ჟოზე სარამაგუ - კაენი

სენიორი, რომელსაც უფრო ხშირად ღმერთად მოვიხსენიებთ, საშინლად განრისხდა, როცა აღმოაჩინა, რომ ადამსა და ევას - გარეგნულად, ერთი შეხედვით, ყოვლად სრულყოფილ არსებებს არათუ სიტყვის წარმოთქმა, არამედ საერთოდ არანაირი გამოცემაც კი არ შეეძლოთ; თანაც, ცხადია, ღმერთი საკუთარ თავს გაუბრაზდა, რადგან, კიდევ კარგი, ედემის ბაღში სხვა არავინ იყო, ვისაც ამ ყოვლად უხეშ შეცდომაზე პასუხისმგებლობას აჰკიდებდა. 

შეცდომა კი ის გახლდათ, რომ ამ ორი ადამიანის მსგავსად მისი ღვთაებრივი ნებით შექმნილ ყველა სხვა მიწიერ არსებას საკუთარი ხმა ჰქონდა, ვისაც როგორ შეეძლო, ბღაოდა, ღმუოდა, კიკინებდა, ჭიხვინებდა, ღრიალებდა, კაკანებდა და ასე შემდეგ, ეს ორნი კი დუმდნენ. ჰოდა, მძვინვარებისგან გავეშებულმა... და, მოდი გავიკვირვოთ - რამ გაამძვინვარა, რამ გაავეშა? ხომ შეეძლო კიდევ ერთი, მორიგი fiat-ის (fiat, ლათ. იყავნ!) წარმოთქმით პრობლემა სულ იოლად გადაეჭრა? ის კი - არც აცია, არც აცხელა, - ადამიანთა წყვილს მიეჭრა და ულაპარაკოდ, დაუფიქრებლად ორთავეს ენა გამოაბა, ღრმად ჩასჩარა პირში, თითქმის ყელამდე. გამოაბა და ამოუდგა კიდეც.

***

პატარა დრო უნდა და - აჰა, დაეცემა და დაინგრევა ის, რაც ურყევი გვეგონა.

***

პირდაპირ ღმერთს შეჰღაღადებს უფლის წინდაუხედაობა, რამეთუ თუ მოისურვებდა, რომ იმ ხის ნაყოფი არავის ეჭამა, საამისო საშუალებასაც უმალ გამოძებნიდა, ბოლოს და ბოლოს, სულაც ნუ დარგავდა იმ ხეს, ან სხვაგან დაერგო, ან მავთულხლართებით შემოეღობა. განა ადამმა და ევამ საკუთარ სხეულთა სიშიშვლე იმიტომ შეიცნეს, რომ თითქოს ღვთის ნებას გადავიდნენ? განა სწორედ შიშველ-ტიტველნი - მინდოდა მეთქვა - დედიშობილანი, მაგრამ მართალი არ ვიქნებოდი, - არ დაიარებოდნენ წამდაუწუმ, უკაცრავად პასუხია და, დასაძინებლად? და თუკი უფალი ამგვარ აშკარა უსირცხვილობას თვალს უხუჭავდა, ეს ალბათ მშობლებისთვის დამახასიათებელი იმ განუკურნებლად ბრმა სიყვარულით მოსდიოდა, მუდამ რომ ხელს გვიშლის, ჩვენი შვილების ავ-კარგი ობიექტურად შევაფასოთ.

***

ადამსა და ევას, ჩვეულებისამებრ, შიშვლებს ეძინათ, გვერდიგვერდ, თუმცა ერთმანეთს არ ეხებოდნენ, რაიც სრულყოფილი უცოდველობის ხატად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც თუმცა შთამბეჭდავი კი გახლავთ, მაგრამ ამავე დროს, შესაძლოა შეცდომაშიც შეგვიყვანოს. არ გაუღვიძიათ და უფალმაც აღარ დაუფრთხო ძილი, რადგან კიდევ ერთი თავისი საწარმოო წუნის გამოსასწორებლად იყო მოსული, ხარვეზისა, რომელიც, მისი აზრით, ნაკეთობის სასაქონლო იერსახეს აუფასურებდა - მის ქმნილებებს ჭიპები არ ჰქონდათ. ფერმკრთალი სხეულები, რომლებსაც სამოთხის ისედაც გრილი მზე იმწამს საერთოდ არ ათბობდა, რაღაც მეტისმეტად შიშვლად, ყოვლად განძარცვულად და გარკვეული თვალსაზრისით უხამსადაც კი გამოიყურებოდნენ. ჰოდა, უფალსაც ბევრი აღარ უყოყმანია, ხელი გაიწვდინა, საჩვენებელი თითის წვერი ოდნავ შეახო ადამიას მუცელს, სწრაფი მოძრაობით წრე შემოხაზა და ჭიპიც მზად იყო. წამის შემდგომ განმეორებულმა იმავე ოპერაციამ ევას სხეულზედაც ანალოგიური კვალი დატოვა, ოღონდაც ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით, კერძოდ იმით, რომ ევას ჭიპი დიზაინის დახვეწილობით, მკვეთრი მოხაზულობითა და მიმზიდველი სიღრმით ბევრად უკეთესი, თუ გნებავთ, ლამაზი გამოვიდა. სწორედ მაშინ თქვა უფალმა უკანასკნელად საკუთარი ნამოქმედარის შესახებ, აჰა, კარგიაო.

***

- შენ, ისევე როგორც სხვა ღმერთებს, პასუხისმგებლობა გაკისრიათ თქვენი ქმნილებების წინაშე! მაგ შენ საუბარს ამბოხების სუნი უდის. ეგება მართლაც ასეა, მაგრამ მერწმუნე, ღმერთი რომ ვიყო, ჩემს თავს ყოველ ცისმარე დღეს ვუჩიჩინებდი: ნეტარ არიან ამბოხებულნი, რამეთუ მათი არს ამა ქვეყნის სასუფეველი.

- ნუ მკრეხელობ!

- შესაძლოა ვმკრეხელობ, მაგრამ ის უარესი მკრეხელობა იყო, აბელს რომ სიკვდილის უფლება მიეცი.

- განა შენ არ მოკალი?

- კი, მართალია, მე მოვკალი, მაგრამ მე მხოლოდ იარაღი ვიყავი შენს ხელში, ჯალათი, განაჩენი კი შენ გამოუტანე.

- მე კი არა, შენ გაწევს მისი სისხლი!

***

- როგორც იტყვიან, შეუცნობია გზანი თქვენნი, ასე არ არის? - ჰკითხა კაენმა ღმერთს.

- რამდენადაც ვიცი, ასეთი რამ არც ერთ ღმერთს არ უთქვამს, აზრადაც არასდროს მოგვივიდოდა, თითქოს გზანი ჩვენნი შეუცნობია, ეს ყველაფერი ხალხის მოგონილია, ჰგონიათ, აბა, ჩვენ ღმერთებთან რას მივალთო.

***

ჭეშმარიტად სავალალოა იმ ადამიანის ბედი, რომლებსაც ცხოვრების მიზნად მხოლოდ შთამომავლობის წარმოქმნა დაუსახავთ და არ კი იციან, რატომ რა რისთვის.

***

კაენმა თავისი პასუხი უკვე გაგვცა - აბელი იმიტომ მოვკალი, რომ ღმერთის მოკვლა არ შემეძლოო.

***

პროგრესის მდინარება, როგორც მოგვიანებით დაადგენენ, არასდროს ჩერდება და ფატალურად გარდაუვალია, სიკვდილივით. ანდა სიცოცხლესავით.

***

სიტყვებს, სხვა დანარჩენის მსგავსად, თავისი „რა“, თავისი „როგორ“ და თავის „რატომ“ გააჩნიათ. ერთნი მედიდურად იბღინძებიან, კუდს ყავარზე დებენ, ცდილობენ მნიშვნელოვანნი გამოჩნდნენ, თავი ისე წარმოადგინონ, აქაოდა, დიადი მიზნებისთვის ვართ განკუთვნილნიო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, თურმე ნიავის ერთ წამოქროლვადაც არ ღირებულან, ფრთის ოდნავ შერხევაც არ შესძლებიათ, აგერ სხვები კი - ჩვეულებრივნი, ყოველდღიურნი, ფართოდ და საყოველთაოდ ხმარებულნი დროთა განმავლობაში იმგვარ შედეგებს მოიყოლებენ, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა და, მართალია, საამისოდ არ გაჩენილან, მაგრამ მთელ ქვეყნიერებას შეაზანზარებენ.

***

ხორცი სუსტია და დაცემული, რაშიც, კაცმა რომ თქვას, თვით მას ბრალი სულაც არ მიუძღვის, რამეთუ სწორედ სული, რომელსაც ევალება, ყოველგვარ ცდუნებას წინ აღუდგეს, პირველი ყრის ფარ-ხმალს, პირველი გამოფენს ხოლმე თეთრ დროშას დანებების ნიშნად.

***

ტყუილი სიმხდალის ყველაზე ცუდი სახეა.

***

უფალმა აბრაამს უბრძანა, საკუთარი შვილი მსხვერპლად შეეწირა, თან ეს ისე უბრალოდ და იოლად გააკეთა, თითქოს ეთქვას, მწყურია და ჭიქა წყალი დამალევინეო, საიდანაც ვასკვნით, რომ ასეთებს ჩვეულია და, როგორც იტყვიან, რჯულში აქვს გამჯდარი. შესაბამისად, ადამიანურ ლოგიკას თუ მოიხმობდა, აბრაამს ჯანდაბის იქით უნდა გაეგზავნა, მაგრამ ასე არ მოხდა.

***

კაცობრიობის ისტორია კაცსა და ღმერთს შორის წარმოქმნილი გაუგებრობის ისტორიაა, რამეთუ არც მას ესმის ჩვენი და არც ჩვენ გვესმის მისი.

***

ტყუილის ბილიკი დასაწყისში ვიწროა, მაგრამ მუდამ გამოჩნდება ვინმე, ვინც მის გაფართოებას მოინდომებს, ხოლო ჩენი ძველი ხალხური აზრი გავიზიაროთ და ვთქვათ, რომ სიცრუე ჭამას და ფხანას ჰგავს - დაიწყებ და ვეღარ ჩერდები.

***

ლუციფერს კარგად ჰქონდა გააზრებული ის, თუ რას აკეთებდა, როდესაც ღვთის წინააღმდეგ ამბოხდა. მწარედ ცდება, ვისაც მიზეზი შური ჰგონია. არა, უბრალოდ, კარგად იცოდა, თუ ვისთან ჰქონდა საქმე.

***

უფალს, როგორც ეტყობა, ყველაფერი შეუძლია. ოღონდაც ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მტკნარი სიცრუეა.

***

ღვთის ცხოვრება არც ისე სიამტკბილობაა, თქვენ რომ გგონიათ, და ღმერთი, იმის საპირისპიროდ, თქვენ როგორც ფიქრობთ, ყოველთვის სრულად ვერ იყენებს თავის ღვთის ნებას, ან კიდევ ყოვლისშემძლეობის პრივილეგიას.

***

უკვე წესადაც იქცა, რომ ცოდვილები აშავებენ, მართლები კი ზღავენ. ეს იმიტომ, რომ უფალი ღმერთი თავისებურად განსჯის სამართალს. განსჯის იმგვარად, თითქოს სრულიად არ იცოდეს, კაცობრიობის მართლმსაჯულება ოდესმე როგორ გავითარდება.

***

ღარიბებს მდიდარი წარმოსახვის გარდა არც არაფერი გაგვაჩნია.

***

ღვთისგან მხოლოდ სიკეთე უნდა მივიღოთ, ხოლო ბოროტის მიღებაზე უარი ვუთხრათ.

***

სასაცილოა, როგორ ლაპარაკობენ ადამიანები მომავალზე, გეგონება, ხელში უჭირავთო, თითქოს შეეძლოთ თავის ნებაზე, მიმდინარე მომენტის შესაბამისად თუ სურთ, მოაახლოონ და თუ სურთ - შეაფერხონ ამ მომავლის დადგომაო.

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე