ტფილისში მოხეტიალეს მოგონება |

ნაწყვეტი კოლაუ ნადირაძის ნაწარმოებიდან - „თბილსის კონტრაბანდისტები“

მე მაინც და მაინც არ მიყვარს თბილისის ის ნაწილი, რომელსაც ევროპიული ჰქვია. ის არ გამოსახავს ქალაქის ინდივიდუალობას. ეტნოგრაფიული კოლორიტი, რომელიც ყოველ ქალაქს თავის განსაკუთრებულ სახეს აძლევს, მას აკლია.

რუსთაველის პროსპექტი ბევრით არაფრით განირჩევა მაგალითად ნევის პროსპექტიდან, ან სხვა რომელიმე ევროპიულ საშუალო ქალაქის ქუჩიდან, მას არ აკრავს ნაციონალური ელფერი და უცხოელისათვის ის ალბათ საინტერესო სანახაობას არ წარმოადგენს.

მაგრამ, ყოველი ბანალური მოვლენა საზოგადოების უმრავლესობას აკმაყოფილებს...

რუსთაველის პროსპექტი - თბილისის ღერბია, მისი სიმშვენე, მისი კულტურის და თანამედროვეობის მაჩვენებელი. გარდა ამისა ის - თბილისელ საზოგადოების სანავარდოა: აქ კეთდება ყოველივე საქმე; აქ იწყება კარიერა; აქ ნაღდდება ფულზე ყოველგვარი ნიჭი; აქ წყდება საქართველოს და მსოფლიოს პრობლემები სადილის ჭამის და პაპიროსის წევის დროს... და ბოლოს, აქ იხვეჭენ სახელს, კეთილშობილურ საშუალებას, რომელიც მათ აძლევს უფლებას დაიკავონ კარგი ბინა, იყოლიონ საკუთარი მზარეული, საკუთარი ვანა, განებივრებული ცოლი, რომელიც ბავშვის ყოლას სკეპტიკურად უყურებს, იკეთებს სისტემატურად ყოველ შაბათს მანიკურს, ხოლო ზაფხულობით დასასვენებლად სააგარაკოდ წასვლას მოითხოვს.

აქ პოულობენ უფლებას ატარონ პორტფელი მაშინაც კი, როდესაც ის არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, ააცურონ თვალი უღირს, ან ცუდად ჩაცმულ ნაცნობებს, რომელთა მდგომარეობა არ ხდის სავალდებულოდ მათ ცნობას და არ იწვევს სახეზე თავაზიან და გულისმოსაგებ ღიმილს...

მე არაფერი არ მაქვს რუსთაველის პროსპექტის საწინააღმდეგო. ყოველ შემთხვევაში, ძლიერ ხშირად მიხდება იქ ყოფნა და, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, მეც მხვდება წილად საკმარისი რაოდენობა თვალის არიდების, გაჭირვებულის შეცნობის...

მე მირჩევნია თბილისის ძველი ნაწილი, რომელსაც აზიური ჰქვია, ამ ნაწილს თან და თან ანგრევენ და ამ ნანგრევებს თან მიაქვს თბილისის თავისებური და განუმეორებელი სახე, რომელიც მე ასე მიყვარს.

მაგრამ კიდევ ერთხელ შეგიძლიათ დაინახოთ ნამდვილი სახე თბილისისა, იგრძნოთ მისი ორიგინალური მშვენიერება, დაიჭიროთ გარდასულ დროების სურნელება და აღადგინოთ ოცნებაში მისი, საუკუნეებში გაფანტული ცხოვრების რომანტიკა, ტკბილი და დამათრობელი, როგორც ძველი ღვინო.

აქ, თითქმის ყოველი სახლი ცოცხლობს თავის საკუთარ სიცოცხლით და წლებით დატვირთული სცდილობს გიამბოთ გადანახული საიდუმლოება, ფეერიული, როგორც ზღაპარი...

ვიწრო, გველივით დაკლაკნილი ქუჩები, ძველი არხიტექტურის თავისებურ უცნაურობით ფანტასტიურ თემაზე დაწერილ დეკორაციების შთაბეჭდილებას იძლევიან.

საერთო, გადამწვარი, გახუნებული ფერი ქმნის მთლიან კოლორიტს, რომელსაც ნარიყალას ხავსიანი ქვები, თეთრი და საუკუნოების სიმძიმით მიწაში ჩასული სიონი, პირქუში მეტეხი და აბანოების გოგირდის სუნი ასრულებენ ისე, როგორც ვიწრო ქუჩებს - მომავალი აქლემი, გაფენილი ნოხები, გამხმარი ხილი და სპარსელების წითლად შეღებილი წვერ-ულვაში და მოღუნული ფრჩხილები.

აქ ცხოვრობს თბილისის უღარირების ნაწილი, რომელიც როგორც ყოველ ქვეყანაში, ისე აქაც, თავის ელფერს აძლევს ქალაქს და მის ეგზოტიკას შეადგენს, აქ თქვენ ნახავთ ძველ ქართულ ოჯახებს, რომლებიც თანამედროვე პირობებშიც ახერხებენ პატრიარქალურ ცხოვრებას, ძველი ადათის შენახვით.

აქ ნახავთ სომხებს, რომელთა დაუცხრომელი ვაჭრობა, მათ ერთგვარ ეკონომიკურ წარმატებას აძლევთ. შაბათობით და კვირა დღით სომხის ქალები ნაციონალურ ტანისამოსებში გამოწყობილნი გამოეფინებიან ქუჩებში. მათ ადვილად იცნობთ მოოქრულ ვერცხლის ფულებით მოჭედილ ჩიხტიკოპებით და კაკილებით ხელში.

აქ ნახავთ უმდიდრეს და უღარიბეს სპარსელებს გამხმარი ხილით, საღებავებით, ნოხებით და აღმოსავლეთურ სურნელებით მოვაჭრეებს. აქ ცხოვრობენ სპარსელ მუშების ქალები აუტანელ შრომით დაბერებულნი და დამახინჯებულნი, აბანოებიდან გამოსულ ჭუჭყიან წყალში სარეცხს რომ რეცხავენ და მაღლიდან ქიმერებს რომ ჰგვანან.

უკანასკნელად - აქ კიდევ შეიძლება დაიჭიროთ კინტოს ტიპიური სახე, რომელიც თან და თან გვარდება, ფერმკრთალდება და რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება სრულებით გაქრეს, თუმცა ხალხის ოცნებაში ის მუდამ დარჩება გარდაუვალ და საყვარელ სახეთ.

ჩემ დაულაგებელ ცხოვრებაში მე ყველაზე ცოტა ხანი თბილისში მიცხოვრია. მე არ ვნანობ. მე ვიგონებ იმ დროს, რომელიც თბილისის გარეთ გავატარე და ვრწმუნდები, რომ არაფერი არ დამიკარგავს. ყოველ შემთხვევაში გაცილებით უფრო ცოტა, ვიდრე შემიძენია, თუ მხედველობაში არ ვიქონიებთ საკვირველის და პატარა იმედების დაკარგვას, რომლითაც ასე დარბაისლურად გვიმასპინძლდება ცხოვრება...

მე უფრო ჩემ თავს, სოფელს და მარტოობას ვეკუთვნოდი. ამაში არის თავისებური მშვენიერება. ბოლოს და ბოლოს, ხანდახან ღირს ასე ცხოვრება! დღეები შეუმჩნევლად მიდიან. არც ერთი გრიგალი არ გაიარს სულში. მერცხლები ჩეკენ ბარტყებს. ყურძენი მწიფდება. უძირო ლაჟვარდში ჩუმად მიცურავენ ღრუბლები...

II.

მომენატრა თბილისი. მომინდა მეგობრების ნახვა, რომელთა რიცხვის შემცირებას ასე მწარედ გრძნობს ადამიანი მხოლოდ სიცოცხლის შემოდგომის დღეებში.

მე სრულებით არაფერი არ მაკავებდა იქ, სადაც უკანასკნელ ხანებში ვცხოვრობდი. თავისუფალი ვიყავი, როგორც ფრინველი, სრული ბატონი ჩემი თავის. არავითარი კავშირი, ვალდებულება, ზრუნვა! არაფერი ის, რაც ადამიანისათვის შეჩვეულ ალაგიდან წასვლას სატკენად ხდის და სევდას იწვევს.

სექტემბრის უფერო დილით შემეგება თბილისი, როდესაც მე, მეტად მჩატედ ჩაცმულმა დავტოვე მყრალი და უსუფთაო რონოდა.

შეძველებული სანდლებით მივდივარ თბილისის ქუჩებზე პატარა საკვოიაჟით ხელში. გრილა. აჩქარებული ნაბიჯით სადღაც მიიჩქარის ხალხი. ავტომობილების ღრიალი, მაწვნის, ნახშირის, კვერცხების და ხილის გამყიდველების ყვირილი, ტრამვაის ზარის ხმა და საერთო ქუჩის ხმაურში არეული, მართობს და მახალისებს.

მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ვხედავ თფილისს, მის ქუჩებს, სახლებს და ვისმენ თფილისურ ქართულ კილოს.

მე არავინ არ მიცნობს, მე ყველასათვის უცხო ვარ. არავითარი დარდი და ჯავრი მე არ მაწუხებს. მე არავისთან არავითარი საქმე არა მაქვს! სამაგიეროდ - არც არავის ჩემთან. მადლობა ღმერთს! მე მდიდარი არა ვარ მაგრამ რაც მაქვს საკმარისია იმისათვის, რომ შიმშილით არ მოვკვდე და ქუჩაში ღამე არ გავათიო. ორი წლის ნაშრომი, ჩემი ოფლით ნაშოვი ფული ჩემ ჯიბეს დევს. ვის აქვს უფლება დამიშალოს თავისუფლად ვისუნთქო, ვუცქირო მზეს, ხალხს, სახლებს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, უდარდელი ღიმილით?!

მე შემიძლია გავჩერდე ერთ ალაგას და მთელი დღის განმავლობაში ვუმზირო ქუჩის მოძრაობას, უყარო პურის მარცვლები ბეღურებს და მტრედებს, ან უპატრონო ბავშვებს დაურიგო მთელი ჩემი ფული, პურის ყიდვა რომ შესძლონ. ყოველივე ეს მე შემიძლია, და არავის არა აქვს ნება დამიშალოს, მისაყვედუროს ან დამცინოს.

მე შემიძლია გავჩერდე ხიდზე, ვუცქირო მტკვარს, შემდეგ ნელ-ნელა ვიღო ფული და ვყარო წყალში უკანასკნელ გროშამდე, რომ მერე ვითხოვო რამდენიმე კაპეიკი პურისათვის და ისევ დაბრუნდე სახლში, თუნდაც ფეხშიშველი, რატომაც არა?!

აი ამ გლეხის ქალს ვერ გაუყიდია მამალი, ბებერი მამალი გრძელი დეზებით, რომლის ხორცი ქვაზე უფრო მაგარი იქნება. ის უფულოდ ბრუნდება, როგორც სჩანს, სახლში. ან ვინ იყიდდა გადაბერებულ მამალს?

- დედი, მომყიდე მაგ მამალი! მე მამალი მეტად მჭირდება... ჩემ სახლში ქათმები დაუმამლავ კვერცხებსა სდებენ - ეს არაფრად არ ვარგა!

ქალი სიხარულით მაწვდის მამალს. ღმერთო, რა რიგ უხარია ამ ქალს პატიოსან შრომით ხელებდაკოჟრილ დედაკაცს, ეხალ რომ თეთრი პურის საყიდლად ფურნეში მიეჩქარება...

- პატარა ბავშვო, მოდი აქ, ნუ გეშინია! მე შენ ფულს მოგცემ: წაიღე ეს მამალი და სადმე ქუჩაში გაუშვი. აი, თუ გინდა ამ ხიდიდან გადააფრინე მტკვარში. შევხედოთ როგორ გაფრინდება, აბა! გაუშვი, და ეს ათშაურიანიც წაიღე. მამალი მიფრინავს... ბებერ, სულელ მამალს ცურვა არ სცოდნია...

ჟურნალი „მნათობი“, 1925 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში