შოუ ბაბუხადია - ბაყაყები

ერთხელ, დილით, როცა ქართლოსმა შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ საკუთარ საწოლში ვიღაცა ქალად გადაქცეულიყო...

ძილში საბანი გადასძრობოდა და ახლა რას ხედავს - მკვრივი, ქათქათა მკერდი, ხასხასა წითელი კერტები, ქვემოთ გლუვი მუცელი, ჭიპი, საზარდული, იქ კი - ოდნავ შეპარსული თმოვანი საფარველი და გადაშლილი ბარძაყები. ერთბაშად მოვარდნილმა ვნებამ გონება დაუბინდა, ეგრევე მოუნდომა ზედ მოჯდომა, მაგრამ საკუთარ თავს როგორ მოაჯდებოდა, აბა?!

***

სოციალური არეულობა თავისებურ სილამაზეს შეიცავს, როგორც ყოველგვარი სიმწყობრის მორღვევა, დეკონსტრუქცია თანამედროვე ხელოვნებაში - პოლიტიკა შინაგანად პოეტიკას დაატარებს!

***

დიდი ძალა აქვს ამ სიყვარულს, რომელიც თავის გამხელას ვერ ბედავდა და ახლა გამხელილ არს, იმდენად დიდი, რომ ადამიანში ჩადებულ ბიოლოგიურ საწყისსაც კი გადალახავს - სახეობის გამრავლების ინსტინქტს.

ადამიანი დიდ მეტამორფოზაში იმყოფება! ამ სიყვარულის ძალით ცნობიერება სხვა სიმაღლეზე გადის და სწორედ ასეთი მაღალი ცნობიერების ადამიანები შეადგენენ ჭეშმარიტ ელიტას.

და ვისი შექმნილია ე.წ. „კულტურა“? სწორედ ამ ელიტის, საუკუნეების განმავლობაში თავს რომ სწირავდნენ ამ სიყვარულისთვის, რომელიც თავის გამხელას ვერ ბედავდა, მაგრამ მაინც ამხელდა თავს, ამხელდა გენიალურ სახელოვნებო, თუ სამეცნიერო, თუ ფილოსოფიურ ქმნილებებში! საფო, პლატონი, მიქელანჯელო, შექსპირი, უაილდი, თომას მანი, კოქტო, ჟენე, ფასბინდერი და სხვანი და სხვანი და სხვანი და წინანი და უკანანი და მაღალნი და დაბალნი და აშენბახი და ტაძიო და სოკრატე და ფედროსი და ზევსი და განიმედე და დავითი და იონათამი და იულიუს კეისარი და ნიკომედე და ალექსანდრე მაკედონელი და ჰეფესტიონი და ნიანხნუმი და ხნუმჰოტეპი და ადრიანე და ანტინოე და ჰერმაფროდიტი და ჩაიკოვსკი და ლეონარდო და ვინჩი და ...

***

ვირთხებს ჩაკეტილ სივრცეში თუ მოაქცევ და საკვების პრობლემას თუ მოუხსნი - გაძლიერებულ კვებაზე თუ გეყოლება, მაშინ სუქდებიან, ბეწვი ურბილდებათ და უნაზდებათ და ერთმანეთში მავლობას იწყებენ...

***

სიმბოლოები წყვეტენ ყველაფერს, წყვეტენ ერთმანეთს, ლამისაა სულ გაწყვიტონ და თავადვე გაწყდნენ...

რაზმი მწვადთა და მოხრაკულთა, ლორთა, შაშხთა, კანჭთა ცივად მოხარშულთა, კუპატთა, და სუკ-ჩალაღაჯთა უტევს ვეგანებს - ბალახბულახის მჭამელებს:

„ვიგინდარა ვეგანებმა გვიგანეს! ვინც ხორცს არა ჭამთ, ესე იგი ტრაკს აძლევთ, როგორც მიეცით ქრისტე ჯვარზე საცმელად!“

ხოლო ვეგანნი, ბალახბულახის მჭამელნი, დარბიან ხელში პლაკატებით, მათ შორის:

„ჰამბურგერი ეს ჰოლოკოსტია! მწვადი ეს წვალებაა! ეს მკვლელობაა! ხომოფობები ჭამენ ხაშლამას! არ მოკლა ძროხა! გადაარჩინე წიწილები! Save the chickens!“

ჭაჭამ და წარაფმა მოხიტო და მარგარიტა კუთხეში მიიმწყვდიეს და ტისკამდნენ:

„შენი ადეკალონი დედა მოვხან მე! ჩაცუცქული ფსამ, არა!“

„საქართველო ხინკალი და ჩაქაფული არ არის! საქართველო სახელმწიფოა, სადაც ყველას აქვს თავისი უფლება და ეს უფლებები დაცული უნდა იყოს! არა - გასტრონომიულ დისკრიმინაციას!“ - იძახდა მოხიტო, იძახდა მარგარიტა...

„შენი სამშობლო სალათის ფურცელია, შე ჭია, შენა!“ - უტევდნენ ჭაჭა და წარაფი.

და იტყოდნენ ანარქო-ვეგანები:

„წადით აქედან! ჩვენა გვაქვს ივენთი: ანიმაციურ ფილმს უნდა ვუყუროთ!“

და მიუგებდნენ მათ ხორციელი-აბორიგენები:

„თქვენა გაქვთ ივენთი, ჩვენა გვაქვს ძალა, ძალა ქართული! ძალა ტარიელი და კიდევ ზიგფრიდი!“

ძალა და ივენთი შეიბნენ, კაფეს გაჰქონდა კივილი, კაფეს, სახელად „კივი“...

***

აი, უცებ - განვედ! განვედ! შენ დაგვიფარე, უფალო! - პირჯვარს ისახავდა დალი დეიდა, - მამა სპირიდონმა დაინახა, თუ როგორ შემოვიდა ოთახში მაღალი ძაღლისთავიანი კაცი, ფუი! ფუი! როგორ მივიდა მამა ნიკოდიმოსთან და როგორ შევიდა მასში! ხო, ასე მიამბეს მორჩილებმა... მამა ნიკოდიმოსს გონება წართმევია და ძირს დაცემულა - აღაც სუნთქავდა, აღარც მაჯა ესინჯებოდა! მამა სპირიდონმა იფიქრა, ლოცვით მოვაბრუნებო, მაგრამ ლოცვით ვერაფერს გახდა. მერე ისევ აიღო და სასწრაფოს გამოუძახა.

***

„რა მისტიკური ღამეა“, ფიქრობდა ლოლა, მღვდელი მამაო გამოესარჩლა ტრანსგენდერ სექსმუშაკს, ცირკთან, პლეშკაზე, დაიცვა იგი და იხსნა აგრესიული ტრანსფობიის შემოტევისგან! ხო, ამასაც მოვესწარი!

***

სიყვარულს არა აქვს სქესი! სიყვარული ძალაა, რომელიც ამოძრავებს ცთომილებსა და ცდომილებს! და კიდევ ამოძრავებს ტუჩებს, როცა ბიჭები ზასაობენ და კიდევ ამოძრავებს ენებს, როცა გოგონები ლოკავენ ერთმანეთს და კიდევ ამოძრავებს ტორსოსა და კიდურებს, როცა ბიჭები ეცეკვებიან ბიჭებს და გოგონები ეცეკვებიან გოგონებს...

სქესს არა აქვს სიყვარული! სქესს აქვს გამრავლების მოთხოვნილება - სიკვდილის შიში, სახეობის ბუნებრივი გადარჩევა და გადარჩენა.

***

სიყვარული თავისუფლებაა! სიყვარული აგივსებს ფილტვებს ბანგის კვამლით და იქედან პირდაპირ ტვინში მიდის და იქ აფეთქებს მილიონობით ნიერონს, როგორც ვარსკვლავებში მოთამაშე ბავშვი!

გავკარი მამას, რომ მიღრიალა და მერე მოკვდა, გავკარი დედას, რომ დამწყევლა, გავკარი ძმას, რომ მაგინა, გავკარი დას, რომ მაფურთხა, გავკარი მეზობელ ბიჭებს, რომ დამიპადიეზდეს და მირტყეს...

გავკარი ყველას, სიყვარულს არ აქვს საზღვარი!

***

ადამიანის თავისუფლებას მართლა არ აქვს საზღვარი, იგი მართლა ცვლის თავისი ბუნების ბიოლოგიურ მხარეს ისე, როგორც წარმოუდგენია, რომ უნდა იყოს - ქალი ან კაცი, ან ორივე ერთად, ან არცერთი. არადა ამას ვერ აუკრძალავ, ეს მისი თვისუფლებაა, რომელიც ღმერთმა ჩადო მასში, რომ თავისით გაიკვლიოს გზა საითაც უნდა.

და საით მიდის ეს გზა?

ლეგენდების და მითების ეპოქა ბრუნდება - თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მალე რეალურად შეიქმნებიან კენტავრები, სატირები, გარგულიები, გრიფოენები, ფრთოსანი გველები...

რა რეალობის გაყალბება ინტერნეტ-სივრცეში - მაგას ვინღა დარდობს! ადამიანი უსაკუთრივეს ბუნებას გარდასახავს, ისე როგორც მოეპრიანება - პროტესტივით...

ჰო, მატერიალიზირებული მითოლოგიის ეპოქაში შევდივართ.

***

სოლოლაკში, ინგოროყვას ქუჩაზე, ერთი პატარა, კოხტა სახლია, რომლის ფასადზე ეშმასებრი არსებაა გამოკვეთილი - ზღვის ნიჟარიდანაა გამომძვრალი, ნიკაპით ხელებს ეყრდნობა და ქუჩაში იყურება.

ამას წინათ ჩავუარე და შევხედე, იმანაც გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, აი, ასე! - და მამა ნიკოდიმოსმა თვითონ ჩაუკრა თვალი ეპისკოპოსს.

***

ღმერთმა უწყის, იქნებ ის, ვინც ჩვენ დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდოს და ანგელოსთა მსგავსი გახდეს!

***

მოედნის ცენტრში წარმოდგება ტრანსგენდერი სექსმუშაკი ლოლა - სრულიად შიშველი, სახე და ტანი შედედებულ სისხლსა და რძეში ამოგანგლული - და ეტყობა, რომ კარგად დამთვრალა. ერთხანს უხმოდ დგას, ბარბაცებს, მერე გამოიზნიქება და იტყვის:

- მე ჩემი შვილები დავხოცე, როგორც გრძნეულმა კოლხმა მედეამ! ჩემი შვილები დავხოცე, როცა ჩემი ასო და კვერცხები შიგ შევიბრუნე და სარცხვინელად ვიქციე! ჩემში დავმარხე ჩემი შვილები, რადგანაც დედა ვიყავ მათი - გადავმალე და დავიფარე! აღმა იბრუნეს პირი წმინდა მდინარეებმა და მას შემდეგ, და მას შემდეგ ტკივილად მექცა სხეული ჩემი, სხეული ჩემი ტკივილად მექცა! ა ჰა ჰა ჰა ჰა...

***

ადრე, ეშმაკისტვის სულის მიცემა ითვლებოდა ცოდვად, ახლა კი ტრაკის მიცემაა ცოდვა, იმიტომ, რომ სული აღარაა, მხოლოდ ტრაკი დარჩა!


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში