პაოლო იაშვილი - „ოფელიას ორდენის კავალერს“ და სხვა ლექსები...

ოფელიას ორდენის კავალერს

შენ როცა გძინავს დამძიმებულ წვიმიან დღეში,
თმებს გიხელს შენი ოფელია მწვანე თითებით.
იმას გედები ჩააბარეს თეთრ სამოთხეში
და გულსაფარი მოუქარგეს მარგალიტებით.

გაახელ თვალებს, მორცხვად იტყვი: ახ, უკაცრავად,
ჩამოხსნი ფრთხილად თეთრ ნაბადს და დერიდახოლებს,
და თუ დაჰკოცნი იმის თითებს დაუკაწრავად
ათ კოცნას თვალი ათ მარგალიტს გადააყოლებს.

ქვეშევრდომ პეტს ენა მეტად დაგებორკება,
ახლა საყურეს დაჰპირდები შენ, უხერხული.
მან დაგავალა შენ მესტების ფეხზე მორგება
და ემზადება, რომ გამართოს შენთვის ფერხული.

სურს ოფელიას პირველობა და ძვირფასობა,
ქალწულ სურვილებს შენ გაგიმხელს, შენ დაგენდობა,
და თუ მხოლოდ შენ გეკუთვნოდა ეს დარბაზობა,
აღარ სჭირდება ოფელიას ცოდვის შენდობა.

და ეს შეხვედრა კიდევ ხშირად რომ გამეორდეს,
რომ მის მადლობით ამაყობდეს პოეტის მკერდი,
შემოგთავაზებს ოფელია საკუთარ ორდენს,
რომ იყო მისი კავალერი შენ ერთად ერთი. 

***

ავტოპორტრეტი

ამპარტავანი და ყოველთვის პირგაპარსული,
ბუნებით შავი, ხელოვნურად გათეთრებული,
ლამაზ რითმისთვის ერთის წუთით ჩაფიქრებული
ვამაყობ მითი, რომ არა მაქვს ვრცელი წარსული.

დამონებულ ხალხს შევაპარე სიტყვა თარსული.
ყოველთვის მელის მშვენიერი ქალთა კრებული.
მხოლოდ უაილდს ყელსახვევი გაკვირვებული.
მათრობს გაშიში, სურნელება ძველი, სპარსული.

საქართველოში არ იწამეს ჩემი დენდობა,
მაგრამ ბოდლერის ცივი ლანდი მე თუ მენდობა,
ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი.

მე მახალისებს მხოლოდ ჩემი salto-mortale
შევხარი მზესა, ვეტრფი მთვარის ყვითელ ხავერდსა
და რუსთველთან გადავდივარ მე ალავერდსა.

***

ლილი მეუნარგიას

პატარა ბალიშს დაეცა ცრემლი
პატარა ფილტვებს მიეპარა ჭლექი და ხველა...
ჩამოწყდი როგორც ყვავილი ტყემლის,
შენ, რომ იყავი საიდუმლო და ჭიანჭველა.

სამარადისო ნისლს დაუბრუნდი. 
მაგრამ მგზავრობას შენსას ჰქვია: ბავშის სიკვდილი.
ასე მგონია ფუტკარის გუნდი
დაესეოდა შენს მკვდარ სხეულს, ტკბილ სხეულს - ლილი

შენ ბავშობიდან გელოდენ ცაში.
ჩვენც მოგელოდით: გაშორება უფრო ძნელია.
მაგრამ მე მჯერა თავის საბანში,
შენ მიგიღებენ ბეატრიჩე და ოფელია.

***

ევროპა. შესავალი.

1915. იანვარში 
პორტმა, რომელსაც გლაზგო ჰქვია
დიდს ნიაღვარში
მე გამისტუმრა ევროპიდან ინგლისის გემზე „კაბადოკია“
ეს იყო მაშინ
როცა სენაში
ყრიდენ პარიზის მოქალაქენი გერმანელ ტყვეებს...
ვიგონებ დღეებს
როცა ვერდენს მოადგა შანთი.
როცა დასცალდეს ტროკადერო
და ლუვრს მოსტაცეს ლაურა-დე-დიანტი.
გახდა პარიზი უსიცილო და უსიმღერო.
ლუქსემბურგში:
იდგა ვერლენი ცრემლიანი და თოვლის ქურქში.
ღამის ქალები, პოეტები მოშორდნენ „დარკურს“ და კაფე „ლილლას“
და მათხოვრები სენის ხიდებ ქვეშ მარსელიეზით ხვდებოდენ დილას.
პარიზელები ყვავილებით, პატარა ჯვრებით
გზავნიდენ ბავშვებს პერლაშეზის სასაფლაოზე.
გამოვექეცი ევროპის ქაოსს.
სისხლს.
დანგრეულ რეიმსის ტაძარს
უზარმაზარ ტანკების ქშენას.
რეინის ირგვლივ თაობათა გადაშენებას.
ვიგონებ მართლა ჟრუანტელით
ლამანშის სრუტეს
იქ ჩალაგებულ ატლანტიკის ანთებულ გემებს.
შოტლანდიაში:
ვნახე თეთრი ძროხების ჯოგი
და გავიღიმე ვით ნახევრად გაგიჟებულმა...
გამოვექეცი ევროპის წარღვნას.
...
პარიზში დამრჩა ერთი საფლავი:
ლეგიონის ორდენის წევრი,
აღმოსავლეთში განთქმული გმირი
და ქუთაისში გადამტანი რევოლიუციის 
(1905)
მკვდარი მარნასთან,
პერლაშეზე გასვენებული:
ბუჭუტა აბაშიძე.

***

პავლე ინგოროყვას

გადამეტებით ტანჯულ დღეებით
წარსული ჰკივის უკუღმართული;
ჩვენ კი უტკბილეს სამოთხეებით
გვინდა გავმართოთ მხარე ქართული.

საუკუნენი ცხელ თავანებით
ჩვენი სამშობლოს მზეში დნებიან;
მაგრამ ჯერ კიდევ ქარავანები
სცლიან ოქროებს ძველ მადნებიდან.

მიწა მსუქანი სისხლის დალევით
შენ შეგვათვისე - იმედიანი.
და გულში გივლის მკივან ალივით
შენ რუსთაველის მერიდიანი.

ძმა ინგორუყო! ჩვენება არი
და ტკბილის ტანჯვით მოსაგონები:
მწველ ინდოსტანში ქართული ჯარი
და ტრაპეზონდში გარნიზონები.

და გვიბრუნდება ის ნეტარება
ამაყ დღეების - გადაჩვეულებს;
თუ პოეზია შეედარება
ჯვარზე გასალტულ წმინდა რჩეულებს.

ძმა ინგორუყო! პოეტო ადრე
და მერე დარდო წასულ დიდების:
გულს პოეზია იჭვებით ანგრევს
და სისხლს - დაპყრობა პირამიდების.

წყარო: ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში