აბო იაშაღაშვილი - „როიალ მერის“ „ოსმალური მარში“ ტფილისში | ურბანული კვლევის ცენტრი

„ოსმალური მარში” საფათერაკო რომანია ХIX საუკუნის ტფილისზე. პერსონაჟების ნაწილი ერთ დროს ნამდვილად არსებული ადამიანები არიან, წიგნში აღწერილი ზოგიერთი ფაქტი კი მართლაც მოხდა. 


სპარსეთის შაჰის პირველ ცოლს, ვენაში თვალზე რომ მკურნალობდა, მუსიკალური ზარდახშებით გატაცებულ კონსულ რეზა ხანს, სათავგადასავლო წიგნებისა და ღამის ტფილისში ხეტიალის მოყვარულ ვიცე-გუბერნატორ ჩაიკოვსკის, ბერლინსა და პარიზში ნასტუდენტარ მეთორმეტე ჩინის კანცლიარისტ გიორგი ვახვახოვს, სხვებისგან უჩუმრად სტივენსონსა და კიპლინგს რომ თარგმნის, ბევრიც არაფერი აკავშირებთ, ვიდრე სტამბოლიდან ტფილისში ცნობილი ტერორისტი მუსტაფა, მეტსახელად „ბრმა“ არ ჩამოდის. რომანის მთავარი ამბავიც აქ იწყება...

„ოსმალური მარშით“ დაწყებულ საფათერაკო ციკლს XIX საუკუნის ტფილისზე - „როიალ-მერი“ აგრძელებს. რომანი სავსეა ალუზიებით და ისტორიული ამბებით. აკვიტანელ ჰერცოგთა შთამომავლის, ელეგანტური და საზრიანი ლუი ალბრეს ყურადღებას ალიხანოვის საჯინიბოდან უჩვეულო ვითარებაში გამქრალი დოღის ცხენი იპყრობს. ქურდების დევნაში ალბრე რამდენიმე გვამს წააწყდება, რომელთაც, თითქოსდა, ერთი საერთო ნიშანი გამოარჩევს. მკვლელობების უკან გერმანული და ბრიტანული დაზვერვა დგას. ცხენის ქურდობა დიდი თამაშის ნაწილია, ამ თამაშს კი არაერთი მოულოდნელობა ახლავს...

„ოსმალური მარშიცა“ და „როიალ-მერიც“ ქართველი მწერლის - აბო იაშაღაშვილის (ფსევდონიმი) 2014 წელს გამოცემული რომანებია. ორივე ნაწარმოები პრემია „საბაზე“ იყო წარდგენილი, საუკეთესო დებიუტისა და საუკეთესო რომანის კატეგორიაში. წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში სწორედ „როიალ-მერიმ“ გაიმარჯვა.

მკითხველი, მით უმეტეს, თუკი ის ძველი ტფილისის მოყვარული ადამიანია, ორივე ნაწარმოებს სიამოვნებით ჩაიკითხავს. რომანების შინაარსის გადმოცემას აზრი არ აქვს, თუმცა იქ აღწერილი ტფილისის გახსენება ერთ რამედ ღირს.

„ოსმალური მარში“

იმ დღეს თორმეტი უსტაბაში შეიკრიბა ხოჯივანქის სასაფლაოს კიდეზე, რათა დაბაღი ვანო ვართანოვის საქმე გაერჩია. ის ამქრის თავს არ დამორჩილებოდა და ყველა ეგენი შეეყარა თავისი სიმართლის გასატანად. 

ამის გამო დარაბები არავის დაუკეტავს და მეიდანი და იმის აყოლებაზე შუა ბაზრის დუქნები ჩვეულად ყიდდნენ ნაირგვარობებს. შიგ იტალიის მემკვიდრე ვიტორ ემანუილსაც შეეარა, პრინც დე პოლენტოს სახელით რომ მოგზაურობდა, და კაფაროვის ხალიჩისა და სხვა აზიაში ნაკეთობ ნივტეულობის დუქანში ეყიდა ნაირგვარი სამუსიკო ნივთები და თარი, ჭიანრუი და დიპლიპიტო და ტფილისი ამით არ გაოცებულა. კრივი ისევ არსენალის ხევში იმართებოდა და კაზაკები ამაში ისევ ხელს უშლიდნენ. ყეენობა ჯერ ვერ მოეშალატ და ვერც დაბახანის ახლოში შახსეი ვახსეი და თავ-პირის დასისხლიანება. ვერც ავაზაკობა აელაგმა პოლიციას და იარმურკის დუქნები, ვერის ბაღები და აგურხანები ისევ ქურდების თავშესაფრად რჩებოდა.

***

ტფილისში რა გინდა რა ბაღი არ იყო. მიხეილის ქუჩა ხომ საერთოდაც ბაღების ალაგი იყო, ვარანცოვის ძეგლიდან ვიდრე მუშტაიდამდე. ისინი ყველა ერტი მეორისაგან განირჩეოდა და თავისი გემოვნებისას ყველა გამონახავდა. ევროპის ბაღში ბატონი ბარბერინი მასკარადებს მართავდა, გერმანიის ბაღში ყოველღამ სეირნობა იყო, მუშტაიდში ლატარია-ალეგრი, გორგიჯანოვის ბაღ „სტრელნაში“ საზაფხულო თეატრი „პრიკაშჩიკს შკაფში“ წარმოადგენდა, ლორთქიფანიძის „ტრამვაიში“ ბატონი რიშარი თოკზე გადი-გამოდიოდა, შვეიცარად წოდებულ ბაღში ვენგრიელი მოცეკვავენი შეყრილიყვნენ, ნიუ-იორკისაში - გურულ მემუსიკეთა დასი, იტალიის ბაღში საერთოდაც ჭიდაობა იმართებოდა. ელოდნენ გლდანელის დაჭიდებას ნახიჩევნელ ლეონ ვალიანცევთან, ვისაც ალთი-აილუღი გაულახია.

***

უახლოვდებოდნენ ტფილისს და გზად მატულობდა დუქნები და აღმართიცა და დაღმართიც და ფარდაგიანი ურმები და ვირები, დიღმის ბაღებიდან ადრეულა ხილი რომ მოჰქონდათ. ეტლებმა კი შავ-თეთრი შლაგბაუმიც გაიარეს, რაც იმის ნიშანი იყო, რომ დატკეპნილი გზა მალე გასრულდებოდა, ქვაფენილი გაჩნდებოდა და ეტლები ზედ ხრიგინს, შიგ მომსხდარნი კი თავის ჭერზე არტყმასაც დააგემოვნებდნენ. გასცდნენ ფიცრულსაც და მის წინ ჩამომდგარ სალდათს, იმ დღის ამინდის შესაბამისი ნაცრისფერი მუნდირი რომ ეცვა და ხელთ ხიშტიანი თოფი ეკავა, თუმცა კი გარნიზონის ჯარისკაცის ჩვეული სიმშვიდით, რომელიც მას სულ თან სდევს და ოდენ კვირაობით ლოთაობა ცვლის. მერე საბურთალოც მოსრულდა, საცა სააღლუმოდ გამოწვეული ჯარი ბანაკდებოდა და ვერეც გამოჩნდა, იმისი ბაღები და დუქნები. „ნე უეზჟაი გალუბჩიკ მოის“ ჩაუარეს და იქიდან გამვოარდნილ არღნისა და ზურნის ხმას.

როსტომ ხანის დროინდელი ოთხმალინი ხიდი გადაიარეს და ბოლო აღმართს აუყვნენ. იქვე, ხევში, ბოზარჯიანცის თამბაქოს ქარხანაც მოიტოვეს, ეტლების სახლოსნოებიც და ჯვარსაც გასცდნენ, რომელიც ვარანცოვს აღემართა ნიკოლოზ იმპერატორის ფაეტვნიდან გადმოვარდნისას იმისი გადარჩენისა და ხელ-ფეხის არმოტეხვის სამადლობელად და ასე შედგეს ბორბალი ტფილისში, იმ გზით, რომელსაც ქალაქში დიღმის გზად იტყოდნენ, რუსები მოსკოვის ზასტავად და ახლა კი ოლგას ქუჩის დასაწყისი იყო და იმით გოლოვინსკზე გავიდნენ. ნაირგვარი შენობებიც გაიარეს, ეს ფოსტაო, ის ცირკიო, კადეტთა კორპუსიო, დაუმთავრებელი ოპერის შენობა და პასკევიჩ-ერივანსკის მოედნამდე გააღწიეს.

[...]

თითქოს და სულ ახლახანს იყო, როცა შაჰის ცოლის გამოჩენა სპარსეთის ქვეშევრდომთ შიშის ზარს სცემდა, რაკი ადრე თუ ქუჩაში ვინმე მათ გადაეყრებოდა, უმალ უნდა გაქცეულიყო და სადმე ქუჩის ყურეში ან სხვის ეზოში მიმალულიყო, რომ არამც და არამც მათთვის თვალი არ მიეკარებია. მაგრამ მას მერე, რაც შაჰმა ევროპა მოიარა, ამნაირი წესი გააუქმა.

***

ტფილისში სიარულისას ვენას მოივლიდა, პარიჟს, ვენეციასა და ბერლინს და უეცრად ამ ევროპული ფოიერვერკიდან მას შეეძლო გაძვრომა და ვიწრო გასავალებით ბაღდადსა და დამასკოში გასვლა. ასე, მოკლე ნაბიჯებით ორთავე ხმელეთის მოვლა.

***

აგე, ორთაჭალის ბაღებიც, ზედ გადებული ვირის ხიდით და ნაირგვარობებით შიგა. და ის შევიდა ამ ტფილისელთა სევდის განსაქარვებელ ბაღებში. ბუზმენტიანი კარვები იდგა და ხალხიც სხვადასხვა მოკრებილიყო, სხვადასხვა სამოსის ხალხი სხვადასხვა მხრით იჯდა. იმან კი იკითხა, საღმრთო, აბა, საით არისო და მიასწავლეს.

ბედი იყო თუ რა, სწორედაც იმ დროს მივიდა, როცა სილას ულაწუნებდნენ აშუღობის მაძიებლებს. ყარაფატმამ დაინახა იქ მოკრებილი ორმოციოდე კაცი და ამ ყველაფერში ჯერ სომხის მღვდელი ლაპარაკობდა და ხელში წიგნი ჰქონდა და იქიდან კითხულობდა ლოცვებსა და სახარებას და დანარჩნებს კი თავი დაეხარათ. ეს რომ მორჩა, მერე წინ ამათი უსტაბაში ჰაზირა გამოვიდა, გვერდი-გვერდ კი ორი აღსაკალი ამოდგომოდა. ქარგლები კი აგრე უცქერდნენ. თუმცა ცქერა, აბა, რა სათქმელია - უმეტესობა ბრმები იყვნენ და ეგრე იყვნენ თვალ-ჩინ წართმეულები. ჰაზირამ კი იმათ ცერა თითებს დაავლო ერთი ხელი, ეგრე დაიჭირა, მეორეთი კი ლოყაზე სილა გააწნა სამჯერ და მერე კი გადაკოცნა. რაღაცეებსაც ლაპარაკობდა, ოღონდაც ყარაფატმას არც ხმა ესმოდა და არც ენა. ამ ქარგლებმა კი ამოიღეს ბაღდადები, შიგ გამოკერილი მუშის კაკლებით, და მისცეს ჰაზირას და იმის აღსაკალებს. და ყველამ ისევ ერთმანეთი გადაკოცნა. შვიდი შეგირდი დალოცეს, ხუთი ქართველი და ორი სომეხი.

ეგ ამქარი დიდ საქმეს აკეთებდა. ამ ამქრის წყალობით უსინათლოები სწავლობდნენ აშუღისა და საზანდრის ხელობას, გამოდიოდნენ დამკვრელებად თარისა, ჭიანურისა და სხვა ამისთანასი. მაშინ სამი ცნობილი დასტა იყო ტფილისში და სამივე აქ იყო. დასტა თვით უსტაბაშისა, ჰაზირასი, რომელიც შედგებოდა დაირისა, თარის, ჭიანურისა და დიპლიპიტოსაგან და ამ დასტის დაკვრასა და სასიმღეროებს - მეტადრე რაც ქართულად იყო დაკრულ-დათქმული - უფრო ადგილობრივი ხასიათი ჰქონდა.

კიდევ დასტა ჯიოვანისა, სომეხი სახალხო მომღერალი მგოსნისა. ეს დასტა შესდგებოდა სკრიპკისგან, რომელსაც ჯიოვანი უკრავდა ქამანჩით, როგორც ვიოლონჩელოს, სანთურისგან, რაც ძველებური საკრავია და კლარნეტისგან. ამ დასტის სიმღერები უფრო სომეხ ნაციონალურ ხასიათისა და კილოსი იყო, თუმცა ხშირად გამოერეოდა სხვადასხვა ოპერებიდან გადაკეთებული მოტივებიც.

და დასტა არტემა მეჭიანურესი, რომელიც უფრო სპარსულ ხმებს უკრავდა.

„ხმა იმისია, რომ დაატკბოს და ყელში ლუკმა და ღვინო უკეთ გადაჩხრიალდეს.“

***

თეატრის იქით იწყებოდა აზია. იმის ბაზრებითა და აქლემთა თავლებით, ქარვასლებით და აბანოებით, მეჩეთებითა და გაჭიმულ თოკზე გამვლელ-გამომვლელებით. ჩამოთვლა გაჭირდება, რამდენი რამ ინახებოდა იქ.

***

იარმურკის გარშემო უამრავ დუქნებში ათასი რამ სტრიალებდა. აქ, ამ დარაბებს მიღმა იყო სპარსელი სომხების ნახმარი სამოსის დუქნები. საცა მალი მალ სულ ახალსა და უხმარსაც მოსძებნიდი, რაც კარით შეჰქონდათ მძარცველებსა და ქურდებს.

აქ ნახავდი ჯიბიდან ამოცლილ ბატისტის პლატოკებსაც, საცა ამოკემსილ ასოებს ჯერ მახათით აძრობდნენ და მერე კიდევ ჰყიდდნენ. აქვე გროვდებოდა ნაირგვარი დგამ-ავეჯი, რაც ასევე სახლებიდან იქურდებოდა და მერე კი უმეტესად იმერეთში იგზავნებოდა და რომელიმე ხარაგოულელის სახლში მერე ვენური კამოდი აღმოჩნდებოდა, ანაც ფრაჟეს სასუხრე. აქვე, ამ დუქნებში ათასი ხარახურაც იყრიდა თავს - გაფუჭებული კედლის საათები, ბილიარდის შარები, დაჟანგული ლამპები და ამათ შუა შეიძლებოდა „შაჰ-ნამეს“ უცნობ ხელნაწერს გადაჰყროდა რომელიმე ბიბლიოფილი.

დალაქი, ყავახანა, ლუდხანა, დუქანი, თევზის გამყიდველი და საცა უკანა ოთახებში ათასი ბნელი საქმე სტრიალებს და თავს იყრის. და ისევე მალულად ჰქრებიან იქიდან, როგორც სჩნდებიან და შედიან. და უამრავი გაფუჭებული და ჩამოფასებული ნივთი ინახება სათავსოებში - ნაჭრები, ჟანგიანი ნივთები, რომ მერე ფომინობას, აღდგომის შემდეგ კვირას, გამოალაგონ და ამ დღის წესის თანახმად იაფ ფასში მისთავაზონ გამვლელებს.

***

ტფილისის ბაზარი იყო ხლართი და რიგი ათასი ქუჩისა და გასავალისა, სავსე სახელოსნოთი და დგამით. დახლიდარი რანაირიც გინდა, სპარსი და ავარი, სუნი და შიიტი, სომეხი და ქურთი, ხმა ოდენობა ენებისა ძნელად მოსათვლელი და ფერადი იარაღისა და დიბა-ქსოვილისა დაუთვლელი. კუბაჩური ხანჯლები, ხორასნული ხმლები, დამბაჩა და თოფი. და ქსოვილი ათას ერთი და ხალიჩები რეშტიდან და ნუხიდან. აბრეშუმი დამასკოდან, ტახტის ბალიშები, მანდილი და ქალაღაია. ამათ შუა მოსძებნიდი ოქრომჭედლებსაც, წვერზე ხელის ჩამოსმითა და ენის გამოყოფით, ორი პინით მისხალ და გირვანქა ოქროს ამწონებს.

***

ქალაქი სულ უფრო ცოცხლდებოდა. გზად თულუხჩები ხვდეობდნენ, რომელთაც მტკვრის ნაპირიდან გამოეწიათ. „მაწონი, მაწონი“, წავკისელები თავიანთი ვირებით ჩამოსულიყვნენ. „ფრუქტი, ფრუქტი“, კინტოებიც თაბახებით ამოსულიყვნენ. ქალაქი თავისი ხმებით იღვიძებდა, ის მის მეხანიზმში ჩამალულ მუსიკას ასრულებდა.


როაილ-მერი“

კონკის ტრამვაი, ზედ დაკრული ნომრით, მიიწევდა ვორანცოვის ძეგლისაკენ და შიგ მყოფნი ხედავდნენ გზად შემხვედრთა ვაჭრობას, გაქნილობას, იშკილბაზობასა და ფეხის დადგმას, არშინის დამოკლებას, პრიკასჩიკთა ღიმილსა და ხელის ბიჭთა ყურით თრევას.

თამბაქოს ბოლებითა და გარეთ გაფურთხებით, ხველებით, ვაშლის მოკბეჩით და მოსველებული ხელის კიდევაც სხვის შარვალზე გაწმენდითაც მიიწევდა ვაგონი წინ. კბილებ შეხვეული კონდუქტორი შიგ სხვადასხვა ფერის ნაკუწებს ამოწმებდა და რაკი ტფილისში ბილეთს ყველა კაი უცნაურ ალაგებსა და ჩაკუჭულობაში მალავს, კაი ხანი დასჭირდა იმეების მონახვას, უბის ამოტრიალებას თუ გახვრეტილი ჯიბიდან გავარდნილის სადღაც ფეხის ქუსლთან მოძებნას.

ტფილისის ფერადება ერთი მეორეში ირეოდა გამვლელ გამომვლელობით. იგრძნობოდა სიახლოვე ბზის მოედნისა, სამღებროებისა, დაბაღებისა, საპნის ქარხნებისა, სირაჯებისა, მეეტლეებისა, ყველას ეგ თავისი სუნი თან მოჰქონდა და ხმაურიც სულ განსხვავებული ერეოდა ერთმანეთს, თითქოს და ენათა შერევა ახლა მომხდარიყო და სწორედაც რიყეზე.

***

თუ რამის ეშინოდათ ტფილისელ ქურდებს მეტეხის ციხეში, ეგ იყო სეკრეტნი კამერა, საცა მარტო იჯდებოდი და ვერც ღვინოზე მიგიწვდებოდა ხელი, ვერც ქაღალდზე, ვერც ხმის გამცემზე, ვერაფერზე.

***

ყომარი ტფილისში უყვარდათ, გინდა აზიური, გინდა ევროპული. ფასი, ნახჩი, ბითური, დიდი განჯაფა და თულფის თამაშობა, ფულის ყრა, ნესვის სიტკბოებაზე დანიძლავება და გაჭრა, შარუქარი, ალჩუ, ყველას რა მოთვლის, და ევროპულნი კი რამდენიმე ათეული დაითვლებოდა და ამათში ერია ბოსტონ, ვისტი, რუჩნოი ბანკი, ხლუსტი, სვოი კოზირი, მაკაო, სემლისტოკ, კოროლი, ოტკუპი და ამათი ჩამოთვლა შორს წაიყვანს კაცს.

[...]

აქ იყო ახლა ყომარის ადგილი. ეშმაკის ბაზარი. აქ იყრიდნენ თავს ჯიბგირები, ქურდები, იშკილბაზები, თითლიბაზები, კარტოჟნიკები, კაცის მკვლელები, ადაბაზები, იარამაზები, ყალბი ფულის გამსაღებლები, ქალების მომტაცებელნი, პორტმანის დამგდებელნი და ყოველგვარი საზიზღარი, ავარა, დაღლარა და პაჟარნი ხალხი.

აქაურობა იყო კიდევ საროსკიპოების მხარეც და ვინემ საქვეყნო ქალებს ამ სახლებში შეჰყრიდნენ, იდგნენ ესე ქუჩაზე და გამვლელს ვინემს დაინახავდნენ და თუ იმას ფულს უგრძნობდნენ, მივარდებოდნენ, ქუდს მოხდიდნენ და გაიქცეოდნენ, ეს გამოკიდებული თავისთან რომ შეეტყუებინათ. ხშირად ემაგ გამვლელი მერე ყელგამოჭრილი მტკვარში უნახავთ.

[...]

ყავახანის შუაში და გარშემო იყო კვამლი ყალიონებისა, ორთქლი ყავადნებისა, ხველება, ოხვრა, სიცილი, ოფლის სუნი, შალვარზე დაქცეული იემენური წვეთები, შერბეთით გაწეპილი თითები, ალაჰის ხსენება, ქრისტეს მოხმობა, ბედის დაწყევლა, ქაღალდის მოსროლა, ფულების მოხვეტა და იმის ქისაში ჩაყრა. ეს რაც ჩანდა. რაც არ ჩანდა, იყო თვალის ჩაკვრა, ვარის გარტყმა, ქაღალდის ფრჩხილით გაკაწვრა, თითების სხვა ოდენობით დალაგება ქაღალდზე და ფეხის ქოშში ჩამალული ტუზი.

***

ამ ქალაქს კაი ის ჰქონდა, რომ აქ თვალში არავის ხვდებოდი. არც სამოსით, არც წვერის ფერით.

***

საზამთროს მეიდანთან და იქ შეყრილ ხალხთან გაჩერდა. წრე შეეკრათ და იმის მტვერში ორ ყოჩს ერთი მეორეს რქებით ატაკებდნენ. ამის ცქერამ ომარი ერთ ხანს გაიტაცა და ერთი ორი მის წინ მდგარი ჯიქურადაც მისწი მოსწია, ჯიბეში თითებით ვერცხლის მონეტაც მოსძებნა, რათა ჩამოსულიყო იმ შავზე, მაგრამ იმის პატრონმა ჩუმად, მეორე ყოჩს იმის გასაფუჭებლად, სახეში ჯაჭვი დაჰკრა, და ეს მუხთლობა არ დაიმალა, უმალ შენიშნეს და ისეთი ჩხუბი ატყდა, ისეთი მტვერი ავარდა იქ დავარდნილ და დაცემულ ხალხთა გამო, რომ ბევრს ვერაფერს გაარჩევდი.

***

რა სირცხვილია, ქურდები ტფილისის პოლიცმაისტერს რომ გაძარცვავენ, ეს იყო ავაზაკების ქალაქი, ავაზაკების ბუდე. პოლიცმაისტერსი ცოლის პანტალონებიც მოუპარიათ, და ახლა ვიღაც მამაძაღლი, ნაქურდის გაყოფისას, ამით ტრაბახობს, იქნებ კიდევ რაიმეს ყვება?

***

1889 წლის 3 მაისს ტფილისში სპარსეთის შაჰი ნასრ ედ-დინი ჩამოვიდა. [...] ამქრებს დავა გაემართათ, თუ რომელი იყო უპირატესი და შაჰსაც პირველი ვინ უნდა ხლებოდა. პირველობას ძველი დროიდან დაბაღები იჩემებდნენ და ეგრე წინ გამოსწევდნენ თავიანთ მხარ-ბეჭსა. ამავ ზეპირი გარდამოცემით მათ ქურქჩები მოსდევდნენ, მეწვრილმანეები, მეთევზეები, მესანთლეები. თუმცა ქალაქი და, მასთან ერთად, ამქრების ოდენობა რომ იზრდებოდა, სხვებსაც გაუჩნდათ უპირატესობის სურვილი და უკვე მექოთნეები იბრალებდნენ წინა რიგში დგომას. მეპურეები ქრისტე ღმერთის სასწაულს იმოწმებდნენ და არც მკერავები უარობდნენ პირველობას, აქაოდა, ადამ და ევას, აბა ჯერ როდის დაეფარათ ფოთლებით სიშიშვლე, და მოკლედაც ყველა ეგ კარტუზიანი უსტაბაში, გულზე დაკიდებული მენდლითა და ჯიბეში ვაშლით, ცდილობდა წინ გაედგა მხარი და ფეხი.

[...]

ამქრების ჯერიც დადგა და ახლა ისინი მიეგებნენ შაჰს დროშებით, ზედ გამოსახული ნოეს კიდობნით, მამა აბრაამის ბატკნებით და სხვა ამისთანა ნიშნებით.


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში