თემურ ბაბლუანი - მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)

ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება. 

ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

***

1968 წლის ზაფხულის დასაწყისისათვის ჩემი ერთადერთი შარვალი საბოლოოდ ასცდა კოჭებს და მოშიშვლებული წვივები მიჩანდა. თან უკან ისე გაიცრიცა, ფრთხილად ვჯდებოდი და მერე ადგომისას ხელით ვსინჯავდი, ვამოწმებდი, მთელი იყო თუ არა. ახალი შარვლის საყიდელი ფული კი არ მქონდა. მამაჩემს ვთხოვე, მაგრამ არ მომცა  – ეგ ჯერ კიდევ გაძლებს, ფრთხილად იხმარეო. ასე რომ, სხვა გზა არ მქონდა და არც დრო იცდიდა, თვითონ უნდა მეღონა რამე. 

***

ნაღვლიანი სიტყვაა როდისმე, რასაც ამ სიტყვას მოაყოლებენ, ის თითქმის არასოდეს არ ხდება.

***

გიჟებსა და ჭკვიანებს ამ ქვეყანაზე ყველაფრის უფლება აქვთ, კანონი მაგათთვის ბევრს არაფერს ნიშნავსო.

***

კანონიერი ქურდი, ანუ განაბი, როგორც მაშინ ეძახდნენ, კრიმინალურ სამყაროში ასრულებს მოსამართლის ფუნქციას, რაც არის მათი კასტის ძალაუფლების საფუძველი. კასტა რეალურად კრიმინალური სამყაროს პროფესიონალთა კავშირია. კანონიერი ქურდის წოდების მოპოვება არაა ადვილი საქმე, პრეტენდენტი, ბავშვობიდან მოყოლებული, მთელ რიგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. კასტას აქვს თავისი ქცევის კოდექსი და იმ კოდექსით სჯიან და არეგულირებენ სადავო საკითხებს. ვინც მათ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, რისკზე მიდის, ეს საშიშია. ახლა არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს პატიმრებზე დიდი გავლენა ჰქონდათ და იმ უზარმაზარ ტერიტორიაზე ციხეებისა და საპატიმრო ბანაკების თითქმის ნახევარს აკონტროლებდნენ. მათი დევიზი იყო: ღირსება და სამართლიანობა. დადიოდა ხმები, რომ ბევრი მათგანი ფარულად თანამშრომლობდა ძაღლებთან, მაგრამ ის ხმები მათ ავტორიტეტს ბევრს ვერაფერს აკლებდა, მათი სიტყვა კანონი იყო.

***

როდესაც სიკვდილმისჯილები დასახვრეტად გაჰყავდათ, საკნებში და დერეფნებში სინათლე ქრებოდა. ამით პატიმრებს კანონის სისასტიკეს ახსენებდნენ, შიშს თესავდნენ. საპასუხოდ, გაღიზიანებული და დამფრთხალი პატიმრები რისი დაბრახუნებაც შეიძლებოდა, ყველაფერს აბრახუნებდნენ და უსტვენდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში მთელ ციხეში ყურის წამღები ხმაური იდგა. ეს ხმაური დროდადრო ჩაცხრებოდა და მერე ისევ იფეთქებდა. სინათლე რომ აინთებოდა, საკნები ნელ-ნელა, ერთიმეორის მიყოლებით წყნარდებოდა და ბოლოს სიჩუმე დაისადგურებდა.

***

სიცოცხლეში სულ ცოტა ერთხელ მაინც, სიკეთის გაკეთების სურვილი ნებისმიერ ადამიანს უჩნდება, ვინც უნდა იყოს და როგორიც უნდა იყოს.

***

როცა მსგავსი ბედის ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, ეჩვენებათ, რომ უკეთ ესმით ერთმანეთის და მათ შორის ადვილად მყარდება თბილი ურთიერთობა.

***

ჩუქჩები მეჯოგეობით ირჩენდნენ თავს. შაშხანების ტარების უფლება ჰქონდათ და კარგ მონადირეებად ითვლებოდნენ. თუ ვინმეს გაუმართლებდა და გაქცეულ პატიმარს მოკლავდა ან დაიჭერდა, მთავრობისგან ჯილდოდ ხუთას მანეთს მიიღებდა. ეს არ იყო ცოტა ფული და ისინიც დიდი მონდომებით ეხმარებოდნენ ჩეკისტებს. ამიტომ იყო, პატიმრები ყოველთვის ზიზღით რომ იხსენებდნენ.

***

პატიმრებისგან მქონდა გაგონილი - გაქცეული კაცი თავს ყველაზე მშვიდად მატარებელში გრძნობსო.

***

არაფერი ისე არ ანგრევს კაცის ფსიქიკას, როგორც გაურკვევლობა, როცა არ იცი, რაშია საქმე, მაგრამ კარგს ნამდვილად არ ელოდები.

***

სიყვარულს, ასე თუ ისე, სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები.

სიმართლე თუ გინდათ, ამ უნარის გარეშე ადამიანს ათი ცოფიანი ძაღლი სჯობია, იმდენად საშიში და დაუნდობელია. მაგრამ ასეთები ცოტანი არიან. უმრავლესობას ამ უნარის, თუნდაც სულ უმნიშვნელო, ნამცეცები მაინც შემორჩენილი აქვს.

***

კრიმინალებსა და ძაღლებს ერთნაირი იმუნიტეტი აქვთ ძალადობისა და ბოროტების მიმართ და უმეტეს შემთხვევაში, ერთმანეთისგან მარტო პოზიციებით განსხვავდებიან.

***

არაფერი ისე არ ადუნებს და აჩლუნგებს კაცს, როგორც კმაყოფილების განცდა.

***

აი, ეგაა თავისუფლება, შეგიძლია უპატრონო ძაღლებს სდიო, სანამ სიქა გაგძვრება, არავინ არაფერს გიშლის, რაც გინდა ის აკეთე.

***

როცა უფულოდ მგზავრობ, შენს თავს აღარ ეკუთვნი, შემთხვევებზე ხარ დამოკიდებული.

***

სისულელეა დაემუქრო სამოცი წლის კახპას, გვიან ღამით ქუჩაში რომაა გამოსული ლუკმაპურის საშოვნელად. ასეთებს არაფრის აღარ ეშინიათ.

***

ოთხასი გრამი არყის მერე ცხოვრება საამურია, ვინც გინდა, ის შეგეცოდება.

***

მდიდარი კაცი მშიერ ქვეყანაში დაჭრილ მგელსა ჰგავს, რომელსაც თავისიანები ირგვლივ შემოხვევიან, სისხლის სუნი სცემთ და შეჭმას უპირებენ.


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში