უმბერტო ეკო - ფუკოს ქანქარა

შეუძლებელია, ღვთიურთან შეხება დიდხანს გაგრძელდეს და ადამიანის გონება არ ააფორიაქოს.

***

შეუძლებელია, ერთ უსასრულობას გაექცე, თუ მეორეს შეაფარებ თავს, ისევე, როგორც მსგავსს ვერ დაემალები განსხვავებულთან შეხვედრის ილუზიით.

***

მეტრი, კილოგრამი და სხვა საზომები, გარანტიის ყალბი გარანტები...

***

ხანდახან გგონია, რომ წამიც და აყვირდები.

***

რაც მივხვდი, რომ მთავარი მოქმედი გმირი ვერ ვიქნები, ვამჯობინე, გონიერი მაყურებელი ვიყო; წერას აზრი არ აქვს, თუ საამისოდ სერიოზული მიზეზი არ გაქვს, ასე რომ ჯობია, სხვების დაწერილი წიგნები გადაწერო, კარგი რედაქტორის საქმეც ესაა.

***

მეხსიერება თავდაუზოგავი ვარჯიშით დამახსოვრებას სწავლობს, მაგრამ არ იცის, როგორ დაივიწყოს.

***

თვითმკვლელობის ნამდვილი ტრაგედია იმაშია, რომ ფანჯრიდან გადახტება თუ არა, ადამიანი იქვე, სადღაც მერვე და მეშვიდე სართულებს შორის, გადაიფიქრებს.

„ღმერთო, უკან დაბრუნება რომ შემეძლოს!“

მაგრამ არა. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა.

თხლაშ.

***

გონიერი დამკვირვებელი, კონცერტიდან რომ ბრუნდება, მეორე აქტს ღიღინებს, „კარნეგი ჰოლის“ დირიჟორობაზე კი არ ოცნებობს...

***

სიტყვას ნელა ჭამა უხდება, უნდა დაარბილო, გაალღვო, ადგილი უცვალო, ენაზე გაიჩერო, თანაც ისე, არც ტუჩი დაგისველდეს გარედან და არც ნამცეცი გადმოგივარდეს, რადგან ერთი ასოც რომ აორთქლდეს, დაიკარგოს, ზედა სეფიროთებთან დამაკავშირებელი ძაფი გაწყდება.

***

თითოეული ასო სხეულის რომელიღაც ნაწილს უკავშირდება და თუ თანხმოვანს ისე გადააადგილებ, რომ მისი ძალა არ იცი, შეიძლება, შენივე სხეულის ნაწილებმა იცვალონ ადგილი ან ბუნება და მხეცივით დამახინჯდე: გარეგნულად - სიცოცხლის ბოლომდე, შინაგანად კი - უკუნითი უკუნისამდე.

***

შეუძლებელია, საშენო, „სწორ“ დროში დაიბადო და ღირსეულად ცხოვრებაც იმას ნიშნავს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვე და ყოველდღე ასწორო საკუთარი ჰოროსკოპი.

ადამიანი ისაა, რასაც მაშინ სწავლობს მამისგან, როცა მამას მისი აღზრდისთვის არ სცალია და თავისი საქმეებითაა დაკავებული.

კაცობრიობის სიბრძნეზე მეტად ადამიანებს ამ სიბრძნის ნამცეცები ზრდის და აყალიბებს.

***

განა ურწმუნოს არაფრის სჯერა. უბრალოდ, ყველაფრის არ სჯერა. ხანდახან ისიც იჯერებს რაღაცას. აი, შემდეგ რამეს კი მხოლოდ მაშინ დაიჯერებს, თუ ის რაღაცნაირად პირველიდან გამომდინარეობს. ახლომხედველის მეთოდურობით მიიწევს წინ, ჰორიზონტს არ უყურებს. ორი საპირისპირო რამ დაიჯერო და თან იფიქრო, რომ სადღაც არსებობს მესამეც, უხილავი, რომელიც ამ ორს აკავშირებს - ესაა მიმნდობლობა.

უნდობლობა, ურწმუნოება, ცნობისმოყვარეობას არ გამორიცხავს. პირიქით, აღვივებს მას.

***

ძალაუფლების წყურვილსა და სექსუალურ უძლურებას შორის უდავოდ უნდა იყოს კავშირი.

***

ხანდახან კი გამკრავდა ხოლმე სინდისის ქენჯნა, სტალინი მეგონა თავი, რომელიც ულვაშებში იცინოდა რევოლუციის შემყურე: „მიდით, მიდით, საწყალო ბოლშევიკებო, მე ჯერ თბილისის სემინარიას და მერე ხუთწლედის გეგმებს შეგიდგენთ“.

***

მას შემდეგ, რაც ტამპლიერები კოცონზე დაწვეს, საიდუმლოს მაძიებლები ყველგან და ყველაფერში მათ დაეძებდნენ, მაგრამ ვერასოდეს ვერავინ ჩაიგდო ხელში მათი არსებობის რაიმე მტკიცებულება.

***

შექმნა, მაშინაც კი, როცა ის შეცდომის წყაროა, ყოველთვის ვიღაცის სიყვარულით ხდება, „სხვის“ გამო, ვიღაცის გამო, ვინც შენ არა ხარ.

***

სანამ საკუთარ სიცარიელეში იხარშები, შეგიძლია გჯეროდეს, რომ „ერთადერთთან“ ხარ კავშირში, მაგრამ როგორც კი თიხას, მასალას ჰკიდებ ხელს, თუნდაც ელექტრონულს, დემიურგად იქცევი. ის კი, ვინც სამყაროს შექმნას გადაწყვეტს, იმთავითვე გასვრილია შეცდომითა და ბოროტებით.

***

მოკლედ, როცა არ იცი რაზე წერო, ჯობია ფილოსოფიური ტექსტები ასწორო.

***

გამომცემლობაში, მოგეხსენებათ, ბრძენიც ბევრი დაიარება და გადარეულიც. რედაქტორის საქმე კი ისაა, ერთი შეხედვით იცნოს გიჟი.

***

ზოგადად, ნებისმიერი ადამიანი ამ ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება. თითოეული ჩვენგანი ხან კრეტინია, ხან იდიოტი, ხან სულელი და ხანაც გიჟი. ასე ვთქვათ, ნორმალური ადამიანი ისაა, რომელიც გონივრულად აზავებს ამ კომპონენტებს.

***

ყველა რედაქციაშია ადამიანი, ურომლისოდაც გამომცემლობა ვერ იარსებებს: მხოლოდ ის ახერხებს, ნებისმიერ რამეს მიაგნოს ამ ქაოსში. სამაგიეროდ, ხელნაწერი თუ დაიკარგა, ვიცით ვის დავაბრალოთ. გამომცემლობაში ყოველთვის იკარგება ხელნაწერები. მგონი, ეს გამომცემლობის ძირითადი საქმიანობაა. მთავარია, განტევების ვაცი გყავდეს.

***

იმაზე უარესი არაფერია, ვიდრე მოწყენილი, უსაქმურად დარჩენილი ჯარი ომის დამთავრების შემდეგ.

***

აკრძალვების ჩამონათვალი უნდა ნახო, თუ გინდა, გაიგო, რას აკეთებს ხალხი. კანონები პირდაპირ ასახავს მათ ყოველდღიურობას.

***

ომი ყოველთვის როდი წააგავს ნარნარ ცეკვას, რაც უნდა ანგელოზური და სისხლით განწმენდილი იყოს.

***

ჯვაროსნული ომებისთვის უცხო იყო სირცხვილი და წესიერება.

***

დუმილით, წინააღმდეგობებით, იდუმალებითა და სიბრიყვითაა სავსე ტამპლიერთა პროცესი. 

***

სამყარო უწყინარი გამოცანაა, რომლის ამოხსნასაც ჩვენი შეშლილი გონება საკუთარი ჭეშმარიტებიც ცდილობს და ამით აქცევს მას შემზარავად.

***

ადამიანს წამების გაძლებას წამებით არ ასწავლიან, თუნდაც ეს წამება სიმბოლური იყოს.

***

სიმულირებულ რევოლუციას თავისი წესები აქვს.

***

თუ თავის გადარჩენა გინდა, სწორ ხაზზე ვერ ირბენ. ნაპოლეონ მესამემ, ტურინელი სავოიების მიბაძვით, პარიზი გამოშიგნა და ბულვარების ქსელად აქცია, რასაც ახლა ყველა ვადიდებთ, როგორც ურბანისტულ შედევრს. სინამდვილეში კი სწორი ქუჩები აჯანყებული მასების უკეთ საკონტროლებლადაა საჭირო.

აბა ელისეს მინდვრებს გადახედე, გვერდით მეორადი ქუჩებიც კი სწორი და განიერია. სადაც ეს არ გამოუვიდათ, მაგალითად, ლათინური უბნის ჩიხებში, სწორედ იქ მოხდა, რაც მოხდა, 1968 წლის მაისში. გაქცეულები ვიწრო ქუჩებს აფარებენ თავს. ვერავითარი სახელმწიფო ძალა ვერ გააკონტროლებს ყველა მათგანს, დაქსაქსვას და ჩიხებში დამნაშავეთა დევნას პოლიციელებიც ერიდებიან.

ორ პოლიციელს თუ შეეჩეხე ვიწრო ჩიხში, იცოდე, რომ შენზე მეტად იმათ ეშინიათ. როგორც წესი, ასეთ დროს მდევარი და დევნილი ერთმანეთის საპირისპირო მხარეს გარბის.

როცა საჯარო თავყრილობაში აპირებ მონაწილეობას, თუ იქაურობას კარგად არ იცნობ, წინა დღეს უნდა დაიარო და შეისწავლო მიმდებარე უბნები და იქ დადგე, საიდანაც ვიწრო ქუჩები იტოტება.

***

თვითგადარჩენის წესებს მხოლოდ ბავშვობაში ითვისებ ადამიანი. ცხადია, თუ დიდობაში „მწვანე ბერეტებში“ არ ჩაეწერები.

***

მთელი ცხოვრება, შეიძლება გამოგხრას სინანულმა, ოღონდ იმის გამო კი არა, რომ შეგეშლა - შეცდომას ინანებ მაინც - არამედ იმის გამო, რომ საშუალებაც არ მოგეცა, საკუთარი თავისთვის დაგემტკიცებინა, რომ მცდარ არჩევანს არ გააკეთებდი...

***

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, ძველი სასახლეები ღამღამობით ერთმანეთს ასე ელაპარაკებიან:

გამომშრალი ან სინესტისაგან დეფორმირებული კარადებისა და ჩარჩოების ჭრიალით, ძილმორეული კედლების მთქნარებითა და ნელა, ძუნწად ჩამოცვენილი ბათქაშით, საუკუნეში მხოლოდ ერთ მილიმეტრს რომ ელევა.

***

აქვს კი აზრი არასწორ არჩვანს იმაში დასარწმუნებლად, რომ სწორი არჩევანის გაკეთებაც შეგიძლია?

***

ბოლოა თუ თავი, ვერასდროს მიხვდები, თუ არ გადაწყვეტ, საიდან იწყებ თვლას.

***

ისტორიის ოფიციალურ ვერსიას გამარჯვებულები წერენ.

***

გამომცემლობებში მთელი მსოფლიოს სულელები იყრიან თავს. მაგრამ რადგან უზენაესის სიბრძნე სწორედ სამყაროს უგუნურებაში ბრწყინდება, ბრძენი მოკრძალებით აკვირდება ბრიყვს.

***

როცა რაღაც მართალია, შენ აღარაფერ შუაში ხარ.

***

არ იცით, რომ პოლიციის პირდაპირი ვალია, ეჭვი მიიტანოს ნებისმიერზე, ვისაც ჰიროშიმასავით ნათელი და კაშკაშა ალიბი არ ექნება?

***

ბრძენი ის კი არაა, ვინც სხვებზე გაბატონებას ახერხებს, არმედ ის, ვინც სინათლის გაფანტულ სხივებს აგროვებს და აერთიანებს, საიდანაც უნდა მოდიოდეს ისინი...

***

მოვლენები არ მეორდება, მაგრამ საოცრად ჰგავს ერთმანეთს...

***

ყველა აფრიკულ-ბრაზილიურ კულტს ახასიათებს ის, რომ რიტუალის დროს მორწმუნეები ტრანსში ვარდებიან და მათში უფრო მაღლა მდგომი სული შედის.

***

სიწმინდე ფუფუნებაა.

***

ცოდნის დაუფლება, მოხელთება შეუძლებელია, ის არანაირ საზომს არ ემორჩილება.

***

სცადე აბა ერთი, არაფრიდან რამე შექმნა. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოხდეს. სამყაროს რომ სული ჩაბეროს, როგორც მინამბერმა გამდნარ მინას, ღმერთმა უნდა ჩაისუნთქოს, დაიძაბოს, ფილტვებში ჰაერი დააგროვოს და მერე ხანგრძლივი, მანათობელი სტვენით ამოუშვას ათი სეფიროთი.

***

არაფერია იმაზე გამოუსადეგარი, ვიდრე ვერდაბადებული სამყარო.

***

სულის აღმასვლა აბრეშუმის ძაფივითაა, რომელიც ეხმარება სიბნელეში ხელის ცეცებით მიმავალ მორწმუნეს, სინათლისკენ მიმავალი გზა იპოვოს.

***

არ არსებობს უკეთესი ან უარესი ინფორმაცია, შენი ძალა იმაშია, რომ ინფორმაცია დაახარისხო და ცალკეული ცნობები ერთმანეთს დაუკავშირო. კავშირები ყოველთვის არსებობს, მთავარია, მიაგნო მათ.

***

გენიოსი ვერ იტანს, რომ არ ეთაყვანონ, სასწრაფოდ უნდა აცდუნოს ის, ვინც არ ეთანხმება, აიძულოს, რომ შეიყვარონ.

***

ქვეცნობიერი თავის მცველებსაც კბენს. 

***

არსებობს რაღაცეები, რის მოახლოებასაც წინასწარ გრძნობ. შემთხვევით კი არ გიყვარდება ადამიანს, იმიტომ გიყვარდება, რომ იმ მომენტში სასოწარკვეთილი მოთხოვნილება გაქვს, შეგიყვარდეს.

***

ახალი სიყვარული მშვენიერი მიზეზია სმის ხელახლა დასაწყებად.

***

ვისაც ბარებში უყვარდება, იმას მაინცდამაინც თავისი ქალი არ სჭირდება. ვინმესას ითხოვს დროდადრო.

***

ფუკოს ქანქარა ერთ ადგილზეა გაჩერებული და სადაც უნდა იყოს ის, დედამიწა მის ქვეშ მოძრაობს. სამყაროს ნებისმიერი წერტილი მყარი წერტილია, საკმარისია მასზე ქანქარა დაამაგრო. 

- ღმერთი ყველგანაა?

- რაღაც თვალსაზრისით ასეა. ამიტომაც მაშფოთებს ქანქარა. უსასრულობას მპირდება, მაგრამ არჩევანი ჩემზეა, სად მინდა ეს უსასრულობა. ასე რომ, ქანქარით ტკბობა არ კმარა, გადაწყვეტილება უნდა მიიღო, უკეთესი წერტილი ეძებო.

***

იქნებ სულ საჭირო წერტილის ძიებაში ვართ, იქნებ სადღაც ახლოსაა, აქვე, მაგრამ ვერ ვცნობთ, ვერ ვხედავთ? იქნებ იმისთვის, რომ ვიცნოთ, უნდა გვჯეროდეს?..

***

განა შეიძლება იყოს რამე უფრო თეატრალური, უფრო დრამატული, ვიდრე მადამ კიური, რომელიც საღამოს სახლში ბრუნდება და ბნელში ფოსფორისებრ სინათლეს ხედავს?

***

პოეზია წამალია! როგორც ბერძნები ამბობდნენ, ის შხამიცაა და მკურნალიც.

***

ხანდახან ტექსტთან კავშირი სწორედ ამით იწყება, გატაცებით, ექსტაზით...

***

ყველაფრის გაკეთება რომ შეგვეძლოს, რაც გვინდა! სამწუხაროდ, საგამომცემლო საქმეც ბიზნესია, ყველაზე კეთილშობილური, მაგრამ მაინც ბიზნესი.

***

ხალხი ყველაფერს ჭამს, ოღონდ კი, როგორც თქვენ თქვით, ჰერმეტიკული იყოს: ოღონდ იმის საწინააღმდეგოს ამბობდეს, რაც სკოლის სახელმძღვანელოებიდან ახსოვთ.

***

ყვავილად თუ მოაჩვენებ თავს, ფუტკარი თავად დაგესევა.

***

არსებობს კავშირები, რომლებიც უფრო ძლიერია, ვიდრე ცნებები „ჩვენიანი“ და „იმათიანი“.

***

ნუ გგონიათ, რომ თითოეულ საქმეს ბოლომდე მივყვებით, სანამ არ გავხსნით. ასეთი რამეები მხოლოდ კინოში ხდება. პოლიციელი კბილის ექიმივითაა: პაციენტს კბილს გაუბურღავ, უმკურნალებ და თხუთმეტ დღეში ისევ მოგადგება, მაგრამ შენ უკვე სხვა პაციენტებით ხარ დაკავებული.

***

ყოველთვის ვიღაცას უნდა დავაბრალოთ საკუთარი წარუმატებლობა, დიქტატურა ყოველთვის პოულობს მარადიულ მტერს თავის მომხრეთა გასაერთიანებლად.

***

ადამიანები ვერ იტანენ აზრს, რომ ყველაფერი შემთხვევით, შეცდომით შეიქმნა, ოთხი უთავბოლო ატომის ერთმანეთთან შეჯახებით. ამიტომ სჭირდებათ კოსმიური შეთქმულება ღმერთის, ანგელოზების, ეშმაკების მონაწილეობით.

***

ბუნება დროს არ ცნობს, დრო დასავლური ცივილიზაციის გამოგონებაა.

***
ჩვენ ვინ ვართ, ჩვენ, ვისაც ჰამლეტი უფრო რეალური გვგონია, ვიდრე ჩვენი შენობის კონსიერჟი?!
***

უკან დაბრუნების საუკეთესო გზა კი, თუ გინდა, ორჯერ არ გაიარო ერთი გზა, წრეზე მოძრაობაა. ერთადერთი ცხოველი, რომელსაც შეუძლია რგოლად გადაიქცეს, გველია. ამიტომაც არსებობს გველის ამდენი კულტი და მითი. როგორ გინდა, მზის წრიული მოძრაობა ბეჰემოთის გამოსახულებით წარმოაჩინო?

***

სამი ყველაზე მაგიური რიცხვია, რადგან ის ჩვენი სხეულისთვის უცხოა. არაფერი გვაბია სამი, ამიტომ ადამიანები, სადაც უნდა ცხოვრობდნენ ისინი, სამს მუდამ მისტიკურად აღიქვამენ და ღმერთთან აიგივებენ.

***

საკმარისია, ადამიანს ერთხელ შეეპაროს ეჭვი, რომ მისი გონება ყველანაირ წვრილმანებზე გაფაციცდება.

***

ჩრდილში ყოფნა იმისი პრივილეგიაა, ვინც სამყაროს დასაპყრობად ემზადება.

***

როგორი მკაფიო და ნათელი ჩანს სამყარო ბნელი საკნის ღრიჭოდან!

***

სიმბოლო მით უფრო სავსე, მნიშვნელოვანი და ძლიერია, რაც უფრო ორაზროვანი და ბუნდოვანია.

***

თუ კავშირების მოძებნას ცდილობ, ყოველთვის იპოვი მათ, ყველგან და ყველაფერში: სამყარო ერთ დიდ ქსელად იქცევა, ერთიან მორევად, რომელშიც ყველაფერი ყველაფერს გაგონებს, ყველაფერი ყველაფერზე მიგანიშნებს, ყველაფერი ყველაფერს ხსნის...

***

მარტოხელა ადამიანი, რომელიც ძაღლთან ერთად ცხოვრობს, ადამიანივით ელაპარაკება ცხოველს, თავიდან უჭირს მისი ლოგიკის გაგება, შემდეგ ითხოვს, რომ ძაღლმა გაუგოს. მერე აღმოაჩენს, რომ მისი ძაღლი ძალიან მორცხვი, ეჭვიანი, ან ბოღმიანია და ბოლოს ეჭვიანობის სცენებსაც უწყობს მას. და როცა ჰგონია, რომ ძაღლი გააადამიანურა, სინამდვილეში თავადადაა ძაღლად ქცეული.

***

თუ შეთქმულების გეშინია, თვითონ უნდა მოაწყო შეთქმულება და აკონტროლო ყველა, ვინც შეიძლება ამ შეთქმულებაში მონაწილეობდეს.

***

ხალხს ეშინია მისი, ვინც აიძულებს, კანონს ჩახედოს თვალებში.

***

ადამიანებს მუდამ ასწავლიდნენ, რომ ღმერთი რთულია, კომპლექსური, მიუწვდომელი, მაშასადამე, არათანმიმდევრულობა, ბუნდოვანება, გაუგებრობა ადამიანებს ღმერთის ბუნებასთან ყველაზე ახლოს ჰგონიათ. დაუჯერებელი ყველაზე მეტად ჰგავს სასწაულს.

***

დუმილზე მეტყველი არაფერია.

***

დიდ ქალაქს ეს უპირატესობა აქვს: სადაც არ უნდა იყო, რამდენიმე ნაბიჯი გჭირდება, რომ განმარტოვდე.

***

წარმოსახვა ისედაც საჭიროზე მეტი აქვთ ადამიანებს, არ შეიძლება მისი ამდენად პროვოცირება.

მართლა ასე ხდება. ახალგაზრდა ჰეროსტრატეს ნერვები ეშლება, რადგან არ იცის, როგორ გაითქვას სახელი. მერე რაღაც ფილმს ნახავს, სადაც სუსტი ნერვების ბიჭი „ქანთრის“ ცნობილ მომღერალ ქალს მოკლავს და ერთი დღით დაიპყრობს ახალ ამბებს. მორჩა, ფორმულა ნაპოვნია! ჩვენი ბიჭი ადგება და ჯონ ლენონს ესვრის.

***

თუ რაღაცას გამოიგონებ, რასაც სხვები რეალობად აქცევენ, გამოდის, რომ ის მართლა არსებობს. უკვე არსებობს.

***

შეთქმულება საიდუმლოს გარეშე წარმოუდგენელია. საიდუმლო აუცილებელია, რადგან მისი ამოხსნა შვებას გვგვრის და ფრუსტრაციას გვიხსნის, რადგან ან თავად საიდუმლო გადაგვარჩენს, ან საიდუმლოს ცოდნა გაიგივდება გადარჩენასთან. მაგრამ არსებობს კი ასეთი ბრწყინვალე საიდუმლო?

რა თქმა უნდა, არსებობს, ოღონდ მას ვერასოდეს გაიგებ. თუ საიდუმლო გაცხადდა, იმედგაცრუება გარდაუვალია.

***

ნებისმიერი საიდუმლო, გამჟღავნდება თუ არა, პატარავდება.

***

ყველაზე დიდი ძალა ცარიელ საიდუმლოს აქვს: არარსებულ შიგთავსს ვერც მტერი მოგტაცებს და ვერც შენიანი დაგტყუებს.

***

მანიაკს მართლა სექსი კი არ უნდა, ის უნდა, რომ სექსი უნდოდეს, ვინმეს მოჰპაროს, წაგლიჯოს ის, ძალით, უკითხავად. მზამზარეულს თუ დაგიდებენ წინ და გეტყვიან, აჰა, როდოს, მიდი, მიახტიო, გაიქცევა, აბა რა. თუ დათანხმდი, რაღა მანიაკი ხარ?

***

ბავშვობაში ყველა წერს ლექსებს, მაგრამ ნამდვილი პოეტები მერე ანადგურებენ მათ, უხეირო პოეტები კი - აქვეყნებენ.

***

მკითხველმა რომ ნაწერში ჭეშმარიტება დაინახოს, ავტორი უნდა მოკვდეს.


მთარგმნელი - ხათუნა ცხადაძე

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში