სანამ ფოთში ნავსადგური იხმაურებდა | აკა მორჩილაძე

ფოთი იყო ადგილი, სადაც სულ მალე ისტორია იბობოქრებდა და დიდი ნავსადგური იხმაურებდა. ეს იყო ადგილი, სადაც მივიდოდა პირველი რკინიგზა თფილისიდან: გაჭრიდნენ იმ შუა წამომართულ მთას, გაიყვანდნენ გვირაბს და ამ გვირაბში მიმქროლავი მატარებლის ამბავი, უეცრად ჩამოწოლილი ქშენია და ჩქარი სიბნელის ამბავი, დარჩებოდა ქართულ რომანებსა და ლექსებში.

მაგრამ იქამდე დიდი დრო უნდა გასულიყო, მგონი ორმოცდაათი წელიწადი, ან უფრო მეტი. წინ დათვლა ჭირს და უკან ვინღა დაითვლის.

იმ დროს კი, 1827 წლის გაზაფხულზე, ეს ადგილი იყო დუქნების რიგი, აღმოჩენილი ზღვასა და უცნაურ, თითქოს უძირო, მაგრამ ზღვაზე განუზომლად პატარა ტბას შორის. ფიცრული დუქნების რიგს, სიცხეში მოხდილი და გვერდით მოდებული ქუდივით ჰქონდა სოფელი, თუმცა იქაურებს ვერ გადაეწყვიტათ, ზღვაში ეთევზავათ თუ ტბაში. მათგან ამ ორთა შედარება მოულოდნელიც კი იყო ხოლმე, გრძნობდნენ, რომ ტბას ჰქონდა ნაპირი და კიდე და ცხენდაცხენ შემოივლიდი, თუმცა ნაპირები უმეტესად უგზო იყო.

უცნაურობა კი ის გახლდათ, რომ ტბა ზღვას ჰგავდა, თითქოს მისი შვილი იყო, ოღონდ რაღაც ძალით მისგან მოშორებული. ტბამ საშიშარი აღელვება იცოდა, მგონი უფრო საშიშარი, ვიდრე ზღვამ. საქმე ეს იყო, რომ ერთდროულად აღელდებოდნენ ხოლმე, თითქოს ტბა ცდილობს, ზღვას შეუერთდეს, ზღვა კი თავის სველ ხელებს უწვდისო. 

ეს საშიშარი იყო: ადამიანი ისე ვერ დადგებოდა, რომ ან ერთი მხრიდან არ დასველებულიყო, ან მეორრედან, ხოლო იყო ადგილი, სადაც ორივე მხრიდან დასველდებოდი ამ ღელვის დროს, ამიტომ სოფელი რაღაცნაირად მოხდენილად გაწეულიყო განზე, რათა ამას მორიდებოდა.

ცა ასეთ დროს ოხერი იცოდა, ჩამომძიმებული, დედამიწისკენ ჩამოწეული, თითქოს სურს კარგად დაათვალიეროს ამათი თავგანწირული მცდელობა და დაუნდობლობა და ამიტომ თვალებიც ისე მოუჭუტავს, ისე ჩამოახლოებია, რომ ცოტა გაწყდა, ეს ბობოქარი წყლები მასაც უწევენო.

სხვაფრივ, ეს კარგი ადგილი იყო, თუ კოღოებს არ ჩავთვლით. კოღო რაღა მოსატანია, როცა ადამიანები ორ წყალთა შუა ცხოვრობენ.

როდესც რუსული პოლკის საბინაოდ ადგილს არჩევნდნე, ასე გადაწყვიტეს: ზღვასთან სიახლოვე სჯობს ტბასთან და ჭაობებთან დგომას, ვინაიდან ჯარისკაცებს კოღო-ბუზები ნაკლებად შეაწუხებსო.

აქაურები გააკვირვა რუსულმა პოლკმა. იმ ახალმა ქუჩამაც, რომელიც უცებ აშენდა ოფიცერთა ოჯახებისთვის. ესეც ხის სახლები იყო, ოღონდ ერთსართულიანი, პატარა და თან დიდი. აქაურები მიეჩვივნენ საყვირის ხმას, წელი წამოიდეს თევზისა და რძის გაყიდვით და მიეჩვივნენ მთვრალი ჯარისკაცების ყურებას ნამალავად. აქ გაჩნდა გარმონის ხმა და სხვა ათასი რამ. ასევე, საჭირო შეიქნა არყის ხდა.


წყარო: აკა მორჩილაძე - „ძველი გულებისა და ხმლისა“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში