შოთა არველაძე - „ჯეიმს ბონდი“ „რეინჯერსის“ გასახდელში

„რეინჯერსს“ კოპენჰაგენში გავყევი. მატჩის წინ, გასახდელში, ნამდვილი ჯეიმს ბონდი, სერ შონ კონერი შემოვიდა (ის ხომ „რეინჯერსის“ დიდი გულშემატკივარია და დანიაშიც ჩვენს საქომაგოდ ჩამოვიდა). 

გამარჯვება გვისურვა, თუმცა მისი ეს ჟესტი მაინცდამაინც არ მესიამოვნა, რადგან მახსოვდა, ერთი წლის წინ, „კოპენჰაგენთან“ მატჩამდე, უეფას თასზე, პრაღაში, - „ჟიჟკოვთან“ დავარცხდით. შონ კონერი მაშინაც მოვიდა ჩვენთან მატჩის წინ და ის შეხვედრა 2:0 წავაგეთ.

ერთი სიტყვით, ცრურწმენამ შემიპყრო, ვაითუ ცუდი ფეხი აქვს და ახლაც წავაგოთ-მეთქი.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი მოსვლა ყველას უზომოდ გვიხაროდა, რადგან ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდის ნახვა ხშირად არ გვიწევს...

სათითაოდ მივედით და მივესალმეთ, მანაც თავაზიანად მოგვიკითხა და წარმატება გვისურვა. რონალდ დე ბურმა კი თავი გამოიჩინა და ბოლო ფილმის შესახებ დაუწყო ლაპარაკი...

რონალდს ეტყობოდა, რომ ფილმით მოხიბლული არ იყო და პირდაპირ აჯახა, - ბევრი ვერაფერი იყოო... და საერთოდაც, გულახდილად გითხრათ „შაით“-ო, რაც სუფთა შოტლანდიურად „მძღნერს“ ნიშნავს.

ამ სიტყვებმა ყველა გაგვაშეშა და დაგვაბნია. მართალია დე ბური მას იცნობდა და მანამდე რამდენჯერმე მეგობრულადაც უსაუბრია მასთან, მაგრამ ასეთ კომენტარს არავინ ელოდა!

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ზოგმა გასახდელი დატოვა, ზოგმა დაბნეულობისგან ჩანთებში დაიწყო ქექვა...

მე კი, არც ვაცალე არავის და პირდაპირ „ჯეიმს ბონდს“ მივმართე, რა თქმა უნდა, ფეხზე ადგომით, - სერ შონ, თქვენ თუ ნახეთ რონალდ დე ბურის ბოლო ჩატარებული მატჩი-მეთქი?..

გამომხედა და მიპასუხა: - არა, ნეტავ როგორ ითამაშაო?

მე, რა თქმა უნდა, მთელი ძალღონე მოვიკრიბე, რომ შოტლანდიური აქცენტით მეპასუხა:

„შაით!“ - მძღნერს რომ ფეხები გამოაბათ, ისეთი იყო-მეთქი... 

ყველა ერთხმად ახარხარდა, უხერხულობა უცებ განიმუხტა, გაქრა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, ხოლო სერ შონმა, ჩემს ამ ხუმრობას დაუმატა:

- მიუხედავად იმისა, რომ რონალდს ფილმი არ მოეწონა, მან 60 მილიონი მაინც მომიტანა, რაც ამერიკელებისთვის წარმატების მთავარი საზომიაო.

წყარო: შოთა არველაძე - „გუშინ...“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში