საქართველო და ერთა ლიგა

1920 წლის 1 სექტემბერს ჩხეიძემ ერტა ლიგის საბჭოს თხოვნით მიმართა, საქართველო ამ ორგანიზაციაში მიეღოთ. მის თხოვნას დოკუმენტების მთელი სერია უმაგრებდა საფუძველს, რომლებიც იმის თვალსაჩინოებად იყო შერჩეული, თუ რამდენად მზად იყო საქართველო ერთა ლიგაში გასაწევრიანებლად. სხვა მასალათა შორის, არგენტინის რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს ოფიციალური ცნობის 1919 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული დოკუმენტიც იყო.

1920 წლის ნოემბერს ლიგის საგანგებო კომისიამ საქართველოს წევრობის მოთხოვნა განიხილა და დაადგინა, რომ საქართველოს მიღების დრო ჯერ კიდევ არ დამდგარიყო. კომისია ერთა ლიგას რეკომენდაციას აძლევდა, საქართველოსთვის შეეტყბოინებინა, რომ მისი თხოვნა თანაგრძნობითა და სიმპათიით იქნა განხილული, და რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს ლიგის ყველა ტექნიკური სტრუქტურის მუშაობაში შეეძლო მონაწილეობის მიღება.

1920 წლის 16 დეკემბერს საქართველოს საკითხი ასამბლეაზე იქნა განსახილველად გატანილი. პოლონეთის, რუმინეთის, პორტუგალიის, კოლუმბიისა და სპარსეთის დელეგატები საქართველოს მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდნენ, მაგრამ საბოლოო კენჭისყრამ მისთვის სასურველი შედეგი არ აჩვენა: ათ ქვეყანას ხმა საქართველოს მიღებისთვის მიეცა, ცამეტს - მიღების წინააღმდეგ, ხოლო ცხრამეტმა თავი შეიკავა ან მისი წარმომადგენელი კენჭისყრას არ ესწრებოდა.

(საქართველოს ერთა ლიგაში წევრობას მხარი დაუჭირეს: სამხრეთ აფრიკამ, ბოლივიამ, კოლუმბიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, პარაგვაიმ, სპარსეთმა, პორტუგალიამ, შვეიცარიამ და ჩილემ. მის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ავსტრალიამ, კანადამ, კუბამ, დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა, საბერძნეთმა, ინდოეთმა, ახალმა ზელანდიამ, ნიდერლანდებმა, იუგოსლავიამ, ჩეხოსლოვაკიამ და დანიამ)

1921 წლსი 26 იანვარს საქართველომ, რომელიც მაშინ უკვე ამიერკავკასიის ერთადერთ დამოუკიდებლობაშენარჩუნებულ ქვეყანად რჩებოდა, დიპლომატიური ტრიუმფი განიცადა, რომელმაც ერთა ლიგისგან მიღებული უარით გამოწვეული ტკივილი ერთიანად გადაავიწყდა. პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მოკავშირეებმა იგი de jure აღიარეს.
საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ დანიშნა ჩხენკელი პარიზში საქართველოს საგანგებო დესპანად და სრულუფლებიან მინისტრად. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველმა დესპანმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რწმუნების სიგელი გადასცა.

ცერემონია შთამბეჭდავი გამოდგა, მაგრამ ქართველებს აღარაფერი უხაროდათ, რადგან იმ დღეს შორეულ საქართველოში ასობით ჯარისკაცი დაეცა დათოვლილ ბრძოლის ველებზე, როცა თავიანთ ქვეყანას მოხალისეთა არმიასა თუ თურქებზე გაცილებით მრისხანე მტრისგან იცავდნენ. იმავე დღეს, 25 თებერვალს, ტფილისი რუსულმა ჯარმა დაიკავა.


ფირუზ ქაზემზადე - ბრძოლა ამიერკავკასიისთვის 1917-1921
მთარგმნელი - ქეთი ქანთარია

ქართულ ენაზე ითარგმნა საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრისა და კავკასიის განვითარების ფონდის ხელშეწყობით. 

გამომცემლობა „პოეზია“, 2016წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში