შოთა არველაძე - აჩი, ქინქლაძე, ქეცბაია და ცხადაძე

90-იანი წლების საქართველოს ნაკრებში ყველაზე ნიჭიერნი აჩი არველაძე და გიო ქინქლაძე იყვნენ. 

იმიტომ კი არა, რომ აჩი ჩემი ტყუპის ცალია, მინდა სრულიად გულახდილად ვთქვა, - საქართველოში არსებულ ფეხბურთელთა შორის არავის ჰგავს თამაშის მანერით, არაორდინალური გადაწყვეტილებები, დრიბლინგით, ხასიათით.

მიუხედავად იმისა, რომ ხუთი ურთულესი ოპერაცია აქვს გაკეთებული, არასდროს ნებდებოდა და ვფიქრობ, გულშემატკივართა თვალში წარუშლელი კვალი დატოვა...

გულს მიხეთქვას იმის წარმოდგენა, - რომ არა მისი ტრავმები, რამხელა წარმატება ელოდა!..

სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს და არც შემიძლია... აი, გიოზე ლაპარაკს კი, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვერ დავასრულებ.
არ ვიცი, უპირველეს ყოვლისა, მან აპატია თუ არა თავის თავს, აპატია თუ არა მას ქართველმა თუ ევროპელმა გულშემატკივარმა, მისი ასე, ქარსგატანებული ნიჭი, მაგრამ ჩემგან ის პატიებას ვერასოდეს ეღირსება!.. 
ვფიქრობ, გიო ქინქლაძე საქართველოს ყველა დროის, ყველაზე დიდი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი იყო, რომელმაც თავისი შესაძლებლობების ნახევარიც კი ვერ გამოავლინა და ჩვენ, ყველას, მისი თამაშის ყურების უდიდესი სიამოვნება მოგვაკლო...

თემურ ქეცბაია, უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, რომელსაც თავიდანვე ეტყობოდა, რომ დიდ წარმატებას მიაღწევდა, - ნიჭს სპორტსმენის უდრეკი ხასიათიც უმაგრებდა ზურგს.

ქეცბაია ყოველ ჯერზე ისეთი თავდადებით იბრძოდა მოედანზე, გეგონებოდათ კარიერის ბოლოს თამაშს ატარებსო. ორივე ფეხითაც ერთნაირად, ხარისხიანად თამაშობდა. თამაშის საკუთარ თავზე აღება შეეძლო და არასდროს უთქვამს, ამ პოზიციაზე არ მსურს, ან იმ დავალებას ვერ შევასრულებო!..

როცა ნაკრებში მასთან ერთად პირველად ვითამაშე, დავრწმუნდი, - თემურს ყველაფერი შეეძლო. მოედანზე ის ჩვენი ლიდერი იყო!

ასევე, ძალიან ძლიერი სპორტსმენი იყო კახა ცხადაძე. საბჭოთ კავშირი რომ დაიშალა, გაბედა და ესენგეს ნაკრებში ითამაშა. „ხალხის მტერი“! „ერის მოღალატე“! - რას არ ეძახდნენ ამის გამო საქართველოში, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ ცხადაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და რომ მას არავისზე ნაკლებად არ უყვარდა საქართველო!..

ცხადაძემ, 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, რაც ბუნდესლიგის „აინტრახტში“ მოსახვედრად დაეხმარა, - ასეთი გამოცდილებით მივიდა ის საქართველოს ნაკრებში.

კახა ცხადაძე ნაკრების პირველი კაპიტანი გახდა!

ერთი შეხედვით მაღალი, თხელი, თითქოს ჰაეროვანი, მაგრამ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი მცველი იყო.

სამწუხაროდ, უიღბლობამ ძალიან შეუშალა ხელი, - თორმეტი ოპერაცია გაიკეთა, ფეხები დასახიჩრებული აქვს...

კარიერის ბოლოს ძალიან გაწვალდა და ალბათ, რომ არა ტრავმები, ბევრად მეტს მიაღწევდა.

წყარო: შოთა არველაძე - „გუშინ...“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში