შანსონ-კაფენი ქუთაისისა | აკა მორჩილაძე

კაცმა უნდა იცოდეს, რასა ნიშნავდა შანსონ-კაფეები ქუთაისისა. ის არ იყო პურის საჭმელი და საქეიფო დუქნები ქართულ ყაიდაზე, საცა იმ გემრიელს, გაურანდავ ტაბლაზედ ეყარა ლამაზად ყველი, მწვანილი, მოთალი და შემოდიოდა ზურგიელები და ჯეირანის მწვადი, ზედ კი მოჰყვებოდა ღვინო თუნგებით და იყო აზერფაშების ტრიალი, ან სულაც საინზედ დადგმული ღვინით სავსე ჭიქებისა, როგორც ეს ქუთაისელთა წესია იმ დროიდან, რაც იქ საჭიქე ქარხანა გაიხსნა 1801 წელს.

შანსონ-კაფენი ქუთაისისა იყო ვითომდა გამოღვიძებული ისტორია ძველი საქართველოსი სიმღერის მეშვეობით.

რახან ქართული სიმღერა იმ უძველეს დროთაგან ამოითქმოდა სამი ხმით, ხოლო ძველებური ფრანგული შანსონიც, ბურგუნდიული და უფრო ადრინდელიც ასევე სამი ხმით და რახან ეს ყოველი იმპერატორმა ერთ წიგნში ამოიკითხა, წინ არაფერი ედგა იმის ცხადლივ დანახვას, თუ რაოდენი საერთო იყო ქართულს სიმღერასა და ძველ შანსონს შორის. სხვაობა იმათ შორის იყო, რომ შანსონი უფრო ამოთქვამდა გრძელ, სარაინდო თავგადასავლებს, ასრეთ, რომ ძველ ფრანგებს ეგებ მთელი თავიანთი „ვეფხისტყაოსანიც“ კი ემღერათ ერთ დაჯდომაზე, ქართული სიმღერა კი, რაღა თქმა უნდა, უფრო მოკლე იყო და ყოველდღიურ ამბავსა და განწყობას აღწერდა. თანაც ქართულს საკრავი არა სდევდა, ისინი კი სიმებს აჟღრიალებდნენ.

ჰოდა, იმპერატორმა იტალიიდან მოიწვია ერთი განთქმული მაესტრო და სთხოვა, როგორმე დაეახლოებინა ეს ორი გზა სახალხო სიმღერისა. იმ მაესტრომ, რომლის გვარსაც ახლა ტყუილად არ მოვძებნით, ბევრი იარა თუ ცოტა იარა და შემოიარა მთელი საქართველო ყურგამახვილებულმა და სთქვა, ჭეშმარიტად მრავალგვარი სიმღერა გქონიათ, სრულიად ვარ გაოცებული და ერთი-ორჯერ გულიც კი შემიჩერდა იმის სმენისას, მაგრამ იმ შანსონსა და თქვენს სიმღერას შორის, მიუხედავად ხმამრავლიანობისა, საერთო არაფერია. ეგეც არ იყოს და, პარიზმა საბოლოოდ მოკლა შანსონის მრავალხმიანობა, კარგა სამასი წლის წინათო.

ოღონდაც, იმ მაესტრომ არ იცოდა ფართო გონება იმპერატორისა. პარიზის და იმის კაფეების ხსენებამ სრულიად ახალი აზრი გაუხსნა იმპერატორს: მოდი, მაესტრო, რომელიმე ქალაქს დავაახლოვოთ ის, რაზეც ვლაპარაკობდით, ვაქციოთ ახლებურ მუსიკად ამ ორი ძველი ხელოვნების ერთობა და ჩავჭიდოთ ბურგუნდიული ქართულს იმ ადგილას, სადაც ამის რაიმე თუნდაც მკრთალი ხელჩასაჭიდი გვექნებაო.

ამაზე მაესტრომ მოსვა ღვინო, კიდევ მოსვა და დაფიქრდა. დაფიქრდა და კიდევ მოსვა და სთქვა: ერთი ქალაქი შეიძლება იყოს საამისოდ და იმ ქალაქს ჰქვიან ქუთაისიო, რადგან იქ ახლოს მჯდომნი იმგვარად მღერიან, რომ მსმენელს ჰგონია, მათი სიმღერა შორიდან მოაქვს ქარსო. ისინი იტალიელებივით მოიხმარენ გიტარას და ხმებშიც სევდასა და ხალისს ისე გაათამაშებენ, შენო მოწონებული.

ამიტომ მგონია, რომ თუკი რამ ახალი დარგის შექმნაა საჭირო, იმათ ნამღერზე უნდა დაფუძნდესო, რახან იმათი სიმღერა უფრო თავისუფალია და უბრალო, ვიდრე სხვა მხარეებისა, სადაც ძნელად რომ ფეხი ჩაუვიდეს შემცვლელსო. მაესტრომ ისიც დაურთო, თქვენ და მე კი წაგვიკითხავს ძველი შანსონის შესახებ, მაგრამ სმენიათ, აბა, სად მოგვისმენია, გრამაფონობა არ იყო იმ ლამაზ ფილიპეთა დროებაში და არც ნავარელის დროსო. იმპერატორს გაუხარდა, რაც უნდა იყოს, ხელჩასაჭიდი გვქონია და, მოდი, დაუფიქრდით ამ დარგს, ქუთაისლები სულ იოლად აითვისებენ ყოველივეს, მტკიცედა მწამსო; და მაესტრო კვლავ გაემგზავრა ქუთაისში.

ერთი წლის თავზე კი, ბერძნული ბაზრის მოედნის გარშემო მიქელაძის თავლების დანგრევა დაიწყეს და იქ ნახევარრკალად შემოაწყვეს კაფეები, სწორედ პარიზულ ყაიდაზე ნაგები; იმ კაფეებში კი საღამოობით დასხდნენ მომღერალთა კრებულნი, რომლებიც ვითომდა ქუთაისურ სიმღერებს მღეროდნენ, ოღონდ ცოტა სხვანაირად, გრძლად და ორიოდ შუასაუკუნეობრივი ინსტრუმენტის თანხლებით. ყოველ ამ კაფეს საგანგებო წიგნაკი ჰქონდა და ეს წიგნაკები კი ეწყო ყოველ სასტუმროში.

იქ ეწერა, რომ უცხოელს, მოულოდნელობის მოყვარეს, მთელს მსოფლიოს გადაწვდენაზე მხოლოდ ამ კაფეებში შეუძლია მოისმინოს ძველისძველი ბურგუნდიული მუსიკა, რომელიც ფაქიზად შემონახული იმღერება მხოლოდ ბაზრის მოედნის შანსონ-კაფეებში. სურათი კი ასეთი იყო, რომ, თუ იქ უცხოელები არ ისხდნენ, კაფეებშიც არც ვინმე მღეროდა. თავად მომღერლებს შემმოწმებელი ჰყავდათ მდივანბეგის სამსახურიდან, მაგრამ თუკი მუშტარი არ არის, ვის უმღერებ?

შანსონ-კაფეები მუშაობდა ღამის თორმეტ საათამდე და მომღერლები იქიდან გადადიოდნენ ქუთაისის სხვა საქეიფო ალაგებში, სადაც მოელოდნენ მოქეიფენი და იქ კი ქუთაისურებს ააღუღუნებდნენ ხოლმე.

ზოგჯერ იყო, რომ მოქეიფენი სთხოვდნენ, ბიჯო, ერთი ის ფრანგულები წაგვიმღერეთო, მაგრამ მომღერლებს ეზარებოდათ და ისევ თავისას მისდევდნენ, რაც არც ვინმეს სწყინდა. ოღონდაც შანსონ-კაფეებში მუშაობა მაინც ძნელი იყო, რახანღა სიმღერები სრულდებოდა ფრანგულს ენაზედ და ეს ფრანგული ენა სულაც არ იყო ისა, რომელზეც იმ 1911 წელს ფრანგები ლაპარაკობდნენ.

მეცნიერებს საგანგებოდ მოეძებნათ ის ძველი გრძელი ლექსები, ოდესღაც რომ ამოთქვამდნენ შანტრები. და ეს, ცოდვა გამხელილი სჯობს და, მომღერლებს აწვალებდა. იმათში სალაპარაკო ფრანგულის მცოდნე არავინ იყო და ძველფრანგულისა ხომ საერთოდ არ მოიძებნებოდა. თანაც ბალადებს ეტყობოდა, რომ იმ იტალიელ მაესტროს თავისი გაეჟუილებინა და იმას ქუთაისურთან საერთო არაფერი დარჩენოდა, ბურგუნდიულისას კი ვინ შეიტყობდა?!

როგორც უნდა ყოფილიყო, შანსონ-კაფეები, სადაც ქუთაისური განსაკუთრებულობით კეთდებოდა კარგი ფრანგული საჭმელი, იქ მოხვედრილ უცხოელთა კლუბებად ითვლებოდა და თუკი ქუთაისში მოხვდებოდა, იმპერატორიც იქ მივიდოდა სასადილოდ და იქაურების მოსაკითხად.

აკა მორჩილაძე - „მორიდებული ზურმუხტი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში