ბრუნო შულცი - დარიჩინის ქულბაქები

ბრუნო შულცი 1892 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის პროვინციულ ქალაქ დროგობიჩში დაიბადა. მთელი ცხოვრება ადგილობრივ სკოლაში მუშაობდა ხატვისა და შრომის  მასწავლებლად და სიკვდილიც იმავე ქალაქში ეწერა - 1942 წელს ქუჩაში მიმავალი შულცი გესტაპოს ოფიცერმა, კარლ გიუნტერმა თავში გასროლით მოკლა. 

ერთი წლით ადრე, როცა ნაცისტებმა დროგობიჩი დაიკავეს, ებრაელმა შულცმა თავისი ნახატებისა და ხელნაწერების დიდი ნაწილი შესანახად გადასცა არაებრაელ მეგობრებს. იქიდან აღარაფერი გადარჩენილა. სავარაუდოდ, სწორედ იმ ქაღალდებში იყო შულცის დაუმთავრებელი რომანი „მესია“.

ბრუნო შულცი, მეოცე საუკუნის დიდი პოლონელი მწერალი, მოთხრობების ორი პატარა კრებულის ავტორია. „დარიჩინის ქულბაქები“ შულცის პირველი, 1934 წელს გამოქვეყნებული წიგნია.


***

ვინ იცის, როდინდელი ქარებით კედლებგაგლუვებული ძველი სახლები ათასნაირად ირეკლავდნენ მზის შუქს და უღრუბლო ცის სიღრმეში გაბნეული ფერების მოგონებასა და გამოძახილს აცოცხლებდნენ.

ასე ჩანდა, თითქოს ზაფხულის დღეების არაერთ თაობას ქვისმთლელთა უსაზღვრო მოთმინებით ჩამოეფხიკა ძველი ფასადებიდან ობმოდებული ბათქაშის მრავალი ფენა, ჯიუტად მოეშორებინა მაცდური ჭიქური და ახლა სულ უფრო და უფრო აშკარად აჩენდა იმ შენობების ჭეშმარიტ სახეს - იმ ნაკვთებს, რაც მათზე ბედისწერას გამოეკვეთა და ცხოვრებასაც უკვე შიგნიდან გამოეძერწა თავისებურად.

დაცარიელებული მოედნის ხვატით დაბრმავებულ ფანჯრებს ღრმა ძილით დასძინებოდათ, აივნები საკუთარ სიცარიელეს შეჰღაღადებდნენ ზეცას, გამოღებული კარებიდან კი სიგრილისა და ღვინის ნოტიო სუნი გამოდიოდა. მოედნის კუთხეში ხვატის მწარე ცოცხს გამორიდებული ბიჭბუჭობა დანგრეულ კედელთან შექუჩებულიყო და ღილებისა თუ ხურდა ფულის სროლით ირთობდა თავს. ისეთი სიჯიუტე და მოწადინება ეტყობოდათ, თითქოს ლითონის ამ პაწია დისკოების მეშვეობით სურდათ, ამოეკითხათ კედლის ბზარებისა და ნაკაწრების იეროგლიფთა ჭეშმარიტი მნიშვნელობა.

მათ გარდა, მოედანზე არავინ ჩანდა, ოღონდ ისეთი განცდა გეუფლებოდათ, წამი-წამზე უნდა გამოჩნდეს ის ბიბლიური სამარიტელიო - სადავით შემოიყვანს თავის სახედარს, სირაჯის დუქნის ჩარდახიან კართან გაჩერდება, მერე კი ორი მსახური ფრთხილად გადმოსვამს სნეულს გახურებული უნაგირიდან და შიდა კიბის გრილი საფეხურებით, ნელ-ნელა აიყვანს უკვე შაბათის კეთილსურნელებით გაჟღენთილ ზედა სართულზეო.

***

ხან ერთ, ხან მეორე მხარეს და სახლებზე, როგორც ფორტეპიანოს კლავიშებზე, დავატარებდით ჩვენსავე დატეხილ ჩრდილებს.

***

მძინარე ბაღი მუცელზე გადაბრუნებულა და ისე აუდ-ჩაუდის ფართო, გლეხური ბეჭები, გეგონება, გარინდულ მიწას ჩახვნეშისო.

***

თივაჩაფენილ ხის მოგრძო ყუთში იწვა, სეფისკვერივით პირთეთრი და ხელგამოღებული თათმანივით უძრავი.

***

მწვანე, იისფერ, ვარდისფერ ბურთებში სწორედ ისევე იყო მომწყვდეული თვალისმომჭრელად განათებული უამრავი სამყარო, როგორც საოცნებო, ბედნიერი სურათები იმალება ხოლმე საპნის ბუშტების ამოუხსნელ სრულყოფილებაში.

***

სნეულების მწარე სუნი ნოხივით ეფინა ოთახში. კედელზე გაკრული ქაღალდის არაბესკები კი სულ უფრო და უფრო მუქდებოდნენ.

***

ზამთრის ყვითელი, მოწყენილობით სავსე დღეები დადგა. ჟანგისფერ მიწას დაჩვრეტილ-დაძენძილი თოვლის სუფრა გადაეფარა. მწირი თოვლი სახურავებს არ ეყო და იდგნენ სახლები ასე, ჩაშავებულ-ჩაყავისფრებულები, ყავრითა თუ ჩალით გადახურული კიდობნებივით - სახურავებს ქვეშ სხვენის გამჭვარტლული სიცარიელე მოემწყვდიათ.

ამ შავ, დანახშირებულ ტაძრებს, ზამთრის ქარების ამ ჩაშავებულ ფილტვებს, ნეკნებივით ამოსჩროდათ ნივნივები, ლარტყულები და კოჭები.

ყოველი ალიონი ახალ-ახალ საკვამურებსა და საბუხრე მილებს აჩენდა, ღამის განმავლობაში ამოზრდილებს - ღამეულ ქარით სამზეოზე ამოყრილ ამ შავ, ეშმაკეული ორღანის გამობერილ საბერველებს.

ბუხრის მწმენდავები ვერაფრით გამკლავებოდნენ ყვავებს, ყოველ საღამოს გუნდ-გუნდად, შავი ყლორტებივით რომ ასხდებოდნენ ეკლესიის ირგვლივ ხეების ტოტებს; მერე უეცრად რომ აიშლებოდნენ ფრთების ფართხუნით, რათა ისევ უკან მიბრუნებულიყვნენ და თითოეული თავის ადგილზე დასკუპებულიყო მყარად. გამთენიისას კვლავ გუნდ-გუნდად გაეცლებოდნენ იქაურობას, ჭვარტლის ღრუბელივით, მურის ფიფქებივით, ავი ზმანებასავით მიაშურებდნენ ზეცას, ყრანტალ-ყრანტალით გასერავდნენ განთიადის მრუმე ყვითელი შუქის ზოლებს.

სიცივემ და მოწყენილობამ ეს დღეებიც გააუხეშა, შარშანდელი პურივით გამოახმო და გამოფშიკა. ამათ ახლა კაცი მხოლოდ ბლაგვი დანით თუ მოუნდომებდა დაჭრას - უგემურად, ზარმაცი გულგრილობით.

***

მე რომ შემოქმედის მიმართ მოწიწება გამქრობოდა და ჩემს საქმედ ქმნილებათა განსჯა-განქიქება გამეხადა, უთუოდ შევძახებდი - ნაკლები შინაარსი, მეტი ფორმა - მეთქი!

ვინ იცის რაოდენ შვებას მომგვრიდა შინაარსისგან სამყაროს მეტ-ნაკლებად დაცლა... განზარხულობათა მეტი მოკრძალება, სურვილების მეტად მოთოკვა, ბატონო დემიურგებო, და სამყაროც უფრო მეტად მიუახლოვდება სრულყოფილებას!

***

- დემიურგსაც კი არა აქვს შექმნის ერთპიროვნული უფლება, - ამბობდა მამაჩემი, - რადგან ქმნადობა ყველა სულიერს მოსდგამს.

მატერიას უსასრულო სასიცოცხლო ძალა მიენიჭა, ამოუწურავი სიცოცხლისუნარიანობა, ოღონდ იმავდროულად - ცდუნების შემპარავი ძალაც, რაც ჩვენც გვიბიძგებს ქმნადობისაკენ. მატერიის სიღრმეებში ბუნდოვანი, გაურკვეველი ღიმილი ისახება, დაძაბულობა ძალას იკრებს, ფორმის გაჩენის მცდელობა იწყება.

ერთიანი მატერია უსასრულო შესაძლებლობებით ფეთქავს, რაც მას ბუნდოვანი თრთოლით მუხტავს. სულის მაცოცხლებელი სუნთქვის მოლოდინში, ის ერთთავად მოძრაობს, ათასობით ნაზი, რბილი, მომრგვალებული მოხაზულობით გვაღიზიანებს, რომლებიც ბრმა ხილვებს ეზმანება.

ნებისგან დაცლილი, ვნებიანად დამყოლი, ქალურად მოქნილი ნებისმიერი სურვილისათვის ხელმისაწვდომი, ის ყოველგვარი კანონისაგან თავისუფალ არედ რჩება - შესაბამისად, ღიად ყველა ჯურის თაღლითისა და უმეცარისთვის; გადაცდომათა და საეჭვო დემიურგულ მანიპულაციათა ასპარეზად.

მატერია მთელ კოსმოსში ყველაზე პასიური, დაუცველი რაობაა - ნებისმიერს შეუძლია მისი მოთოკვა, მისთვის ამა თუ იმ ფორმის მინიჭება და თვითონაც ყველას ემორჩილება. მატერიის ყალიბში მოქცევის ნებისმიერი მცდელობა ხანმოკლეა და დროებითი, უკუქცევადი და წარმავალი, ოღონდ არც სიცოცხლის სხვა, უფრო ახალ ფორმებამდე დაყვანაა დანაშაული.

მკვლელობა ცოდვა არაა, რადგან ზოგჯერ გარდაუვალი ძალადობის გარეშე ვერაფერს მოუხერხებ არსებობის იმ ჯიუტ და ჭირვეულ ფორმებს, რომელთაც არანაირი ხიბლი არ შერჩენიათ.

დიდი ცნობისწადილის გამაღიზიანებელი ექსპერიმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მკვლელობა დამსახურებადაც კი შეიძლება იქცეს. სწორედ აქ არის სადიზმის ახლებური აპოლოგიის საწყისი.

[...]

- არ არსებობს მკვდარი მატერია, უსიცოცხლობა მხოლოდ ის მატყუარა გარსია, რომლის მიღმაც სიცოცხლის შეუცნობელი ფორმები იმალება. თავად ამ ფორმების ნაირსახეობა უსასრულოა, მათი ელფერი და ფარული მინიშნებები კი - უსაზღვრო.

დემიურგი ქმნადობისათვის აუცილებელ მნიშვნელოვან, საგულისხმო ხერხებს ფლობდა. მათი წყალობით შექმნა სწორედ სახეობათა უსასრულობა, რაც უკვე საკუთარი ძალისხმევით ახერხებს თვითგანახლებას.

არავინ იცის, როდისმე ისევ თუ გამოიყენებენ ამავე ხერხებს, მაგრამ ეს არცაა საჭირო, რადგან თუნდაც ქმნადობის ნაცადმა საშუალებებმა აღარ გაამართლოს, მაინც დარჩება სხვადასხვა არაკანონიერი საშუალება - დანაშაულებრივი თუ მწვალებლური ხერხების უსასრულობა.

[…]

ისედაც დიდხანს ვიცხოვრეთ დემიურგის თვალმიუწვდომელი სრულყოფილების შიშში! - ამბობდა მამაჩემი, - მისი ქმნილებების სრულყოფილება კი შემოქმედებით ალღოს გვიმდაბლებდა. მასთან მეტოქეობა აზრადაც არა გვაქვს - არც იმდენად პატივმოყვარეები ვართ, გატოლება გავუბედოთ! უბრალოდ, გვინდა, რომ ჩვენსავე, უფრო მიწიერ სფეროში ვიქცეთ შემოქმედებად, ჩვენც მოგვეცეს რაღაცის შექმნის უფლება, ჩვენც განვიცადოთ შემოქმედების სიხარული, მოკლედ რომ ვთქვათ, დემიურგობას ვეზიაროთ.

***

ღამეულ ბუნდოვანებაში ქუჩები სახეს იცვლიან, ერთმანეთში ირევიან და მრავლდებიან ხოლმე. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ასეთ დროს ქალაქის სიღრმეებიდან ქუჩა-პარაფრაზები, ქუჩა-ორეულები იბადებიან - მატყუარა, მოჩვენებითი ქუჩები.

მოხიბლული და თავგზააბნეული წარმოსახვა უკვე ქალაქის მოჩვენებით გეგმებსაც ხაზავს, თითქოსდა დიდი ხნის წინ შეცნობილსა და გათავისუფლებულს, სადაც ამ უცნაურ ქუჩებს ადგილიც მოენახებათ და სახელწოდებაც, ღამე კი, ამოუწურავი ნაყოფიერების წყალობით, მათ უსასრულოდ, მოუღალავად უცვლის იერსა თუ მოხაზულობას.

საკმარისია თუნდაც უნებურად სცადო გზის შემოკლება და არა გაკვალული, არამედ რომელიმე უცნობი ქუჩა აირჩიო, რომ სწორედ მაშინ დაიწყება ზამთრის ღამეთა საცდურები. მაინცდამაინც მაშინ მოგივლის ჟინი, რებუსად ქცეული გზა ამა თუ იმ მიყრუებული ქუჩით გააგრძელო...

[...]

ასეთ ღამეში შეუძლებელი იყო გალავნის ქუჩასა თუ რომელიმე სხვა ბნელ ქუჩაზე გაგევლო, ბაზრის მოედნის ირგვლივ, ოთხივე მხარეს სარჩულივით რომ ეფინა, და არ გაგხსენებოდა, ზოგჯერ ასე გვიანაც რომ ჯერ ისევ ღია იყო უცნაურზე-უცნაური, საოცრად მიმზიდველი, პატარ-პატარა დუქან-სავაჭროები, რომელთა არსებობაც ჩვეულებრივ დღეებში არც კი გაგონდებოდა.

მათ „დარიჩინის ქულბაქები“ შევარქვი - კედლებზე აკრული, სწორედ დარიჩინისფერი გარანდული ფიცრების გამო.

სუსტად განათებულ, თითქმის ბნელ, თუმცა კი საზეიმო იერის მქონე ამ ნაგებობებში ერთთავად საღებავის, ნელსურნელების, ლაქის, უცნობი ქვეყნებისა და იშვიათი ქსოვილების სუნი ტრიალებდა. რას არ ნახავდი აქ: ბენგალურ მაშხალებს, ჯადოსნურ ზარდახშებს, კარგა ხნის წინ რუკიდან წაშლილი სახელმწიფოების საფოსტო მარკებს, ჩინურ გადასაყვან სურათებს, ინდიგოს ზეთს, მალაბარულ კოლოფონს, უცხო მწერების კვერცხებს, ჭრელ-ჭრელ თუთიყუშებს, გრძელცხვირა ტუკანებს, ცოცხალ სალამანდრებსა და ბასილისკოებს, მანდრაგორის ფესვებს, ნიურნბერგულ მოსამართ სათამაშოებს, ქილებში ჩადებულ ჰომონკულუსებს, მიკროსკოპებს, დურბინდებს და რაც მთავარია, იშვიათ, უცნაურ წიგნებს, ძველ-ძველ ფოლიანტებს, რომელთა ფურცლებზეც გამაოგნებელი აზრები ეწერა და რომელთაც არანაკლებ გამაოგნებელი გრავიურები ამშვენებდა.

***

სარკინიგზო ლიანდაგის ძლივს გასარჩევი ზოლის შორიახლოს დიდხანს და მოთმინებით იცდის შავი, მდუმარე ბრბო. ადამიანთა პროფილები უფერული ნიღბების რიგს მოგაგონებთ, რომელთა დაძაბული მზერაც ერთ წერტილს მიშტერებია.

და აი, უცებ მატარებელიც გამოჩნდება, გვერდითა ქუჩიდან გამოუხვევს, საიდანაც მის გამოჩენას არავინ ელოდა. გველივით გაწვართულა პაწია, დაგვაჯულ, აქოშინებულ ორთქმავალს გამობმული - ადამიანების ამ შავ ლაქასაც მოადგა და ქუჩაც უცებ გადააშავა მომცრო ვაგონების ქვეშიდან გამოფრქვეულმა ნახშირის მტვერმა. ზამთრის საღამოს სწრაფად ჩამოწოლილ ბინდში აქსუტუნებული ორთქმავალი, მისი უცნაური, სევდა-დარდით სავსე ქშენა, ხალხის მოთოკილი ფაციფუცი და დაძაბულობა ერთიანად უცვლის სახეს მთელ ქუჩას და მართლა რკინიგზის სადგურის ბაქნად აქცევს.

***

მთელ უბანს თავს დასტრიალებს ცოდვის ზანტი, ბილწი ნაკადები და ზოგჯერ სახლები, მაღაზიები და ადამიანებიც კი სპაზმებს ჰგვანან მის ციებცხელებიან სხეულზე - მისსავე გავარვარებული ხილვების ხორკლს.

***

ხშირად მინახავს, გვიან ღამით, იატაკზე დადგმული სანთლის შუქზე, როგორ გაერთხმებოდა ხოლმე მამა ძირს, დედიშობილა, შავი ტოტემური ლაქებით კანდაწინწკლული. თითოეული ნეკნი ეტყობოდა, მთელი ანატომია ფანტასტიკურ ნახატად გამოსვლოდა გარეთ. იატაკზე ლოყადადებულს, სახეზე დაუძლეველი ზიზღი ეწერა და ასე გართხმული, რაღაც რთულ, უცნაურ, რიტუალურ მოძრაობებს ასრულებდა, რაშიც - გულის გასახეთქად - ტარაკნის ხოხვასთან მსგავსებას ვამჩნევდი.

სწორედ მაშინ მოვიკვეთეთ მამაჩემი. ტარაკანთან მისი მსგავსება სულ უფრო თვალში საცემი ხდებოდა და ბოლოს, სულაც ტარაკანად იქცა...

ნელ-ნელა ამასაც მივეჩვიეთ. მით უფრო, რომ იშვიათადღა ვხედავდით. რამდენიმე კვირით იკარგებოდა ხოლმე იმ თავის ტარაკანულ გზასავალზე. უკვე ვეღარც ვცნობდით, რადგან ამ ავბედითი შავი მოდგმის განურჩეველ წევრად ქცეულიყო.

ვინ იტყოდა, აგრძელებდა კიდევ არსებობას იატაკის რომელიმე ღრიჭოში, დარბოდა ისევ ღამღამობით იატაკზე, თავისი ტარაკანული საქმეებით დაკავებული? თუ იმ მკვდარი მწერების ბედი გაეზიარებინა, ყოველ დილით, გულაღმა გაშეშებულები, ფეხებგაფარჩხულები რომ ხვდებოდნენ ადელას და ისიც, სახეამრეზილი, ცოცხით აქანდაზზე შეყრიდა ხოლმე?

[...]

- ნუ მაწამებ, საყვარელო! აკი გითხარი, რომ მამაშენი წასულია, კომივოიაჟერად მუშაობს და მთელ ქვეყანაში დახეტიალობს. ზოგჯერ ღამღამობით შინაც ბრუნდება, თუმცა სისხამ დილით ისევ მიემგზავრება ხოლმე...

***

გრძელი, უშინაარსო ზამთრის განმავლობაში ჩვენს ქალაქში სიბნელის უხვი, მოსალოდნელზე ასჯერ მეტი მოსავალი მოვიდა.

***

ყველას მოეხსენება, რომ ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული წლების მდინარებაში ეს ჩვენი დიდი ოინბაზი დრო ზოგჯერ საკუთარი წიაღიდან უჩვეულო, განსხვავებულ, უმსგავსს წლებსაც შობს.

***

სამზარეულოში, გამოძინებული, ჯერაც თბილი, თმააჩეჩილი ადელა ყავას ფქვავდა. საფქვავი მაგრად მიეჭირა თეთრ მკერდზე, რის გამოც მარცვლები სულ სხვანაირ სიმხურვალესა და ბზინვარებას იძენდნენ. გარეთ კი, მზის გულზე, კატა პირს იბანდა.

მთარგმნელი - მარიამ ჩადუნელი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში