გენერალი გიორგი კვინიტაძე - პირველი რესპუბლიკის სამხედრო ელემენტი

თითოეული სახელმწიფოს ცხოვრებაში შეიარაღებულ ძალებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვთ. კრიტიკულ, გადამწყვეტ მომენტებში ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება და ქვეყნის ბედი არმიის ხელთაა. ასე იყო დღემდე და, ვფიქრობ, ასე იქნება მუდამ. 

შეიარაღებული ძალები, არმია, ხალხის სულის სარკეა. ხალხი თავის შეიარაღებულ ძალებში ასახავს ყველა თავის ღირსებას, ყველა თავის ნაკლოვანებას, მთელ თავის კულტურას, მთელი თავის განვითარებას. ეს იმდენად გარდაუვალი კანონია, რომ არმია თერმომეტრივითაა - არმიის მიხედვით შეიძლება სწორი დასკვნა გამოვიტანოთ ხალხის კულტურაზე, მის სიმძლავრესა და განვითარებაზე ცხოვრების ყველა სფეროში. საბერძნეთის, რომის, ყველა უახლესი სახლემწიფოს ისტორია, ისევე, როგორც ჩვენი სამშობლოსი, ამის ნამდვილი და უდავო დასტურია. ღონიერი, ძლევამოსილი არმია შეესაბამება ხალხის მაღალ განვითარებას, არმიის დაცემა შესაბამისად იყო მაჩვენებელი და წინასწარმეტყვეტლი ქვეყნის მომავალი დაცემისა.

რა საფუძველი იყო საქართველოში შეიარაღებულ ძალთა შესაქმნელად? ამ მხრივ საქართველო ერთობ კეთილსასურველ პირობებში გახლდათ; მას ჰყავდა დიდი რეზერვი ოფიცრებისა და ჯარისკაცებისა, რომლებმაც სკოლა გაიარეს რუსული არმიის რიგებში - მშვიდობიან დროს თუ ომიანობისას, ამ რიგებში ქართველ ოფიცრობას მუდამ თვალსაჩინო მდგომარეობა ჰქონდა. რუსეთის სახელმწიფოს შემადგენელ არც ერთ ერს არ მიუცია ჯარისთვის ასეთი, შედარებით დიდი პროცენტული რაოდენობა თავისი წარმომადგენლებით. ქართველები უცილობლივ მეომარი ხალხია (გამუდმებული ომი მაჰმადიანებთან), ოღონდ ერთი თავისებურებთი: მას არ გააჩნია შემტევ-დამპყრობლური ჟინი, რაც ჩვეულებრივ თან სდევს აგრესიულ ხალხებს; ქართველები არასოდეს არ იბრძოდნენ დასაპყრობად, ამა თუ იმ რაიონს ეუფლებოდნენ მხოლოდ საკუთარი, სასიცოცხლო საზღვრების უზრუნველსაყოფად და დამარცხებულთა მიმართ ლმობიერებით გამოირჩეოდნენ. რუსული არმიის რიგებში ბრძოლისას, ქართველი ოფიცრები თავს ისახელებდნენ ხოლმე. კაცმა რომ თქვას, კავკასიური ომების ისტორია საქართველოს შვილთა ისტორიაა. არ მეგულება არც ერთი კეთილშობილი ქართული გვარი, რომლის წარმომადგენლებიც ბრძოლის ველზე არ ყოფილან. ძველი სახელგანთქმული გვარიშვილების გვერდით იყო ბევრი მოკრძალებული გვარისაც. ერთი რამ კი აღსანიშნავია: ქართველ ოფიცრებს უმაღლეს თანამდებობებზე მხოლოდ ომისას წარადგენდნენ. მშვიდობიან დროს კი ისინი ჩვეულებრივ შტაბ და ობერ-ოფიცრის წოდებით გალევდნენ სამსახურს. რასაკვირველია, ეს იყო რუსი მთავრობის შესაბამის ღონისძიებათა შედეგი. მხოლოდ ომი აიძულებდათ, გამოვერჩიეთ და დავეწინაურებინეთ.

[...]

დიდ ევროპულ ომში გაწვეული იყო 155.000 ქართველი. საფიქრებელია, რომ მათი 2/3 უკანასკნელი ომის გამოცდილებით დაბრძენებული დაბრუნდა შინ. ერთი სიტყვით, ქართველი ოფიცრები და ჯარისკაცები მშვენიერი კადრი და მასალა იყო დამოუკიდებელი ქართული არმიის შესაქმნელად.

არმიის ორგანიზაციისას ჩვენს პატარა ჯარში საშტატო ადგილების უქონლობის გამო იძულებული გავხდით, ათასი ოფიცერი სამსახურიდან დაგვეთხოვა. რასაკვირველია, შეიძლებოდა დაგვეტოვებინა რჩეული ხალხი, რაც საშუალებას მოგვცემდა, გვყოლოდა საუკეთესო არმია. დანარჩენებისგანაც უნდა შეგვედგინა თადარიგი, რაც სავსებით იკმარებდა არმიის გასაფართოებლად საომარი მოქმედებებისათვის. ასე რომ, სახელმწიფოსა და შეიარაღებული ძალებისთვის კრიტიკულ მომენტში ჩვენს ბელადებს მოჭარბებულადაც კი ჰყავდათ სახელმწიფოს მშვიდობიანი კეთილდღეობის მცველნი და დარაჯნი.

მთელი ქართველი ხალხი გაერთიანდა ამ ბელადების გარშემო. ყველაფერი მათ ხელთ იყო - სამშობლოს სიყვარული, თავგანწირვა, მშვენიერი საბრძოლო კადრი და მასალა. ისმის კითხვა: რატომ ვერ გავუძელით ბოლშევიკურ ტალღას მაშინ, როცა სხვა პატარა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები არსებობას განაგრძობდნენ? არაფერს ვამბობ პოლონეთზე, თუმცა ამ ქვეყანას ლამის მთელი რუსეთი დაეცა თავს; მაგრამ არსებობს ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბოლოს და ბოლოს სომხეთიც კი არ არის მთლიანად დაპყრობილი და მისი დროშა ჯერ კიდევ ფრიალებს ზანგეზურზე. 1922 წელს ვგულისხმობ, როცა იწერებოდა ეს მონაცემები. ეგეც არ იყოს, რუსეთისგან ჩვენ კავკასიონის ქედი გვყოფდა. ასეთი ქომაგი არც პოლონეთს ჰყოლია, არც ლატვიასა და ფინეთს. მაშ, რა მოხდა?

ბოლშევიკებთან ჩვენი დამარცხების ერთ-ერთ მთავარ, ან იქნებ უმთავრეს მიზეზად მიმაჩნია შეიარაღებული ძალების მოუწყობლობა, უფრო სწორად, არასწორი მოწყობა. შეიარაღებულ ძალთა ორგანიზაციას ჩვენი ბელადები თვითონ კიდებდნენ ხელს და ამ საქმეს არ ანდობდნენ სპეციალისტებს. ბოლშევიკებმა კი, როგორც ვიცით, ეს საკითხი სხვანაირად გადაწყვიტეს: მათ ჯარის ორგანიზაციისათვის სამხედროები მიიწვიეს, ოღონდ პოლიტიკური ზედამხედველობა დაუწსეს. ჩვენები ჯარის მოსაწყობად ახალ გზებს, ახალ საფუძველს ეძებდნენ და შექმნეს გვარდიული ორგანიზაცია - ჯარის ანომალია, რომელსაც არავითარი უნარი არ გააჩნდა საომარი მოქმედებისა. დაივიწყეს, არა, განა დაივიწყეს, არ უნდოდათ დანახვა, რომ მოხალისედ, დისციპლინის, იძულების გარეშე იშვიათად გასწირავს ვინმე საკუთარ სიცოცხლეს, თუნდაც სამშობლოს საკეთილდღეოდ. ასეთია ცხოვრება. ბოლშევიკები ამას მიხვდნენ და დისციპლინის განსამტკიცებლად ისეთ მკაცრ სასჯელებს მიმართეს, სისასტიკით რომ სჭარბობდა ყველაფერს, რაც კი გამოუყენებიათ ბოლოდროინდელ ცივილიზებულ არმიებში და გაგვახსენეს ვალენშტეინის დრო, როცა ბანაკში შემოვლისას დამკვიდრებული ფრაზა იყო: „ჩამოახრჩვეთ წყეული!“

***

რევოლუცია თბილისში ტელეგრაფით მოვიდა და პირველი დღეები საყოველთაო სიხარულით გამოირჩეოდა. პეტროგრადის მაგალითისამებრ, თბილისში მყისვე ჩამოყალიბდა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო. მათ გვერდით იქმნებოდა კავშირები და საბჭოები: პოლონური, უკრაინული, სომხური, ქართული. ფაქტიური ძალაუფლება მაშინვე სოციალ-დემოკრატთა პარტიამ ჩაიგდო ხელთ.

***

1917 წლის დეკემბერში ერთი ამბავი მოხდა. თბილისში მუშებმა შექმნეს წითელი გვარდია კონტრრევოლუციურ ძალებთან საბრძოლველად და ქალაქში მართლწესრიგის დასაცავად. იმდროინდელი თბილისი სრულიად სხვადასხვაგვარ მიმდინარეობათა კერა გახლდათ: ათასი ჯურის მოსახლეობა, მტკიცე ხელისუფლების გარეშე დარჩენილი, გაპარტახებული ქალაქი. მდგომარეობას განსაკუთრებით ამწვავებდა ფრონტიდან უკანდახეული არმისი საფრთხე. 12 დეკემბერს თბილისის არსენალი წითელმა გვარდიამ და ჯარის ნაწილებმა ჩაიგდეს ხელთ; თუმცა ფართო საზოგადოებამ არაფერი იცოდა ამ საქმეში ჯარის მონაწილეობაზე. ასეა თუ ისე, ქება-დიდება მხოლოდ გვარდიას ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ არსენალს არავინ იცავდა, იგი გაუსროლელად იგდეს ხელთ. ამ დღიდან დაიწყო წითელი გვარდიის განმტკიცება; 12 დეკემბერი გვარდიის დღესასწაულად იქცა და ამ დღს ისეთი განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავდნენ, თითქოს ბასტილიის აღების დღე ყოფილიყოს. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1918 წელს, როცა სომხებთან საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, გვარდია ბრძოლის ველზე მხოლოდ თავისი დღის საზეიმო აღნიშვნის მერე გავიდა. თუმცა ომი 7 თუ 8 დეკემბერს დაიწყო, ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, სანაინის ხეობას სროლა აყრუებდა, თბილისის თავზე კი საზეიმო ალმები ფრიალებდა და აეროპლანები დალივლივებდა, სანაინში დაღუპულ მებრძოლთა სულები კი გაკვირვებით დასცქეროდნენ გოლოვინის პროსპექტზე გვარდიელთა აღლუმს.

***

ადრე ზოგადად მივუთითე იმ სამუშაოზე, რომელიც წილად ხვდათ ჩვენი ხალხის ბელადებს; მივუთითე, რას მიაღწიეს, თუმცა დაწვრილებით არ შევჩერებულვარ მათ მოღვაწეობაზე საგარეო პოლიტიკის, სამხედრო, საფინანსო, ეკონომიკურ, საშინაო და სხვა დარგებში. ისტორია აღნუსხავს და აღნიშნავს, რისი მიღწევა შეეძლოთ და რას მიაღწიეს, რა შეცდომები დაუშვეს და რა დამსახურება მიუძღვით სახელმწიფოებრივი ცხოვრების სფეროებში - ზოგადად და ცალ-ცალკე. მე მოგახსენებთ მათ მოღვაწეობაზე, როგორც შეიარაღბულ ძალთ მოწყობაში, ისე საერთოდ სამხედრო საქმეში. ამ მხრივ გამოიკვეთა შემდეგი თავისებურებები. ოფიცერთა კორპუსთან დამოკიდებულება: ოფიცრებს საერთოდ არ ენდობოდნენ. რატომ? ამის მიზეზზე მეტყველებს ქართველ მეომართა კავშირის დაშლის მოთხოვნა. ეს კავშირი უპარტიო იყო. ამასობაში, მუშათა და პროფესიულ კავშირებს, კოოპერატივებს ახალისებდნენ. ოფიცერმა უცებ დაკარგა მათ თვალში მნიშვნელობა; იგი უუფლებო აღმოჩნდა და, სამშობლოსათვის თავგანწირვის მაღალი მოწოდების მიუხედავად, მას ჩვეულებრივ მუშასაც კი არ უტოლებდნენ. მისი ავტორიტეტი ჯარისკაცთა თვალში განუწყვეტლივ ილახებოდა. ჩვენს თვალწინ უხეშად ტარდებოდა ჩხრეკა და დაპატიმრებები.

[...]

ოფიცრობას, უმთავრესად, უმაღლეს სამეთაურო შემადგენლობას, ჯარების რეორგანიზაციის პროექტის დამტკიცების შემდეგაც კი არ ენდობოდნენ. უნდოდათ ჯარებში კომიტეტები შემოეღოთ და დაეშვათ პოლიტიკური აგიტაცია, რაც, რასაკვირველია, უგუნურება იყო და როგორც ჩანს, ვიწრო დოქტრინების გავლენით კეთდებოდა. ძალაუფლებით ისარგებლეს და მოსპეს ოფიცერთა შორის დოქტრინის ერტიანობა, მეგობრობისა და სოლიდარობის გრძნობა. ამით გააღვივეს პირადი ინტერესები; ამან შეარყია ოფიცერთა კორპუსის სულისკვეთება. დისციპლინა ირღვეოდა, თავი იჩინა ინტრიგებმა, დასმენებმა. საჭირო იყო პირიქთ, ოფიცრების ორგანიზება უმაღლეს საოფიცრო შემადგენლობაში დოქტრინის ერთიანობის დანერგვით და მათი ავტორიტეტის ამაღლებით. დოქტრინის ერთიანობის მისაღწევად უფროსი ოფიცრობისთვის უნდა გადაეცათ შეიარაღებულ ძალთა მოწყობის, მათი აღზრდის, სწავლების და სხვა საკითხების გადაწყვეტის უფლება. მთელი სამხედრო საქმის სათავეში უნდა დაესვათ სამხედრო პირი, რომელცი პასუხისმგებელი იქნებოდა სამხედრო საქმეზე. მმართველებს უეჭველად უარი უნდა ეთქვათ პროტექციონიზმზე, თანამდებობებზე „თავისი ხალხის“ დანიშვნაზე, შემადგენლობის მეთაურის დანიშვნის საქმეში სამეთაურო შემადგენლობის ჩარევაზე და ა.შ.

უნდა აღვნიშნო, რომ ბელადებს არმიის შექმნის სურვილი არ ჰქონდათ, ერთსა და იმავე დროს ყალიბდებოდა სომხური და ჩვენი ნაწილები, და კიდევ რუსული კორპუსი. ქართული და რუსული კორპუსები, რომელთ მოწყობაში დამოუკიდებლად მოქმედებდნენ სოციალისტები, არ ჩამოყალიბდა; სომხური კორპუსი კი, სადაც ამ მოვლენას ადგილი არ ჰქონია, ჩამოყალიბდა. ბელადებს ეშინოდათ, რომ შეიქმნებოდა ძალა, რომელიც შეიძლება არ დამორჩილებოდა მათ სოციალისტურ მისწრაფებებს; მათ სურდათ ეს ძალა ემართათ, როგორც პირადი პოლიტიკური საყრდენი. ამის დასტურია მათი სურვილი, ჯარებში პარტიულობის დაშვებისა. როცა ცხოვრებაში ეს არ გამოვიდა, სხვა ხერხს მიმართეს და შექმნეს საკუთარი პირადი ძალა - გვარდია, სოციალ-დემოკრატიული პარტიის პირმშო.

რევოლუციურ ბელადებს უბირად სჯეროდათ, რომ შეიძლება შეიარაღებული ძალის შექმნა ჯარისკაცებისა და ოფიცრების თავმოყრით. ამის შედეგად, ომის დროს ჩამოყალიბდა მოხალისეთა უამრავი ცალკეული რაზმი; მაგალითდ, ბათუმის გარნიზონში შედიოდა სწორედ ამგვარად შექმნილი რაზმები. ასევე იყო სომხეთ-საქართველოს ომსი დროს და ახალციხის მოვლენებისას.

***

1918 წლის გაზაფხულზე ბოლშევიზმმა ძლიერი გავლენა იქონია ახლად ჩამოყალიბებულ ქართულ ნაწილებზე. ეს ნაწილები ყალიბდებოდა ქართველი ჯარისკაცებისაგან, რომლებიც რუსული ჯარის ფრონტებიდან მოდიოდნენ. სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნდა. კავკასიურ ჯარებში ბოლშევიზმი იმავე გზას დაადგა, რასაც რუსულ ჯარში, ოღონდ აქ არ ყოფილა ის საშინელებები, ოფიცერთა მკვლელობა და წამება, რაც ხდებოდა შეშლილ რუსულ არმიაში დასავლეთის ფრონტზე. აქ არ მოვყვები ზოგიერთ ქართულ ნაწილში დაუმორჩილებლობისა და ამბოხების სურათების აღწერას, მაგრამ ერთს კი ვიტყვი:

ჯარისკაცთა გამოსვლები თებერვალში ოფიცრებისთვის სამხრეების აგლეჯვით გამოიხატა; თბილისში ამან ერთ დღეს ისეთი სახე მიიღო, რომ გენერალმა ლებედინსკიმ ბრძანება გამოსცა, ახალ ფორმაზე გადასვლამდე სამხრეების მოხსნის შესახებ. როგორც გავიგე, მმართველი წრე, ე.ი. ისინი, ვისაც იმ დროს ხელისუფლების ფიქცია ეპყრა ხელთ, ერთობ უკმაყოფილო დარჩა; ისიც უთქვამთ, ჩვენ მოვახერხებდით ოფიცრის დაცვას უხეში ხელყოფისგანო. ვფიქრობ, ეს ყველგან არ მოხერხდებოდა; თუნდაც თბილისში. ბარიატინსკის ქუჩაზე ჯარისკაცთა ბრბო იდგა და ყველას ართმევდა სამხრეებს; თვითმხილველნი ყვებოდნენ, წართმეული სამხრეები გროვებად იდგაო. მას მერე ოფიცრები სამხრეებს ვეღარ ატარებდნენ. ჯარისკაცების განწყობილება და ვითარება ისეთი იყო, რომ აპრილში ერთ-ერთმა პოლიტიკურმა მოღვაწემ პავლე საყვარელიძემ ჩემთან საუბრისას სრულიად გაწბილებულმა განაცხადა, არმიის შექმნას ვერასოდეს შევძლებთო. ამასობაში, მე უკვე ვხედავდი გამოფხიზლების ნაპერწკლებს და საყვარელიძეს არ დავეთანხმე, იმედი არ უნდა დავკარგოთ მეთქი. სამხედრო მინისტრის თანაშემწე რომ გავხდი, გავბედე და სამხრეების ტარების ბრძანება გავეცი. ამ საქმემ უინციდენტოდ ჩაიარა. ცოტა ხნის შემდეგ სამხედრო პირთა ორმხრივი მისალმების თაობაზე გავეცი ბრძანება: ჯერ უმცროსი უნდა მისალმებოდა. ამანაც უმტკივნეულოდ ჩაიარა. რევოლუციური სიმთვრალე ნელდებოდა, დრო გადიოდა და ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს, შეიძლება იმედი გვქონოდა, რომ თანდათანობით ჯარსაც შევქმნიდით.

[...]

მოგახსენებთ კიდევ ერთ ფაქტს, უშუალოდ კავკასიის ფრონტის შტაბთან დაკავშირებით. საქმე ეხება შტაბში დაცული ორდენებისა და მედლების მარაგს. ჩემს კაბინეტში ვიჯექი სამინისტროში, როცა მომახსენეს, ერთი კაცი გეახლათ გადაუდებელი სამხედრო საქმის თაობაზეო. დაუყოვნებლივ მივიღე. მოსულმა მომახსენა, ფრონტის შტაბში დაცულ ყველა ორდენს და მედალს ხვალ ბანკში უპირებენ ჩაბარებასო. ამასობაში, შტაბი უკვე ახალ უფროსს უნდა მიეღო. მაშინვე გავგზავნე შტაბში კომისია გენერალ ახმეტელის თავჯდომარეობით; კომისიას ვუბრძანე, დაუყოვნებლივ სამინისტროში გადმოეტანა ყველა ორდენი და მედალი და დაწვრილებითი აღწერა ჩაეტარებინა. ასეც მოიქნენ, მერე კი ყველაფერი ჩვენს მთავრობას ჩავაბარეთ. ეს ფაქტი საკმაოდ მკაფიოდ მეტყველებს კავკასიის ფრონტის დაწესებულებათა დამოკიდებულებაზე ახალი ხელისუფლებისადმი.

***

ერთხელ მიმიწვიეს სხდომაზე, სადაც უნდა განეხილათ დებულება გვარდიის ორგანიზაციის შესახებ. სხდომის საგანი ბოლო წუთში გავიგე. ამ დროს გერმანელები თბილისში იყვნენ და იძულებულნი ვიყავით მათთვის ანგარიში გაგვეწია. თვალში არ მოსდიოდათ წითელი გვარდია და სასახლეზე აფრიალებული წითელი დროშა. გადაწყდა, რევოლუციის მიერ წარმოშობილი ამ ორგანიზაციის გადაკეთება სახელმწიფო დაწესებულებად. ეს დაახლოებით 20 ივნისს მოხდა. გვარდია მაშინ მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ექვემდებარებოდა. ეს საბჭო ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით განაგრძობდა არსებობს, თუმცა არმია, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ საბჭოში, კარგა ხნის წინ წავიდა რუსეთში. კაცმა რომ თქვას, ქვეყანაში ფაქტიური ხელისუფლება ამ საბჭოს ჰქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საბჭოშიც და მთავრობაშიც ერთი და იგივე პირები იყვნენ და მთავრობაშიც მწვავე კონფლიქტები არ იქმნებოდა. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ითქვას: გვარდიამ ამ პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელმწიფოს შიანურ ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ რევოლუციური მონაპოვარის სადარაჯოზე დგომა ევალებოდა, გვარდიამ არაერთხელ დაიცვა ქვეყანაში მართლწესრიგი და ჩანასახშივე ჩაახშო ყოველგვარი გამოსვლა წესრიგის დასარღვევად, როგორც მოსახლეობაში, ისე ახლად ჩამოყალიბებული ჯარის ზოგიერთ ნაწილში, სადაც რუსეთიდან გადმოსული ჯარისკაცები ბოლშევიზმით იყვნენ მოწამლულები. როგორც მახსოვს, გვარდიამ დააშოშმინა ბოლშევიკური გამოსვლები გორისა და თელავის პოლკებში; თუ არ ვცდები, ეს 1918 წლის გაზაფხულზე მოხდა. ამგვარი მოქმედებით ის, რასაკვირველია, განამტკიცებდა ცენტრალურ ხელისუფლებას და შეუძლებელია ეს დამსახურებად ჩავუთვალოთ. გვარდიის ნორმალური სახელმწიფოებრივი ცხოვრების პირობებში ჩაყენების სურვილით, თუ გერმანელების დაჟინებით, ან იქნებ რამე სხვა მიზეზით - გადაწყდა „სახალხო“ გვარდიის შესახებ დებულების შექმნა.

გიორგი კვინიტაძე - ჩემი მოგონებები 1917-1921 
თბილისი, 2014წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში