იაკობ ნიკოლაძე - როდენთან

პირველი ნამუშევარი როდენისგან მოცემული იყო „იოანე ნათლის მცემელის თავი ლანგარზე“. ქანდაკება უნდა გამეკეთებინა მარმარილოში. ორმოც დღეში მე გავაკეთე ეს ქანდაკება და მალე პარიზის ქართულსა და რუსულ კოლონიაში ხმა გავარდა, რომ მე როდენისგან მოცემული სამუშაო დავათავე და რომ ის გავაკეთე მარმარილოში.

შეგროვდნენ ჩემი მტრები და მეგობრები ერთად და მოვიდნენ ჩემთან ატელიეში ნამდვილი ამბის გასაგებად. ჩემს თანამემამულეთ, რასაკვირველია, უხაროდათ, მაგრამ უცხო ტომის კონკურენტები, რომელთაც თითონაც უნდოდათ როდენთან მუშაობა, ამბობდნენ, რომ ამ სამუშაოს ვერ შევასრულებდი და რომ მეტს სამუშაოსაც როდენიდან ვერ მივიღებდი.

მეც რყევაში ვიყავ, მაგრამ ბოლოს დიდი ენთუზიაზმით შევუდექი მუშაობას.

როცა მოვიფიქრე, ავწონ-დავწონე, როგორ უნდა შევდგომოდი მუშაობას, ერთი აზრი მომივიდა თავში: ეს აზრი პრობლემად დავისახე. როდენის ნამუშევარი ალებასტრში გაკეთებული: „იოანეს თავი“ იყო ძველი ნამუშევარი, ახალგაზრდობისა, სადაც ეხლანდელი როდენის ხელი არ სჩანდა, ეხლანდელ მის პრინციპებს არ ეთანხმებოდა. მე გადავწყვიტე მარმარილოში როდენის ახალი პრინციპებით გამომეკვეთა ეს თავი. მეც ჯერ იოანე ნათლისმცემლის მასკა გამოვარღვიე მარმარილოდან, თმები ოდნავ დაუნიშნე და დანარჩენი ლოდი დავტოვე ისე, როგორც იყო. ამითი ხელოვნების და ველური ბუნების ბრძოლა უფრო გამწვავებულად დარჩა.

დაწვრილებით არ გავყოლილვარ, ბევრ რამეს არ მივაქციე ყურადღება და ისე მივატოვე. ეს ის მანერაა როდენის, რომელიც ამწვავებს მაყურებლის გრძნობას შემოქმედებისაკენ.

როდესაც გავაკეთე, როდენს გავუგზავნე წერილი, რომ ნამუშევარი მზად არის მეთქი, წერილი მისთვის გავუგზავნე როდენს, რომ თვითონვე მითხრა: როცა გაათავო, შემატყობინე და მოვალ ვნახამო.

როდენის სეკრეტარიდან დეპეშა მომივიდა:

„ხვალ წაიღეთ ნამუშევარი როდენის ატელიეში, უნივერსიტეტის ქუჩაზე“-ო...

მეც მეორე დღეს ჩემი ნამუშევარი მივართვი როდენს.

ატელიეში რომ შევედი, როდენი იჯდა თავისი „ჯოჯოხეთის კარებთან“ (მისი საუკეთესო ქანდაკება) და ჩემი ნამუშევარიც იმ კარების წინ დავდგი.

ვიფიქრე: ვაი თუ ისე მაქვს გაკეთებული, რომ ჩემი ქანდაკებითურთ, ერთად ამ კარებში შემისრულოს მეთქი.

გვერდში უჯდა საფრანგეთის გამოჩენილი ხელოვნების კრიტიკოსი - ფურნიე...

როდენმა მანიშნა, დამედგა. და მეც ავხადე ქანდაკებას, მოკრძალებით განზე გავდექი და დავუწყე ცდა.

ეს ორი ადამიანი ყურადღებას არ მაქცევდნენ და ბაასში იყვნენ გართულნი. მერე როდენი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ დამეტოვებინა და ანგარიში წარმედგინა.

მე, როგორც ქართველი და ისიც ხელოვანი, ამ „ანგარიშმა“ ცუდ გუნებაზე დამაყენა, მაგრამ გავუბედე და ვუთხარი:

- ძვირფასო ოსტატო, თქვენ დამპირდით ამ ნამუშევარის შესრულების შემდეგ, თქვენი აზრი გამოგეთქვათ, რაც ჩემთვის ძვირფასი არის“.

მან მოკლედ გამიმეორა ორჯერ: „ძალიან კარგია“.

მე გამოვედი ატელიედან და სახლისკენ გავეშურე. ტროტუარი ადიოდა და ჩადიოდა. არ ვიცოდი სად წავსულიყავი. უფრო იმას ვფიქრობდი: ვაი თუ ფრანგული კომპლიმენტი იყო მეთქი.

ორი სამი დღის შემდეგ, გოლუბევის ოჯახობიდან (როდენთან მათი რეკომენდაციით ვიყავ მისული) შემომითვალეს, რომ როდენს ძალიან მოსწონებია შენი ნამუშევარი და კიდევ აპირებს ახალი საქმეების მოცემასო.

ერთი კვირის შემდეგ, უფულობისგან შეწუხებულმა გავბედე და როდენს ჩემი ანგარიში გავუგზავნე.

პასუხი არავითარი არ მომივიდა და სამი კვირის უკან იძულებული გავხდი, მე წარვდგომოდი მედონში.

აქ მითხრეს: „როდენი წავიდა პარიზში და აქ მარტო მისი სეკრეტარიაო“. მეც ძალიან გამიხარდა, რადგან ამ შემთხვევაში როდენის სეკრეტარის ნახვა უფრო მიადვილდებოდა და მიველი მასთან. სეკრეტარი გამოცვლილიყო და დამხვდა რენე-შერვი, რომელიც შემდგომში ჩემი პირადი მეგობარი შეიქნა.

მან რომ გაიგო, თუ რისთვის მიველი, დიდის ბოდიშით მითხრა: „დამნაშავე ვარ. ჩეკი, რომელიც უკვე მზად არის ვერ გამოვგზავნეო და იქვე გადმომცა ჩეკი 600 ფრანკისა (ალჟირის საკრედიტო ბანკიდან). მეც ძალიან გახარებული დავრჩი და ვფიქრობდი, როდენი მომცემს რამე სამუშაოს თუ არა.

ორი კვირის განმავლობაში პარიზის უნივერსიტეტის ქუჩაზე როდენის ატელიეს კარებთან, მივდიოდი და დაკაკუნებას ვერ ვბედავდი და უკანვე ვბრუნდებოდი. მაგრამ ერთხელ, როცა კიდევ ვაპირებდი როდენთან წასვლას, ჩემთან შემოვიდა ის ახალგაზრდა პესიმისტი მოქანდაკე, რომელიც ამბობდა, რომ როდენს შენი ნამუშევარი არ მოეწონებაო. მე ვუთხარი ამაყად: როდენთან მივდივარ მეთქი. მან სთქვა: მეც სწორედ იქ წამოვალ, საქმე მაქვს როდენთან და მისი ნახვა ძალიან მინდაო. მე ვუთხარი, რომ ის ცალკე წასულიყო და თანაც ვფიქრობდი, რომ მე მარკ ტვენის ძაღლს არ დავმსგავსებულიყავ. მაგრამ როდესაც როდენის კარებთან მიველით, ის მოშორებით დადგა, მე კი გზა აღარ მქონდა, უნდა დამეკაკუნებინა. გაიღო კარები და ინგლისელი ქალი ღიმილით შემეგება - ვინ გინდათო. მე ვუთხარი ვისი ნახვაც მინდოდა, ქალის ღიმილმა გული გამიკეთა და მეც დამშვიდებული შევხვდი, როცა როდენი მოადგა კარს. ისიც მომხიბლავ ღიმილით შემხვდა, არ დამაცალა სიტყვა და პირდარ მკითხა:

- დილას ადრე დგებით, შეგიძლიანთ დილას ადრე ადგეთ?

- როგორ არ შემიძლიან, - ვუპასუხე მე...

- მაშ ხვალ რვა საათზე იყავით მედონში.

როდენს მადლობა ვუთხარი და სახლში გამოვბრუნდი. ჩემი მეგობარი მოქანდაკე, რომელიც მიცდიდა შორი-ახლო, მოვიდა ჩემთან და მკითხა როდენის ნაუბარი.

მე ატაცებულმა მივუგე: ხვალ როდენმა რვა საათისთვის დამიბარა მედონში და ახალი საქმე უნდა მომცეს მეთქი. მან ჯერ მითხრა: როდენმა ეგრე იცის, თორე როცა მიხვალ, შენი მისვლა გაუკვირდება კიდეცაო. მე მეტი აღარ მინდოდა, ისედაც გაკვირვებული ვიყავი ასეთი ბედნიერებით. მაგრამ ჩემი მეგობარი ჩამაცივდა: ხვალე მეც შენთან ერთად როდენთან უნდა წამოვიდეო.

მაშინვე მიველი სახლში, დავიბარე ფამდე-მენაჟ (მოსამსახურე საათობით) და უთხარი, რომ დილის 6 ს. გავეღვიძებინე. თითონ მომზადება დავიწყე; სახელოსნო ინსტრუმენტები შევაგროვე, და ადერეც დავიძინე ბავშვივით, მაგრამ ჩემი დაძინება როგორ შეიძლებოდა. დავიწყე ფხიზლობა ლოგინში და ეხლა მე თითონ დავუწყე ყარაულობა ფამდე-მენაჟს.

6 საათზე მან კარი შემოაღო, მომიტანა პური, გაზეთები, დაანთო ცეცხლი თუმცა აპრილის მიწურული იყო.

მე წამოვხტი, საჩქაროდ ჩავიცვი, ვისაუზმე, საქმიანი იერით გამოვვარდი კარში, როგორც ყოველი ფრანგი და გავეშურე იქვე ახლოს, მონპარნასის სადგურზე. ვიყიდე მედონის ბილეთი, გავვარდი პერონზე და საჩქაროდ ჩავჯექი გამზადებულ მატარებელში; დავხურე ფარდები, მივეყუდე და ჩუმად დავუწყე თვალიერება, ის ჩემი მეგობარი ხომ არ მომდევს მეთქი. მე 25 წუთში უკვე მედონში ჩამოვხტი. შიში თან გამომყვა და პერონიდან კარგა ხანს არ გამოვდიოდი, მაგრამ ის იქ არ აღმოჩნდა.

ეს დღე იყო - 1 მაისი 1906 წ. ძალიან ციოდა. გორაკიდან უნდა დაეშვა ძირს, უნდა გაიარო უზარმაზარი და მაღალი ვიადუკის ახლო და აღმართს რო შეუდგებით, იქ შედიხართ პატარა ევროპიული სტილის სოფელში: „ვალფლიორი“. თანდათან მიდიხარ მაღლა და გადიხარ იმ სოფლიდან. ცოტა ხნის შემდეგ უნდა გადახვიდე პარიზიდან მომავალ ლიანდაგის ხიდზე და მერე შედიხარ მაღლობზე, სადაც დგას როდენის ვილლა, რომელსაც ჰქვიან „ბრიან“ (რაც ნიშნავს - ბრწყინვალეს).

რვის ნახევარი იყო. ვილლა „ბრიან“-ს დიდებული გადასახედი აქვს. ხელის გულივით სჩანს მდ. სენა ორ ტოტად გამოყოფილი, „მტრედების კუნძულს“ (ილ-დე-პიჟონ) რო უვლის ორივე მხრიდან. ქვევით იქვე „ისი ლიე-მულინს“ ქვემო მედონი ბელვიუს სიურენამდის გადაშლილია საამურათ. აქ არის სევრის ფარფორის ქარხანაც. სამგზავრო გემები და დიდი ბარჟები ზედ დასრიალებენ. ეს ყველაფერი მარჯვნივ - ზემო მედონი და ვილლა გამოჩენილი ქიმიკოსი ბერტლო სის სამყოფია. მის ბაღში ყველა მცენარეს ცდისათვის ფესვებში ელექტრო ჰქონდა გავლებული. შორს მონ-ვალერიანი, ციხე, სადაც იჯდა პოლკოვნიკი პიკარი, ყოფ. მინისტრი და დრეიფუსის კეთილი ჰენია. იქვე როდენის თავმინებებული ბაღი-გაყოფილი ორად: ერთი მხრით დაშვებული ფირუზი მინდორი, მეორეთი ბუნებისთვის მიტოვებული ბაღი აუზებით, სადაც დაცურავდნენ მედიდური გედები. რვა საათს კიდევ უკლია. ჭიშკართან მისვლა მეშინია. ხელში საათი მიჭირავს. შორიდან ვუცქერი ვილლას ფანჯრებს. ვილლაში სიწყნარეა. დავეშვი ძირს, დავინახე ჭიანჭველების ბუდე და ბუნების სიყვარულით გაშლილი გულით დავუწყე დაკვირვება. უკვე დაჰკრა რვა საათმა და მივადექი კარებს. ჩამოვრეკე ზარი, რომელიც მეტად დიდი იყო და ხმებისა მე თითონ შემეშინდა. გამოვიდა მეჯინიბე და შემიშვა.

როდენთან უკვე დილის მედარბაზენი იყვნენ, ბრინჯაოდან ჩამომსხმელი რუდიე, მისი პარიკმახერი ვალფლორიდან - მისს ფიგარო და დიდი მოლაპარაკე და მისი სეკრეტარი - რენე შერვიი.

როდენი მომესალმა და სეკრეტარს უბრძანა, რო მე წავეყვანე ატელიეში. ატელიეში რო შევედით იქ დაგვხვდა ახალგაზრდა ფრანგი მოქანდაკე, რომელიც მუშაობდა იუგოლენის (დანტეს გმირი) ფიგურის გარშემო. სეკრეტარმა რაღაც ჩასჩურჩულა და წარბშეკრული მოქანდაკე იარაღის გროვებას შეუდგა.

მე თავი ცუდათ ვიგრძენ, ისე როგორც ფრონტზე, გვერდით ამხანაგს რო ტყვი გაჰგმირავს და თავზე დამოკლეს ჩამოკიდებული მახვილი ვიგრძენ.

რადგანაც თიხისთვის პარიზში უნდა წასვულიყავი, მე და ფრანგი ერთად გამოველით ატელიედან. როცა ვალფერში ჩველით, მან შემიყვანა „ბისტროში“ (დუქანი) და მისი პატრონი გამაცნო: ხვალიდან მე აღარ ვიქნები თქვენი კლიენტი, ეხლა ეს მუშაობს როდენთანო. 12 საათზე იქ საუზმე უნდა გვეჭამა.

- გასაკვირალი ადამიანია მუსიე როდენ - სთქვა „ბისტროს“ პატრონმა. ვერავინ ვერ უდგება. ყველასა სცვლის. მაშინვე მომცა ათი ფრანკის კრედიტი.

იუგოლენზე ვიმუშავე სამი თვე, რითაც როდენი ძალიან კმაყოფილი რჩებოდა და ამბობდა:

- თქვენი ნამუშევარი XI საუკუნეს მაგონებსო და ეს მუშაობა იყო - ნაირი ნაოჭებისგან ფიგურების შეერთება - მუშაობა დაწოლილი მიხდებოდა, რადგან გრუპპა იატაკზე იდგა.

მუშაობის დროს როდენი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ჩემდამი. პირველ დღეებშივე, რაკი სიცივეები იყო, როდენი შემოვიდა ჩემთან პარიზში გამგზავრების წინ და მითხრა:

- თქვენ შეგიძლიათ ჩემს კაბინეტში მიხვიდეთ, ცეცხლი უკვე დავანთებინეო.

როდენი რო წაბრძანდა, შემოვიდა რენე შერვაიი და მითხრა: ბ-ნო ნიკოლაძე, გასაკვირველია ის ყურადღება, რომელსაც როდენი იჩენს თქვენდამი, ამიტომ მე მინდა ცოტაოდენი რჩევაც მოგცეთ, რომ საქმე არ გაიფუჭოთ. როდენს ლაპარაკი არ უყვარს. თქვენ შეკითხვებს ნუ მისცემთ; მარტო უპასუხეთ მოკლედ და მოჭრით. კითხვებს ნუ მისცემთ, არ დაიგვიანოთ. დღე არ გამოუშვათ. ატელიეში დახურული არ ახადოთ. ნამუშევრებს ნუ მიაბრუნ-მოაბრუნებთ. შკაფებს ნუ გააღებთ და მე კიდევ შეგატყობინებთ, თუ რამე არ მოეწონა თქვენში. სასტიკად აკრძალულია ატელიეში პაპიროსის წევა. მადამ როდენს პატივით მოეპყარით და თქვენს აზრებსაც ნურავის ეტყვითო.

როდესაც იუგოლენის საქმე გავათავე, მოვიდა როდენის მულიორი გიობეშვილი ჩამოსასხმელად. ძალიან მოეწონა და მითხრა: წარმოიდგინეთ, სხვა მოქანდაკე ჩვენთვის არ ფიქრობს და თქვენ კი გიფიქრიათ, რადგან ადვილი ჩამოსასხმელიაო.

ახლა მე დავინტერესდი, თუ როდენი რას მომცემდა სამუშაოდ. ერთ დილას დამიძახა როდენმა კაბინეტში, გადმომცა წერილი და თანაც დააყოლა, წაიღეთ ამ ადრესით პარიზში ეს წერილი, მიხვალთ ბარბიე-დ-ორევილიიის პატივმცემელთა საზოგადოებაში და გამოგატანენ მის ნიღაბს და რო მოიტანოთ, შემატყობინეთო. ნიღაბი მოვიტანე იმავე დღეს და შევატყობინე მდივანს. მდივანმა ნახა და მითხრა; მგონი ეს შენ უნდა გაგაკეთებინოსო; რამდენი ხანია, ეხვეწებიან, რომ ამისი ბიუსტი გაეკეთებინა და სულ უარზე იდგა. ეხლა შენ რო დაგინახა მისთვის დათანხმდაო. თანაც დააყოლა, მოსკოვშიც მიმაწერინა წერილი, რომ გაბრიჩევსკის ნიღაბიც გამოგზავნონო. იმათაც უარს ეუბნებოდაო.

მეორე დღეს, როდენმა მითხრა - თუ შეიძლება ეს გააკეთეთ როგორც არის, დოკუმენტები ყველა შეინახეთ... მე შევეკითხე სიდიდე ბუნებრივი შევინახო თუ დიდი გავაკეთო? მან შიშით დააყოლა ბუნებრივი სიდიდე არ მინდა, უფრო დიდი იყოს, უფრო დიდი!

მაშინ გამახსენდა მისი აჟ-დე-ერენ და მისგან გამოწვეული დიდი სკანდალი. როდენს აბრალებდნენ, რო ეს სტატუია ცოცხალ მოდელიდამ ჩამოგისხამსო.

ორმოცდახუთი წლის შემდეგ როდენს კიდევ ეშინოდა ამ სკანდალის...

***

გაზეთ „ბახტრიონის“ რედაქციისგან: ბ. იაკობ ნიკოლაძე ჩვენს გაზეთში დაბეჭდავს წერილების სერიას: „მოგონებანი როდენზე“.

მომდევნო წერილი „ბახტრიონის“ 25-ე ნომერში უნდა დაბეჭდილიყო, თუმცა ამ ნომერში ნიკოლაძის სტატია არ გამოქვეყნებულა. 

1922-1923 წლებში, გაზეთ „ბახტრიონის“ რედაქციამ სულ 28 ნომრის გამოქვეყნება შეძლო. 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში