ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - კაცი, რომელმაც ქრისტეს ჯვარი იტვირთა

ელ გრეკო - ქრისტეს მიაქვს ჯვარი, 1578წ.
სიმონ კვირინელი, კაცი, რომელმაც ჯვარი იტვირთა იესოს ნაცვლად:

ჩემს ყანაში სამუშაოდ მივდიოდი, დავინახე იგი: ჯვარს ეზიდებოდა, უკან კი უამრავი ადამიანი მიჰყვებოდა. მეც თან გავყევი. რამდენჯერმე შეჩერდა, დასუსტებული იყო და მხრებზე მოკდებული ტვირთის ზიდვა უჭირდა; მეტისმეტად გამოფიტულიყო.

ერთი რომაელი ლეგიონერი მომიახლოვდა და მითხრა:

მიდი, შენ ხომ ბრგე ხარ და ძლიერი; იტვირთე ჯვარი ამ კაცის ნაცვლადო.

ეს რომ გავიგონე, გული სიამაყით ამევსო და კმაყოფილი და მადლიერი დავრჩი.

ავიკიდე მის მაგივრად ჯვარი.

მძიმე იყო, ზამთრის წვიმებით დაჟივებული ალვის ხისაგან გამოთლილი.

იესომ შემომხედა. შუბლიდან ოფლის წვეთები ჩამოსდიოდა და წვერზე ეცემოდა. დამაკვირდა და მითხრა:

შენც შესვი განა ეს სასმისი? სვი ჩემთან ერთად მისი ტუჩიდან უკუნითი უკუნისამდე.

ამას რომ მეუბნებოდა, ხელი მეორე, თვისუფალ, მხარზე ჩამომაყრდნო და ერთად გავწიეთ გოლგოთის თხემისაკენ.


ჯვრის სიმძიმეს კი არა, მარტოოდენ მის ხელს შევიგრძნობდი თითქოს მხარზე ჩიტის ფრთა მადევსო. ასე ავედით გორაკის წვერზე, სადაც მის ჯვარზე საგებად ემზადებოდნენ.

და მაშინ უკვე ვიგრძენი ხის სიმძიმე.

ხმა არ გაუღია, როცა ჯვარზე მიალურსმეს, არც დაუკვნესია და თვალიც არ დაუხამხამებია ჩაქუჩის კაკუნზე.

მომეჩვენა, რომ ხელ-ფეხი უკვე მოჰკვდომოდა და ხელახლა მხოლოდ მაშინღა თუ გაცოცხლდებოდნენ, როცა სისხლში განიბანებოდნენ.

ასევე მომეჩვენა, რომ იგი ისე იფერებდა ლურსმნებს, როგორც მთავარი კვერთხს, და სივრცეში ამაღლებას ესწრაფოდა.

გული მისი სინანულით არ შემკუმშვია, რადგან მეტისმეტად სავსე ვიყავი საიმისოდ, რომ რაიმეს ჩემი გაოცება გამოეწვია.

ახლა კი ის კაცი, რომლის ჯვარიც ვზიდე, თვითონ ჯვრად გადამექცა;

თუ მიწერია, რომ ისევ მიბრძანონ: აიღე ჯვარი ამ კაცისაო! ვატარებ მის ჯვარს, ვიდრე ჩემი გზა საფლავთან მიმიყვანს.

მაგრამ უთუოდ ვთხოვ მას, მხარზე ხელითაც ჩამომეყრდნოს.

ეს ამბავი მრავალი წლის წინათ მოხდა. მე კი დღესაც, როცა სახნისს ვარჭობ მიწაში, ისევ ვფიქრობ იმ საყვარელ კაცზე და იმ მომთენთავ წამს, ძილს რომ წინ უსწრებს, მის ხელს მარცხენა მხარზე კვლავაც ჩიტის მსუბუქ ფრთასავით შევიგრძნობ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში