იაკობ ნიკოლაძე და აკაკი წერეთლის ბიუსტი

იაკობ ნიკოლაძე - აკაკი წერეთლის ბიუსტი
საქართველოში ასე ჩუმად და უბრალოთ ჯერ არ გაკეთებულა არც ერთი ეროვნული საქმე. აკაკის ძეგლის ამართვას 11 დეკემბერს არ უძღვოდა წინ არავითარი აგიტაცია, პირიქით ამ შემთხვევაში უბრალო და აუცილებელი ცერემონიალიც ძეგლის გახსნისაც არ ყოფილა.


სრულიად მოუმზადებლად ერთ დღეს მოქალაქენი ტფილისში, ოპერის ბარში გააჩერა აკაკის მონუმენტმა, ქართველებიც კი ვერ სცნობდნენ აკაკის სახეს, რადგან ეს იყო ძალიან მოულოდნელი.

მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის იუბილეს აღსანიშნავად სრულიად საქართველოს ხელოვანთა კავშირის მთავარ კომიტეტმა ამ დღეს აღმართა ეს ძეგლი.

Post factum შეიძლება ეხლა ამ ფაქტის დაფასება. ჩვენ არა ერთხელ აღგვინიშნავს, რომ ქართველი ხალხის მატერიალურ სიღარიბეს ქართველ არტისტებისთვის თვითონ ბუნებამ იზრუნა მიეცა ძეგლის სახე.

ყველაზე უფრო აკაკი იყო ამ შემთხვევაში ბედნიერი.

ვისაც უნახავს აკაკი წერეთელი სიბერეში, ის სამუდამოთ დაიჯერებდა, რომ ამ ღვთიურ ჭურჭელში ბიბლიურ წინასწარმეტყველის თავით და ფაფარით უსათუოდ უნდა ყოფილიყო დიდი ნიჭის მატარებელი სული.

ლიტერატურის ისტორიაში სხვა თავის თანამედროვეთა შემოქმედებასთან კიდეც რომ დაიჩრდილოს აკაკი წერეთელი, მას მაინც ვერავინ წაართმევს პირველობას, როგორც ბილოგიურად გამართლებულის ყოველი მხრივ დამშვენებას ქართული რასისას.

იაკობ ნიკოლაძე - აკაკი წერეთლის ბიუსტი
იაკობ ნიკოლაძე, რომელიც თვითონ ატარებს ქართულ რასის უკეთილშობილესს პროფილს, და რომელიც შეერთებული იყო აკაკისთან დიდი ხნის მეგობრობით, ალბად დიდხანს სწავლობდა აკაკის სახეს და ამიტომაც არის, რომ ამ ქანდაკებას ეტყობა დიდ ოსტატობასთან ერთად დიდი აღფრთოვანება და შთაგონება.

აკაკი თავის ღია თვალებით იყურება, ისე როგორც ერთხელ ბალმონტმა აღწერა ოსკარ უაილდის შეხედვა და შეხვედრა პარიზში. აკაკი იყურება ხალხის ზევით, მაგრამ არა ცისკენ, ასეთია შეხედვა ლომისაც.

დიდი სახლები, რომ არ ჰფარავდნენ წინ ადგილს, მაშინ ის პირდაპირ შეხედავდა თავის საფლავს მთაწმინდაზე.

ამ ძეგლს ორნაირი მნიშვნელობა აქვს: პირველი - ეს არის დამოუკიდებელი შემოქმედება მოქანდაკისა და შეიძლება ითქვას ქართულ მაშტაბით შედევრიც. მეორე მხრივ ეს არის დამშვენება ქალაქის. მართლაც სირცხვილია, რომ საქართველოს სატახტო ქალაქში, რომელიც საუკუნობით გადარეცხილია ქართული სისხლით - არ იყოს ქანდაკებანი იმ ქართველების, რომელთაც ადიდეს საქართველო და შეეწირნენ მის უკვდავებას. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ ყოველ ქუჩაზე იდგნენ ძეგლები თუნდაც უცხოელების, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე შეუწირავსთ კაცობრიობისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ, რომ უმრავლესობა ამ ძეგლებისა, იყოს ქართველების...

ამ მხრივ შეიძლებოდა ბევრის თქმა, მაგრამ რა აზრი აქვს თქმას - საჭიროა კეთდებოდეს ეროვნული საქმე ფაქტიურად.

ჩვენ გვგონია, რომ ქალაქის აღმასკომი დააფასებს იაკობ ნიკოლაძის ღვაწლს და პრემიის სახით გაიღებს ისეთ საგრძნობელ თანხას, რომ არტისტმა შესძლოს სხვა ახალი ქანდაკებაც დაიწყოს, ეს იქნებოდა ელემენტარული სამართლიანობა.

მართალია აკაკის ბიუსტი უბრალო ქვისგან არის, მართალია მას აკლია როდენის ბალზაკის მონუმენტალობა, მაგრამ ეს დამოკიდებულია მოქანდაკის უსახსრობისგან.

საკმაოა იაკობ ნიკოლაძეს მიეცეს საჭირო მატერიალური ეკვივალენტი მისი ნიჭის, რომ ვერც ტფილისს შემდეგ კაცი ვერ იცნობს, ისე გამოსცვლის მას შემოქმედება.

საჭიროა, რომ აკაკის ძეგლის გარდა ტფილისს ამშვენებდეს სხვა დიდ ქართველების ძეგლებიც.

ამ შემთხვევაში აღსანიშნავია საქართველოს ხელოვანთა კავშირის მთავარ კომიტეტში დაწყება. როგორც ვიცით, იუბილეს დღეს კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომიტეტს დაუდგენია იაკობ ნიკოლაძეს შეუკვეთოს ვაჟა-ფშაველას მონუმენტალური ძეგლი.

ჩვენ ვისურვებთ, რომ ეს დადგენილება მალე განხორციელებულიყოს და ტფილისს დაადგეს თავზე ვაჟა-ფშაველას ხელ-მეორეთ გაცოცხლებული სული.

ვისურვებთ აგრეთვე მალე ამხდარიყოს ქართველი ერის სამუდამო სურვილი, რომ ხალხის ფულით დაედგას ძეგლი რუსთაველს.

იუბილეს მეორე დღეს ჩვენ კიდევ მიულოცავთ იაკობ ნიკოლაძეს ახალ გამარჯვებას და ქართველ ერს მეტ შეგნებას ეროვნულ მოღვაწეთა დაფასებაში და ამ მხრივ თავის მოვალეობის ასრულებას.

ავტორი: ვარამ გაგელი
გაზეთი „ბახტრიონი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში