ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - სიბორია, დედა იუდასი

სიბორია, დედა იუდასი: 

ჩემი შვილი კარგი, ალალ-მართალი კაცი იყო; სათნო, ლმობიერი; უყვარდა ახლობლები და თანამემამულენი; ეზიზღებოდა ჩვენი მტრები წყეული რომაელნი, იმ მეწამული ტოგებით რომ იმოსებოდნენ, რომელთა მოსაქსოვადაც ჩხირიც კი არ გაეტოკებინათ და ჯარასთან საქსოვად არასდროს დამსხდარიყვნენ; მუდამ იქ რომ მკიდნენ, სადაც არასოდეს ეთესათ და ხნულში ერთი მარცვალიც კი არ გადაეგდოთ.

ჩვიდმეტი წლის იყო, როცა დაიჭირეს. მაშინ ისრები დაუშინა რომაელთა ლეგიონს, რომელმაც ჩვენს ვენახს ჩაუარა გვერდით.

იმ წლებშიც კი, თავისი ცხოვრების გარიჟრაჟზე, იგი სხვა ჭაბუკებს საკუთარი ქვეყნის დიდებულებაზე ესაუბრებდა და ისეთ უცნაურ რამეებს ამბობდა, რისაც მე თვითონ არაფერი გამეგებოდა.

ჩემი ძე იყო, ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილი.

ამ აწ უკვე ჩამომჭკნარი ძუძუების რძით გამოზრდილი.

ამ ბაღჩაში აიდგა ფეხი; ამ თითებზე, ახლა რომ გამხმარ, ქარით აცახცახებულ ლერწამს დამსგავსებიან, მეჭიდებოდა თავისი პატარა, ფუნჩულა, ლიბანური ყურძნის მტევნის მსგავსი ხელებით.

პირველად რომ ხალები ეცვა, დედაჩემის ნაჩუქარ სელის ნაჭერში გამოვკარი და დღემდე აგერ, იმ ფანჯარასთან მდგარ ზანდუკში ვინახავ.

ჩემი სიყრმის შვილი იყო და ფეხი რომ აიდგა, სიარული მეც მაშინ ვისწავლე, რადგან ქალები მხოლოდ მაშინ თუ დააბიჯებენ, როცა წინ შვილები მიუძღვიან.

ახლა მითხრეს, რომ თავი დაუსჯია და ქარაფიდან გადმომხტარა, რადგან ნანობდა, თავის მეგობარს, იესო ნაზარეველს რომ უღალატაო.

ვიცი, ჩემი შვილი მოკვდა, მაგრამ ვერ დავიჯერებ, ვინმესთვის ეღალატა. მას უყვარდა თავისი გვარ-ტომი და რომაელთა გარდა, არავინ სძულებია.

ჩემი შვილი ისრაელის ზეობისთვის იღწვოდა. სიტყვა არ უთქვამს და საქმე არ უქნია ისე, რომ ამ მიზანზე არ ეფიქრა.

ხოლო როცა თემშარაზე იესოს შემოეყარა, მიმატოვა და მას კვალში ჩაუდგა.

გული მიგრძნობდა, რომ სხვისი აყოლა კარგს არას უქადდა.

როცა გამოსამშვიდობებლად მოვიდა, ვუთხარი, რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ ჩემი ნათქვამი არ შეისმინა; შვილები ხომ არასოდეს ჩვენს რჩევებს ყურს არ დაუგდებენ. ისინი დღევანდელის ყოვლისწამლეკავ დინებას ჰგვანან, გუშინდელის წამლეკავ დინებათა რჩევას აინუნში რომ არ აგდებენ.

გთხოვ, ნუღარას მკითხავთ ჩემს ძეზე. მე იგი მიყვარს და სამუდამოდ ასე მეყვარება. სიყვარული რომ ხორცთან შეზრდილი ყოფილიყო, სიმშვიდის საპოვნელად რკინის გახურებული მარწუხებით ამოვიშანთავდი. მაგრამ სიყვარული სულშია განზავებული და მისი მოხელთება შეუძლებელია.

ახლა კი წადი და სხვა ქალებს ესაუბრე, იმ პატივით რომ გარემოცულან, რაც იუდას დედას არ გააჩნია.

წადი იესოს დედასთან. ისიც, თავის მხრივ, გულგაპობილია. ჩემზე მოგიყვება, და ალბათ, შენც გამიგებ...


არაბულიდან თარგმნა - გიორგი ლობჟანიძემ 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში