როგორ ჩაშალა ილია ჭავჭავაძემ ექვთიმე თაყაიშვილისა და თედო ჟორდანიას დუელი

თვითონ სულ ასე დუელისაკენ მიურბოდა გული და ხელი ილია ჭავჭავაძეს, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილი თედო ჟორდანიას რომ გამოიწვევდა დუელში, ექვთიმეს გიგა ყიფშიძის პირით შეუთვლიდა: მინახულეო, - და თხოვნით სთხოვდა: 

როგორმე მშვიდობით გაათავეთ საქმე, სულ ორი კაცი მუშაობს ჩვენს ისტორიაზე და ახლა თქვენი დუელი როგორ შეიძლებაო?

ექვთიმე ვერ შებედავდა გაეხსენებინა:

თავის დროზე თქვენ რატომღა გქონდათ სადუელო საქმე ნიკო ნიკოლაძესთანო, - და მხოლოდ მემუარულ ჩანაწერებში ჩართავდა გაკვრით ამ განაფიქრს.

თედო ჟორდანიასთან თავსგადახდენილ იმ უსიამოვნებას კი „ხანგრძლივ და მწვავე კონფლიქტად“ მოიხსენიებს და ზოგადად ქარგასაც აღადგენს.

ექვთიმე სამეცნიერო ასპარეზზე გამოჩნდებოდა თუ არა და „სამ ისტორიულ ხრონიკასაც“ გამოაქვეყნებდა, ის „ივერიის“ ფურცლებზე განცხადებას მოაყოლებდა: „მოქცევაი ქართლისაი“ პირველად მე გადმოვწერე და გადმონაწერი ვათხოვე ილია ჭავჭავაძეს, როდესაც იგი „ქვატა ღაღადს“ წერდა, და მერე ის რვეული მისგან ექვთიმე თაყაიშვილს წაუღიაო.

ეს სასტიკ შეურაცხყოფად მიიღებდა ამ განცხადებას და თედო ჟორდანიას სამედიატორო სამართალში გამოიწვევდა, და ის რომ არ გამოყვებოდა, შემდეგ უკვე დუელშიც, მაგრამ ამასაც თავს აარიდებდა.

მაშინ იყო, ამ ამბავს ილაიც ილიაც რომ შეიტყობდა და ძალიან შეწუხდებოდა: ასეთი რამ ჩვენს გაზეთში არ უნდა დაბეჭდილიყოო.

და ექვთიმეს თავისთან რომ დაიბარებდა, ძალიან გულისხმიერად მოუბოდიშებდა: ხომ იცი, დრო არა მაქვს, მე თვითონ ვერ ვკითხულობ გაზეთს, თორემ როგორ გავუშვებდი, ეს სულ რედაქციის ბრალიაო.

მერე არის, დუელში გამოწვევისთვის რომ საყვედურობს, სულ ორი კაცი მუშაობთ საქართველოს ისტორიაზეო.

ეს თავს იმართლებს: მუშაობა ახლა დავიწყე და უკვე ასეთი ლაფი გადამასხეს თავს, როგორ შემიძლია ეს შეურაცხყოფა გადავიტანო, მშვიდობით კი საქმე არ ეწყობაო.

ილია ურჩევს: სამედიატორო სასამართლოში გამოიწვიეო. და ექვთიმეს პასუხი: არც სასამართლოში გამოდის და არც დუელშიო, - პასუხად შესძახებს: ეგ ყოვლად შეუძლებელია, როგორ არ გამოგყვებათ, ეგ ხომ იმის ნიშანი იქნება, რომ ცილისმწამებელიაო. და ექვთიმე დაყაბულდება: სასამართლოს დავჯერდებიო.

ილიას რჩევით მედიატორებსაც დაასახელებდა.

ასე შეწყდა დუელზე ლაპარაკი.


როსტომ ჩხეიძე - ქართული დუელიანა
ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება
თბილისი, 2011წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში