ბლიცერატურა #4 - პაატა შამუგია

ლიტერატურული ბლიც-ინტერვიუ პაატა შამუგიასთან.

***

პირველი მხატვრული წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წაიკითხეთ.

მგონი, „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“. მანამდე, რა თქმა უნდა, იყო ქართული ხალხური ზღაპრები, მაგრამ ეგენი არ ითვლება. წაკითხვამდე კარგა ხნით ადრე ბებიაჩემის მონათხრობით ვიცოდი მათი უმეტესობა.

პერსონაჟი / პერსონაჟები, რომლებიც მუდამ თქვენთან არიან...

იოზეფ კ სულ ჩემთანაა. იოჰიმ ნაგელი მე თვითონ ვარ.

წიგნი, რომელმაც თვლით, რომ სხვებზე მეტი მხატვრული ცოდნა მოგცათ…

ასეთი ბევრია. აი, რამდენიმე: უიტმენის „ბალახის ფოთლები“, კაფკას „პროცესი“, ბეკეტის „მოლოი“, სარამაგუს „იესოს სახარება“, ბიორნბოს „სიჩუმე“, ფრანზენის „შესწორებები“, ვიიონის „მცირე ანდერძი“, ჭილაძის „გოდორი“ და ა.შ. რომ მივყვე, რუბრიკის სახელწოდების შეცვლა მოგიწევთ.

პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ამსგავსებთ... 

ჯელსომინო ზღაპრიდან „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“. მიზეზი, რატომაც ვამსგავსებ, პრინციპში, სათაურშივეა მოცემული.

ნაწარმოები, რომლის ფინალსაც შეცვლიდით... 

ცხოვრების რაღაც ეტაპზე ძალიან გამაწამა ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენის“ ფინალმა. სიამოვნებით შევცვლიდი.

წიგნი, რომლის შინაარსის დავიწყებასაც ისურვებდით, იმისთვის, რომ თავიდან წაგეკითხათ... 

თავიდან წაკითხვის სიამოვნებას დავიწყების გარეშეც არ ვიკლებ. ყველა წიგნი, რომელიც მომწონს, რამდენჯერმე მაქვს წაკითხული.

ნაწარმოები, რომელსაც ფილმად გადაიღებდით... 

ასეთია კუტზეეს „სირცხვილი“. მართალია, ამ დიდ რომანზე ფილმი უკვე გადაღებულია და მასში უძმესი და უნეტარესი ჯონ მალკოვიჩი თამაშობს, მაგრამ ფილმი კაპიკად არ ვარგა. ეს რომანი არის შედევრი და ფილმიც უნდა იყოს შედევრი. სხვანაირად არ შეიძლება. ჰოდა, ფილმი არ არის შედევრი.

ყველაზე მუსიკალური ნაწარმოები...

რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“. ოღონდ სხვანაირად მუსიკალურია - გიჟურად, დაუდევრად, არაკლასიკურად.

მგონი, შარშან გამოვიდა კრებული „ფრანგული შანსონი“ (ბაჩანა ჩაბრაძის თარგმნილი). შანსონი იქამდეც მომესმინა, მაგრამ ფრანგულის არცოდნის გამო, მარტო მელოდიის ათვისებით ვკმაყოფილდებოდი. ტექსტების წაკითხვის მერე კიდევ უფრო გამიმტკიცდა ეგ აზრი, რომ გარგანტუაში არის შანსონი (და ჩემში უფრო ანგელოზია).

წიგნი/ნაწარმოები, რომელიც გსურთ, რომ თქვენი დაწერილი იყოს...

პაატა შამუგიას „დაუჯდომელი“. მშურს ამ ავტორის, რადგან ეს ტექსტი დაწერა.

რომელი მწერლის აღწერილ სამყაროს ამსგავსებთ თქვენსას? 

ასეთია ჰამსუნის „მისტერიები“. როგორც ჰამსუნის რომანში, ისე ჩემს ცხოვრებაში მისტერიები ყოველდღიური რუტინის ფორმატში ჩნდება. არავითარი ჯადოსნობა, მფრინავი გველხოკერები და ფაუსტური კონტრაქტები - მე და იოჰიმ ნაგელს ეს არ გამოგვადგება.

რომელი ნაწარმოების პერსონაჟი იქნებოდით და რომელი პერსონაჟი?

პელევინს აქვს საოცარი პიესა-რომანი „საშინელებათა ჩაფხუტი: თეზევსის და მინოტავრის მითი“. მთელი რომანი პოპკულტურის პაროდიაა მითოლოგიის, ფილოსოფიის და პარაფსიქოლოგიის გავლით. ვიქნებოდი ამ პიესა-რომანის პერსონაჟი მონსტრადამუსი. როგორც ხვდებით, ონომაპოეტური ანუ ხმაბაძვითი კომპოზიტია - ნოსტრადამუსის რევერსული პაროდიაა, მეორე მხრივ, მონსტრიცაა და ამავდროულად, ადამზეც გვლინკავს, ანუ ყველაზე არქეტიპული ტიპია. ერთი სიტყვით, კარგი ტიპია, რა.

რომელი პერსონაჟის შეგშურებიათ ყველაზე მეტად, როდის და რატომ? 

ბოლო დროს ყველა იმ პერსონაჟის მშურს, რომელსაც კარგი სახლი აქვს.

პირველად გამოქვეყნდა ცოდნის პორტალზე - BU.com.ge

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში