მოგონებები ტფილისზე | კნუტ ჰამსუნი

ნობელიანტმა ნორვეგიელმა მწერალმა კნუტ ჰამსუნმა რუსეთსა და კავკასიაში მეუღლესთან - ბერგლოტ ბეხთან ერთად იმოგზაურა. წყვილი 1898 წელს დაქორწინდა. მათი მოგზაურობა რუსეთსა და კავკასიაში 1899 წლის რვა სექტემბერს დაიწყო და სულ სამი კვირა გასტანა - 30 სექტემბერს ჰამსუნი უკვე სტამბოლში იყო.

ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა ორი ნაწარმოები - „ზღაპრული ქვეყანა“ და პიესა „დედოფალი თამარი“. ორივე 1903 წელს დანიასა და გერმანიაში გამოიცა.

***

შორიდან გამოჩნდა ტიფლისი - თითქოს წერტილებია მიმოფანტულიო, რაღაც თავისებური სამყაროა. თავზე ბურუსი ადგას. აი ისიც - ტიფლისი, ქალაქი, რომლის შესახებ წერდნენ რუსი პოეტები, ქალაქი, რომელიც ბევრ რუსულ რომანშია ნახსენები. უცებ ჭაბუკად ვიგრძენი თავი, განცვიფრებული აქეთ-იქით ვიყურები და საკუთარი გულისცემა მესმის. რაღაც ამის მსგავსი განვიცადე, როცა გეორგ ბრანდესის ლექციის მოსასმენად პირველად შევდიოდი აუდიტორიაში.

[...]

უნაყოფო, ქვიშიან დაბლობზე მივდივართ, გზაზე მტვრის ბუღი უძრავად დგას. მორბის ფოსტის ეტლი. შეიარაღებული კურიერი ზურნას უბერავს და საამო ჰანგს აჟღერებს. ქუდი ავუწიე, კურიერიც მომესალმა, მაგრამ დაკვრა არ შეუწყვეტია. გზაზე ირევიან ხარები, ვირები და მათი პატრონები, ეტლები, შეიარაღებული მხედრები და დატვირთული საზიდრები.

აქ მთვრალებსაც შეხვდებით. მთებში ისე გამოვიარეთ, ერთი მთვრალი არ გვინახავს. ქალაქში შევდივართ. ღამდება. ქუჩაში და ბინებში სინათლე აინთო. ტროტუარები სავსეა ხალხით. ხანდახან ქუჩაში გრძელწვერიანი, მშვიდი სახის სპარსელი გამოჩნდება თავისი მაღალი ჩალმით, მიაბიჯებს, მსგავსად აქლემისა უდაბნოში.

***

ღამით ცხელოდა და ცუდად მეძინა. წარამარა მეღვიძებოდა, ოფლს ვიწმენდდი, ვკვნესოდი, ვხვნეშოდი და ისევ ძილს ვეძლეოდი.

სასტუმროში „ლონდონში“ ჯერ კიდევ ეძინათ. მაგრამ ვესტიბიულში ჩავედი თუ არა, შვეიცარიც გამოჩნდა, თვალების ფშვნეტით მოდიოდა. ეს ყოჩაღი შვეიცარი ისე სხაპა-სხუპით ლაპარაკობდა ფრანგულად, როგორც ეს სჩვევიათ აღმოსავლეთის სასტუმროებში, სიტყვათა ნიაღვარში ერთი სიტყვაც ვერ ჩავაგდე, ხელი ჩავიქნიე და კარისკენ წავედი. ქუჩაში რომ გამოვედი, მაშინ მივხვდი, რა მითხრა - ჯერ იყო და, დილა მშვიდობისა მისურვა, შემდეგ ამინდზე რაღაც შენიშვნა გააკეთა; მკითხა, როგორ მეძინა და ბოლოს, ქალაქში მეგზურობა შემომთავაზა. ყველაფერი ეს ერთბაშად, სულმოუთქმელად წამოისროლა. ეს ის არის, რაც გავიგე, ალბათ, ბევრიც გამომრჩა. ხო, გამახსენდა; ფეხსაცმლის გაწმენდას ხომ არ ინებებთო?

თუმცა კარგად არ გათენებულა, მოქალაქენი თავის კართან სხედან და საუბრობენ ან ქუჩაში დასეირნობენ. კავკასიელებს არ სძინავთ. მზე ჯერ არ ამოსულა, მაგრამ თბილი და ნათელი დილაა. სასტუმროს წინ ბაღია გადაშლილი. გავემართე ბაღისკენ, მთელი ბაღი გავიარე და გაღმა გადავედი. მამაკაცთა უმრავლესობა, კავკასიურად არის ჩაცმული და ყველა, იარაღს ატარებს. თუმცა ზოგიერთს სერთუკი აცვია და ცილინდრი ახურავს. ოფიცრები კი ჩოხა-ახალუხში გამოწყობილან. ქალები თითქმის არ ჩანან; [...] ბაღს შემოვუარე და სასტუმროში დავბრუნდი.

ჯერ არავინ ამდგარა. ვესტიბიულში შვეიცარმა ისევ გამიბა საუბარი. თავი რომ მეხსნა მისგან, რომელიღაც კარს ხელი ვკარი: სამკითხველოში აღმოვჩნდი. მაგიდაზე ბედეკერის ცნობარი იდო - „რუსეთი და კავკასია“, ვიპოვე „ტიფლისი“ და კითხვას შევუდექი.

ჩემი სასტუმრო „ლონდონი“ ვარსკვლავით არის აღნიშნული.

ქალაქში ასსამოციათასი მცხოვრებია, აქედან კაცი ქალზე ორჯერ მეტია. აქ სამოცდაათ ენაზე ლაპარაკობენ. ზაფხულში საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსია, ზამთარში - მინუს ერთი.

ტიფლისი რომაელების, სპარსელების და თურქების ხელქვეითი იყო, ახლა კი რუსეთის ხელქვეითია. ბოლო წლებში ტიფლისის აყვავება მის მოხერხებულ გეოგრაფიულ მდებარეობას მიეწერება - ტიფლისი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მთას, კასპიის ზღვას, რუსეთსა და სომხეთს. ქალაქში დიდებული მუზეუმები, თეატრები და ფერწერული ნამუშევრების დარბაზებია. აქ არის ბოტანიკური ბაღი, ციხე-სიმაგრე, ქართველ მეფეთა სასახლეც, რომელსაც ამჟამად საპყრობილედ იყენებენ, და ბოლოს, აქ რომელიღაც რუსი გენერლის ქანდაკებაც დგას... მაღლა კი, მთის კალთაზე, წმ. დავითის მონასტერია. ის ქართველებისთვის წმინდა მთაზე - მთაწმინდაზე მდებარეობს. ამ მონასტერში გრიბოედოვის ძეგლია.

ქალაქს ვათვალიერებდით. მეგზურად არც მოლაყბე შვეიცარი წამოგვიყვანია და არც არავინ. ქალაქი მაინცდამაინც საინტერესო არ არის. მაგრამ მისმა ერთმა უბანმა ისე მოგვხიბლა, რომ მრავალჯერ ვეწვიეთ - ეს აზიური უბანია. ტიფლისში არის სარკიანი ვიტრინები, კონკები, თეატრი - ვარიეტე, ბატონები და ქალბატონები, ევროპულად ჩაცმულ-დახურულნი, მაგრამ აზიური უბანი სხვა არის. აქაურ ქუჩებს, კაცმა რომ თქვას, ქუჩებს ვერც დაარქმევ: შესახვევი, ჩიხი, კიბე. ესაა და ეს. კიბე აქ სახლს სახლთან აკავშირებს, - გვერდიდან, ზევიდან, ქვევიდან. დუქნებში სხვადასხვა ტომის ხალხი ვაჭრობს: და რა საოცარ ნივთებს ჰყიდიან! თეირანსა და კონსტატინეპოლში ვაჭრობას სპარსელები და თურქები ეწევიან. აქ კი ყველა, ყველა, ვინც კავკასიაში ცხოვრობს: სპარსელი, ქურთი, სომეხი, არაბი, თურქმენი, პალესტინელიცა და ტიბეტელიც. აქ სიმშვიდეა, არავითარი ფუსფუსი. აღმოსავლური უშფოთველობა მომხიბვლელია.

თავსაბურავებსა და ქუდებში თეთრი და ფერადი დოლბანდი ჭარბობდა. იშვიათად მაგრამ ლურჯი და მწვანე დოლბანდიც ამშვენებდა ვიღაცის დიდებულ, გრძელწვერიან თავს.

ლითონის სარტყლები მოხარატებული იყო. ვნახე სპარსული სტილის ქამრებიც, ნაირფეროვანი აბრეშუმისა. კავკასიელები, ქურთები და სომხები იარაღს ატარებენ.

შუადღისას აუტანელი სიცხეა, მაგრამ ქუჩებში მრავალ ადგილას ჩარდახია ჩამოფარებული, რომლის ჩრდილში სულს ითქვამს ადამიანი. გარდა ადამიანისა, აქ უამრავი ცხენი, ვირი და ძაღლია.

ქუჩაში, ვირების, ცხენებისა და ძაღლების გარემოცვაში, მუშაობენ ხელოსნები. მჭედლები პატარა ქურაზე რკინას ავარვარებენ და პატარა გრდემლზე კვერავენ. ოქროსა და ვერცხლის ოსტატები კი ხეხავენ, ასავადებენ და თეგვავენ თავიანთ ნაწარმს და ზურმუხტითა და ძვირფასი თვლებით ამკობენ. თერძები, დასავლეთიდან ჩამოტანილი საკერავი მანქანით კერავენ მაუდის გრძელ სერთუკებს და ხიფთანებს. მაღალი ბოხოხი ახურავთ და კბილებამდე შეიარაღებულნი არიან. ათიოდე წლის წინათ შრომის დროს ჩვენს სკანდინავიელ თერძებსა და მეწაღეებს ქამარზე ხანჯალი ეკიდათ. ეს ჩვეულება აქაც შემორჩა.

დუქნებში უმთავრესად აბრეშუმის ქსოვილი, ნაქარგები, ხალიჩები, იარაღი და სამკაული იყიდება. მუშტარი თუ დუქანში შევა, მას შეუძლია, თუნდაც არაფრის ყიდვას არ აპირებდეს, ნებისმიერი ნაწარმი დაათვალიეროს, თუ იყიდის, ხომ კარგი, მაგრამ ვაჭრები ყველაფერს ერთნაირი სიმშვიდით უყურებენ. ყველა დუქანში ჭუჭყია, ნოხები პირდაპირ იატაკზეა დაყრილი, დერეფანშიც, ქუჩაშიც ხალიჩები აფენია. ადამიანები და ძაღლები ზედ დადიან, აბინძურებენ, ძნელია ამის ყურება.

აქა-იქ, პატარა ჯიხურებში გადამწერები სხედან და წერენ, სხვადასხვა დაკვეთას ასრულებენ. წიგნებით არიან გარემოცულნი. ეს წიგნები გაუგებარი ასოებით არის აჭრელებული. არაფერი გასაოცარი არ არის, რომ ასეთი ჭაღარა და სერიოზულები არიან, მათ ხომ ისწავლეს ეს უძველესი ანბანი და ამ ანბანით დაწერილი წიგნების წაკითხვაც. ვნახეთ აგრეთვე სერიოზული ყმაწვილები, იღლიაში სამწერლო აღჭურვილობა ამოუდვიათ, ალბათ, ღვთისმეტყველის ან ადვოკატის მოსწავლეები იყვნენ და მასწავლებელთან მიდიოდნენ, ან, პირიქით, იქიდან მოდიოდნენ. გადამწერებს თავის დაკვრით და მოწიწებით ესალმებიან. გადამწერის ხელოვნება წმინდათაწმინდაა, როგორც ის ფურცელი, რაზედაც წერენ. ცნობილი შეიხი აბდელ კადერ გილანი, მწერლის ჯიხურს ისე არ ჩაუვლიდა, რომ წინასწარ არ განბანილიყო. და მან წმინდანობის ისეთ ხარისხს მიაღწია, რომ შეეძლო რამდენიმე კვირა ისე გაეტარებინა, ზეთისხილის გარდა არაფრისთვის დაეკარებინა პირი. ფურცელი წმინდა წიგნის გადაწერას ემსახურება. ამიტომაც უღრმესი პეტივისცემის ღირსია. გადასაწერად ვარგის ქაღალდს გულდასმით არჩევენ, კალამს ასუფთავებენ და ლოცვა-კურთხევით აწებენ მელანში. საზოგადოდ, კითხვისა და წერის კულტურა ისლამურ ქვეყნებში მაღალ დონეზეა. მაგრამ მეცნიერების ის აყვავება, რაც, მაგალითად, სამარყანდს ახსოვს, აღზევებულ სამარყანდს, წარსულს ჩაბარდა. ამაზე ვამბერთან წავიკითხე: რომელი ქალაქიც უნდა აიღო, კონსტანტინეპოლი, კაირო თუ ბუხარა - ყველგან დაკნინდა უნივერსიტეტი. იქ, სადაც წინათ არაბ სწავლულთან დაუსრულებლად მიდიოდნენ შეგირდები, ახლა ერთი, ჯოხსდაყრდნობილი მასწავლებელი ზის და ბავშვებს ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ ძველი კულტურა ნელ-ნელა კვდება, შუა აზიაში ახლაც არის უმაღლესი სკოლები, რომლებიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, აქ ჩამოდიან სტუდენტები არაბეთიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან და ვოლგისპირეთიდანაც. იქ უსათუოდ იქნებიან დიდად განსწავლული მეცნიერები.

დიდი მოკრძალებით ჩავუარეთ წიგნებისა და ქაღალდების ჯიხურებს. შიგ მსხდომნი ყურადღებას იქცევენ ღირსეული თავდაჭერილობით.

ღირსეულობა! განა ვინმე არის აქ ღირსებას მოკლებული?

თუ რომელიმე დუქანს მიადექი და ვინიცობაა, პატრონი იქ არ არის, გამორიცხულია, დაგინახოს, უცებ მოვარდეს და შეგიპატიჟოს. ის გაძლევს დალოდების შესაძლებლობას. თუ ამ დროს მეზობელს ემუსაიფება, განაგრძობს მუსაიფს. ბოლოს, ვიღაცა დაუძახებს, მუშტრები გელოდებიანო, მაშინ წამოდგება დინჯად, დარბაისლურად და თავის დუქანს დაუბრუნდება. უცებ რატომ არ მოირბინა? იმიტომ, რომ არ შეშვენის სიხარბე გამოიჩინოს მუშტრის დანახვაზე. თუმცა, სულ თვალთახედვის არეში ჰყავდი. აღმოსავლელ ადამიანს სიხარბე არ სჩვევია, თუ ის დასავლეთის ცივილიზაციამ არ გადააგვარა.

განვაგრძეთ გზა. მივადექით კიდევ ერთ დუქანს. პატრონი აქაც არ არის. მაგრამ პირველი დუქნის პატრონმა მეორეს გადასძახა, მუშტრები გესტუმრნენო. და ისიც დაუბრუნდა თავის დუქანს. ჩვენს აღტაცებას იწვევს ეს გულწრფელი გულგრილობა ჩვენდამი, „ინგლისელებისადმი“.

უცებ აზიურ უბანში შვეიცარი გამოგვეცხადა. გუმანით იგრძნო, საით წავედით და კიდევაც გვიპოვა. ის, ერთდროულად ჩვენც გველაპარაკება და გამვლელ-გამომვლელ ჩალმიანებსაც ესალმება, გვაჩვენებს ხალიჩებს და იარაღს, გუნებას გვიფუჭებს. თუმცა ისეთი განმარტოებული ადგილები გვანახა, რომელსაც თვითონ ვერაფრით მივაგნებდით. მან ჩვეული სითამამით, უკანა ეზოებში გაგვატარა და სხვა დუქანში მიგვიყვანა. აქ ბევრია საინტერესო. ასე მოგვატარა მთელი უბანი. ხანდახან დავსხდებოდით, ფეხს დავასვენებდით, და მაშინ მოჰქონდათ ჩვენთან ყავა, სიგარეტები, ან ჩიბუხები. უბრალოდ ვათვალიერებდით საქონელს, ვალდებულნი არ ვიყავით, რაიმე გვეყიდა.

ასეთი შემთხვევა გვქონდა, დუქნების პატრონები მწვანე დოლბანდიანი პირები იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სამჯერ ნახეს წინასწარმეტყველის საფლავი, ყოფილან მექაშიც. ერთი სიტყვით, რჩეულთა საზოგადოებაში აღმოვჩნდით, სადაც ყველას დიდი ღირსებით ეჭირა თავი.

- გთხოვთ, დიდსულოვნად მოგვიტევოთ, - ვეუბნებით, - თქვენი ხალიჩების დათვალიერების ნებას ხომ არ დაგვრთავდით?

- რამდენი ხალიჩა გნებავთ? - გვეკითხებიან.

თარჯიმანი ეუბნება:

- ესენი უცხოელები არიან, შეიძლება, ერთი ხალიჩა იყიდონ.

პასუხი:

- ერთ ხალიჩას ისედაც ვაჩუქებ.

თარჯიმანი მადლობას უხდის ჩვენ მაგივრად.

ახლა იმის თავაზიანობას ჩვენც უნდა მივაგოთ პატივი. თარჯიმანი ეუბნება:

- სტუმრები შორიდან ჩამოვიდნენ, მაგრამ კარგი ადამიანები არიან და ძალიან უნდათ, რაიმე საჩუქარი მოგართვან. ღარიბი ხალხია, ძვირფასეულობა არა აქვთ, ცხენებიც არა ჰყავთ, თუმცა ცოტა ფული აქვთ, რაც სამოგზაუროდ ჭირდებათ, მაგრამ ახლა მზად არიან ეს ფული შენ გაჩუქონ.

პატივცემულ მუსლიმანს საშინლად მობეზრდა ეს ფული, ამიტომ არ პასუხობს.

თარჯიმანი დაჟინებით, მაგრამ დიდი მოკრძალებით იმეორებს თხოვნას. მუსლიმანს სინდისი უფლებას არ აძლევს უცხოელის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინოს და უარს ამბობს საჩუქარზე. ბოლოს, პასუხობს: შემიძლია ასი რუბლი ავიღო.

თარჯიმანი გვითარგმნის სიტყვებს და გვეუბნება:

- ეს უფრო ძვირია მის ხალიჩაზე. ამიტომ ვეტყვი: ასი რუბლი ხალიჩის საფასურია, თქვენ კი საჩუქარი გინდოდათ მიგერთმიათ.

როცა, ბოლოს და ბოლოს, ვხვდებით, რომ აქ ასეთი ფორმის ვაჭრობაა, თარჯიმანს ნებას ვრთავთ, ისე წარმართოს საქმე, როგორც თვითონ მიაჩნია საჭიროდ.

მოლაპარაკება დუქნის პატრონსა და თარჯიმანს შორის დიდხანს გრძელდება. რამდენჯერ მივადექით დუქანს და მოვტრიალდით: ისინი ვაჭრობენ და ვაჭრობენ. ბოლოს და ბოლოს, ხალიჩას ჩვენთვის სასურველ ფასში ვყიდულობთ. დიდი მოწიწებითა და მეგობრული გრძნობით ვემშვიდობებით ამ ღვთისმოსავ ადამიანს.

დრო ბევრი გვაქვს.

ვაჭრები ჭრელ-ჭრელ დოლბანდებს ატარებენ. ამიტომაც არის აქ ამდენი ჭრელა-ჭრულა დოლბანდი. ამდენივე თეთრი დოლბანდიც არის. თეთრი დოლბანდი დიდგვაროვნობას, განათლებას და ღვთისმოსაობას მოწმობს. და კიდევ - თაღლითობის ნიჭსაც. ვის არ უნდა დიდგვაროვანი, კეთილშობილი და ღვთისმოსავი იყოს? ამიტომაც ასეთებად მოაქვთ თავი. ებრაელებისა და ქრისტიანების დოლბანდი შავი ფერის, აბრეშუმის უხეში ქსოვილისაა, ნიშანი მათი მონობისა. სპარსეთში ყმაწვილებს საერთოდ უკრძალავენ დოლბანდის ტარებას.

ესენი ვინ არიან, აგურისფერი სახისა? წვერი, ხელისგულები და ფრჩხილები ინით შეუღებავთ. ვინ არიან და, სპარსელები, ავღანელები, შიგადაშიგ - თათრებიც. ისე მედიდურად უჭირავთ თავი, თითქოს ამ წითელი აგურისფერის გარდა, დედამიწის ზურგზე სხვა ფერი არ არსებობდეს! ევროპელი ასეთ სასწაულს პირველად რომ ხედავს, თვალს არ უჯერებს, შემდეგ ეჩვევა ამ სანახაობას და ისე უყურებს, როგორც ნებისმიერ დოლბანდიანს.

ვისაც ინდიელი უნახავს თავისი საბრძოლო საჭურვლით ან - გაპრანჭული პარიზელი ლამაზმანი, უსათუოდ იფიქრებს, რომ ამ ახირებული ადამიანებივით სხვებიც იღებებიან, ოღონდ განსხვავება ეს არის: ისინი სხვა ფერებს იყენებენ. ტიფლისში, საქმეში ჩახედული ადამიანები გვეუბნებიან, ინით შეღებვის უფლება მხოლოდ იმას აქვს, ვინც ღვთისმოსაობაში გარკვეულ ხარისხს მიაღწიაო. მაგრამ ასე არ ყოფილა. სპარსეთში ინით ქალებიც იღებავენ თავს. ვამბერი კი წერს, ინით ბავშვებსაც ღებავენო. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, ხანის ცხენს თურმე ინით შეღებილი კუდით ცნობენ. შეიძლება ტიფლისში ადგილობრივი ჩვეულებაა გაბატონებული, რომლის მიხედვითაც, შეღებვის უფლება მხოლოდ ღვთისმოსავ ადამიანებს აქვთ. ასეა თუ ისე, ის ადამიანები, ვისაც ჩვენ შევხვედრივართ, დიდი ღირსებით გამოირჩეოდნენ.

წყნარი და აუჩქარებელია აზიური უბნის ცხოვრება - დაშორებული დანარჩენი ქვეყნიერების ფაცაფუცს. აქ მყუდროებაა, ირგვლივ კი თანამედროვე სავაჭრო ქალაქისათვის დამახასიათებელი ხმაურია, თითქოს იქ ამერიკაა. იშვიათად აქ ხმამაღალი ლაპარაკი გაიგონოთ, ან წამოყვირება. ხმადაბალი საუბარი, დოლბანდიანი პირების თავის ოდნავი დაკვრა. მორჩა. აზიურ უბანში ქალი თითქმის არ ჩანს. მაგრამ ზოგჯერ ნახავ ერთმანეთთან მოსაუბრე ორ ქალს, რომელთაც ხელში ბავშვები უჭირავთ, ისინიც თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობენ. სომხები არიან გამონაკლისნი. დგანან დუქანში და ხმამაღლა აქებენ თავიანთ იარაღს. და აშკარად ატყუებენ მყიდველს. ატყუებენ აქაც და სხვაგანაც. ებრაელს შეუძლია ათი ბერძენი გააბრიყვოს, სომეხი ათ ბერძენსაც გააბრიყვებს და ამდენივე ებრაელსაც. ასე ამბობენ აღმოსავლეთში.

სომხებისაა არარატის მთა და ორი მდინარის ზედა წყლები, სადაც ედემი მდებარეობს. გარდა ამისა, სომხები ქრისტიანები არიან და თავს მაჰმადიანებზე მაღლა აყენებენ. ვინც თავისი ეკონომიკური უპირატესობა უზრუნველყო, ამაყად უჭირავს თავი, ღარიბ მუსლიმანს სალამსაც არ აძლევს. თუმცა მუსლიმანი ამას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ასეთი წვრილმანი მის სულიერ სიმშვიდეს ვერ დაარღვევს. სხვა საქმეა, თუ ურჯულო მის რელიგიურ გრძნობებს შეეხება, შეურაცჰყოფს მის სიწმინდეებს ან მეტოქე მის ცოლს უდიერად მოეპყრობა. აი, მაშინ ის, მსგავსად აქლემისა, შემზარავად დაიბღავლებს და გააფთრებით ეცემა შეურაცხმყოფელს, მხოლოდ მაშინ! მუსლიმანს თუ ლუკმა პური აქვს და ალაჰმა ჯანმრთელობაც უბოძა, ყველაფრით კმაყოფილი და მადლობელია ბედისა. გაჭირვებას, ხელმოკლეობას და, საზოგადოდ, ბედის ნებისმიერ უკუღმართობას, ღირსეულად იტანს. გაზეთში არ აქვეყნებს საჩივარს. არავის ძალუძს ალაჰის გადაწყვეტილების შეცვლა და ისიც ემორჩილება მის ნებას. ფატალიზმი აღმოსავლეთის ქვეყნებში დაიბადა, ეს ძველი, ნაცადი ფილოსოფიაა - მარტივი და აბსოლუტურ ჭეშმარიტებათა ფილოსოფია! იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სხვა ფილოსოფიას მისდევენ, ბევრი ადამიანი ფატალიზმს უბრუნდება, ფატალიზმი იმდენად უბრალო და მისაწვდომია. ურყევია.

***

ტიფლისში ყოფნისას ყოველ დღე დავდიოდით აზიურ უბანში. იმიტომ, რომ ეს სამყარო ჩვენს სამყაროს არა ჰგავს. თანდათან გაკვირვებას გადავეჩვიეთ, ვცდილობდით, უფრო ყურადღებით დავკვირვებოდით აქაურ ცხოვრებას და ბევრ საერთოსაც ვპოულობდით. ჰენრი დრუმონდი გვიამბობს, რომ აფრიკაში მის მუშებს შორის იყო ერთი პეწენიკი, რომელიც თავით ტვირთის ტარებაზე უარს ამბობდა, თმა ამეჩეჩებაო. აქაც ვნახეთ ასეთი პეწენიკი, იმათ შორის, ვინც დოლბანდს ატარებს. ეჭვიანობის სცენაც გვინახავს. ერთხელ თავშალში გახვეულმა ქალმა ქუჩაში ნაცნობ დედაბერს საუბარი გაუბა. დროდადრო თავშალს გადაწევდა ხოლმე და თვალებს გამოაჩენდა. მოარშიყემ ჩამოიარა და ლამაზმანს რამდენიმე საალერსო სიტყვა უთხრა და პასუხიც მიიღო: ლამაზმანმა ერთი, ორი, ბოლოს, მესამე თითიც მოხარა. ლამაზმანის მბრძანებელს ამ სცენისთვის რომ შეესწრო, თავისი ჩამომავლობისა და ინით შეღებილი წვერის მიუხედავად, მამალი აქლემივით დაიბღავლებდა და ქალები მყისვე გაიძურწებოდნენ - თავიანთ გისოსებიან სენაკს შეაფარებდნენ თავს.


თარგმნა რეზო კვესელავამ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში