ლაშა ბუღაძე - პატარა ქვეყანა

„პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტია: მასში მოთხრობილია თავად ავტორის და საქართველოს ბიოგრაფია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან უახლეს პერიოდამდე. ამ მცირე ხნის განმავლობაში პატარა ქვეყანა საბჭოთა კავშირს გამოეყო, დამოუკიდებლობა მოიპოვა, ოთხი ომი და ერთი რევოლუცია გადაიტანა და ოთხი პრეზიდენტი შეიცვალა. 

ეს არის რომანი ცვლილებების, ილუზიებისა და შიშების შესახებ, რომელშიც ავტორი ჩვეული სარკაზმით მოგვითხრობს, როგორ ცხოვრობდა ხალხი ცვლილებებით სავსე ეპოქაში; რას ეგუებოდა და რას უძალიანდებოდა; რა მოსწონდა და რა – არა; როგორ შეირაცხა ახალგაზრდა მწერალი წმინდანის შეურაცხმყოფლად სატირული მოთხრობის გამო; როგორ გადაურჩა ეკლესიისგან განკვეთას და რა როლი შეასრულეს ამ აბსურდულ ამბავში პატარა ქვეყნის სამმა პრეზიდენტმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქმა.


***

რახან ხატვა მეხერხებოდა, ჩემი კლასელები ზოგჯერ სექსის დახატვას მთხოვდნენ ხოლმე, მაგრამ რა უნდა დამეხატა, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა? ვცადე კიდეც რამდენჯერმე, მაგრამ არადამაჯერებლობის გამო ყველამ დამიწუნა.

***

დასავლური ფილმების ნახვა მარტო კვირაში ერთხელ, შაბათობით, გადაცემა „ილუზიონში“ შეგვეძლო, ხოლო ყველაზე საყვარლებისა და ახლების მაინცდამაინც მაშინ, როცა ან შობა უნდა დამდგარიყო იმ ღამით, ანდა აღდგომა, რათა ხალხს უკვე პოპულარულ ადგილად ქცეული ეკლესიებისთვის არ მიეშურებინა.

და იყო ჭოჭმანი: ლიტანიობაზე დავდგე თუ „ილუზიონს“ ვუყურო? ეკლესიაში წავიდე თუ ცენზურირებულ „ნათლიმამას“ შევრჩე?

მაშინ ბევრმა უარყო „ილუზიონი“ და თავი მოვალედ ჩათვალა, მეთვრამეტედ აღარ ენახა „ჩემი მშვენიერი ლედი“, კრემლის ჯინაზე, ქართველი ღმერთის სადიდებლად მდგარიყო რომელიმე მოქმედ ტაძარში, და ამ ფორმით შეერთებოდა ეროვნულ მოძრაობას.

მთავარი და გადამწვეტი საცდური გადაცემა „ვიდეო-ვიდეოა“, რომელშიც ხალხმა პირველად იხილა „მკვლელი-კიბორგი“ და მძლეოსან რემბოს თავგადასავალი. ეს იყო ბოლო სატყუარა სულმღაფავი კომუნისტური ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მაინც უშედეგოდ დაგვიანებული, რადგან ჩვენ უკვე სახლში აღარ დაგვეჯდომებოდა, დემონსტრაციებს ვერც „რემბო“ შეათხელებდა და ვერც ეშმაკურად ნაჩვენები „იესო ნაზარებელი“: ცეკა ტელეღმერთით ცდილობდა ეკლესიებიდან ხალხის გამოხშირვას.

***

საბჭოთა კავშირი სიკვდილისწინა ამონახველივით ამოისვრის ჯადოქრებს, უცხოპლანეტელთა მხედველებსა და მიცვალებულთა სულებთან მოსაუბრეებს. გამოდის ვიღაც ტელევიზიით და ან კუს ტბის მახლობლად დანახულ უცხოპლანეტელზე ჰყვება ან პლეხანოვის გამზირზე მოსეირნე სულზე.

ერთ-ერთ მიტინგზე ამბობენ: „მეგობრებო, კაგებემ თავისი ექსტრასენსები და ეშმაკეულები გამოყარა გარეთ, რადგან მათი მიზანი ჩვენი შეშინებაა. მაგრამ ჩვენ არ გვეშინია, ჩვენზე მათი ჰიპნოზი აღარ მოქმედებს!“

***

სასწავლო ნაწილები სხვადასხვა ენაზე გაჰყვირიან ერთსა და იმავე სიტყვებს: „გაიკეთეთ ყელსახვევი, თორემ ხელებს დაგამტვრევთ!“

და მილიონობით სხვადასხვა ეროვნების, ენის, ქვეყნის და წარსულის მქონე ბავშვი ერთნაირად გარბის საბჭოთა სკოლების ნახერხისსუნიან დერეფნებში - გინდა თბილისში, გინდა ვილნიუსში, გინდა ბაქოში, გინდა მოსკოვში, რადგან ამბოხებაც ისეთივე მსგავსია, როგორც ყველაფერი სხვა საბჭოთა კავშირში.

***

„რუსეთი“, ამბობს ყველა, „რუსეთი კლავს“, რადგან ეს სიტყვა სტიქიური კატასტროფის სინონიმია საქართველოში. რუსეთი საფრთხეს ნიშნავს.

ეს სიტყვა ბავშვობიდან მესმის, როცა ვიღაცა, თუნდაც ბებიაჩემი, მზაკვრული ან უხეში, მოულოდნელი ან მოსალოდნელი, მცირე თუ დიდი ტრაგედიის მიზეზის პოვნას ცდილობს: რუსული გეგმაა, რუსეთის ხელი ურევია, რუსული კვალია.

რუსეთი საქართველოს უიღბლობის პირდაპირი თუ ირიბი მიზეზია, რუსეთი ნაწყენი და გაბოროტებული დედინაცვალია, რუსეთში ხელოვნური მიწისძვრების გამოწვევის სეისმური სადგურებია, რუს ჯარისკაცს მორალი არა აქვს - ის კლავს, ძარცვავს და აუპატიურებს.

რუსეთი მკვლელია.

სასწავლო ნაწილი რუსეთის შიშით მოგვდევს მე და ჩემს კლასელებს:

„გაიკეთეთ ყელსახვევები, რა გინდათ, ტანკებით მოგვადგნენ სკოლაში?“

***

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი სწორედ იმ დღეს გაიქცა, როცა საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა.

***

1993 წელს, როცა ჩემი მშობლების თაობის ფრუსტრაციის მიზეზი - რვათვიანი აფხაზური ომი დაიწყო, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ისევ ერთგულად უსხდა ტელეეკრანებს და ახლად შემოსული მექსიკური სერიალის ყურებით ცდილობდა დაჩლუნგებული რეაქციების გამოცოცხლებას.

სერიალი „მდიდრებიც ტირიან“ ომზე ერთი თვით მეტხანს გაგრძელდა, თუმცა მაინცდამაინც იმ დღეს გაითიშა ელექტროენერგია, როცა ნაჩხუბარი ცოლ-ქმარი ფინალურ, ორას ორმოცდამეათე სერიაში უნდა შერიგებულიყო.

დენი გამოირთო და წლები აღარ ჩართულა. გაუქმდა წელიწადის ოთხი დრო. ყველგან დამწვარი შეშის სუნი დადგა და დიდი ხნით დაბნელდა. წლობით შეწყდა ბანაობა.

[...]

თბილისში ისევ ისროდნენ, რადგან ახლა ყველას ჰქონდა იარაღი. ახლა ყველას ყველაფერი შეეძლო.

***

ნოემბერი ყოველთვის მიტინგების თვე იყო საქართველოში. ამ, ალბათ დამოკლებული და დეპრესიული, უშუქო დღეების გამო - ყოველთვის ჩნდებოდა სურვილი, რომ რაღაც შეცვლილიყო: ვთქვათ, ხელისუფლება.

მაგრამ ხელისუფლება, რომელსაც თითქმის ოცდაათი წელია ედუარდ შევარდნაძის თავი, სხეული და ხმა ჰქონდა, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს არ შეიცვლებოდა. ის ახლა მეტყველებაშენელებული და მსუბუქი პარკინსონისგან შებოჭილი მოხუცი იყო და ისე ჩანდა, რომ დიდად არ აღელვებდა ნოემბრის მორიგი დემონსტრაციები. მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი დემონსტრაციებსაც არ ჰგავდა - ჩაბნელებულ სახლებში ბრმა კატებივით მობინადრე ადამიანები სპონტანურად ჯგუფდებოდნენ ცენტრალურ პროსპექტებზე და, თუკი ხერხდებოდა, ქუჩებს კეტავდნენ.

ქართულ მიტინგებზე იშვიათად იკრიბებოდნენ სოციალური პრობლემების გამო, ან თუკი მაინც იკრიბებოდნენ, ვთქვათ, უშუქობის გასაპროტესტებლად, ერთ საათში აუცილებლად დააყენებდნენ უიღბლობის სიმბოლოდ ქცეული პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას.

***

ფატალისტური შეკითხვა: ის თუ არა, სხვა ვინ? ედუარდ შევარდნაძემ სწორედ ამ კითხვის წყალობით მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება ოცდაათი წლის განმავლობაში.

შევარდნაძე ნელი კვდომა და ჭაობია, მაგრამ მას ალტერნატივა არა აქვს. ამ ფრაზაში უიმედობაც იყო და სტაბილურობის განცდაც.

[...]

შევარდნაძის კლასიკური ტაქტიკა სწორედ ის იყო, რომ მოჩვენებითი ყურადღებით მოკიდებოდა თავის ყველაზე ენერგიულ ოპონენტს.

***

ყველა პატარა ერს აქვს დიდი შიშები.

***

გულუბრყვილოდ ლაპარაკის ნიჭი დიდი მორწმუნეობის შედეგია, ან სურვილს, ვინმე გაასულელო.

***

„ორშაბათის რადიოინტერვიუ პრეზიდენტთან“. 2003 წლის 29 იანვარი. ფრაგმენტი.

ჟურნალისტი: ბატონო პრეზიდენტო, ჩემი ბოლო შეკითხვა ეხება მოვლენას, რომელსაც გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში. საქმე ეხება ახალგაზრდა მწერლის მოთხრობას, რომლის გამოც არაერთი მორწმუნე აღშფოთდა, საყვედური გამოითქვა ასევე, ავტორიტეტული სასულიერო პირების მიერ და ქვეყნის პარლამენტშიც კი გაისმა კრიტიკული მოსაზრებები: სახელდობრ, გამოითქვა შეხედულება, რომ შესაძლოა ყოფილიყო ამგვარი საკამათო და ისტორიის თუ სხვადასხვა სიწმინდეების შეურაცხმყოფელი ნაწარმოებების ტირაჟირების აკრძალვა. საინტერესოა, პრეზიდენტი რას ფიქრობს ამ თემაზე...

პრეზიდენტი (ედუარდ შევარდნაძე): ჩემთვის არაა ცნობილი, ვინ რა მოითხოვა და რა თქვა ამ თემასთან დაკავშირებით. არც ნაშრომს გავცნობივარ, თუმცა მოვისმინე განსხვავებული შთაბეჭდილებები. ერთი რამ დაბეჯითებით მინდა ვთქვა: ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვერც ლაპარაკს ავუკრძალავთ ვინმეს და ვერც წერას. თუ რამე არ მოგვწონს, ჩვენი პოზიცია უნდა გამოვხატოთ, მაგრამ აკრძალვა არ შეიძლება, ეს ცენზურის შემოღებას ნიშნავს, რაც საბჭოურ წარსულში დაგვაბრუნებს.

გვინდა წარსულში დაბრუნება? მე არ მინდა.

თუკი ახალგაზრდა კაცს რამე შეეშალა და რაღაც ისე თქვა ან დაწერა, კი არ უნდა ვეჩხუბოთ, არამედ მამაშვილურად გავესაუბროთ და თუკი შეცდა, ჭკუის დარიგება ვცადოთ.

დასჯა არ შეიძლება, წერა და ლაპარაკი დანაშაული არაა ოცდამეერთე საუკუნეში. სიწმინდეებს პატივისცემა უნდა, რელიგიას დაცვა. მე მჯერა, ეს ახალგაზრდა უზრდელურს და შეუფერებელს არაფერს იკადრებდა.

***

პრეზიდენტი ყოველთვის ფრთხილად დელიკატურად ურთიერთობდა ძლიერ მოხუცთან, რომელიც მასზე არანაკლებ (თუ არა მეტ) ძალაუფლებას ფლობდა ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში, ამომრჩევლების უმრავლესობის ფსიქიკა და სულები მის განკარგულებაში იყო.

პირველი პრეზიდენტი გამსახურდია თბილისის ომის დროს ამაოდ უხმობდა პატრიარქს თავისი ბუნკერიდან, რათა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩამდგარიყო - საპატრიარქოდან მთელი საქართველოს გასაგონად შეუთვალეს, რომ ეკლესიის საჭეთმპყრობელს გრიპი ჰქონდა და ვერსად ჩადგებოდა, მით უმეტეს, იმ დროს, როცა ოპოზიცია და პრეზიდენტის მომხრეები ერთმანეთს ტყვიებს ესროდნენ რუსთაველის პროსპექტზე.

ან რატომ უნდა გადაერჩინა ხელისუფლება პატრიარქს, როცა ის ღიად უჭერდა მხარს პრეზიდენტის ოპოზიციას, ხოლო გადატრიალების შემდეგ კიდევ რამდენიმე ახლად მონათლული პოლიტიკოსი შესძინა საქართველოს - ქვეყანაში ხელოვნური მესიასავით დაბრუნებული შევარდნაძის ჩათვლით?!

ამის შემდეგ მათ ერთმანეთის ავტორიტეტით დაიწყეს საზრდოობა და ამასთან ფარულ, ზოგჯერ კი გაცხადებულ ომს ჩაუყარეს საფუძველი - ომს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის.

***

მიტინგების დროებითი დაშლის დიდოსტატები იყვნენ ჩვენი ბავშვობის გმირები - დისიდენტი ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომელთაც კარგად იცოდნენ, რომ ხალხი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშლებოდა კმაყოფილების განცდით (და, შესაბამისად, უკან მოსვლის პერსპექტივით), თუკი რაიმე ჯილდოს მიიღებდა მცირე გამარჯვების სახით, თუნდაც ილუზორულის.

ამისთვის საკმარისი იყო რაიმე უმნიშვნელო და გადაუმოწმებელი ცვლილება საბჭოთა კონსტიტუციაში, ან საკავშირო „ვრემიაში“ თითქოსდა საქართველოს სასარგებლოდ გაპარული ინფორმაცია.

გამარჯვების გამოგონება სპეციალურ უნარს საჭიროებდა, რაც ყველას არ ჰქონდა. მაგალითად, დემონსტრაციის ერთმა არცთუ ნიჭიერმა ორგანიზატორმა, რომელიც დიდი სამეტყველო ლექსიკით არ გამოირჩეოდა, ხალხის დაშლის ოინად მედროშეების სხვადასხვა მიმართულებით გაფანტვა გადაწყვიტა, რადგან მისი ვარაუდით, დემონსტრანტები სწორედ იქით გაიწევდნენ, საითაც მედროშეები დააპირებდნენ წასვლას, მედროშეების დაფანტვა ხალხს მცირე ჯგუფებად დაქსაქსავდა და, საბოლოოდ, ყველა თავის გზას დაადგებოდა.

მაგრამ დაბნეულობის თუ ჩვევის გამო, მედროსეები ცალ-ცალკე სიარულს ვერ ახერხებდნენ და ისევ ერთ ადგილზე ჯგუფდებოდნენ, ამიტომ ორგანიზატორებმა მთელი დემონსტრაციის გასაგონად ჩასძახა მეგაფონს (საიდანაც ამაღლებული სიტყვების თქმას ცდილობდა მანამდე): „მედროშეებო, გააჯვით!“

***

...უცებ მკაფიოდ ჩამესმის ხმა:

- მოგვაწექით, არავინ არ დგას უკან, ჩვენ თვითონ ვერ გავიწევით.

მერე კიდევ ერთიც:

- მოგვაწექით...

პოლიციელები ჩურჩულით გვთხოვენ, რომ მივაწვეთ.

შინაგანი ჯარის დაღლილი და ღატაკი სამხედროები ინგოროყვას ქუჩაზე ღალატობენ პრეზიდენტ შევარდნაძეს.

***

სააკაშვილი მჭახედ და ყროყინით, მძლავრად გაჰკივის: „გადადექი, გადადექი! ახლავე გადადექი!“

დარბაზში მეტი და მეტი ხალხის შედის.

უცებ მესმის, როგორ იმეორებს შევარდნაძე ერთსა და იმავეს:

- გრცხვენოდეთ, უწმინდესის და უნეტარესის... შეგრცხვეთ ჩვენი პატრიარქის... ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი... უწმინდესი პატრიარქი...

შევარდნაძე პატრიარქის სახელით ცდილობს ამ ძალის შეჩერებას, მაგრამ პატრიარქის ტრადიციული სავარძელი ცარიელია - ის არ მოსულა სხდომაზე. პატრიარქმაც უღალატა თავის პრეზიდენტს. სხდომის გახსნას არ დაესწრო და ახალი პარლამენტი არ უკურთხებია.

ამ დროს, აქ უნდა მჯდარიყო, - ყოველთვის ასე იყო და პრეზიდენტი ახლაც ამას მოითხოვდა მისგან, - პატრიარქი მის გვერდით უნდა ყოფილიყო, რადგან პატრიარქს დარბაზიდან ვერ გააძევებდნენ. ესე იგი, მასაც ვერ გააძევებდნენ, თუკი პატრიარქთან ერთად იქნებოდა.

- უწმინდესის შეგრცხვეთ, აქ ჩვენ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ვართ... ყველანი ცოდვილები ვართ...

პრეზიდენტი სიტყვიერ გზავნილებს უშვებს პატრიარქთან: ის თავის მფარველ წმინდანს უხმობს საშველად, თავის კაცს, რომელიც 1977 წლიდან მუშაობს პატრიარქად, ოთხმოცდათხუთმეტპროცენტიან რეიტინგიან მოხუცს, რომელმაც, სავარაუდოდ, მაინცდამაინც დღეს შემოუთვალა, რომ შეუძლოდ იყო. როგორც 1991 წლის სამოქალაქო ომის დროს შეუთვალა პირველ პრეზიდენტს, რომ გრიპი ჰქონდა და ვერაფერს იზამდა...

შევარდნაძე დაუღალავად იმეორებს: უწმინდესის შეგრცხვეთ... პატრიარქის ლოცვა-კურთხევით... პატრიარქი გვიცქერს... უწმინდესი...

ერთი მამა ამაოდ უხმობს საშველად მეორეს.

მაგრამ ეს სიტყვები ვერავის აჩერებს.

პრეზიდენტის ტრიბუნის წინ მისი დაცვა დგება. მერე ხელში აჰყავს ერთ-ერთს (ოღონდ ფურცლებს მაინც არ უშვებს აკანკალებული ხელიდან, თუმცა ეს პარკინსონია და არა შიში).

ლაბადით გადიდებული, გახვითქული მიხეილ სააკაშვილი ტრიბუნაზე ადის და პრეზიდენტის მიერ დატოვებული მოვერცხლილი ჭიქიდან სვამს ჩაის.

- ახლა მე დავლევ ამ ჩაის, - ამბობს და ბოლომდე ცლის სითხეს - ვნებიანად და ინფანტილურად.


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში