ბათუმის ბრიტანული ოკუპაცია და „პალმიანი“ მარკა

I მსოფლიო ომის პერიოდში ბათუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. 1918 წლის აპრილში ქალაქში ოსმალთა იმპერიის ჯარები შევიდა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში, გერმანიის დამარცხების შემდეგ, ბრიტანული ჯარები. ბრიტანელები ქალაქში 1920 წლის ივნისამდე დარჩნენ.


ბრიტანული ოკუპაციის პერიოდში საფოსტო მარკების რეზერვი ამოიწურა და 1919 წლის 4 აპრილს ბრიტანულმა ადმინისტრაციამ ბათუმის მარკების პირველი სერია გამოუშვა. მარკა კბილანების გარეშე დაიბეჭდა და მასზე ეწერა „БАТЫМСКАЯ ПОЧТА“. მარკაზე გამოსახული იყო ხე, რომელიც პალმისებრთა ოჯახს განეკუთვნება. მსგავსი ხეები ქალაქის გარეუბანში იზრდებოდა. ხეს შეცდომით პალმად მოიხსენიებდნენ. მარკები ზოლების სახით დაიბეჭდა და თითო ზოლში 198 ეგზემპლარი იყო.

1919 წლის 13 აპრილს ბრიტანულმა ადმინისტრაციამ რუსეთის იმპერიის მარკებზე პირველი გადაფასება მოახდინა.

1919 წლის 10 ნოემბერს ბათუმის ფოსტის მარკების მეორე გამოშვება განხორციელდა. ყველა მარკაზე იყო წარწერა „BRITISH/OCCUPATION“. მეორე სერიაც ფურცლების ზოლად დაიბეჭდა და თითო ზოლში 360 ეგზემპლარი იყო. მარკები, ძირითადად, უცხოეთში გაიყიდა.

1919 წლის 27 ნოემბერს და 1920 წლის 10 მარტს რუსეთის იმპერიის შემორჩენილ მარკებზე სხვადასხვა წარწერა გაჩნდა ახალი ნომინალის, ბათუმის ოლქისა და ბრიტანული ოკუპაციის მოხსენიებით. 1920 წლის 1 აპრილს ბათუმის მარკებზე ორიგინალური სურათით, ახალი ფასის ანაბეჭდი გაკეთდა.


მაღალი ინფლაციის გამო, 1920 წელს აუცილებელი გახდა ხელმეორედ (მესამე) გამოეშვათ „პალმიანი“ მარკები ნომინალით 1-დან 50 რუბლამდე. ეს მარკები 1920 წლის 19 ივლისს გამოვიდა წარწერით „BRITISH/OCCUPATION“, თუმცა ამ სერიის მარკები ბეჭდის გარეშეა ცნობილი.

ბრიტანელებმა ბათუმის დატოვების შემდეგ, მარკების მთლიანი მარაგი თან წაიღეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მარკები იმ პერიოდში კოლექციონერების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა და მასზე ნამდვილი ნადირობა გაჩაღდა. ამით ისარგებლეს ფალსიფიკატორებმა და იმ პერიოდში ბათუმის მარკების ყალბი ეგზემპლარებიც გამოუშვეს, რამაც ბევრი ფილატელისტი შეცდომაში შეიყვანა.

ყველაზე მეტად ფალსიფიკაცია თავად ბათუმში კეთდებოდა.


წყარო: აბატი ბუზონი - ქართული მარკის ისტორია ტფილისის უნიკიდან დღემდე
ფილატელისტური ბიბლიოთეკა, 2013წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში