აჰმეთ უმითი - ეძღვნება სტამბოლს

ცხოვრება გრძელდება. ადამიანი ძალაუნებურად სხვას ხვდება, სხვა უყვარდება. სხვების მიმართ განცდილმა სიყვარულმა მიცვალებულებთან არსებული კავშირი არ უნდა შეასუსტოს.



ცხოვრება ცოცხლებს უპირატესობას ანიჭებს. მიცვალებულების გარეგნობა, ხმა, სუნი, მოგონება ნელ-ნელა იშლება. მწარეა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ადამიანი ერთგული არსება სულაც არ არის. მთავარი ისაა, მიცვალებულები საბოლოოდ არ დაგვავიწყდეს და საკუთარი თავი იმაში დავარწმუნოთ, რომ მათი სულის პატარა ნაწილს მუდამ თან ვატარებთ.

დარწმუნებას იმიტომ ვახსენებ, რომ დროთა განმავლობაში მიცვალებულის სახის გახსენებაც გიჭირთ და ყოველდღიური ცხოვრება მათ ხსოვნას შლის. ამგვარია მწარე რეალობა.

***

ადამიანებისთვის ახლობლის გარდაცვალების შეტყობინება ამქვეყნად ყველაზე მძიმე მოვალეობაა.

***

არცოდნა არცოდვაა. ცოდვა ისაა, როცა ცოდნის მიღებას არ ცდილობ.

***

ზევსს ერთ დღეს არგოსის მზეთუნახავი ქალიშვილი, იო უნახავს და მაშინვე შეჰყვარებია. ეს ამბავი უზენაეს ქალღმერთს, ჰერას შეუტყვია. ქმრის მუსუსობით გაბეზრებული ჰერა ძალიან განრისხებულა და ქალზე შურისძიება განუზრახავს. ზევსს ეს რომ გაუგია, სატრფოს გადასარჩენად იგი თეთრ ძროხად უქცევია. მაგრამ ჰერას ესეც გაუგია, ძროხა გაუტაცინებია და მისთვის დარაჯად ასთვალა არგუსი მიუჩენია. ზევსმაც არ დააყოვნა და არგუსი ჰერმესს მოაკვლევინა. მაშინ ჰერამ იოს მაწუხელა მიუქსია. იომ მწერისგან თავის დასაღწევად დიდხანს ირბინა, ბოსფორამდე მივიდა, წყალში გადახდა და მეორე ნაპირზე გავიდა. ბოსფორის სახელწოდებაც თურმე აქედან მომდინარეობს - ბოსფორი ბერძნულად „ხარების ფონს“ ნიშნავს.

მოკლედ, იომ, რომელიც ბუზისა და ჰერას რისხვისგან თავის დაღწევას ცდილობდა, ბოლოს ოქროს რქას (სტამბოლის ევროპული ნაწილის გამყოფი ყურე) მიაღწია, რომლის ბორცვებზეც გოგონა გააჩინა, სახელად - კეროესა. კეროესა წყლის ნიმფამ, სემესტრამ გაზარდა.

შემდგომში კეროესას ზღვათა მბრძანებელი, პოსეიდონი გადაეკიდა. კეროესამ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო და დაორსულდა.

ბიზანტი სწორედ კეროესასა და პოსეიდონის შვილია. ამის წყალობით მიაღწია მეფობას და ამის წყალობით დააარსა ეს შესანიშნავი ქალაქი, ბიზანტიონი.

***

საკუთარი ქალაქის ისტორიაზე წარმოდგენა არ გვქონდა. ბიზანტიურ და რომაულ პერიოდზე კი არა, ოსმალეთის ხანაზეც არაფერი ვიცოდით. თუმცა, ამ საოცარი უმეცრების მიუხედავად, სიტყვა თუ მოიტანდა, ჩვენს სახელოვან წინაპრებზე ურცხვად ვიწყებდით ბრტყელ-ბრტყელ ლაპარაკს.

***

„სხვა სტამბოლი არ არსებობს, დავიცვათ!“

***

სიკვდილი ადამიანს კი არ აკეთილშობილებს, ყველანი მოკვდავები ვართ. თვალს სამუდამოდ რომ დავხუჭავთ, ჩვენ მიერ ჩადენილი ბოროტება, დანაშაული, მავნებლობა გაუქმდება? ბოროტებას სიკვდილი რომ აბათილებდეს, მაშინ სიკეთეს რა ბედი ეწევა?

სიკვდილი ბოროტებას არ ასწორებს. ბოროტების წინააღმდეგ ერთადერთი საშუალება არსებობს - სიკეთე. თუ ბოროტებაზე მეტ სიკეთეს დათესავ, მხოლოდ მაშინ გამართლდები.

***

ქალაქი, როგორი არაჩვეულებრივი ხედი, როგორი მდიდარი ისტორიაც უნდა ჰქონდეს, ადამიანების გარეშე მაინც ქვის, ხისა და რკინის გროვად გადაიქცევა. ქალაქებს ადამიანები აშენებენ, ისტორიასაც ადამიანები ქმნიან...

ადამიანები რომ არა, არც ბიზანტიონი იარსებებდა, არც კონსტანტინოპოლი და არც სტამბოლი.

ქალაქის დაცვით, ფაქტობრივად, ადამიანებს ვიცავთ, კაცობრიობის ულამაზეს ქმნილებებს...

***

„სტამბოლის ერთი უბნის სიყვარულიც კი მთელ სიცოცხლედ ღირს“, - იაჰია ქემალი. 

***

უბნებს ძველი სახელები ეკარგება; ქალაქი თავის წარსულს სწყდება; ამ დროს ქალაქები ადამიანებივით არიან - წარსული თუ დაივიწყეს, თავის ისტორიას თუ მოსწყდნენ, საკუთარ ინდივიდუალობასაც დაკარგავენ. თავისებურება აღარ შერჩებათ. ერთმანეთის მსგავს, რიგით ადამიანებს დაემსგავსებიან. სტამბოლი ხომ რიგითი ქალაქი არ არის?!

***

თურქეთში ისტორია ყველას ფეხებზე ჰკიდია. გადი ქუჩაში და ნახავ, ისტორიის ხსენებაზე რა პასუხს მიიღებ. ვინც ორ სიტყვას მაინც აბამს, ალტაელ წინაპრებზე, ვაჟკაცობაზე, ხმლებზე, ცხენებზე, ბაირაღებზე ლაპარაკს დაგიწყებს... ეს არის და ეს... ამათ არც წინაპართა ისტორია აინტერესებთ და არც კულტურა. კულტურის ხსენებაზე საერთოდ დაიბნევიან. კულტურას თავი დავანებოთ. რელიგიაზე ჰკითხე, ისლამზე... მაქსიმუმ ათი სიტყვა მიიღო პასუხად:


მადლობა ალაჰს, მუსლიმები ვართო, გეტყვის; მუჰამედი ჩვენი წინასწარმეტყველიაო, გეტყვის; ყურანი ჩვენი წმინდა წიგნიაო; რამდენი კაცი იქნება მათ შორის, ფათიჰას თავიდან ბოლომდე წაკითხვა რომ შეეძლოს? მაგრამ იგივე ადამიანები დაუფიქრებლად გადაბუგავენ ყველას, ვინც მათი აზრით, ისლამს აუგად იხსენიებს.

***

ქვეყანას, რომელსაც ცხოვრებისეული ცნობიერება არა აქვს, ისტორიული ცნობიერება როგორ ექნება? ამას საუკუნეები სჭირდება.

***

მომხდართან შეგუება ზოგჯერ ყველაზე დიდი სიკეთეა.

***

სიკვდილი, ქორწინების მსგავსად, ჩვენს ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის და მის აზრზე კიდევ ერთხელ გვაფიქრებს. მით უმეტეს, თუ სიკვდილის მიზეზი ძალადობაა, ბუნებრივად იბადება შეკითხვა - რატომ? ამ დროს მკვლელის მოტივებთან ერთად მთავარი ისიცაა, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანის მოკვლა შეძლო.

საბოლოოდ მაინც ადამიანის ანალიზამდე მივდივართ. იმათ, ვინც ადამიანს პოზიტიურ არსებად მიიჩნევს, მკვლელობა აბნევს: ამბობენ, ადამიანობა დაუკარგავსო. მეორენი, ვინც ადამიანს ბოროტ არსებად თვლის, მკვლელებს საერთოდ არ განსჯიან, მხოლოდ მათ უსასტიკესად დასჯას მოითხოვენ. ასე ჰგონიათ, რომ მკვლელებზე მეტად შეუბრალებლები, ულმობლები და სასტიკები თუ იქნებიან, ამით მკვლელობათა რიცხვს შეამცირებენ. გაუცნობიერებლად მკვლელებისავე მეთოდებით მოქმედებენ.

ჩემნაირებისთვის კი, რომელთაც ადამიანი მოწყალებისა და ულმობლობის, სიკეთისა და ბოროტების, აღმშენებლობისა და დამანგრევლობის ნაზავად მიაჩნიათ, მკვლელობა დიდი იმედგაცრუებაა, რადგან გულის სიღრმეში ყოველთვის გვგონია, რომ სიკეთისა და ბოროტების მუდმივ ჭიდილში საბოლოოს ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს.

***

როცა კონსტანტინემ რომის იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიონში, ანუ იმ ქალაქში გადმოიტანა, რომელსაც წლების შემდეგ მისი სახელი დაერქმეოდა, მის დასამშვენებლად მთელ მსოფლიოში გამორჩეული ძეგლების, ქანდაკებებისა და ხელოვნების ნიმუშების შეგროვება დაიწყო. იმპერატორის მიზანი ბიზანტიონის მსოფლიოს ულამაზეს ქალაქად ქცევა იყო.

***

რომაელებისთვის შვიდიანი წმინდა და იღბლიანი ციფრია. ეს ტრადიცია, სავარაუდოდ, პითაგორასგან მომდინარეობს. შვიდიანი საიდუმლოსა და ძალის სიმბოლოა. შვიდი დღე, შვიდი თვე, შვიდი წელი...

ალბათ ამავე მიზეზით გააშენა კონსტანტინემ ეს ქალაქი რომის მსგავსად, შვიდ ბორცვზე. თავისი სასახლის უდიდეს დარბაზს „შვიდი შანდალი“ დაარქვა.

იმპერატორს შვიდი მცველი ჰყავდა. როგორც იცით, შვიდიანს ისლამშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია. „ძალაუფლება“ (ყურანის 67-ე სურა) გვეუბნება, რომ შვიდი ცა არსებობს. ჰაჯის (მუსლიმთა მიერ წმინდა ადგილების მოლოცვა.) დროს ქააბას (მუსლიმთა სიწმინდე, რომლისკენაც მიმართულები არიან მთელი მსოფლიოს მუსლიმები ლოცვის დროს. მდებარეობს ქალაქ მექაში, საუდის არაბეთში.) შვიდჯერ უნდა შემოუარო.

***

სტამბოლზე ათობით მეფე, იმპერატორი თუ ფადიშაჰი ზრუნავდა, მაგრამ მათგან ორი განსაკუთრებით გამორჩეული იყო: კონსტანტინე დიდი და მეჰმეთ ფათიჰი. ეს ქალაქი ბიზანტმა დააარსა, მაგრამ ის მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქად კონსტანტინემ აქცია. ათასზე მეტი წლის შემდეგ იგივე მისია ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთმა უდიდესმა ფადიშაჰმა, მეჰმეთ ფათიჰმა იტვირთა.

***

კონსტანტინემ ბიზანტიონის გალავანი მხოლოდ ოდნავ გააფართოებინა. ქალაქი ემინონუდან ჯანქურთარანამდე რკალისებურად იყო გადაჭიმული. კონსტანტინემ ეს რკალი აიაქაფიდან - ესექაფიმდე გააფართოებინა და შიგ მოაქცია დღევანდელი ქადირ ჰასის უნივერსიტეტი და ჯერაჰფაშას საავადმყოფო. ამასთან დაკავშირებით საინტერესო თქმულებაც არსებობს:

ქალაქის საზღვრების დადგენისას კონსტანტინე მახვილით ხელში უკან მიჰყვებოდა მოხელეებს. თან თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა, თითქოს ვიღაც უჩინმაჩინს ელაპარაკებოდა. რა თქმა უნდა, ვერავინ ბედავდა იმპერატორისთვის ეკითხა, ვის ესაუბრებითო.

გარკვეული ხნის შემდეგ ერთმა მოხელემ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ იმ დღეს დადგენილი საზღვრები დაირღვა, გაბედა, იმპერატორს მოწიწებით ეახლა და ჰკითხა, რა ხდება, ვის ესაუბრებითო.

ამ ქალაქის საზღვრების დამდგენ ანგელოზსო, მიუგო კონსტანტინემ. ის მეტყვის, სად უნდა შევჩერდეო.

***

ძალაუფლება სისხლით საზრდოობს. გნებავთ - რომის, გნებავთ ოსმალეთის იმპერიის მმართველებში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ისეთი არ არსებობს, ხელები სისხლში რომ არ ჰქონდეს ამოსვრილი.

***

დერსაადეთი - სტამბოლის ერთ-ერთი ძველი სახელწოდებაა. „დერსაადეთი“ ბედნიერების კარიბჭეს ნიშნავს.

***

როცა საქმე დანაშაულთან გაქვს, კანონის მხარესაც რომ იყო, მაინც ისვრები.

***

ისტორია სტამბოლის ყველა მცხოვრებს უნდა უყვარდეს, თორემ ამ ქალაქს სათანადოდ ვერასდროს დააფასებენ.

***

მარკიანეს, სხვანაირად - ქალწულის კოლონა, იმდროინდელმა ვალიმ იმპერატორი მარკიანეს პატივსაცემად აღმართა. ოდესღაც კვარცხლბეკზე მარკიანეს ქანდაკება მდგარა.

ლეგენდის თანახმად, როცა ქანდაკებას გოგონები ჩაუვლიდნენ ხოლმე, მარკიანე ჩურჩულით ეუბნებოდა, რომელი მათგანი იყო ქალწული და რომელი - არა, რის გამოც, დროთა განმავლობაში, გოგონებმა, რომელთაც ქალწულობა დაკარგული ჰქონდათ, ძეგლის მახლობლად სიარული შეწყვიტეს.

ერთ დღეს კოლონასთან უკვე სხვა იმპერატორის ცოლის დამ ჩაიარა. ძეგლმა მასაც უჩურჩულა, ქალწული არა ხარო, რასაც ერთი დავიდარაბა მოჰყვა. ატირებული გოგონა სასახლეში დაბრუნდა. იმპერატორმა კი, რომელიც ცოლის ჭკუაზე დადიოდა, კოლონის დანგრევა ბრძანა.

ცხადია, ეს მხოლოდ ლეგენდაა.

სავარაუდოდ, ოსმალებმა კოლონას ქალწულისა იმიტომ შეარქვეს, რომ მის კვარცხლბეკზე გამარჯვების ქალღმერთის, ნიკეს ორი ბარელიეფი არსებობს.

***

აქლემის თხრილზე გადახტუნება უფრო ადვილია, ვიდრე სტამბოლში ახალი შენობის ჩადგმა.

***

ისტორიას უცნაური ლოგიკა აქვს, რასაკვირველია, ეს ლოგიკა მთლად სამართლიანი არ არის.

***

აია სოფიამ ამჟამინდელი სახე მესამე რეკონსტრუქციის შემდეგ მიიღო. თავიდან, უკანასკნელ რეკონსტრუქციამდე დაახლოებით 200 წლით ადრე, ხით გადახურული ეკლესია აშენდა, რომელსაც დიდ ეკლესიას ეძახდნენ და რომელიც დაახლოებით 50 წლის შემდეგ დაიწვა.

მეორე ეკლესია თეოდოსიუს II -ის მეფობის ხანაში აშენდა და ნიკას აჯანყებას ემსხვერპლა.

მხოლოდ ამის შემდეგ ააგებინა იუსტინიანემ ეს დიდებული ტაძარი. მშენებლობა 5 წელს გაგრძელდა; მასში ხუროთმოძღვრებთან ერთად მეცნიერი მათემატიკოსებიც მონაწილეობდნენ. მშენებლობაზე ათი ათასამდე მუშა შრომობდა დღე და ღამე.

ეკლესიის მშენებლობა 537 წელს დასრულდა. იმ დროისთვის უდიდესი გუმბათიანი ნაგებობა იყო.

დიდმა სინანმა ათასი წლის შემდეგაც კი სულეიმანიე და სელიმიე ამოდენა გუმბათებით ვერ დაამშვენა...

აია სოფიაზე დიდი გუმბათი მხოლოდ სამ ნაგებობას აქვს: წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარს ლონდონში, მილანის საკათედრო ტაძარსა და წმინდა პეტრეს ტაძარს რომში...

***

CONOB - იმას ნიშნავს, რომ მონეტა კონსტანტინოპოლშია მოჭრილი. CON - კონსტანტინოპოლია, OB კი სიტყვა Obryzum-ის აბრევიატურაა, რაც ბაჯაღლოს ნიშნავს.

***

ტაძრებს, უფალზე მეტად, მისი ამგები მმართველებისათვის მოაქვს პატივისცემა. მათ ამქვეყნად ღვთის აჩრდილის სახელს უმკვიდრებს. ყველას ახსენებს, რომ ესა თუ ის მმართველი ამქვეყნად უფლის წარმომადგენელია. ტაძრებს მათი ამგებებისთვის უკვდავება მოაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ტაძრები ხალხის ლუკმაპურის ხარჯზე შენდება. მმართველები, ფაქტობრივად, რწმენის გამოყენებით საკუთარ ძალაუფლებას ამყარებენ.

***

აია სოფია თუ დაგითვალიერებიათ, ნახავდით, შეუდარებელი სვეტების თავზე იუსტინიანესა და თეოდორას სახელების პირველი ასოებია ამოტვიფრული. ასე, რომ აია სოფია, ტაძრის გარდა, სიყვარულისაგან გონებადაბინდული იმპერატორის მიერ საყვარელი ქალისადმი მიძღვნილი გიგანტური ძეგლია.

***

სულთანმა მეჰმეთ ფათიჰმა ქალაქი ხელახლა ააგო, რადგან, როცა ოსმალები კონსტანტინოპოლში შევიდნენ, ქალაქი სავალალო მდგომარეობაში დახვდათ. ფათიჰმაც, კონსტანტინეს მსგავსად, ამ დანგრეული, გავერანებული გაძარცვული ქალაქის სატახტო ქალაქად ქცევა განიზრახა.

იმპერიის ყველა პროვინციიდან ოსტატები და ტყვე მუშები ჩამოაყვანინა. მაგალითად, ტრაპიზონიდან 5 ათასი ოჯახი ჩამოასახლა. ედირნედან, ბურსადან, გელიბოლუდან და პლოვდივიდან ხელოსნები გამოიძახა. თურქები, სლავები, ებრაელები, სომხები იძულებით გადმოასახლეს. ყოველი ქალაქი ვალდებული იყო, კონსტანტინიეში მინიმუმ 100 ხელოსანი და მდიდარი ოჯახი გამოეგზავნა. მართალია, ზოგს არც უნდოდა, მაგრამ ფათიჰის ბრძანებას წინააღმდეგობას ვინ გაუწევდა! დიდი აღმშენებლობა დაიწყო და ბიზანტიის ბებერი, დაღლილი, იმედდაკარგული ქალაქიდან ოსმალეთის ახალი დედაქალაქი იშვა. ფათიჰის შემდეგ ეს საქმე მისმა ვაჟმა, ბეიაზითმა და შვილიშვილმა, სელიმმა განაგრძეს, მაგრამ კონსტანტინიემ თავის ოქროს ხანას კანუნის ეპოქაში მიაღწია.

***

სალიფაზარში მდებარეობს სინანის მიერ აგებული - ქილიჩ ალი ფაშას მეჩეთი, რომელიც აია სოფიას მცირე კოპიაა. ამ მეჩეთის მშენებლობაზე „დონ კიხოტის“ ავტორს, სერვანტესს უმუშავია.

***

ქალაქს გავცქეროდით ზღვიდან. ნისლში ცურავდა სტამბოლი... ნისლს დაეფარა ზღვა...

სულთანაჰმეთის მინარეთები მოჩანდა, აია სოფიას გუმბათი, თოფქაფის სასახლის ქონგურები. ისე გამოიყურებოდა ქალაქი, თითქოს არასდროს დაერბიათ, დაენგრიათ, დაებინძურებინათ. ქათქათა ნისლის ნისლით დაეფარა ბუნებას ყველაფერი, რაც კი რამ ამახინჯებდა ხედს. მზის ამოსვლამდე წამით გაელვებულ ოცნებასავით... მოჯადოებული ღრუბელივით... ზღაპრულ სახესავით... ახლად დაარსებული ქალაქივით... დასაწყისივით... ახალგაზრდა, ლამაზი, იმედიანი...

ქალაქს გავცქეროდით ზღვიდან... ჩვენს ბავშვობას... ბალათის ქუჩებში ჟრიამულია... ჩვენ წინ ოქროს რქის წყალი გადაშლილა... მეზობელი უბნების ბავშვებთან ერთად ვართ... ბაღში ქლიავს ვიპარავთ, ანემასის საპყრობილეში განძს ვეძებთ. ბლაქერნის მცირე სასახლის აჩრდილი, წინასწარმეტყველი იესო საპატრიარქოში, სადღესასწაულო ნამაზი სულეიმანიეში, წმინდა წყალი აიაზმაში, საჰაბეების საფლავები, ზღვიდან ამოღებული ჯვარი... საფლავები ეიუფში... ვიწრო ქუჩებში დატრიალებული საჭმლის სუნი... მეზობლები, რომელთაც ერთმანეთის ნაცარი სჭირდებათ...

ქალაქს გავცქეროდით ზღვიდან. ჰანდანს შევცქეროდით... შავწინსაფრიან წვრილფეხება გოგოს. მასწავლებლის შეკითხვაზე ხელს ჩვენზე ადრე იწევს. გაუთავებელი საშინაო დავალება. მასწავლებლის სილა. დანისლული მოგონებები... ბალათის ქუჩებს ოთხი მოსწავლე მიუყვება... მეგობრობა, რომელსაც სიყვარულმა ვერაფერი დააკლო... ჰანდანს შევცქეროდით, დაბინდული თვალები ნისლიდან გამოღვიძებულ სტამბოლს რომ მიუგავდა.

სტამბოლს გავცქეროდით ზღვიდან. ბუნების მიერ შექმნილ ლექსს... დღევანდელი ადამიანის გაუცხოებას... ცათამბჯენებს გავცქეროდით, ქალაქის გულში ჩარჭობილ ბეტონის ხანჯლებს, ჩვენ წინაშე უსინდისოდ წამომართულს... ხიდებს გავცქეროდით, ზღვის მაჯებზე ბორკილებივით დადებულს... თავისუფალ სივრცეს გავცქეროდით, ყოველ წუთს, ყოველ წამს რომ მცირდებოდა... ტყეებს გავცქეროდით, ხე-ხე, ბუჩქ-ბუჩქ, ყვავილ-ყვავილ განადგურებულს... ადამიანებს გავცქეროდით, თავგანწირვა, სიხარული, სიყვარული, იმედი, ღირსება, მეობა რომ დაუკარგავთ... საბრალო საზოგადოებას, წარმატება ბედნიერება რომ ჰგონიათ...

ქალაქს გავცქეროდით ზღვიდან. ჩვენი მიცვალებულების სახეებს... მათ მზერაში ასახულ ჩვენს ნაღველს. ჩვენს უსუსურობას შევცქეროდით, სისუსტეს, სიმხდალეს... ჩვენთვის წართმეულ სიცოცხლეს... მზიან დღეებს, იმედით აღსავსე დილას, გაზაფხულის მხიარულ საღამოებს... ჩამქრალ მოგონებებს, დამსხვრეულ ოცნებებს... ჩამქრალი მოგონებებითა და დამსხვრეული ოცნებებით დატვირთულ ჩვენს ქალაქს, დამძიმებული ნავივით რომ გვშორდებოდა... და ქალაქთან ერთად დაკარგულ საკუთარ თავებს შევცქეროდით...

სტამბოლს გავცქეროდით ზღვიდან. მეფე ბიზანტის ლეგენდარულ ქვეყანას, კონსტანტინეს იმპერიის დედაქალაქს, თეოდოსიუს II-ის მიერ აგებულ ქვის ყელსაბამის სადარ გალავანს, იუსტინიანეს შეუდარებელ აია სოფიას, ფათიჰის თოფქაფის სასახლეს, საიდანაც მსოფლიოს მართავდა, კანუნის დიდებულ სულეიმანეს... მმართველებს შევცქეროდით, დიდ სარდლებს, დიდებულ მოქალაქეებს, ყმებს, დევშირმეებს... ქალებს შევცქეროდით... პულქერიას, თეოდორას, ჰიურემ სულთანს... გმირობას შევყურებდით, სიმხდალეს, შემოქმედებას, ნგრევას, ნიჭს,, სისულელეს, გულისხმიერებას, დაუნდობლობას... ქალაქის პანორამაში კაცობრიობის მთელ თავგადასავალს შევყურებდით ზღვიდან.

სტამბოლს გავცქეროდით ზღვიდან... ფორუმებს, კოლონებს, ქანდაკებებს, ღმერთებს, ტაძრებს, ეკლესიებს, მეჩეთებს, სასახლეებს, აკვედუკებს, წყაროებს, აკლდამებს, მედრესეებს, სასადილოებს, ნავმისადგომებს, სადგურებს, უნივერსიტეტებს, ვილებს, მიტოვებულ ხის სახლებს, დანგრეულ ქვის სახლებს... სანაპიროსკენ მიმავალ საცალფეხო ბილიკებს, ფართო ბულვარებს, შენობებით გარშემორტყმულ საბავშვო მოედნებს... და თავისი გონებით, გარჯით, შრომით ამ ქალაქის შემქმნელ ოსტატებს... ოსტატთა ოსტატს, ხუროთმოძღვარ სინანს...

სტამბოლს გავცქეროდით ზღვიდან, ჩვენს სტამბოლს, მოპარული ოცნებების ქალაქს... განადგურებული მოგონებების, ფეხქვეშ გათელილი ბედნიერების დედაქალაქს...
გაცრუებული იმედების ციხე-სიმაგრეს... სევდის დედოფალს... მოძალადეების ხელში აღმოჩენილ სილამაზეს... გრაციას, რომელშიც ვერაგობას თავისი ბაირაღი აღემართა... ბარაქას, რომელსაც სიხარბე დაჰპატრონებია... ჩვენს ქალაქს, რომლისთვისაც საკუთარი სისხლი უნდა მიგვეძღვნა, რადგან სხვა გამოსავალი აღარ არსებობდა... ჩვენს ქუჩას, ჩვენ ბაღს, ჩვენს სახლს, ჩვენს საფლავს...

სტამბოლს გავცქეროდით ზღვიდან - ნისლს დაეფარა სტამბოლი...

თურქულიდან თარგმნა - ნანა ჯანაშიამ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში