სტამბოლის ქუჩის ბულბულები | ორჰან ფამუქი

ანკარაში რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ათათურქი სტამბოლში ჩამოსულა და ტაქსიმზე, სასტუმრო „პარკ ოტელში“ გაჩერებულა... ერთ დღეს ფანჯარაში გაუხედავს და უგრძვნია, რომ სტამბოლს მისთვის დამახასიათებელი ხმაური და მხიარულება აკლდა. თავისი ადიუტანტისთვის უკითხავს, რაშია საქმეო და ადიუტანტს ასე უპასუხია:

„თქვენო აღმატებულებავ, რადგან ევროპაში არ არის, თქვენ რომ არ გაბრაზებულიყავით, ქუჩის ვაჭრობა ავკრძალეთო“.

აი, ამაზე კი მართლა აღშფოთებულა ათათურქი და უბრძანებია:

„ქუჩის გამყიდველები ქუჩის ბულბულები არიან, რომლებიც სტამბოლს მხიარულებასა და ხიბლს ანიჭებენ. იცოდეთ, არ გაბედოთ და მათი საქმიანობა არ აკრძალოთ!“
მას შემდეგ სტამბოლში თავისუფლად შეიძლება ქუჩაში ვაჭრობა.


კალათით ვაჭრობა სტამბოლისთვის ძველად იყო დამახასიათებელი, მაშინ, როდესაც საცხოვრებელ სახლებში ლიფტები არ იყო და ზარის დარეკვით კარის ავტომატურად გაღებაც შეუძლებელი გახლდათ. იმ დროს იშვიათად შენდებოდა ხუთ-ექვს სართულიანზე მაღალი შენობები.


 დიასახლისებს, ქვემოთ რომ არ ჩამოსულიყვნენ, ტროტუარებთან მუდმივად ჰქონდათ ჩამოშვებული ზანზალაკიანი კალათები, რითაც არა მარტო ბოზასა და მაწონს, არამედ ახლო-მახლო მაღაზიებიდან პროდუქტებსაც კი ეზიდებოდნენ.


ზანზალაკის დანიშნულება უტელეფონო სახლებში ის გახლდათ, რომ გამყიდველისთვის ენიშნებინა, ზემოთ მყიდველი გელოდებაო. გამყიდველი კალათაში მაწონს ან ბოზას რომ ჩადებდა, მსუბუქად შეარხევდა მას და ზანზალაკიც აწკარუნდებოდა.



Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში