ხორხე ლუის ბორხესი - ადოლფო ბიოი კასარესი და „მორელის გამოგონება“

XX საუკუნის არგენტინულმა ლიტერატურამ მსოფლიოს სამი დიდი მწერალი შესძინა – ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი და ადოლფო ბიოი კასარესი. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბიოი კასარესს მათგან გამორჩევს: ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ესპანურენოვან ლიტერატურაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს ამკვიდრებს. მორელის გამოგონება (1940) მოგვითხრობს ვენესუელელ მწერალზე, რომელიც მართლმსაჯულებისგან გარბის და თავს უკაცრიელ კუნძულს აფარებს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული რაღაც უცნაური, გაურკვევლი დაავადების კერაა, მწერალი მიიჩნევს, რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც უსაფრთხოდ იქნება.

მთავარი გმირი მალე აღმოაჩენს, რომ მარტო არაა. ვინ არის ეს ხალხი? რა საიდუმლოს მალავს კუნძული? კასარესი ახერხებს, გაზვიადებისა და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე დაინტერესოს მკითხველი მთავარი გმირის ბედით, დააფიქროს ისეთ თემებზე, როგორიცაა უკვდავება, სიცოცხლის შექმნა, ადამიანის გონების შესაძლებლობების ზღვარი...

***

ხორხე ლუის ბორხესი - ადოლფო ბიოი კასარესი და „მორელის გამოგონება“


სადღაც 1882 წელს სტივენსონი წერდა, რომ ბრიტანელი მკითხველი ამრეზით უყურებდა ბობოქარ ისტორიებს და მეტად მოსახერხებელი იყო ისეთი რომანების წერა, რომელიც საერთოდ უსიუჟეტოა ან მეტად მწირი, ატროფირებული სახე აქვს.

ხოსე ორტეგა ი გასეტი წიგნში „ხელოვნების დეჰუმანიზაცია“ (1925 წ.) ცდილობს, განმარტოს სტივენსონის მიერ ნახსენები გულგრილობა და 96-ე გვერდზე უთითებს, რომ „დღეს ძალიან ძნელია, მოიფიქრო სათავგადასავლო ამბავი, რომელიც ჩვენს უფაქიზეს შეგრძნებებს დააინტერესებდა“, 97-ე გვერდზე კი აცხადებს, რომ „პრაქტიკულად, ეს შეუძლებელია“. თითქმის ყველა სხვა გვერდზე, „ფსიქოლოგიური“ რომანის სასარგებლოდ, ამტკიცებს, რომ სიამოვნება, მიღებული სათავგადასავლო ნაწარმოების კითხვისაგან, არარსებული ან ბავშვურია.

ეჭვგარეშეა, რომ ასეთი მოსაზრება გავრცელებულია 1882, 1925 და თვით 1940 წელსაც კი. ზოგიერთი მწერალი (რომელთა შორის სიამოვნებით ვასახელებ ადოლფო ბიოი კასარესს) კი, სავსებით სამართლიანად, აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება. აქვე მოკლედ მოგახსენებთ იმ მიზეზებს, რაც წარმოშობს განსხვავებულ მიდგომას საკითხისადმი.

უპირველესი მიზეზი (რომლის პარადოქსულობის არც განსაკუთრებულად გამოყოფა მინდა, მაგრამ არც დაკნინება) სათავგადასავლო ნაწარმოებისთვის დამახასიათებელი სიზუსტეა. ძალიან ხშირად, სახასიათო, „ფსიქოლოგიური“ რომანი ემსგავსება მოხსენებას. რუსმა მწერლებმა და მათმა მიმდევრებმა მოყირჭებამდე კარგად წარმოაჩინეს, რომ შეუძლებელი არაფერია: ბედნიერებით გამოწვეული თვითმკვლელობა, მკვლელობა კეთილშობილური მიზნებით, ადამიანები, რომლებიც ისე აღმერთებენ ერთმანეთს, რომ დაშორების პირას არიან, აღტყინებით ან სიბრალულით განმსჭვალული დამსმენები... ეს სრული თავისუფლება კი საბოლოოდ ქაოსური ხდება.

მეორე მხრივ, „ფსიქოლოგიურ რომანს“ სურს იყოს „რეალისტურიც“: ურჩევნია, დავიწყოთ მისი ვერბალური ხასიათი და სრულიად ამაო სიზუსტით (თუ თავისი უსუსური ბუნდოვანებით) ცდილობ, შექმნას რაღაც სარწმუნო.

მარსელ პრუსტს აქვს გვერდები, თავები, რომლებიც როგორც რაიმე ღირებული მიგნება, სრულიად მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ შეუცნობლად, მათ ისე ვეგუებით, როგორც რაღაც უსახურსა და ფუჭს, რაც თან ახლავს ყოველდღიურობას.

სათავგადასავლო რომანი, პირიქით, რეალობის ზუსტ აღწერას არც ისახავს მიზნად: ისაა სრულიად ხელოვნური და არ ზარალდება ამით. საფრთხე, გაიმეოროს „ოქროს ვირის“, სინდბადის შვიდი მოგზაურობისა თუ „დონ კიხოტის“ თანმიმდევრული მრავალფეროვნება, აიძულებს მკაცრად გაწერილი სიუჟეტი ჰქონდეს.

აქამდე ინტელექტუალური წესრიგის მიზეზი განვმარტე. არის ემპირიული ხასიათის მიზეზებიც. ყველანი ნაღვლიანად ვბურდღუნებთ, რომ ჩვენს საუკუნეს არ ძალუძს დახლართოს საინტერესო ინტრიგები. ვერავინ ბედავს დაამტკიცოს, რომ თუკი რაიმე უპირატესობა აქვს ჩვენს საუკუნეს, ეს სწორედ ინტრიგების ხლართვაა.

სტივენსონი უფრო ვნებიანი, მრავალფეროვანი, ბრწყინვალე და შესაძლოა, უფრო ღირსეულიც კია მეგობრობისთვის, ვიდრე ჩესტერტონი, მაგრამ სიუჟეტები, რომელსაც ქმნის, მდარეა. დე ქუინსიც (თომს დე ქუინსი - ბრიტანელი ჟურნალისტი და მწერალი, რომანტიზმის სკოლის წარმომადგენელი) აკურატულად და საზარელი ღამის ლაბირინთებში იძირება, მაგრამ unutterable და self-repeating infinities ვერ აღმოჩნდა საკმარისი, რათა მას ისეთივე მოთხრობები გამოედნო, როგორიც კაფკას.

ორტეგა ი გასეტი სამართლიანად აღნიშნავს, რომ ბალზაკის „ფსიქოლოგია“ ვერ გვაკმაყოფილებს. თუმცა, იგივე შეიძლება ვთქვათ მის სიუჟეტებზეც.

შექსპირს და სერვანტესს მოსწონთ ისეთი ურთიერთსაწინააღმდეგო იდეები, როგორიცაა გოგონა, რომელიც, მომხიბვლელობის შეუბღალავად, ახერხებს თავი ყველას ბიჭად მოაჩვენოს. დღეს ეს ჩვენზე აღარ მოქმედებს... ვფიქრობ, რომ თანამედროვეობის ყოველგვარი ცრურწმენისაგან თავისუფალი ვარ, ასევე ილუზიისგან, რომ გუშინდელი დღე არსებითად განსხვავდება დღევანდელი, ან თუნდაც ხვალინდელი დღისგან, მაგრამ მგონია, რომ არც ერთ სხვა ეპოქას არ აქვს ისეთი შესანიშნავი სიუჟეტი, როგორც ამ ნაწარმოებებს: The Turn of the Screw, („ჭანჭიკის ბრუნი“, ჰენრი ჯეიმზის მოთხრობა) Der Prozess, (ფრანც კაფკას  „პროცესი“), The Invisible Man (ჰერბერტ უელსის - „უჩინარი კაცი“), Le Voyageur sur la Terre („დედამიწაზე მოგზაური“, ჟულიენ გრინის ნაწარმოები), და რა თქმა უნდა ადოლფო ბიოი კასარესის მიერ ბუენოს-აირესში შექმნილი „მორელის გამოგონება“.

ამ საუკუნისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ჟანრია დეტექტიური ხასიათის ფიქციები, რომელსაც არ შეუძლია სიუჟეტის გამოგონება - ეხება იდუმალ ფაქტებს, რომელიც შემდგომ სრულიად ლოგიკური გარემოებებით აიხსნება და აშკარავდება.

რომანში „მორელის გამოგონება“ ადოლფო ბიოი კასარესი იოლად წყვეტს რთულ პრობლემას. წარმოგვიდგენს საოცრებათა ოდისეას, რომელიც შეიძლება ჰალუცინაციას ან სიმბოლოს ჰგავდეს, მაგრამ ავტორი მათ გვიშიფრავს ფანტასტიკური, თუმცა არა ზებუნებრივი პოსტულატით.

ბიოი ლიტერატურულად სრულიად ანახლებს იდეას, რომელიც წმინდა ავგუსტინემ და ორიგენემ უარყვეს, ლუი ოგიუსტ ბლანმა ლოგიკურად დაასაბუთ და დანტე გაბრიელ როსეტიმ ასე მუსიკალურად გადმოგვცა:

„აქ უკვე ვყოფილვარ,
მაგრამ ვერ ვამბობ, როდის ან რატომ,
ვცნობ ზღურბლს მიღმა ბალახს,
ტკბილ და მკვეთრ სურნელს,
ამოოხვრას და ნათელს ზღვისპირას...“

ესპანურ ენაზე არც ისე ხშირად, და უფრო ზუსტად, იშვიათად შექმნილა არგუმენტირებული წარმოსახვითი ნაწარმოები. კლასიკოსები მისდევენ ალეგორიას, სატირულ გაზვიადებას და ხანდახან ვერბალურ უწესრიგობას. უახლოესი პერიოდის ნაწარმოებებიდან არც ერთი არ მაგონდება, გარდა რომელიმე მოთხრობისა ნაწარმოებიდან „უცნაური ძალები“ და უსამართლოდ მივიწყებული სანტიაგო დაბოვეს მოთხრობებისა.

„მორელის გამოგონებას“ (რომლის სათაურიც, თავის მხრივ, გულთბილი მინიშნებაა სხვა კუნძულის ბინადარ გამომგონებელზე, მოროზე) ჩვენს მიწებსა და ჩვენს ენაში სრულიად ახალი ჟანრი შემოაქვს.

ამ ნაწარმოების სიუჟეტური დეტალები მრავალჯერ განმიხილავს მის ავტორთან, ბევრჯერ გადამიკითხავს. არა მგონია, ვცდებოდე ან ვაჭარბებდე, თუ ვიტყვი, რომ ის უნაკლოა.

1940 წლის 2 ნოემბერი, ბუენოს-აირესი

ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში