ისმაილ კადარე - გახლეჩილი აპრილი

რომან „გახლეჩილი აპრილის“ (1978 წ.) მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრმა, 26 წლის ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს - გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს. ამ წესს რომ აღასრულებს, 30 დღის გასვლის შემდეგ თავად ის უნდა მოკლას მოსისხლე ოჯახის წევრმა და ასე დაუსრულებლად... 

ისმაილ კადარე (დ. 1936 წ.) სახელგანთქმული ალბანელი პროზაიკოსი და პოეტია. მსოფლიოში აღიარებულ მის რომანებს მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული ჯილდოები: ჩინო დელ დუკას (1992), ბუკერის (2005), პრინც ასტურიელის (2009), იერუსალიმის (2015) პრემიები. რამდენჯერმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. 

***

ვინ იცის, საიდან მოდის მკვლელობის ბოლო მომენტში სიბრალულის გრძნობა?

***

იქ, შარაგზის ძირას ნასროლმა ტყვიამ უეცრად გაუხლიჩა ცხოვრება ორ ნაწილად: ერთ მხარეს იქამდე გავლილი ოცდაექვსი წელიწადი იყო, მეორე მხარეს კი ის ოცდაათი დღე, რომელიც მის მიერ მკვლელობის ჩადენის დღეს - 17 მარტს იწყებოდა და 17 აპრილს მთავრდებოდა. შემდეგ ღამურას ყოფა დაიწყებოდა, რომელსაც უკვე ცხოვრებადაც აღარ თვლიდა.

***

ჯორჯი თვალს ვერ სწყვეტდა. თეთრი პერანგი იტალღებოდა ქარში და დროდადრო მხიარულად იბერებოდა.

მისი ძმის მკვლელობიდან წლინახევრის თავზე დედამ, როგორც იქნა გარეცხა პერანგი, რომელიც უბედურს ეცვა იმ დღეს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როგორც ამას კანუნი მოითხოვდა, სისხლიანი ეკიდა კულის სულ ზედა სართულზე და სისხლის აღებას ელოდებოდა. ამბობდნენ, როდესაც სისხლის ლაქები შეყვითლებას იწყებს, უტყუარი ნიშანია - მოკლული იტანჯება, აქამდე შური რომ არ არის ნაძიებიო. პერანგი უცდომელი ბარომეტრივით მიგვითითებს შურისძიების ჟამს და მისი საშუალებით გარდაცვლილი მიწის სიღრმიდან ნიშნებს გვიგზავნისო.

***

კანუნი იმაზე უფრო ძლიერი რამ გახლდათ, ვიდრე ის ერთი შეხედვით ჩანდა. ის ავრცელებდა თავის ძალაუფლებას ყველგან - მიწებზე, ყანების მიჯნებზე, იჭრებოდა სახლების საძირკვლებში, საფლავებში, ეკლესიებში, გზებზე, ბაზრებში, ქორწილებში, ბობღდებოდა საძოვრებზე და ადიოდა კიდევ უფრო ზევით, ცამდე, საიდანაც წვიმად ჩამოდიოდა, რათა სანაოსნო არხები გაევსო. [...]როგორც ყველაფერი გრანდიოზული, კანუნიც კარგისა და ცუდის მიღმა დგას. ის მიღმაა...

***

ადათის მიხედვით, პატარძლის მშობლების მიერ მიცემული „სამზითვო ვაზნით“, ქმარს უფლება ჰქონდა თავისი ახალგაზრდა მეუღლე მოეკლა, თუკი ცოლი მის მიტოვებას შეეცდებოდა.

***

კანუნის მიხედვით, როდესაც სტუმარს ვინემ თვალწინ მოგიკლავდათ, მისი შური თქვენ უნდა გეძიათ. მაგრამ თუ მას მაშინ დასცემდნენ ძირს, როცა თქვენ უკვე მისგან ზურგშექცევით იდექით, ეს ვალდებულება აღარ გეხებოდათ.

***

სტუმარი წმინდაა და, ადათის მიხედვით, მთიელის სახლი, ვიდრე მისი და მისიანების გახდებოდა, თავიდან ღმერთისა და სტუმრების საცხოვრებელი იყო.

***

ჯორჯი ცდილობდა ის ოჯახები გაეხსენებინა, რომლებიც უვენდეტოდ ცხოვრობდნენ და მათში განსაკუთრებული ბედნიერების რამე ნიშანწყალიც ვერ დაინახა. ისეთი შთაბეჭდილებაც კი რჩებოდა, რომ ამ მუქარისგან თავისუფალმა ოჯახებმა თითქმის არ იცოდნენ სიცოცხლის ფასი და ამით მხოლოდ და მხოლოდ ნაკლებად ბედნიერნიც იყვნენ. სამაგიეროდ, ოჯახებში, სადაც ვენდეტა შესულიყო, დღეები და წელიწადის დროები სხვადასხვაგვარად გადიოდა, თითქოს ამ ყველაფერს შინაგანი თრთოლა ახლდა თან, მათი წევრები უფრო ლამაზები ჩანდნენ და ბიჭები გოგონების მხრიდან პატივს და ყურადღებას იმსახურებდნენ.

***

კანუნით დადგენილი იყო, რომ მამის სისხლის აღების გადადებაც შეიძლებოდა, ძმისაც და თვით საკუთარი შვილისაც, მაგრამ სტუმრისა - არასდროს.

***

შეიძლება წლები სჭირდებოდა მშვიდობასთან შეგუებას, ისევე როგორც წლები სჭირდება ხოლმე უმისობასთან შეჩვევას. სისხლის აღების მექანიზმი ისეთი გახლდათ, რომ, როდესაც მოქმედების თავისუფლებას განიჭებდა, ამავდროულად გონებრივად მაინც დიდხანს გიტოვებდა ტყვეობაში.

***

სამართლის აღმდგენი უნდა გამხდარიყო, როგორც ადათთმცოდნე უწოდებდა იმათ, ვინც სისხლის ასაღებად კლავდა. სიმართლის აღმდგენები ერთგვარი მოწინავე ნაწილი იყო კლანისა, მოკვდინების შემსრულებლები, მაგრამ ასევე პირველები, ვინც ვენდეტის დროს მსხვერპლად ეწირებოდა. როდესაც მოწინააღმდეგე კლანის შურისძიების ჯერი დგებოდა, ცდილობდნენ, მათი მსხვერპლი მეორე კლანის სამართლის აღმდგენი გამხდარიყო. ეს თუ შეუძლებელი აღმოჩნდებოდა, მხოლოდ მაშინ აირჩევდნენ ხოლმე სხვას მის ადგილას.

***

სამართლის აღმდგენი კლანის ნაღები, მისი არსი და მთავარი მეხსიერება გახლდათ. ბევრი რამ მიეცემოდა დავიწყებას კლანის ცხოვრებაში, ადამიანები და მოვლენები მტვრით იფარებოდა, მხოლოდ სამართლის აღმდგენები, ეს ჩაუქრობელი ალები კლანის სამარხების თავზე, არ იშლებოდნენ არასოდეს მეხსიერებიდან.

***

როგორც კი ოდნავ არაჩვეულებრივ ადამიანს მისთხოვდები, მისი მხრიდან მხოლოდ უცნაურ რამეებს უნდა ელოდო. ისე კი, ერთადერთ რამეს გეტყვით - ბედი ძალიან გწყალობსო.

***

ჩრდილოეთის რეგიონებში, ამ მხარეების ადამიანს იმის მიხედვით სცემენ პატივს ან აძაგებენ, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას სიკვდილთან. საზარელია სურვილი, რომელსაც ბავშვს ჩაუთქვამენ ხოლმე დაბადებისას: „დღეგრძელი იყოს და თოფისგან მოკვდესო!“

ავადმყოფობით ან სიბერით ბუნებრივი სიკვდილი ზემო კუთხეების ხალხებს ეთაკილებოდათ და მთიელის ერთადერთი მიზანი ცხოვრებაში ღირსების კაპიტალის დაგროვება იყო, რის გამოც სიკვდილის მერე ამ პატარა ძეგლს აღუმართავდნენ.

***

სიკვდილის ცნება ამ ადამიანების ცხოვრებაში რაღაც მარადიულს უკავშირდება, რადგან თავისი სიდიადით მას, ანუ სიკვდილს, ისინი ყოველდღიურობის წვრილმანებსა და უმსგავსობებზე მაღლა აჰყავსო.

- ცხოვრების დღეები სიკვდილის სახაზავით რომ გაზომო, განა ეს განსაკუთრებული ნიჭი არ არის?

***

კროუჩკებისადმი მიძღვნილი აბზაცი კოდექსიდან: „ქორწინების დღე არასდროს არ შეიძლება გადაიდოს. ოჯახში ვინმეს გარდაცვალების შემთხვევაში კროუჩკები მაინც მიდიან პატარძლის წამოსაყვანად. პატარძალი ერთი მხრიდან შედის, სიკვდილი კი მეორე მხრიდან გამოდის. ერთ მხარეს ტირიან, მეორე მხარეს კი მღერიან“.

***

სტუმარი ალბანელისთვის წმიდათაწმიდა გახლდათ და ამას ვერაფერს შეადარებს კაცი დედამიწის ზურგზე.

ალბანელის სახლი ღმერთის და სტუმრის საცხოვრებელია. ვიდრე სახლი პატრონისა გახდება, ის ჯერ სტუმრისაა. ალბანელის ცხოვრებაში სტუმარი უზენაესი ეთიკური კატეგორიაა, რომელიც სისხლისმიერ კავშირს აღემატება. შეიძლება საკუთარი მამის ან შვილის სისხლის აღებაზე უარი თქვას ადამიანმა, მაგრამ სტუმრისაზე ვერასოდეს ვერ იტყვის.

ალბანელის თვალში სტუმარი ნახევრად ღმერთია. ის ამბავი, რომ ნებისმიერი ვინმე შეიძლება იქცეს სტუმრად, კი არ აკნინებს, არამედ უფრო გამოკვეთს მის ღვთიურ ბუნებას. ხოლო ის ფაქტი, რომ ეს ღვთიურობა მყისიერად, ერთ საღამოში, კარზე რამდენჯერმე მიკაკუნებით მიიღწევა, კიდევ უფრო მატებს ამას ავთენტურობას. იმ წუთიდან, როცა ყველაზე მოკრძალებული, მხარზე ჩანთაგადაკიდებული მოგზაური მოგიკაკუნებს კარზე და ჩაგბარდება, როგორც სტუმარი, ის სრულიად არაჩვეულებრივ არსებად, სიტყვაშეუბრუნებელ მბრძანებლად, კანონმდებლად, სამყაროს ჩირაღდნად გარდაიქმნება, და გარდაქმნის ეს მყისიერება სწორედაც მისი ბუნების ღვთიურობიდან მომდინარეობს. განა ძველბერძნული ღვთაებები სრულიად მოულოდნელად და ყველაზე გაუთვალისწინებელ მომენტებში არ ჩნდებოდნენ ხოლმე? სწორედ ამგვარად წარდგება სტუმარი ალბანელის კართან. ყველა ღვთაების მსგავსად, ისიც მოიცავს თავის თავში იდუმალებას.

უშუალოდ და პირდაპირ ფატუმის სამფლობელოდან მოდის, რაც გინდა ის დაარქვი. კარზე რამდენიმე მიკაკუნებაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული მთელი თაობების გადარჩენა ან ამოწყვეტა.

აი, რას ნიშნავს მთიელ ალბანელთათვის სტუმარი.

[...]

სტუმრების ოთახში, ანუ კაცების ოთახში, როგორც ამას მეორენაირად ეძახიან, არ შეიძლება ჩურჩული ან ყურში რამის თქმა. იქ მხოლოდ „კაცური სიტყვები“ დაიშვება. ჭორები, დაუმთავრებელი ფრაზები და აზრები ისჯება, ყველა სიტყვა უნდა დადასტურდეს გამოთქმებით: „შენი თქმისა არ იყოს“, ანდა „დაილოცოს შენი პირი“.

როგორც კი გაიაზრებთ, რომ ალბანელის სახლი ციხესიმაგრეა, და რომ ოჯახის აგებულება, ადათ-წესების მიხედვით, შემცირებულ სახელმწიფო სტრუქტურას მოგვაგონებს, გასაგები ხდება, რომ ალბანელთა საუბარიც მეტ-ნაკლებად ასეთსავე სტილში მიმდინარეობს.

[...]

სტუმრის ფენომენი, ისევე, როგორც ყველა დიდი ფენომენი, თავის ყველაზე დახვეწილ ასპექტებთან ერთად, ერთ აბსურდულ ასპექტსაც შეიცავდა - სტუმარს ღვთიური ყოვლისშემძლეობა აქვს მინიჭებული, შეუძლია ნებისმიერი სიგიჟე ჩაიდინოს, მკვლელობის ჩათვლით, და ამაზე მასპინძელი იღებს პასუხისმგებლობას, რადგან მან სტუმარი თავის სუფრასთან მიიღო.

სტუმარმასპინძლობას თავისი ხარკი აქვს, ღაღადებს კანუნი, თუმცა მაინც არსებობს რაღაც საზღვრები, რომელთა დარღვევა, სტუმარს, ღვთაებას არ შეუძლია. სტუმრისთვის ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ არის მაინც ერთ რამ, რაც სასტიკად ეკრძალება და ეს კერაზე შემოდგმული ქვაბისთვის თავსახურის მოხდაა.

***

ბოლოს და ბოლოს ყველა გვირგვინს ბზინვარებასთან ერთად ხომ საწამლავიც ახლავს ხოლმე თან.

***

ყბადაღებული გამოთქმა, რომ ცოცხლები სხვა არაფერია, თუ არა საიქიოდან სააქაოში შვებულებით გამოშვებული მკვდრებიო, სრულ დატვირთვას მთებში იძენს.

***

ტიტანური ნებისყოფა სჭირდება ადამიანს იმისათვის, რომ შორიდან მიღებული ბრძანების საფუძველზე გაეშუროს სიკვდილისკენ, რადგან ბრძანება ხანდახან მართლა ძალიან შორიდან, სულაც გამქრალი თაობებისგან მოდის.

***

კანუნის მიხედვით, სულ ახლად ჩასახული მამრი ბავშვი ბიჭის ოჯახს ეკუთვნის და მისი სისხლი ზუსტად ისევეა ასაღები, როგორც ჩვეულებრივი მამაკაცისა.

***

კანუნის მიხედვით, ჭრილობები ჯარიმებით ნაზღაურდება. ყოველი ჭრილობისთვის ცალკე იხდიან და მისი ფასი იმაზეა დამოკიდებული, თუ სხეულის რომელ ნაწილშია დაჭრილი. მაგალითად, თავში მიყენებული ჭრილობებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ფასი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ტანში, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ორ კატეგორიად იყოფა, წელსზევითად თუ წელსქვევითად, და კიდევ სხვა დაზუსტებებიცაა.

***

ჩვენს დროში სისხლი, როგორც დანარჩენი ყველაფერი, ვაჭრობის საგნად იქცა.

ფრანგულიდან თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში