თამთა მელაშვილი - გათვლა

„გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია. ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ხდებოდეს. ვრცელი მოთხრობა, რომელსაც არ გააჩნია ორიენტირი დროსა და სივრცეში. წიგნში არსად არის ნახსენები თარიღი ან გეოგრაფიული სახელი. კონფლიქტის ზონაში მდებარე პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ორი თინეიჯერი გოგონას ამბავი ცალკეული ეპიზოდებისგან შედგება და კვირის დღეების მიხედვითაა დასათაურებული.

***

პატარა ბიჭმა კანფეტი პირიდან ხელისგულზე დაიგდო, მეორე ხელით ჯიბიდან შენახული ქაღალდი ამოიღო და ხელახლა შეახვია. რას აკეთებ ბიჭო? ნინცოს გაუკვირდა, მე შემომხედა. მერე შევჭამ, ეხლა ხო ვჭამე. კიდე ხო გაქ, ნინცომ უთხრა, ხო მოგეცით კიდე? ჩემ დას მივცემ იმას, ბიჭმა თქვა, საცოდავად შემოგვხედა.

კიდე არა გაქ? მიეცი, ნინცომ მითხრა. სულ მივეცი, რაც მქონდა, მე ვთქვი. კაი, რა გქვია შენა? ნინცომ ჰკითხა. გიორგი, იმან თქვა. გიორგი, კიდე გვექნება მალე და მოგცემთ კიდე, გაიგე? შენ არ მოიწყინო. ბევრი? იმან თქვა, თვალებმოჭუტულმა შემოგვხედა. არ სჯეროდა. აბა, ნინცომ უთხრა, მალე გვექნება. ომი დამთავრდება, ყველაფერი გვექნება.

ომი დამთავრდება? იმან იკითხა, კიდევ უფრო მოჭუტა თვალები.

დამთავრდება, აბა, სულ ხო არ იქნება? ნინცომ თვალი აარიდა. კალათაში მრავალძარღვას შეავლო ხელი.

კაი, ბიჭმა თქვა, მადლობა, თქვა, უკანმოუხედავად წავიდა.

არ სჯერა, მე ვთქვი, ნინცოს შევხედე. თავი კალათაში ჰქონდა ჩარგული, მრავალძარღვაში ურევდა ხელებს, არც ამოუხედავს.

***

ნინცო გაუნძრევლად იწვა, სიგარეტს ეწეოდა. ნახე, სუ კიდია ამას ომი, ცოტა ხნის მერე თქვა, რა ბედნიერია არა?

რომელიღაცა ჩიტი დაფრინავდა მაღლა, ცაზე.

ხო, ბედნიერია, მე ვუთხარი.

კარგა ხანს ხმა არ ამოგვიღია.

თუ თვალს არ დაახამხამებ და ისე უყურებ ცას დიდხანს, დიდხანს, ღმერთს დაინახავ, ნინცომ თქვა.

მერე, ხედავ? გავხედე.

ვერა, ნინცომ თქვა, არც გამოუხედავს ჩემკენ.

ვერც მე, მე ვუთხარი.

***

ამდენი პეპლები რატომ გყავთ ალექსი ბაბუა? მე ვთქვი, სიჩუმე რომ დამერღვია.

რა ვიცი, შვილო, იმან თქვა, სუ იყვნენ, მაგრამ, რაც გოგიტა მომიკლეს, სუ გამრავლდნენ იმის მერე და არა ვხოცავ, ხო არ დავხოცავ, რა ვიცი.

***

წინა ომი მე არ მახსოვს. პატარა ვიყავი, მაგრამ უფეხო კაცი მახსოვს, რომ დავინახე, დამამახსოვრდა. სულ მეშინოდა.

***

მელანოს ქმარმა იღრიალა. აივანზე იყო გამოსული, ცალი ხელით მოაჯირს ეყრდნობოდა, მეორე ხელში ავტომატი ეჭირა. ამათი დედა მოვტყან ყველასი! ისევ იღრიალა, თუ ომია, ომი იყოს! ავტომატის ჯერი გადაატარა ჰაერში.

მიშველეთ! მელანომ დაიწივლა, ბოლო ხმაზე იწივლა, გვიშველეთ! მიწაზე დაწვა, თავი ხელებში ჩარგო, დაწექი, დაწექი, ცქნაფა, შვილო! შეშინება ვერც მოვასწარი. ერთადერთი, რაც მახსოვდა, რძის ბოთლი იყო.

***

არავინ გყავს, ან დედა სად გყავს, ან მამა, ან ვინ გყავს, ერთი თვის ძმა გყავს? გყავს და გიკვდება. ნეტა მოკვდეს, ნეტა ყველანი მოვკვდებოდეთ, ნეტა მოვკვდეთ. ნეტა თვალები დამახუჭინა და აღარ გამახელინა, ღმერთო, ნეტა აღარ ვიყოთ ყველანი. ასე რო ფრენენ, ფრენენ, ერთხელ ჩამოაგდონ, ჩამოაგდონ და ამოგვწყვიტონ.

დედა, მე ვთქვი, დედა! ბავშვს გააღვიძებ! 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში