ალფონს დოდე - არლელი ქალი

Vincent Van Gogn - LArlésienne Madame Ginoux, 1888
როცა ჩემი წისქვილიდან სოფელში მიდიხარ, ერთი ფერმის წინ უნდა გაიაროთ; ის აშენებულია გზის მახლობლად აკაციის ხეებით შემოვლებული დიდი ეზოს სიღრმეში. ეს ნამდვილი პროვანსელი მეურნის სახლი თავისი წითელი კრამიტით და ფართო ყავისფერი ფასადით, რომელშიც ფანჯრები უსიმეტრიოდაა გაჭრილი, სახურავის ასაზიდად და რამდენიმე გაჭვარტლული ბულული, რომელსაც იქიდან თავი გამოუყვია.


რად მოახდინა ამ სახლმა ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება? რად მეტკინა გული ამ დაკეტილი ჭიშკრის დანახვაზე? არ შემეძლო ამის ახსნა, ამავე დროს კი ეს ბინა ჟრუანტელს მგვრიდა. მეტისმეტი სიჩუმე იყო მის გარშემო... გვერდით რომ ჩაუვლიდი, ძაღლები არ დაგყეფდნენ, ხოლო ციცრები უხმოდ გარბოდნენ... შიგნით არავითარი ხმა არ ისმოდა, ჯორის ეჟვანიც კი არ წკრიალებდა... ფანჯრებზე თეთრი ფარდები რომ არ ყოფილიყო ჩამოფარებული და სახურავზე კვამლის სვეტები არ ყოფილიყო ამართული, კაცი იფიქრებდა, აქ არავინ ცხოვრობსო.

გუშინ შუადღისას სოფლიდან შინ ვბრუნდებოდი და ფერმის ყორეს მივდევდი, რათა აკაციის ხეების ჩრდილში მზისგან თავი დამეფარა. ფერმის წინ, გზაზე, მდუმარე მუშები ფორანს ტვირთავდნენ თივით... ჭიშკარი გაღებული იყო. გავლის დროს შიგ შევიხედე და ეზოში მაღალი, სრულიად გაჭაღარავებული ბერიკაცი დავინახე; ფართო ქვის მაგიდას დაყრდნობოდა და სახე ხელებით დაეფარა; მეტისმეტად მოკლე კურტაკი და დაფლეთილი შარვალი ეცვა... შევჩერდი. ერთ-ერთმა მუშამ ხმადაბლა მითხრა:

- სსუ! ეს ჩვენი პატრონია... თავისი ვაჟის უბედურების შემდეგ გახდა ასეთი.

ამ დროს შავებჩაცმულმა ქალმა და ბიჭმა ჩაგვიარეს და ფერმაში შევიდნენ; ხელში დიდრონი მოვარაყებული ლოცვანი ეჭირათ.

მუშამ დაუმატა:

- ეს დიასახლისი და უმცროსი ვაჟია, წირვიდან ბრუნდებიან. ყოველდღე დადიან წირვაზე მას შემდეგ, რაც ყმაწვილმა კაცმა თავი მოიკლა... აჰ, ბატონო, რა მწუხარებაში არიან! მამა დღესაც მიცვალებულის ტანისამოსს იცვამს; ვერაფრით გაახდევინეს... გასწი! ხხიო!

ფორანი დაიძრა წასასვლელად. მინდოდა ყველაფერი გამეგო, მეფორნეს ვთხოვე გვერდით დავესვი, და აი, იქ, თივაში, მთელი ეს გულის დამწურავი ამბავი მოვისმინე...

მას ჟანს ეძახდნენ. ეს იყო ოცი წლის საუცხოო გლეხი ბიჭი, ქალიშვილივით გამგონე, ჭკვიანი და სახეგაშლილი. რადგანაც ძალიან ლამაზი იყო, ქალებს თვალი რჩებოდათ მასზე. მაგრამ თვითონ მხოლოდ ერთი ჩაუჯდა თავში, ერთი პატარა არლელი ქალი, სულ ხავერდსა და მაქმანებში გამოწყობილი, რომელსაც ერთხელ არლის ამფითეატრზე შეხვედროდა. ფერმაში ამ გატაცებამ უკმაყოფილება გამოიწვია. ქალს თავქარიან გოგოდ სთვლიდნენ, მისი მშობლები იქაურები არ იყვნენ. მაგრამ ჟანს არავინ უნდოდა, გარდა თავისი არლელი ქალისა.
- მოვკვდები, თუ მისი შერთვის ნება არ მომცეს, - ამბობდა ჟანი.

მშობლები იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ. გადაწყდა, ქალ-ვაჟი მოსავლის აღების შემდეგ დაექორწინებინათ.

ერთხელ, კვირა საღამოს ოჯახი ფერმის ეზოში იჯდა და სადილს ათავებდა. ეს თითქმის საქორწინო სადილი იყო. მართალია, საპატარძლო არ ესწრებოდა, მაგრამ გამუდმებით მის სადღეგრძელოს სვამდნენ... ჭიშკართან ვიღაც მამაკაცი გაჩერდა და მთრთოლვარე ხმით სახლის პატრონი ესტევი მოითხოვა პირისპირ მოსალაპარაკებლად. ესტევი ადგა და ქუჩაში გავიდა.

- თქვენ გინდათ, - უთხრა მას უცნობმა, - თქვენს ვაჟს შერთოთ უნამუსო ქალი, რომელიც ორი წლის განმავლობაში ხასად მეჯდა. ნათქვამის დამტკიცებაც შემიძლია: აი, წერილები!.. მისმა მშობლებმა ყველაფერი იცოდნენ და ქალიც აღმითქვეს; მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალს თქვენი ვაჟი აეკიდა, არც მას, არც მის მშობლებს აღარ ვუნდივარ... მე მგონია, იმის შემდეგ, რაც მოხდა, ის სხვისი ცოლი ვეღარ გახდება.

- კეთილი, - უთხრა ესტევმა წერილების გადახედვის შემდეგ, - შემოდით და ერთი ჭიქა მუსკატის ღვინო დალიეთ.

უცნობმა უპასუხა:

- გმადლობთ! მე დარდი უფრო მტანჯავს, ვიდრე წყურვილი. და წავიდა.

მამა შინ შევიდა და მშვიდად მიუჯდა მაგიდას. სადილი მხიარულად დასრულდა.

იმ საღამოს ესტევი და მისი ვაჟი ერთად წავიდნენ მინდორში. დიდხანს დარჩნენ გარეთ. როცა უკან დაბრუნდნენ, დედა ისევ იჯდა და ელოდა.

- დედაკაცო, - უთხრა ესტევმა და შვილი მასთან მიიყვანა, - აკოცე, ეს ბიჭი უბედურია...

***

NIght Cafe in Arles (Madame Ginoux), 1888 - Paul Gauguin
ჟანი კრინტს აღარ ძრავდა არლელ ქალზე, მაგრამ მაინც უყვარდა, უფრო მეტადაც მას შემდეგ, რაც სხვის მკერდზე მიხუტებული დაანახეს. მხოლოდ მეტად ამაყი იყო, რომ ეს გაემხილა და ამან დაღუპა საწყალი ბიჭი!.. ხანდახან მთელი დღეებით სადმე კუთხეში იყო მიყუჟული, ზოგჯერ კი გააფთრებული დააცხრებოდა მიწას და მარტოხელა ათი კაცის სამუშაოს ერეოდა... როცა შებინდდებოდა, არლის გზას დაადგებოდა და მიდიოდა, სანამ ჩამავალ მზის სხივებში ქალაქის წერწეტა სამრეკლოებს დაინახავდა. მაშინ ისევ უკან ბრუნდებოდა. არასოდეს ამაზე შორს არ წასულა.

ფერმის ბინადრებმა არ იცოდნენ რა ექნათ, როცა ჟანს ასეთ სევდიანსა და განმარტოებულს ხედავდნენ. ეშინოდათ, თავს უბედურება არაფერი მოიწიოსო. ერთხელ, როცა სუფრას უსხდნენ, დედამ აცრემლებული თვალებით შეხედა და უთხრა:

- ყური მიგდე, ჟან, თუ ის ქალი გულიდან ვერ ამოგიგდია, მოგიყვანთ.

მამას სირცხვილისგან სახე აელეწა და თავი ჩაღუნა.

ჟანმა უარის ნიშნად თავი გაიქნია და გარეთ გავიდა.

იმ დღიდან მან ცხოვრების წესი შეიცვალა: მშობლების დასამშვიდებლად შეეცადა თავი მხიარულად ეჩვენებინა. საცეკვაო საღამოებს ესწრებოდა, დადიოდა კაბარეში, დღესასწაულებზე. ფონვილში არჩევნების დროს ფარანდოლას ხელმძღვანელობდა.

მამა ამბობდა, „განიკურნაო“... დედას მაინც შიში ჰქონდა და წინანდელზე მეტად ადევნებდა თვალყურს შვილს.. ჟანი უმცროს ძმასთან იძინებდა საყაჭე ოთახის მახლობლად. საწყალმა დედაბერმა ლოგინი მათი ოთახის გვერდით გაშალა... ესაო და აბრეშუმის ჭიას ღამით დახედვა უნდაო.

მოვიდა მიწის მეურნეთა მფარველის - წმინდა ილიას დღესასწაული.

ფერმაში დიდი მხიარულება გაიმართა. მაჭარიც, ძველი ღვინოც, ყველას თავზე სასხმელად მიერთვა, შემდეგ შუშხუნებიც ისროლეს, მაშხალები აანთეს, აკაციის ხეებზე ფერადი ფარნები ჩამოჰკიდეს... გაუმარჯოს წმინდა ილიას! ფარანდოლას ცეკვაში ილაჯი გამოელიათ. უმცროს ძმას ახალი ბლუზა დაეწვა... ჟანსაც კმაყოფილი სახე ჰქონდა. დედას ეხვეწებოდა, იცეკვეო. საბრალო ქალი ბედნიერებისაგან ცრემლსა ღვრიდა.

შუაღამისას დასაძინებლად წავიდ-წამოვიდნენ. ყველას უნდოდა დასვენება... მარტო ჟანს არ ეძინა. უმცროსი ძმა შემდეგ ამბობდა, მთელი ღამე ქვითინებდაო. დამიჯერეთ, იმ საცოდავ ბიჭს ძალზე ჰქონდა გული დაკოდილი...

***

მეორე დილით, გათენებისას, დედას შეესმა, რომ მის ოთახში ვიღაცამ გაირბინა. გულმა რაღაც უგრძნო.

- შენ ხარ, ჟან?

ჟანმა არაფერი უპასუხა; ის უკვე კიბეზე იყო.

დედა სწრაფად წამოდგა:

- ჟან, საით?

ჟანი სხვენზე ავიდა, დედა უკან მიჰყვა:

- შვილო, ზეცას გაფიცებ!

ჟანმა სხვენის კარი მიიხურა და ჩარაზა.

- ჟან, ჟანო, შვილო, ხმა გამეცი, რას აპირებ?

დედა ბებერი, მთრთოლვარე ხელის ფათურით საკეტს ეძებს... ფანჯარა იღება, ეზოს ფილაქანზე დანარცხებული სხეულის ხმა გაისმის და ყოველივე თავდება...

საწყალს გადაეწყვიტა, „ქალი მეტისმეტად მიყვარს, სჯობია წავიდე ამქვეყნიდანო“... აი, რა უბედური გულის პატრონები ვართ ადამიანები! მაგრამ ეს მაინც მეტისმეტია, როცა ზიზღს არ შეუძლია სიყვარული ჩაკლას.

იმ დილით სოფლელები კითხულობდნენ, ვინ ყვიროდა ასე საშინლად ესტევის ფერმის მხრიდანო...

ეს ტანშემოძარცული დედა იყო, ეზოში ცვრითა და სისხლით დანამულ ქვის მაგიდასთან რომ იჯდა და ვაჟის გვამს დასტიროდა.

თარგმანი გერონტი ქიქოძისა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში