხვდები, რა არის მწერლობა, მოცემულობა  გაქვს: წიგნი და შიგ არც მთლად გასაგები ამბავი. იგებ თუ ვერა, ეგ ამბავი გრძნობებს აღძრავს. ჰოდა, სწორედ ეს გამახსოვრდება.

***

ის, რაც ნამდვილად გინახავს და განგიცდია, გამონაგონში რომ გადაგაქვს, ისე უნდა გადაიტანო, რომ თვითონაც გაინტერესებდეს. თუ სრულიად განსაკუთრებულ წერის ხერხებს არ ფლობ, ეს, უბრალოდ, არ გინდა და მორჩა. ისიც, ან გამოვა, ან არა. დარჩება ჟურნალისტიკად, როგორც შალამოვის გადასარევი მოთხრობები.

***

როცა კაცს ტყვია მოხვედრია და ტყვიის მოხვედრაზე წერს, ისე, რომ იქ თავისას არაფერს ტოვებს, წერის ოსტატობის გარდა, ეს კარგი მოთხრობაა.

***

შეუძლია კაცს ოცნება ჩამოხრჩობის წინ?

***

მწერლობაც ეგ არის ალბათ, როცა წამკითხველს არ ავიწყდები და რაღაც უცნაური, ჩამოუქნელი, ფერადი სივრცე ამოუტივტივდება ხოლმე შენი სახელის გახსენებაზე.

***

ძველი, პატარა ისტორიები ძალიან მგრძნობიარეა.

***

საერთოდ, რა უბედურება იყო ეს სკოლები. დევიდ კოპერფილდის სკოლა, ჯეინ ეარის სკოლა. რამხელა ლიტერატურა შექმნა ამ საზიზღარმა სკოლებმა.

***


ეგეთი ხუმრობა არსებობს: კლასიკა ნიშნავს იმ წიგნებს, რომლებიც ყველგან დევს უკვე ორასი წელიწადია და არავინ კითხულობს, უბრალოდ, იციან, რომ ეს წიგნები სულ აქ უნდა იდოსო.

***

მე მგონია, რომ მთავარი დიკენსის ამბავში ის რაღაცნაირი სითბოა, რომელსაც ოსკარ უაილდი დასცინოდა.

ეს სრულიად მოულოდნელი და უცნაური სითბოა, რომელიც საერთოდ არ ჰგავს სითბოს. აი, ზაფხულში რომ ჩამოცხება ხოლმე გაუსაძლისად, ნამდვილ თბილისურად და სუნთქვა რომ ჭირს, ხომ ჰქვია სიცხე? აი, ეგეთი სიცხისნაირი სითბო აქვს დიკენსს. იმდენი სითბო აქვს, რომ სითბო აღარც არის, აუტანელი სიცხეა. საერთოდ, ასე გამიგია, რომ სითბო არავის აწუხებს, ყველას მოსწონს. კარიბის კუნძულებზე რომ სულ ერთნაირი ამინდია და ადამიანები რომ საუკეთესოდ გრძნობენ თავს, ის არის, მარამ დიკენსის სითბო ძალიან ბევრს სიცხედ მიაჩნდ, განსაკუთრებით - ახალ დროში.

***

ჩვეულებრივ, ორტომეული წიგნების პირველი ტომები იკარგება, იმიტომ, რომ წამკითხველს პირველი მიაქვს, მეორისათვის კი თითქმის არასდროს ბრუნდება. ეს თვით „დონ კიხოტზეც“ კი შემიმჩნევია. აღარ არის ისეთი  დრო, რომ ადამიანს ერთი წიგნი რამდენიმე ტომად დანაწილებული უნდოდეს. კარგა ხანია, აღარ არის ასეთი დრო.

***

ფოლკნერი ცხენმა გადმოაგდო და მერე ამისგან მოკვდა, თრომბი დაეცო. ცხენის სახელიც მახსოვს: სთოუნვოლი - ქვის კედელი. ისიც მახსოვს, რომ სამოც წელს გადაცილებული მწერალი რაღაცნაირად ეჯიუტა ამ ცხენს, რომელზე შეჯდომასაც კლუბში არ ურჩევდნენ.

***

ფოლკნერი ამბობდა, წერისთვის მოსახერხებელი პროფესია ბორდელის დირექტორობააო, დღისით შენს სამყოფელში სრული სიწყნარეა და საღამოს კი მთელი ქალაქის კაი ხალხი იქ იკრიბებაო.

თეატრში სამჯერ თუ ვარ ნამყოფი, ერთხელ აქლემი შემოიყვანესო და ასეთები, მგონი, კინოზეც რაღაც მსგავსებს ამბობდა, თუმცა, ჰოლივუდში იყო ნამუშევარი.

***

აი, ეს არის ფოლნკერი. მგონი, ეს არის, არ ვიცი. მისი სამყარო ლოტოს კოჭებით სავსე ტომარას ჰგავს, რომელიც არ უნდა ამოიღო, გრძნობ, რომ შიგნით კიდევ დარჩა რაღაც მისი მსგავსი, რაც ასე მიმზიდველად ჩხრიალებს სხვა ასეთებთან ერთად. იღებ და იღებ, აჩხრიალებ და აჩხრიალებ.

***

ჩვეულებრივი ადამიანი არ არსებობს. არ არსებობს მდუმარე ადამიანი. თვით ყველაზე უტყვი და არამიმზიდველი ადამიანიც კი ყველაზე მეტყველი და მიმზიდველია, თუ შენ უილიამ ფოლკნერი ხარ.

***

იმისთვის, რომ ადამიანი ისეთივე საინტერესო იყოს, როგორიც რომანის პერსონაჟი, მან მის შესახებ დაფიქრებულ კაცს ცარიელი ადგილები უნდა დაუტოვოს. ანუ რაღაცეები კი უნდა აჩვენოს, მაგრამ რაღაცეები სამუდამოდ უნდა გადაუმალოს, მიწაში უნდა ჩამარხოს ან რაღაც ასეთი, თორემ თუ ყველაფერი გამოუჩინა, რაღა პერსონაჟი ის არის, პერსონაჟი კი არა, გარკვეული ვინმე ყოფილა.

ადამიანების უმრავლესობას, რა თქმა უნდა, სულაც არ უნდა პერსონაჟად ყოფნა. ზოგიერთს არ უნდა და მაინც გამოუვა ხოლმე. თავისი ხასიათიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ზოგიერთს კი უნდა და გამოსდის. სხვა საკითხია, თუ როგორ გამოსდის. ესეც იმაზეა, კაცი რას აჩვენებს სხვებს. ანუ, გემოვნების და სიზუსტის ამბავია.

***

ეგებ წერის მიქელანჯელოც კი იყო ეს ჩვენი მელვილი.

***

ჰემინგუეი არ იყო ერთიანი ნაწერსა და ცხოვრებაში. მან თავისი ნაწერი ისეთად მოიგონა, როგორიც თავად სურდა რომ ყოფილიყო, ჰოთორნი კი ასეთი იყო და ასე წერდა და ვააახ, რა ძნელია, რომ ასეთი ხარ და როცა ასეთ სამყაროს მთლიანად დაუპყრია შენი გონება.

***

ომის ბოლოს თავის უკანასკნელ, უკვე ჟურნალისტურ სტრიქონებს და ლექსებს წერდა ორმოცდაათს მიტანებული მელვილი, რომელმაც ოცდათვრამეტი წლის ასაკში შეწყვიტა რომანების წერა მათი სრული წარუმატებლობის გამო. მერე საოკეანო ამბების ლექტორად დადიოდა კოლეჯებსა და ლიცეუმებში. მან კიდევ დიდხანს იცოცხლა: მოხელედ იყო საბაჟოში ლამის სამ ათეულ წელიწადს, მწერალი აღარ იყო, მწერლები უკვე სხვანი იყვნენ, მისი საყვარელი ჰოთორნი საერთოდ აღარავის ახსოვდა და არც ის ახსოვდა ვინმეს.

***

არის ხოლმე ასე, ბევრი მწერალია, რომ რაღაც გამოუდის საუკეთესოდ, რაღაც ერთი, რასაც ალბათ თვალდახუჭული აკეთებს. მაგალითად, დიკენსის პატარა პერსონაჟები, ანდა ო.ჰენრის ნაღველი. ისინი თვალდახუჭულები აკეთებენ ამას. სრულიად ინსტინქტურად. მგონი, სტივენსონის მთავარი და საუკეთესოც ეს უარყოფითი მომხიბვლელობა იყო.

***

ტომ სოიერი წიგნებს კითხულობდა, დონ კიხოტივით. მგონი, ზუსტად იმ წიგნებს, ან დაახლოებით ისეთ წიგნებს, დონ კიხოტი რომ კითხულობს, და მერე ისევე იქცეოდა, როგორც დონ კიხოტი, აღარარსებული სამყაროების შექმნას ცდილობდა. მართალია, ბიჭი იყო და საქმეც ბიჭებთან ჰქონდა და გულიც უფრო ყაჩაღობისკენ მიუწევდა, მაგრამ ნამდვილად ისე იქცეოდა, როგორც დონ კიხოტი. ლომის გალიას არ მისდგომია, მაგრამ საკუთარი სისხლით კი მოაწერა ხელი საიდუმლო ქაღალდს.

***

ბორხესს უწერია ერთგან, როცა გავიგე, ჩემი წიგნი ოცდარვა ცალი გაიყიდაო, ძალიან გამიხარდაო. ხუმრობა ხომ არ არის, ჩემთვის უცნობმა ოცდარვა კაცმა ჩემი წიგნი იყიდაო. სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ორმოცზე მეტი ნამდვილად არ უთქვამს.

***

მწერლის ნაწერი ხომ ცხოვრებისგან იმითაც განსხვავდება, რომ არ განსხვავდება და იმავდროულად იმით განსხვავდება, რომ იქ ყველაფერი შეკუმშულია და ის, რასაც ცხოვრებაში წლები სჭირდება, აქ ერთ საათში დაგიდგება თვალწინ; ერთ საათში, ან სულაც წამში.

***

ძნელი წარმოსადგენია, ფატმანის ამბები ღამით არ იყოს დაწერილი. ასეთ ქალებზე დღისით არ გამოდის. არ გამოდის ისეთი, როგორიც საჭიროა და რა ვქნა?

***

რამდენს მოიცავს „ვეფხისტყაოსანი“ და ჩვენ კი გაგვიჭირდება, რაიმე მოვიცვათ, იმიტომ რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სამყარო. რაიმე ისტორიულს და გეოპოლიტიკურს კი არ ვამბობ და ასეთ თანამედროვე კვანტის ტრიალს, არამედ ბუნებრივ შინაგან სამყაროს.

***

ერთხელ პარიზში იქაურმა ჟურნალისტმა ქალმა ჰკითხა აკაკის, თქვენზე ამბობენ, ნობელის პრემია უნდა მიანიჭონო. ამაზე აკაკიმ გაიცინა, ეგ მშვიდობისმოყვარული პრემია როგორ უნდა მომანიჭონ, ჩემს ნაწერებში სულ იარაღის ჟღარუნი ისმისო.

***

ჰამლეტი ისეთი ვინმე არ არის, რომ „მარშუტკაში“ შეგხვდეს. წიგნების გმირებს აქვთ ეს თვისება, რომ „მარშუტკაში“ შეგხვდებიან ხოლმე. იმ დღესაც სამი ბიჭი ამოვიდა უფასო მგზავრად და „მექანიკური ფორთოხალი“ გამახსენდა.

მეტად ჰგავდნენ.

მაგრამ ჰამლეტი არ შეგხვდება „მარშუტკაში“ და არც კაფეში. მით უმეტეს - არც უნივერსიტეტში.

ხშირად ავიწყდებათ, რომ ჰამლეტი უფლისწულია. უფლისწულს „მარშუტკაში“ რა უნდა? ის არა მარტო დანიის, არამედ ხასიათების უფლისწულიც არის. ის საერთოდ გმირების უფლისწულია და მკითხველზე იმხელა ძალაუფლება მოუპოვებია, რომ იმ თავის დანიაში ვერც იოცნებებდა. ჰამლეტი სწორედ მკითხველების უფლისწულია და არა მაყურებლების, რადგან დღეს აღარავინ უყურებს „ჰამლეტს“ ისე, რომ წაკითხული არ ჰქონდეს.

აკა მორჩილაძე - „მწერლებსა და წიგნებზე“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში