ძველი ტფილისი | დავით კაკაბაძე

არასოდეს კაცობრიობის ცხოვრებაში სიძველეს არ ჰქონია იმდენი ყურადღება მიპყრობილი, როგორც ახლა, ჩვენს დროში. XIX საუკუნეში მეცნიერებამ სიძველის ნაშთების შესწავლაში დიდად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ამის გამო ჩვენ ახლა უფრო სწორი წარმოდგენა გვაქვს კაცობრიობის კულტურაზე. 

სიძველეს აქვს თავისი სილამაზე. ჩვენი ახლანდელი გრძნობა სიძველის ყოველ ნაშთში პოულობს ერთგვარ სილამაზეს. ამის უმთავრესი მიზეზია, წმინდა მხატვრული თვალსაზრისით რომ ავხსნათ, სიძველის ფაქტურა. ფაქტურას ახასიათებს ფორმის გარეგანი მხარე, მისი გარეგანი გარსის თვისება, ფორმის ზედაპირის ხასიათი. არსებობს ადამიანის გრძნობა, რომელიც ადამიანს ფორმის ფაქტურისადმი მიილტვის. პირველყოფილი ადამიანი ფაქტურას იმდენადვე ეტანებოდა, რამდენადაც ცხოვრებაში ფაქტურას დიდი ყურადღება აქვს მიქცეული.

სიძველის ფაქტურას ქმნის დრო, რომლის მიზეზით ყოველივე ფორმის გარეგანი გარსი იცვლება. სწორედ ამით აიხსნება ის მოვლენა, რომ ნამდვილი ძველი საგანი ყოველთვის განირჩევა ახალი მისი მიბაძვისაგან. ფაქტურის სახის შესწავლა და დაკვირვება არასდროს არ შეაცდენს ადამიანს ძველი და ახალი საგნების გარჩევაში.

წმინდა მხატვრული გრძნობის გარდა სიძველისადმი სიყვარულს ჩვენ გვიკარნახებს წარსული ცხოვრების და კულტურის ცოდნა.

ჩვენი წინაპრების სული კიდევ დარჩენილია სხვადასხვა ნაშთებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. სიძველის ნაშთებში ჩვენ ვკითხულობთ წარსულის ცხოვრებას.

ძველ ტფილისს ჩვენი წარსულის შესწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ ნაშთებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, კიდევ ნათლად ჩანს წარსული ცხოვრების სახე. ამბობენ, რომ ჩვენ საერო ხუროთმოძღვრების ნაშთები თითქმის არ შეგვრჩენიაო. მაგრამ გაიარეთ ძველ ტფილისში და იქ ნახავთ, რამდენად უსაფუძვლოა ეს აზრი.

როდესაც იმ ვიწრო, ყრუ და დაბნეულ ქუჩებში დაიარებით. სადაც კიდევ შერჩენილია ძველი ტფილისის სახლები, სიძველის სიდიადის გრძნობას განიცდით. 

ზოგ ადგილას შეხვდებით საუცხოო მოხაზულობის შენობას. შენობის გარეგანი მხარის გარდა მათი შინაგანი მხარეც მნიშვნელოვან ფორმას წარმოადგენს.

აუცილებელი საჭირობაა, რომ ძველი ტფილისის ნაშთებს ახლავე სათანადო ყურადღება მიექცეს. საჭიროა ეს ნაშთები ახლავე შესწავლილი იქნეს, მით უმეტეს, რომ ზოგი შენობა სიძველისგან ძლივსღა სულს ღაფავს, და შორს არ არის ის დრო, როდესაც რომელიმე ვერაგული ხელი მას დაანგრევს, რომ მის ნანგრევებზე ააგოს ახლანდელი სარგებლიანი შენობა.

თუკი ჩვენ ძველი ტფილისის სიძველეების შენარჩუნებას ახლავე ხელი არ მოვკიდეთ, მერმე უკვე გვიან იქნება.

ჟურნალი „შვიდი მნათობი“, 1919 წელი, #1, აპრილი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში