აკა მორჩილაძე - კუპიდონი კრემლის კედელთან

იმას, რაც თბილისიდან კრემლისკენ მიმავალი მატარებლის „მეჟდუნაროდნი“ ვაგონში ხდება, არათუ საბჭოთა, ალბათ ვერც თანამედროვე კინოს მესვეურები გადაიღებენ კომედიად, ვინაიდან ეს საოცარი ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ტრაგედია უფროა. საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი „მკვლევრის“ პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს იმ ეპოქას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო სტალინურ რეჟიმად იცნობს.

***

რო შემევიდა ბალშევიკური რუსეთის ოთხი არმია საქართველოში მის ხელახლა გასაუქმებლათ, გამოვტყდეთ, დეიპყრო და დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ითქვას ფრანგულათაც, Republique democratique de Georgie, რახანამც მაშვინ ფრანგულობა იყო და, რაფერც ცნობილია, ქართული პასპორტის ერთი გვერდი ფრანგული იყო, მეორე - ქართული.

***

რაფერს უყვართ თქმა საქართველოში, რომე ყოველივე მნიშვნელოვანი სიტყვა დედიდან მომდინარეობსო: დედა-ენა, დედა-ბოძი, დედა-მიწა, დედა-აზრი, მაწვნის-დედა в канце канцов, მარა ამის საპირისპიროთ ჩვენი მოქცევა სხვაა და გამოხატულია ხალხურ ლექსში, რომელიც არაა ხალხური და ბოლო დრომდე ვერ ვამბობდით, ვისია, რახან მაგის დამწერი მიხა ხელაშვილი ბალშევიკებს ებრძოდა და მოკლენ:

„დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვსტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა“.

ასე ამბობს ხელაშვილი.

***

ხასიათის პირობები იოლათ გადადის პირობით საზღვრებს და მზეთუნახავი ურჩხულათ იქცევა ხოლმე და ურჩხული კი ცდილობს მზეთუნახავობას. თუმცა, რახან ადამიანებს ურჩხული უფრო ამახსოვრდებათ მორჩილების საკითხში სიტკბოების გამო, მაგ უკანასკნელის მცდელობა გალამაზებისა უფრო ბითურია ხოლმე, ვიდრე მზეთუნახავის მოურჩხულება.

***

კომსომოლაში ჩაწერილი გოგო, ხილული იმ შესამოსელით, რომელცხასაც ქვია რევალუციური და რაიც დეეფუძნა პეტროგრადის საწყობში ნახულ ტყავის ქურთუკებს, რომლებიც ომის აფიცერთათვის განეკუთვნა ნიკოლოზ მეფის მთავრობას და რომლითაც შეიმოსა მთელი ცეკა, ჩეკა და ვისაც ხელი მიუწვდა, კიდო იგინიც, ვოციანი წლების ქართულ ხალხურ წარმოდგენით, ნიშნავს ბოზს. კომსომოლას გოგოა, значит, она ბოზი.

ახლა, ქართული კლასიკური განმარტება სიტყვა „ბოზის“ ат сулхана орбелиани: „ესე ბოზობა განიყოფებიან ვორად: სიძვად და მრუშებად. სიძვა უკუა არს უქორწინებელთა მიერ ქმნული, რომელსა არა ესვას მეუღლე, ხოლო მრუშება არს, რომელსა ესვას და სხვასთან ისიძვოდეს“.

კომსომოლა ქალი ითვლებოდა თავზე და ქალობაზე ხელაღებულ არსებათ. მაგენი აღარ ეწერებოდა აღარც ქალში და აღარც კაცში. რაც არსება იყო, ტყავებში ჩაცმული და დაფიონებზე კიდო სპორტულ ტრუსიკებში. ამნაირებს ხედავდენ, თუარა სხვანაირიც ქე იყო: კაბინეტში, კრუჟევიან საყელოთი და ბერეტით.

მოკლეთ, კომსომოლა ქალი ისეთათ გამოდიოდა, რაფერიც თიატრობის გარიჟრაჟზე მსახიობი ქალი, რომელსაც ქუჩაში წყევლას მიაყოლებდენ ხოლმე. იმგენს კი უბედავდენ, მარა კომსომოლებს თუ უბედავდენ სახალხო შერცხვენას, ვერ ვიტყვი.

***

სიბერეში რაფერაა, ხო იცით, დადგება ხალხი და ხალისით მოაღებს პირს, ყობა, ამან ეგი თქვა სამოცი წლის წინეთ, იმან იგი თქვა, ამას ეგი ყვარობდა, იმისა - იგი... და ასე ზოგადათ კი არ ლაპარაკობენ, წვრილათ.

***

გამიგონია, რომე თფილისის შემოგარენში გეიმართებოდა ხოლმე დიდი გნიასიანი შეკრებები, რაც მოგვაგონებდა უფრო ანტიკურ დიონისეს ზეიმებს, ჩამოგავდა კუდიანების შაბაშებსაც, ოღონდ იყო უფრო ცარიელი ყოველნაირ მისტიურ აზრისგან. მაგ იყო ხოლმე გათავისუფლებული სიყვარულის ექსკურსიები, არა ხშირი და თვალში საცემი, მარა შესწრებია ხალხი და შემსწრეზე მეტი, მონაწილესაც გოუხსენებია გაკვრით ვოციან წლებზე ლაპარაკისას, რომე ხან უძოს მთაზე მოხდებოდა ასე, ხან ბოტანიკურ ბაღში, ხან ხუდადოვის ტყეში. მაგ რაცხა შინაურ ჭორათ დადიოდა ამნაირი ორგიების ამბავი.

***

იმ დროის ნათქვამია მაგენის ერთი ყველაზე გამოჩენილი და მრავალფარდოვანი ენით, საქმით და შედარებითი ადამიანობით ცნობილი ბუდუ მდივანის:

კი თქვა მარქსმა, პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერდითო, მარა იგი ხო არ უთქვამს, შე კაცო, პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, თფილისში შეერთდითო.

ანუ, დაგვანებეთ ჩვენი თავი ჩვენო და რაცხას მივხედავთ და რაც რაფერცხა იქნება, ქე დეინახავთ, თქვე უგვანო იმპერიავო.

ბუდუ მდივანი რო დახვრიტეს, ყველამ ვიცით. მალაპარაკეთ სოსოიასო, კამერიდან მეითხოვა და გადააფრინეს მოსკოვში. ჩამეიყვანენ იქიდან და რო შემეიყვანენ შინსახკომის შიდა ეზოში, მთელი დაჭერილი ძველი ბალშევიკები ფანჯრებზე იყო მოწეპებული, ელოდებოდენ და დეიყვირა: ბიჭებო, ველაპარაკე სოსოსო, ხვალ გავდივართ აქიდანიო და ამ, ბოდიში და, ნაბიჭვარსო - ბერიაზე დეიძახა, მივხედავთ, რავარც გავალთო.

ლამაზი ლეგენდით, დამძახებელიც და გამგონიც იმ ღამეს დახვრიტენ.

ამნაირათ არ ყოფილა, მარა ითქვას მაინც, იმ დროის ცინიზმის შესაგებებლათ.

***

მაშვინე ასე იყო, რომე რომელცხა ქვეყანაში იყავი ნამყოფი, იმის ჯაშუშობას გაბრალიდენ. სხვანაირათაც იყო, მარა ასეც. საქმეს ვინც კერავდა, იმას დიდი წარმოსახვა არ ქონდა. ეგება სტანდარტიც იყო, ასე ქენითო.

***

რო დეიჭერდნენ ვინმეს, შიდაპარტიულს, იმისიანი, თუ თითონ გადარჩებოდა დაჭერას, უნდა გატრუნულიყო. არ აცდებოდა ხოლმე უფრო ცოტა - დაკითხვა, უფრო მეტი - კატორღა წინამდებარე წამებით და კიდო მეტი - დახვრეტა.

***

სიამაყეს შივდება. ჭამა უნდა.

***

რაცხანაირი ეროტიკულ-ფილასოფიური კავშირი, რომელიც, ცნობილია, რომე არსებობს ქალს და კაცს შუა იშვიათათ და ისე კი არაა, რო დეგეტაკე-დემეტაკე, არამედ რაცხაფერი შესისხლხორცება, სამუდამო მეგობრობა, გულისცნობითი. თუ მაგ მოხერხდება ხოლმე ქალს და კაცს შორის, იგიც ქე გამეერევა ადრიან დროს, მარა მაგ არაა წამყვანი, მიყავს ამნაირ შესისხლხორცებას.

***

შიშს დიდი თვალები აქ, მოგეხსენებათ, და განსაკუთრებით მაშვინ, როცა სახელმწიფოს ხალხი შეიგრძნობს ხოლმე ხალხის უკანმოუხედავ ძალას.

***

მთელი მსოფლიო კანიაკს სვამს ხელისგულში ჩათფილებულს, გაარყევს მუცლიან ჭიქას, მოყნოსავს იმას, შეიგრძნობს სიდიადეს, რომელიც, რასაკვირველია, გადამეტებულია და კანიაკიც იმდენი არაფელი არაა, რო, ვსთქვათ, ჰომეროსის „ოდისეას“ კითხვას ჯობდეს, და მერე მოსვამს.

ქართველები კიდო, ყვარობენ კანიაკს გაცივებულს. ახლა, ათას ცხრაას ვოზდაჩვიდმეტ წლამდი, იმ მრავალთაგან ერთ სისხლის წლამდი, ესესესერში მაცივარი არ იყო, მაგ წლიდან კიდო, ქე ქონდა გამოჩენილ ადამიანებს, თავისი ფრეონებით და ამბით. ფრეონი მნიშვნელოვანია. მერე გევიგებთ თანდათან.

მაცივრამდი ქართველი ბალშევიკები სხვანაირათ აციებდენ კანიაკს. ხოდა, ჩააციებდენ წყაროს წყალში და თფილისის ცნობილ საყინულეებიდან მოტანილ კავკასიის მთათა ყინულებში და ურტყამდნენ რუსული არყის ჭიქით, ერთი გადაკვრით, რაფერც ჩემ ბოვშობაში იტყოდენ, გადალახუშებით. მასე ხო.

მოვსვი და შევიგრძენი კი არა, გადავკარი და შევიგრძენი.

***

თვალს რასაც გინდა, იმას უზამ კაცი და ხელი თუ გეინძრევა, „არ მომხდარას“ ვეღარ იტყვი. ვერ მოაბრუნეფ.

***

რევალუციონიერს ხერხია, გადმოღებული ძველი აბრაგის ხერხიდან, რომე თუ ზიხარ და ელოდები, მოვლიენ და დაგალევიებენ ცხელ ტყვიას. თუ მოძრაოფ, ხიფათიცაა, მარა მეტი იცი და მეტი მზათ ხარ.

***

შემთხვევა ბრმაა. შემთხვევიზა ვერ მეემზადები, ვერც გამორკვევას დეიწყეფ.

***

ბედისწერას სხვანაირათ მიყავს ხოლმე და სულ არ აინტერესებს წინა ამბები, რა მოხდა, რაფერ მოხდა და რა რისგან გამომდინარეობს ან უნდა გამომდინარეობდეს. არანაირათ.

***

რუსეთში წამსვლელს თუ რამე ფული მიგქონდა და უფულოთ კიდო რაფერ წახვიდოდი, ვინ იყავი, რო მაგი ფული ჯიბით წაგეღო, ამიზა გამეიკერებდენ ხოლმე საგანგებო ჯიბეებს. გონია, მაგ სასახელო ტრადიცია რუსეთში მალული ჯიბით მგზავრობისა დღემდი გრძელდება. ბოდიში ხსენებიზა, მარა დღეს მიწევს რაცხა: ჯიბე გამოკერებული იყო ხშირათ ძველი, მადლიანი საცვლის შიგნით, ანდა საქამრის ქვეშ, რახან ფიჩაკი, პერანგი და სხვა ამნაირი სანდო არ იყო - შეიძლება ქე ამოგაცალონ და თუ არ ამოგაცალეს, ქეც შემოგახიონ. მაგ ფარულ ჯიბეებში ინახებოდა ფული. ასევე, ქალებიც, მეტისმეტად სამალავ ადგილების ახლო იკერებდენ ამნაირ ჯიბეებს.

[...]

ამნაირი გამოკერება ხდებოდა იმიტომ, რომე სამხრეთის ხალხისთვის შუა რუსეთზე გავლა აღიარებული იყო, რაფერც ხიფათიანი, რახან მაგ უკიდეგანო მიწები სავსე იყო ქურდებით, ყაჩაღებით, ბაცაცებით, ჯიბგირებით და მკვლელებით.

ახლა, უცნაურათ ჩანს, როცა რუსები პირაქეთ გვაბრალიან, აბრაგების და ოხრების ნაცია ხართო და რაც კი რამე საბჭოეთში გაოხრებულია და გახრწნილი, ქართველებმა და საერთოთ სამხრეთის ხალხმა გააფუჭესო, ქურდი და ბანდიტი, ყველა თქვენებურიაო და ასე შემდეგ, მარა იმ დროებაში კი ნამდვილათ ამფერ იყო, რომე რაფერც დამთვრალი მეცნიერები ლაბორატორიის საგველე ვირთხას ჩოუშვებენ ხოლმე, აბა რაფერ გააღწევს უხსენებლებსო, იმფერ უნდა მიგეღწია დანიშნულების ადგილამდი უდანაკარგოთ. გამაცადინებული ყოფილიყავი, აფერი მეეპარათ, ანდა ეერთმიათ. მით უმეტეს, როცა შენ წინაშე იდვა იმფერი სახელგავარდნილი ქალაქი მაგ საქმეში, რაფერიც ოდითგან იყო რასტოვი.

თქმული იყო ხალხში, რომე რასტოვს უახლოვდებით, ამოწიეთ ფანჯრებიო და ყველა მგზავრი თავის კუპეს ფანჯარას ამოკეტავდა. რასტოველ ქურდებს ქონებიენ გრძელი, კაუჭიანი ჯოხები და ღია ფანჯრიდან ხელჩანთებსაც ითრევენ და მძიმე ბარგსაც ქე ერევიანო.

***

რიონგესის ასაშენებელი ადგილი საცა მოზომეს, იქანა იყო საჭირო წყალი და ქუთაისს მოპარენ რიონი, დატოვენ იქანა რაცხა ვორი ყლუპი და დანარჩენი მოხმარდა გესს და რიონი დარჩა კალაპოტიდან გადავარდნილი.

***

რუსის აფიცერი არ იყო პატივცემული საქართველოს განვითარებულ მოსახლეობაში მეფის დროს და არ იყო პატივცემული თვით სტალინის დროსაც. ხო თქვენც იცით, რაფერც იყო პატივცემული: დაალევიე და გოუშვი, მოიშორე. მაგი არაა ჩვენი, მაგი შარია.

***

მორალი მარცხდება გამორჩენასთან. ყოველთვის მარცხდება...

***

კაცს ხო საგანიც მოწონს ხოლმე ქალზე. არიენ ამნაირი კაცები, сотни милионов. გიჟდება საგანი რო ეხამება ქალს. სწორეთ მასეა. წითელი საპოშკები, მუსიას კოჭები და წვრილი კანჭები. რაცხა რაფერიც ადრეული მოდერნის არქიტექტურა, ჩიკაგო, პარიზი, მაგ იყო მუსიას კოჭები წითელ საპოშკებში.

***

ქე უნდა ვიცოდე, რო ლენინის ორდენი აფერს არ ნიშნავს. კაია რაცხა ამბავში, მარა არ გადაგარჩენს. ამფერ მიცენ ჩვენთან მიხეილ ჯავახიშვილს მაგ ორდენი და ქეც მიადგენ მერე ქვიშეხთში და დეიჭირენ და დახვრიტენ. სტალინმა მიცაო და ბერიამ დეიჭირაო. სხვადასხვა იყვენ ვითომ.

მოკლეთ, უორდენობას ქე ჯობდა, მარა ორდენი რაა. აფერი. უფრო ერთგულებს ქონიათ, კამანდარმებს - მთელი გულის ფიცარი აჯინჯილებული და ვის აღარ, მარა ხოხავდენ თავის სისხლში მერე.

ისე, ქე აწყნარებდა ცოტას...

***

რაც გინდა, იგი თქვი და ქართველმა შეიძლება რუსის სალდათს მუჭა თამბაქო ჩოუტენოს ჯიბეში, თავის სახში შეიყვანოს და აჭამოს, რაფერც მშიერს და უჯამაგიროს, მარა აფიცერს უდაბნოში წყალს არ დაალევიებს. არაფლით, თუ გამოსავალი აქ.

***

საერთოთ, რით გამეირჩევა ჭკვიანი და უჭკუო? უჭკუოს ეგება ქე ქონდეს მაგარი ხასიათი, გონება, იერი, წარმოსახვა და მთელი ამბები, მარა იმას გონია, რომე თუ რაცხას დაპლანავს, იგი იმფერ ჭკვიანურათ და ლამაზათაა დაპლანული, რომე უცილებლივ უნდა განხორციელდეს და მაგ განხორციელებას ახმარს მთელ ძალას და კაი ჭკუას. ჭკუიერიც ამნაირათ იქცევაო, იტყვიენ და მართალიც იქნება, მარა უჭკუოს, ჭკუიერისგან განსხვავებით, იმედნათ ედიდებულება თავისი მიზანი, რომე ის მაინცდამაინც სწორათ არჩეული გონია. ხოდა, აწობა და აწობა. გულითაა არჩეული თუ რაცხაა, არასწორი მიზანია, მარა მაგ უჭკუომ არ იცის.

***

ამნაირათაა ცხოვრება, მისნობათ და გრძნეულებათ დეისახება აწყობილ უმნიშვნელო მოქმედებათა ჯაჭვი, რომელსაც როცხა საჭირო იყო, არ ჩოუკვირდი და მერე შედეგის მოულოდნელობით წარმეიდგენ, რაფერც რაცხა ზებუნებითს.

***

საერთოთ, გონია, სიკვტილი მეტი არაფელი არაა. მაგია უსიზმრო, დოუსრულებელი ღამე. ამნაირათ ამბობენ პოეტები, თავი რომელცხასაც ემეტება. რავარი პირქუში სურათია. უსიზმრო, გოუთავებელი ღამე. სხვანაირათაც რო ვსთქვათ, ქართულზე მთლათ არც მორგებულათ, არასიზმრის ღამე. არასიზმრიანი დარჩენილი ცხოვრება მარად ძილში. ეუჰ, რაცხა იმნაირი. საღათას ძილს ხო აქ ბოლო. ე, რო არ ქონდეს, მაგია სიკვტილიო.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში