აკა მორჩილაძე - მარკ ტვენი - პირველი ამერიკული სიცილი

„ტომ სოიერის თავგადასავალი“, ჯერ კიდევ ომამდელი გამოცემა, მთლად გაყვითლებული, ელენე ახვლედიანის ნახატებით იყო სავსე...

მარკ ტვენი. იცით რაშია საქმე? მარკ ტვენს ძალიან ძნელი ცხოვრება ჰქონდა. ყოველთვის ისინი უკვდებოდნენ, ვინც გამორჩევით უყვარდა. უამრავი ფული ჰქონდა და ყოველთვის კარგავდა, რადგან ბიზნესი მისი საქმე არ იყო. ცოლის სიკვდილსაც კი მოესწრო.

ქალიშვილი სიუზი მენინგიტით გარდაეცვალა, მეორე ქალიშვილი, ჯეინი აბაზანაში იპოვეს მკვდარი, მას ეპილეფსია სჭირდა და გაგუდულიყო. მანამდე ვაჟი გარდაეცვალა, დიფტერიით.

ყველა უკვდებოდა, ვინც უყვარდა. ასეთ კაცს შეეძლო დაეწერა სასაცილო მოთხრობები მაკ-უილიამსებზე, სასაცილო ოჯახური მოთხრობები, იმიტომ რომ ის ამერიკის სიცილი იყო.

მეტიც, ის ამერიკული სიცილი იყო, პირველი დიდი ამერიკული სიცილი, რომელსაც სულ სხვანაირი სიღრმე ჰქონდა.

ცოლი, ოლივია, ფოტოდან შეიყვარა. უნახავი სიყვარულით უყვარდა. ოლივია მისი მეგობრის და იყო და შემთხვევით ნახა მისი ფოტო. მერეღა შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი ამერიკული სიცილისთვის ცოტა მოულოდნელი ამბავია; ანუ ისეთი ვინმესთვის, სიცილის და ხალისის მეფედ რომ წარმოიდგენენ.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ტვენი არ იყო მხოლოდ სიცილის მეფე.

ის რაღაცნაირი, პირდაპირი სიცილის ხელმწიფე იყო. მე თუ მკითხავთ, ცხოვრებაში არაფერი წამიკითხავს იმაზე სასაცილო, ტვენი რომ ჯეიმს ფენიმორ კუპერის რომანებს არჩევს.

აი, როცა ტვენი თავის იუმორს სადღაც გადამალავს, ის ისეთი მტკივნეული ხდება, რომ ლამის ფიზიკურ ტკივილში გადაგიყვანს.

აკა მორჩილაძე - „მწერლებსა და წიგნებზე“
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2014წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში