აკა მორჩილაძე - როცა საუბარი ედგარ პოეზეა

ედგარ პო ბალტიმორის ქუჩაში იპოვეს დაგდებული და წაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. 


ეცვა სხვისი ტანსაცმელი და, როგორც მახსოვს, იძახდა სახელს, რომელიც მისგან მანამდე არავის გაეგონა.

თუ არ ვცდები, შეჰყვირებდა ხოლმე: რეინოლდს, რეინოლდს! იმასაც ამბობენ, ღმერთს შესთხოვდა, ჩემი საბრალო სული მიიღეო.

მისი მკურნალობის ქაღალდები დაკარგულია, ამიტომ უცნობია, რა დაემართა და რატომ დაეგდო ქუჩაში: ეგებ ლოთური უძლურების გამო ან ტვინის ანთებითო, ასე ამბობენ. მაგრამ იმავდროულად, ისიც უცნობია, სად გაატარა დღეები ამ წაქცევამდე.

ასე მოკვდა.

გრანტ ვუდი - "ამერიკული გოთიკა"
არის ასეთი ცნობილი ტილო, „ამერიკული გოთიკა“ - მე მგონი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საცნობი ამერიკული ტილო, რომელიც გრანტ ვუდმა დახატა. მასზე ხნიერი წყვილის უკან ამერიკული ხის სახლი ჩანს, რომელიც თითქმის ისეთია, როგორიც პოს კოტეჯი ბრონქსში. 

ეს ტილო რომ ვნახე, მივხვდი, ვისთვისაც წერდა პო, თუმცა ჩემს წარმოსახვაში მისი ნაწერები ბევრად უფრო პირქუშ სურათებს ქმნიდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით სიმშვიდის მფრქვეველი წყვილი. ამის მიუხედავად, რატომღაც მეგონა, რომ ამ ტილოს სიღრმეში, სადღაც უკან, რაღაც ურჩხული დადის და სამკაპი, რომელიც კაცს უჭირავს, საბრძოლო იარაღი უფროა, ვიდრე სამუშაო.

როცა პო მოკვდა, ერთმა გამომცემელმა, რომელსაც მის მოთხრობებზე უფლებები ჰქონდა, გვარად გრისვოლდმა დაწერა ნეკროლოგი და დაწერა იმ ნეკროლოგში დღეს განთქმული ფრაზა:

„ბალტიმორში მომკვდარა ედგარ პო. ამ ცნობამ ეგებ ბევრი კი გააოცა, მაგრამ ცოტა თუ დაამწუხრა“.

აკა მორჩილაძე - „მწერლებსა და წიგნებზე“
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2014წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში