ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - ქორწილი კანაში

პაოლო ვერონეზე - ქორწილი კანაში, 1563წ.
რაფკა - კანას პატარძალი:

ეს ყველაფერი მანამდე მოხდა, ვიდრე ხალხი იესოს გაიცნობდა. დედაჩემის ბაღნარში ვარდის ბუჩქებზე ვიყავი გადახრილი, როცა იგი ჩვენს ჭიშკართან გაჩერდა და მითხრა:


მწყურია; თქვენი ჭიდან ცოტა წყალს ხომ არ დამალევინებ?

წამოვდექი, ვერცხლის თასი გამოვუტანე, წყლით გავუვსე და ჟასმინის რამდენიმე წვეთითაც გავუზავე.

დალია, წყურვილი მოიკლა და დაკმაყოფილდა.

მერე თვალებში ჩამხედა და მითხრა:

მოგეფინოს ჩემი მადლი.

ამას რომ მეუბნებოდა, უცებ ვიგრძენი, სხეულში ზეციური ნიავი შთამებერა; გამეფანტა სირცხვილი, მისი დანახვისას რომ დამრია ხელი და ვუთხარი:

ჩემო ბატონო, მე გალილეას კანას მცხოვრებ ერთ კაცზე დავინიშნე და მას მომავალ კვირას, მეოთხე დღეს, უნდა მივთხოვდე. ქორწილში მობრძანებას ხომ არ ინებებდი, რათა შენი მოსვლით გეკურთხებინა ჩემი შეუღლება.

მომიგო:

მოვალ, შვილო ჩემო...

არასოდეს დამავიწყდება მისი ნათქვამი შვილო ჩემო, იმ დროს, როცა იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მე კი თითქმის ოცი წლისა გახლდით...

მერე გზა განაგრძო. ხოლო მე ჭიშკართან მანამდე ვიდექი, ვიდრე დედამ შინ არ შემიხმო.

შემდეგი კვირის მეოთხე დღეს ჩემმა ოჯახმა ნეფის სახლში წამიყვანა და გამათხოვა.

იესო მოვიდა და თან დედამისი და თავისი ძმა, იაკობი იახლა. საქორწინო სეფას სხვა სტუმრებთან ერთად მიუსხდნენ. ჩემი დობილები კი სოლომონ მეფის შეთხზულ საქორწინო სიმღერებს მიგალობდნენ.

იესო ჭამდა ჩვენთან ერთად, ჩვენთან ერთად სვამდა. მეც და ყველა წვეულს გულღიად გვიღიმოდა და ყურადღებით უსმენდა მეტრფის ყველა სიმღერას, რომელიც სატრფოს თავისი კარვისკენ მიუძღოდა, სიმღერებს ჭაბუკი მევენახისას, რომელსაც ვენახის პატრონის ქალი შეუყვარდა და თავისი დედის სახლში წაიყვანა; საგალობლებს მბრძანებლისა, რომელმაც ღარიბი გოგო ნახა, წაიყვანა თავის სამფლობელოში და თავზე წინაპართა გვირგვინი დაადგა.

და მომეჩვენა, რომ იგი ამათ კი არა, სხვა საგალობელთაც უსმენდა, რომელთა გაგონებაც მე არ შემეძლო.

პაოლო ვერონეზე - ქორწილი კანაში, დეტალი 1563წ.
მზის ჩასვლისას, სიძის მამა იესოს დედას მიეახლა და ჩუმად გაანდო:

სტუმრებისთვის ღვინო აღარ დაგვრჩა; ქორწილი კი ჯერ არ დამთავრებულა...

იესომ გაიგონა, რაც კაცმა დედამისს უჩურჩულა და თქვა:

ღვინის მწდემ იცის, რომ თქვენ ჯერ კიდევ ბლომად გაქვთ ღვინო.

და მართლაც ასე იყო: სანამ სტუმრები სუფრიდან წამოიშალნენ, სახლში უამრავი საუკეთესო ღვინო მოიძებნა.

სწორედ მაშინ იესომ ჩვენთან საუბარი წამოიწყო: გვესაუბრებოდა ცისა და მიწის სასწაულებზე და იმ ზეციურ ყვავილთა შესახებ გვიყვებოდა, რომლებიც მაშინ იფურჩქნებიან, როცა ღამე ქვეყანას თავის მოსასხამს გადააფარებს; და მიწიერ ყვავილებზე გვიამბობდა, მაშინ რომ იშლებიან, როს ვარსკვლავები დღის სინათლით იბინდებიან.

იგი ამბებსა და იგავებს მოგვითხრობდა და ხმის ჯადოთი ისე ნუსხავდა ჩვენს გულებს, რომ დაჟინებით ვუმზერდით თვალებში და თითქოს ზეციურ სანახებს ვხედავდით, რომელიც ჩვენ წინ ჩამორიგებულ ჭიქებსა და თეფშებს გვავიწყებდა.

მას რომ ვუსმენდი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რომელიღაც უცხო, შორეულ ქვეყანაში ამოვყავი თავი.

მცირე ხანში ერთმა სტუმარმა ჩემი საქმროს მამას უთხრა:

კარგი ღვინო ბოლოსთვის შემოგინახავს; შენ მეტი ამას სხვა რომელი მასპინძელი იზამდაო?!

ყველამ, ვინ სახლში იყო, დაიჯერა, რომ იესომ სასწაული ჩაიდინა; ქორწილის ბოლოს კი მისი დასაწყისში შეთავაზებულზე უკეთესი ღვინით უნდა გამასპინძლებოდნენ.

მეც ვფიქრობდი, რომ იესომ ჩინებული ღვინო ჩამოასხა. თუმც, ეს ამბავი არ გამკვირვებია, რადგან მის ხმაში სხვა მრავალი სასწაულიც შემომესმა.

იმის შემდეგ მისი ხმა გულში მანამდე ჩამრჩა ყველაზე ახლობლად, ვიდრე ჩემი პირველი შვილი არ დაიბადა.

ჩვენი სოფლელებიცა და მეზობელ სოფელთა მცხოვრებნიც დღემდე ჰყვებიან ჩვენი ძვირფასი სტუმრის საუბრის შესახებ და გამუდმებით იმეორებენ:

სული იესო ნაზარეველისა ყველა ღვინოზე საჩინო და ძეგლი ღვინოაო.


ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - "იესო ძე კაცისა"
არაბულიდან თარგმნა - გიორგი ლობჟანიძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში