ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა

„დასასრულის განცდა“ ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯულიან ბარნსის 2011 წელს გამოცემული რომანია. ამავე წელს ბარნსს წიგნისთვის ბუკერის პრემია მიენიჭა. ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ამბის მთხრობელი, ტონი უებსტერი და მისი ორი მეგობარი სწავლობენ, ახალი მოსწავლე გადმოდის. ბიჭები მალევე უმეგობრდებიან ედრიენ ფინს, რომელიც ყველასგან გამორჩეულია. სკოლის დამთავრების შემდეგ ოთხივე საუკუნო მეგობრობის ფიცს დებს და თავის გზას ადგება. წლების შემდეგ უკვე ხანში შესული ტონი უებსტერი მოულოდნელ წერილს იღებს. წარსული, რომელშიც თითქოს ყველაფერი ნათელი იყო, ბევრ უცნაურობას მალავს.

***

არის ვითომ რამე, წამის ისარზე უფრო ურჩი და ჯიუტი? არადა, მხოლოდ უმცირესი სიხარული ან ტკივილი თუ გვასწავლის, რამდენად დამყოლია დრო. ზოგი განცდა აჩქარებს, სხვა, პირიქით, აუტანლად ანელებს; ხანდახან თითქოს საერთოდ იკარგება - იმ უკანასკნელ წუთამდე, როცა მართლა ქრება და აღარასდროს გიბრუნდება.

***

მოწაფეობის ასაკში მაქსიმალისტობა ლამის საერთო სენია; არსებობს მხოლოდ „ჰო“ ან „არა“, უსაზღვრო განდიდება ან სრული დაგმობა, უპირობა ბრალეულობა ან სრული უდანაშაულობა...

***

ყველაზე საეჭვო ხომ ის განცხადებებია, მომავლის გათვლით რომ კეთდება ხოლმე.

***

ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე ყოველთვის როდი მეტყველებს მისივე ქმედებები. ტირანები იშვიათად ტოვებენ ხელმოწერილ ბრძანებებს მტრის განადგურების თაობაზე.

***

სახელმწიფო სამსახური, განსაკუთრებით უმაღლეს ეშელონებში ტრიალი, ერთობ მიმზიდველი საქმეა, რადგან მუდმივად ზნეობრივი არჩევანის წინაშე გიხდება დგომა.

***

როგორ ვუმკლავდებით არეულ ცხოვრებას, ვაღიარებთ ამ ფაქტს თუ გავურბივართ; რაც მთავარია, როგორ აისახება ეს სხვებთან ურთიერთობისას? ზოგი თვალს უსწორებს სიმართლეს და ცდილობს, ცხოვრება გააგრძელოს, ზოგი მთელ თავის ცხოვრებას სხვების იარების მოშუშებას ახმარს და კიდევ არიან ისეთებიც, ვინც ნებისმიერ ფასად ცდილობენ, ცხოვრება აღარასდროს აღარაფერს აარევინონ. აი, ასეთებში ჭარბობს სისასტიკე თუ დაუნდობლობა და სჯობს, მათგან შორს დაიჭირო თავი.

***

კანონის გადასახედიდან, თავს თუ მოიკლავდი, ესე იგი, იმთავითვე გიჟი უნდა ყოფილიყავი, ყოველ შემთხვევაში, ამ ნაბიჯის გადადგმისას მაინც. კანონიც, საზოგადოებაც და რელიგიაც ერთხმად ამტკიცებდნენ, შეუძლებელია ჯანმრთელმა, საღ ჭკუაზე მყოფმა ადამიანმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანოსო. ეტყობა, ყველა ამ ანგარიშგასაწევ ინსტიტუტს ერთნაირად აშინებდა იმის გაფიქრებაც კი, ვაითუ გონივრულად დასაბუთებულმა თვითმკვლელობამ იმ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ცხოვრების არსი და ფასეულობა შებღალოს, რომელიც სასამართლოს აღმასრულებელს უხდის ხელფასსო. ამიტომ, თუკი კაცს თუნდაც დროებით შეშლილად გამოაცხადებდნენ, მაშინ თვითმკვლელობის მიზეზებიც თავისთავად გიჟურ ნაბოდვარად ჩაითვლებოდა.

***

ცხოვრებაში არსებობს რაღაც ისეთი, რაც მას მეტ ფასს სძენს და მეტ გამართლებას აძლევსო. მერე და მერე შეიძლება ეს რწმენა შეირყას, ვიღაცისთვის სრულიად მიუღებელიც კი გახდეს, მაგრამ განა პირველ სიყვარულს რამე შეედრება? არ მეთანხმებით?

***

ერთხელ, ერთმა ინგლისელმა თქვა, ქორწინება გრძელი და მოსაწყენი სადილობაა, სადაც პირველ კერძად დესერტი შემოაქვთო.

***

განა ეს არაა ცხოვრება? პატარა წარმატებები და დიდი იმედგაცრუებები.

***

ადამიანს ჰგონია, ასაკს მეტი სიმშვიდე მოაქვსო, ასე არ არის? ჰგონია, ეკუთვნის კიდეც, დაიმსახურა. მე, პირადად, ასე მეგონა. მაგრამ მერე თანდათან ხვდები, რომ ცხოვრება თურმე სულაც არ აპირებს დამსახურებისამებრ მოგაგოს პატივი.

ამას გარდა, სანამ ახალგაზრდა ხარ, ფიქრობ, წინდაწინ გათვლი, სავარაუდოდ რა სატკივარს და სადარდელს მოიტანს ასაკი. საკუთარ სიმარტოვესაც წარმოიდგენ, განქორწინებასაც, დაქვრივებასაც; შვილები თავის გზას ეწევიან, მეგობრები დაიხოცებიან. წარმოიდგენ უსამსახუროდ დარჩენასაც, სურვილების გაქრობასაც და... მიმზიდველობის დაკარგვასაც.

შეგიძლია უფრო შორსაც წახვიდე და მოახლებული სიკვდილიც განიხილო ყოველი მხრიდან, რასაც, სულერთია ვინც არ უნდა გეხვიოს გარს, მაინც მუდამ მარტო ხვდები. მაგრამ ეს ყველაფერი მომავლის ჭვრეტაა. შენს ძალღონეს კი სრულიად აღემატება, მომავალი განჭვრიტო და მერე იქიდან გადმოხედო განვლილ გზას; მიხვდე, რა ახალი ემოციები მოაქვს დროს; მაგალითად, აღმოაჩინო, რომ შენი ცხოვრების მოწმეების შემცირებასთან ერთად მტკიცებულებებიც მცირდება და, შესაბამისად, თვითრწმენაც - ვინ ხარ ან რა იყავი. გინდაც მონდომებით აწარმოო დავთარი - სიტყვების, ხმების, სურათების - შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თურმე სულ სხვა რამ ჩაგიწერია და დაგიმახსოვრებია.

***

ჩვენს ცხვრიწინ განვითარებული ისტორია, წესით, ყველაზე მკაფიოდ უნდა აღიქმებოდეს, არადა, ამ დროს ყველაზე ბუნდოვანი კია. ჩვენ დროში ვცხოვრობთ, ის თავის ბადეში გვახვევს, ჩვენს სახესაც განაპირობებს და ისტორიის საზომადაც მოიაზრება, არა? მაგრამ თუკი არ შეგვიძლია დროის არსი გავიგოთ, მისი სვლისა თუ სრბოლის იდუმალება მოვიხელთოთ, მაშინ ისტორიას რაღას ვუზამთ - თუნდაც მის იმ მცირე, პირადულ, მეტწილად არადოკუმენტირებულ ნაწილს, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებად იწოდება?

***

ახალგაზრდობაში ოცდაათს გადაცილებული ყველა შუახნის გვგონია, ორმოცდაათს გადაცილებული კი - ლამის მიხრწნილი. დროის შეუნელებელი დინება კი გვიდასტურებს, დიდად არ ცდებოდიო. ახალგაზრდებისთვის უაღრესად საგრძნობი და მნიშვნელოვანი მცირეოდენი სხვაობები ასაკში მერე და მერე ქრება. ბოლოს ყველას ერთ ქვაბში გვიყრიან თავს, რასაც სახელად არა-ახალგაზრდობა ჰქვია.

***

ნებისმიერი მიუდგომელი დამკვირვებლისთვის სრულიად აშკარაა, რომ რაც უფრო მეტად გადაიხრება სასწორი მეტ-ნაკლებად უმცროსი პიროვნებისაკენ, მით მეტი გააფთრებით ეცდება უფროსი თავისი მოჩვენებითი უპირატესობის შენარჩუნებას; და თან მით მეტი გაღიზიანებითაც.

***

თუკი ახალგაზრდა გენიოსს არ ეთაყვანები, ესე იგი, თავად მას სჭირს რაღაც.

***

სიმარტოვე ხანდახან საკუთარი თავის მიმართ სიბრალულს და აკვიატებულ აზრებს გიჩენს.

***

ჩვენ ერთობ მარტივი ვარაუდებით გავდივართ იოლას, არა? ასე მაგალითად, მახსოვრობა მოვლენებისა და დროის ჯამიაო. მაგრამ არც ასე იოლადაა საქმე. ვინ თქვა, მახსოვრობა ისაა, რაც დავიწყებული გვგონიაო? დროა, იმასაც გავუსწოროთ თვალი, რომ დრო კი არაფერს აქვავებს, არამედ მივიწყების მტვერს აცლის. მაგრამ ეს მოსაზრება გვაკრთობს, არაფერში გვარგია, ამიტომაც გავურბივართ. ის ცხოვრებისთვის ფეხის აწყობაში ვერ გვეხმარება და ამიტომაც, თვალს ვარიდებთ.

***

ქალი ორნაირი არსებობს - სრულიად გამჭვირვალე ან იდუმალების ნიშნით აღბეჭდილიო. კაცსაც, პირველ რიგში, სწორედ ეს ხვდება თვალში და სწორედ ეს იზიდავს, ან პირიქით, აფრთხობსო. ზოგი კაცისთვის ერთი ყაიდის ქალი უფრო ახლობელია, ზოგისთვის - მეორე.

***

პირველ რიგში ხომ თვალებს ვაქცევთ ყურადღებას, ასე არაა? ადრეც სწორედ იქ ვპოულობდით იმ მეორე მთავარ ადამიანს და ახლაც იგივე ხდება.

***

არ გინახავთ მელოტი, სამოცს მიტანებული კაცი როგორ წითლდება? დამიჯერეთ, ხდება ხოლმე - ზუსტად ისევე შეიძლება აჭარხლდეს, როგორც თხუთმეტი წლის თმაჯაგარა, მუწუკებიანი ბიჭი. და რადგან ეს უფრო დიდი იშვიათობაა, სახეაწითლებული ბერიკაციც უნებურად იმ დროში გადაეშვება, როცა ცხოვრება სხვა არაფერი იყო, თუ არა ერთი გაუთავებელი დამორცხვება.

***

ეგებ ერთ-ერთი განსხვავება ახალგაზრდობასა და სიბერეს შორის ესეცაა: ახალგაზრდობაში საკუთარი თავისათვის სულ სხვადასხვანაირ მომავალს ვიგონებთ ხოლმე, დაბერებულები კი სხვადასხვანაირ წარსულს სხვებისთვის.

***

დრო... დრო ჯერ ჭკუას გვასწავლის და მერე ყურსაც გვიწევს. თავს ვიტყუებთ, დავდინჯდით და გონს მოვეგეთო, არადა, სინამდვილეში მხოლოდ ვფრთხილობთ. წარმოვიდგენთ, პასუხისმგებლობა გვამოძრავებსო, მაგრამ თურმე სილაჩრის ტყვეობას ვერ ვაღწევთ თავს. ის, რასაც რეალურ აღქმას ვუწოდებდით, სიმართლისთვის თვალის გასწორება კი არა, თვალის არიდება ყოფილა.

დრო... დრო თუ მოგვცა ცხოვრებამ, საკუთარი მყარი გადაწყვეტილებები - ყველაზე მერყევად, საკუთარი რწმენა კი უბრალო ახირებად მოგვეჩვენება.

***

ხშირად გვიწევს ხოლმე საკუთარი ცხოვრების ამბის მოყოლა? რამდენად ხშირად ვასწორებთ, ვალამაზებთ, ვაშალაშინებთ? და რაც უფრო დიდხანს გრძელდება ცხოვრება, მით ნაკლები რჩება ჩვენი მონათხრობის დამადასტურებელი თუ გამაქარწყლებელი ადამიანების რიცხვი, მათი, ვინც შეგვახსენებდა, რომ ჩვენი ცხოვრება მართლა ჩვენი ცხოვრება კი არა, უბრალოდ, ჩვენივე მონათხრობია მის შესახებ. სხვებისთვისაც, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის მონათხრობი.

***

როცა ახალგაზრდები და მგრძნობიარეები ვართ, სწორედ მაშინ გვახასიათებს მეტი დაუნდობლობა; ხოლო როცა სისხლი ძარღვებში უფრო მდორედ იწყებს დენას, როცა გრძნობები გვიჩლუნგდება, როცა გამძლე ჯავშანს ვირგებთ და ტკივილის ატანასაც ვსწავლობთ, სხვებსაც მეტი სიფრთხილით ვეკიდებით.

***

ახალგაზრდობაში შენი ჯერაც ხანმოკლე ცხოვრება მისხალ-მისხალ გახსოვს, თავიდან-ბოლომდე. მერე და მერე მახსოვრობა იძენძება და ქუცმაცდება. ცოტათი თვითმფრინავის შავ ყუთსაც წააგავს, კატასტროფის მატიანეს. ვიდრე ყველაფერი რიგზეა, ჩანაწერი თავისთავად იშლება. თუ კატასტროფა განიცადე, ამის მიზეზები ნათელი გახდება; ხოლო თუკი მშვიდობიანად მიაღწიე დანიშნულების ადგილს, შენი მგზავრობის წვრილმანები სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება.

შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას. ერთხელ ვიღაცამ თქვა, ისტორიაში ყველაზე მეტად რყევა-ნგრევის პერიოდები მიყვარს, რადგან ეს მუდამ ახლის დაბადებას მოასწავებდაო. შესაძლებელია, ეს მოსაზრება ადამიანის პირად ცხოვრებასაც მივუსადაგოთ? გამართლებულია რაღაც ახლის დაბადებისას სიკვდილი, გინდაც ეს ახალი ჩვენივე სიღრმისეული „მე“ იყოს? ნებისმიერი პოლიტიკური თუ ისტორიული ცვლილება ხომ ადრე თუ გვიან იმედს გვიცრუებს, ისევე, როგორც ჩვენი საკუთარი მოწიფულობა. როგორც ცხოვრება. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ცხოვრების ერთადერთი მიზანია, მასთან განშორების აზრს შეგვაგუოს - თანდათანობით გვცვეთს და ბოლო-ბოლო, მაინც გვარწმუნებს, სიცოცხლე არც მთლად ისეთი ზღაპრული საჩუქარი ყოფილა, როგორიც გვეგონაო.

***

სანამ ახალგაზრდა ხარ - როცა ახალგაზრდა ხარ - გინდა, შენი საკუთარი განცდები წიგნებიდან ამოკითხულს ჰგავდეს. გინდა, ცხოვრება თავდაყირა დადგეს, ახალი სინამდვილე შეიქმნას და გამოიკვეთოს. მერე და მერე, ჩემი აზრით, განცდებისგან უკვე მეტ ზომიერებას მოველით, მეტ სიმშვიდეს: გვსურს, ჩვენივე განცდებმა მეტად ასატანად გვიქციოს ის ცხოვრება, რომელსაც უკვე აღარაფერი შეცვლის. გინდა გკარნახოვდნენ, ყველაფერი მშვენივრადააო. და ვითომ რაა ამაში ცუდი?

***

დროსთან შეხუმრებულები გაიძახიან, ორმოცი წელი არაფერია, ორმოცდაათის ხარ ჯანზე, თუ ხარ, სამოცი იგივე ორმოციაო და ასე შემდეგ. მე კი ერთი ვიცი: არსებობს ობიექტური დრო, მაგრამ არსებობს სუბიექტურიც, რომელსაც მაჯის შიდა მხარეს დაატარებ - იქ, სადაც ძარღვი გიფეთქავს. და ეს პირადი დრო, ჭეშმარიტი დრო, მახსოვრობასთან შენი დამოკიდებულებით იზომება.

***

არ მახსოვს, ვინ თქვა, რაც უფრო მეტხანს ვცოცხლობთ, მით ნაკლები გვესმისო...



ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში